საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დირექტორის კაპრიზით, თუ სამართლიანად გათავისუფლებული მედდა?
2012/03/26 14:13:00

ქუთაისის დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრიდან მედდა-რეგისტრატორი ნანა ხაანშვილი, მისთვის გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს. სამსახურიდან გამოშვებულ მარტოხელა ქალბატონს, რომელსაც საქართველოში არავინ ჰყავს, პურის ფულით მისი სალოც ეხმარება. იგი ამბობს, რომ მასზე დისკრიმინაცია კლინიკის დირექტორის მხრიდან ყოველთვის ხორციელდებოდა, თუმცა ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მათი და კიდევ რამდენიმე კლინიკა კომპანიაალდაგი ბისი აიამ შეიძინა. როგორც  გათავისუფლებული მედდა ამბობს, კომპანიამ ჩაიფიქრა, ძველი კადრები ნელ-ნელა სამსახურიდან გაათავისუფლო და ახალი კადრები მიიღოს. ამ დრომდე აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა 80-ს აღწევს. ქალბატონ ნანა ხაანშვილმისი პრობლემის გასაშუქებლად ჩვენს რედაქციაში მობრძანდა.

 

- ქალბატონო ნანა, მაინც, რა მიზეზი გაგათავისუფლეს? 

- აი, ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად, რა მიზეზით გამათავისუფლეს. 29 წელია, აღნიშნულ კლინიკაში ვმუშაობ, მადლობის მეტი ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ჩემს საქმეს - რეგისტრატურას არაჩვეულებრივად ვაკეთებდი და    ვფიქრობდი,  რომ   ჩემითაც    კმაყოფილი  იყვნენ,  თუმცა  ერთ   დღესაც მივედი, ჩვეულებრივად, სამსახურში და მითხრეს, რომ მე იქ აღარ ვმუშაობ. ჩემს ადგილზე კი ვიღაც ქალი იყო დანიშნული, რომელიც კადრებში რამდენიმე კვირით ადრე ჩასვეს. ამით ყველაფერი ნათელია: მიზეზს ეძებდნენ, რომ გავეთავისუფლებინე და, რომ ვერ მომიძებნეს ვერაფერი, ისევ დიქტატორულ ხერხს მიმართეს, პირდაპირ მითხრეს, აღარ ხარ აქო. ქალბატონი, რომელიც ჩემს ადგილზე არის დანიშნული, ფინანსური მენეჯერის უახლოესი ნათესავია, რომელიც, როგორც მერე გავარკვიე, გამოგდებული არის „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ კომპანიიდან. აი, ასეთი ქალი მიიღეს ჩემს მაგივრად.

- შეეცადეთ, კლინიკის დირექტორთან გაგერკვით გათავისუფლების მიზეზი?

- როგორ არა. შევხვდი დირექტორს თემურ ნადირაძეს და ვუთხარი: რა ვქნა, ჩემი ერთადერთი შემოსავალი ეგ იყო. მითხარით, რა მიზეზით გამათავისუფლეთ, თორემ ისეთ მდგომარეობაში ვარ, ხიდიდან გადავხტები წყალში-მეთქი. არ გაინტერესებთ, რა მითხრა? აი, დარდი, თუ გადახტებით, მერე მე რაო. აი ასეთი უფროსი მყავდა მე. ვკითხე, მაშინ, როცა კონტრაქტის ვადა აპრილში გამდიოდა, რატომ გამათავისუფლეთ თებერვალში-მეთქი, თუმცა პასუხს ეგ პიროვნება არა და არ იძლევა. ამ ყველაფერს, ალბათ, სასამართლო დაადგენს.

- თქვენ ახსენეთ სასამართლო, ანუ სასამართლოში გაქვთ შეტანილი სარჩელი?

- დიახ. ამათთან რომ ვერაფერის გაკეთება ვერ შევძელი, სასამართლოს მივმართე. პირველ სხდომაზე სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა, რადგან კლინიკის დირექტორის, ნადირაძის ადვოკატი - ნანული გიორგაძე ცრუ ბრალდებებს მიყენებდა. ამბობდა, რომ სამსახურის კოლექტივში ცუდი ვიყავი. ამბობდნენ იმასაც, რომ ვითომდა პაციენტებს ფულს უკანონოდ ვძალავდი. მაგრამ სასაცილო ის არის, როცა სხდომა დამთავრდა, მოვიდა და ასე მითხრა: ნანა, არ გეწყინოს, ჩემი საქმე ეგ არის - ჩემი მხარე დავიცვა და მეორეს ბრალი დავდოო. მე, სამწუხაროდ, არ მყავს ადვოკატი უსახსრობის გამო და შიშველი ხელებით ვცდილობ მათთან გამკლავებას. იმედია, სამართალი გაიმარჯვებს.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ თავად კლინიკის ხელმძღვანელთან. ხომ არ გაგათავისუფლე მისი პირადი ინტერესის გამო?

- დირექტორთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ქალთა მისაღების რეგისტრატურა სულ სხვა მხრიდან იყო და დირექტორი სულ სხვა მხრიდან შემოდიოდა-გადიოდა, მაგრამ აქ არის ერთი რაღაც: რაც კომპანია „ალდაგი ბისი აი“ შემოვიდა, მათ ჰყავდათ ოთხი კონტროლიორი, რომლებიც რაღაცებს მიმოწმებდნენ, ერეოდნენ ჩემს საქმეში. მე მათ ვუთხარი: მითხარით, თქვენი უფლებები და ვალდებულებები რა გაქვთ. ერთ-ერთმა მათგანმა, ვახტანგაძემ მითხრა, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვართ და არავის არაფერს ჩვენი უფლებების შესახებ არ ვეუბნებითო. ყველაფერს დირექტორს ეუბნებოდნენ, მასაც მეტი რა უნდოდა.

- რას აპირებთ, თუ სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა თქვენ სასარგებლოდ. დაბრუნდებით კვლავ კლინიკაში?

- რა თქმა უნდა. მე ეს კლინიკა ძალიან მიყვარს. არაჩვეულებრივი კოლექტივი ვიყავით, რომ იტყვიან, ერთი თეფშიდან ვჭამდით. 120 ლარი მქონდა ხელფასი და ერთადერთი, რაც სამსახურში მაჩერებდა, იყო ეს კოლექტივი. ჩემი ნათესავები ყველანი ისრაელში არიან. მეუბნებოდნენ, ჩამოდი-ჩამოდიო, მაგრამ სამსახურს და კოლექტივს ვერ ვშორდებოდი.

... რა პოზიცია უჭირავს დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელს თემურ ნადირაძეს და რა მიზეზით გაათავისუფლა მან რეგისტრატორი-მედდა?

„საკითხი სულ მალე განიხილება სასამართლოზე. ჯერჯერობით არ გავგიჟებულვართ, რომ უმიზეზოდ დაგვეწყო თანამშრომლების გათავისუფლება. ჩვენს სამსახურში არსებობს შიდა კონტროლის სამსახური, რომლის მიხედვითაც არის ინფორმაცია, რომ ეს ქალბატონი პაციენტებისგან იღებდა უკანონოდ ფულს. თუმცა, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ეს ქალბატონი მართალია, მე მზად ვარ, ის სამსახურში დავაბრუნო. მეტს ვერაფერს გეტყვით. დაუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს,“ - განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას კლინიკის ხელმძღვანელმა თემურ ნადირაძემ.

გათავისუფლებულ მედდას ისღა დარჩენია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია