საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა, რომელიც მწერალთა სახლში არ ჩატარდა
2012/02/13 12:11:28

„არ გავყიდულვართ. ალბათ, ამიტომაც ხდება ეს ანგარიშსწორება“ 

7 თებერვალს, ხელოვანთა კავშირ  „მარიოტას“ ორგანიზებით, მწერალთა სახლში ექსპერტ-კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან იგეგმებოდა შეხვედრა. თუმცა, როგორც „მარიოტას“ პრეზიდენტმა ნანა გასვიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წინააღმდეგობა წამოვიდა და მათთვის მწერალთა კავშირის დარბაზი დაიხურა. შეხვედრა 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, გაუთვალისწინებელი ინციდენტის გამო, თითქმის ერთი საათის დაგვიანებით შედგა სახალხო დამცველის ოფისში. 

 

პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა, თუ როგორი მდგომარეობაა დღეს კონფლიქტურ რეგიონებში, როგორ ცხოვრობენ დევნილები საქართველოში და უშუალოდ - იმერეთში. ასევე მოეწყო წიგნის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაა „იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში.“

ნანა გასვიანი, ხელოვანთა კავშირ „მარიოტას“ პრეზიდენტი: „დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ორგანიზებით შედგა. ბატონ პაატას საინტერესო ხედვები აქვს კონფლიქტების მოგვარების გზებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენს ქვეყანაში ურაპატრიოტიზმი და რაღაც ბავშვური სიჯიუტეა. არ არსებობს სახელმწიფოებრივი მეთოდი, რომლითაც მოგვარდება კონფლიქტი. ჩვენ იმერეთის სახელოვნებო სივრცეს თავი დავამახსოვრეთ ლიტერატურული საღამოებით, წიგნების პრეზენტაციით, ფერწერული ნამუშევრების გამოფენით. თავის დროზე უარი ვთქვით დისკრედიტირებულ მწერალთა კავშირის წევრობაზე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება იყო და დავაფუძნეთ ხელოვანთა კავშირი „მარიოტა“. ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ლექციათა ციკლი, რადგან ვთვლით, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, ფასეულობები და ის, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ჩვენთვის სულაც არ არის სულერთი, გადავწყვიტეთ, დრო დავუთმოთ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ხელისუფლება იქნება, თუ ოპოზიცია. დღევანდელი შეხვედრა მწერალთა სახლში უნდა შემდგარიყო, თუმცა მოხდა სამწუხარო ინციდენტი: მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არანაირი დაბრკოლება არ იქნებოდა,ბოლო მომენტში გვითხრა, რომ ფეხზე დადგა მთელი გუბერნია და უშიშროება. გიგა შუშანიას მითითებით, მწერალთა სახლის კარი ჩვენთვის დაიხურა. ეს პირველად არ ხდება. ყოველთვის ასე უსამართლოა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება. არავის დაკვეთა არ შეგვისრულებია. არ გავყიდულვართ, ალბათ, ამიტომაც ხდება ეს ანგარიშსწორება.“

ისტორიის დასაბალანსებლად გაზეთმა „P.S.“-მა კომენტარი სთხოვა, საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თეიმურაზ ლანჩავას, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორიც „მარიოტა“ იყო, არანაირ აკრძალვას არ ჰქონია ადგილი. უბრალოდ, დარბაზი კეთილმოწყობილი არ არის, სკამებიც ნახევრად ჩავარდნილი და დამტვრეულია. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ეს შეხვედრა მწერალთა სახლში ვერ გაიმართა.

ჩვენ ვესაუბრეთ ცნობილ კონფლიქტოლოგს და ვთხოვეთ, ესაუბრა იმდღევანდელი შეხვედრის მიზანზე.

პაატა ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი: მე ვმუშაობ კონფლიქტების საკითხებზე და ხშირად საზოგადოების წარმომადგენლები მთხოვენ, მივაწოდო მათ დამატებითი ინფორმაცია კონფლიქტებთან მიმართებაში. პირველ რიგში, მე ჩამოსული ვარ იმისათვის, რომ გავაკეთო წიგნის პრეზენტაცია. ეს არის ერთადერთი სამეცნიერო მასალა, თუ როგორია დევნილთა მდგომარეობა საქართველოში და, კერძოდ, იმერეთში, რეალურად, როგრ ცხოვრობენ დღეს ისინი. კრებულს მოყვება დისკი, სადაც უშუალოდ ანალიზია, თუ რა მდგომარეობაში არიან დევნილები. მათ სოციალურ მდგომარეობაზეც ყურადღებაა გამახვილებული. თუ რეალურად შევაფასებთ სიტუაციას, რუსეთი სულ უფრო და უფრო კეტავს კონფლიქტურ რეგიონებს. ჩვენ კი ამ დროს მხოლოდ ვლაპარაკობთ. ესეც კარგია, რომ ვლაპარაკობთ, მაგრამ ლაპარაკის ნაცვლად საქმეც არის საჭირო. რუსეთი სერიოზული ფაქტორია, მაგრამ არა - გადამწყვეტი. გადამწყვეტია ქართველები და უშუალოდ ჩვენს მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. ოსები და აფხაზები ამბობენ: „თუ თქვენ არ ინტერესდებით ჩვენით, ჩვენ, მითუმეტეს, არ გვაინტერესებთ.“ მათთვის რა მნიშვნელობა აქვს, რუსიფიკატორულ რეჟიმში იცხოვრებენ, თუ ქართველების გვერდით?

ისინი მოლოდინში არიან და მთავარია ის, თუ რას სთავაზობ შენ. ისინი დღევანდელ დღეზე ფიქრობენ. იმასაც ამბობენ, რომ ოკუპირებულები არ ვართო. მართალია, კონგრესმა და ევროპარლამენტმა ოკუპაცია აღიარა, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შემდეგ? პალესტინა და კვიპროსი 40 წელია ოკუპირებულია და ამ დროს ჩვენ ვის ვაინტერესებთ? მნიშვნელოვანი ზომები უნდა მივიღოთ ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად.

ორსაათიანი შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით მიმდინარეობდა. განიხილეს, თუ რა გზებითაა შესაძლებელი ოსეთ-აფხაზეთის დაბრუნება და როგორ უნდა იქნას კონფლიქტი თავიდან აცილებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია