საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებელი ბავშვისთვის თმის მოჩეჩვას შეეწირა
2011/11/21 12:38:04

დამნაშავე, პოლიტიკური მსხვერპლი, თუ დირექტორის „კაპრიზით“ გათავისუფლებული პედაგოგი?

ქუთაისი 31-ე საჯარო სკოლიდან ბიოლოგის პედაი ზეინაბ ნავროზაშვილი გაათავისუფლეს. როგორც დირექციაში აცხადებენ, მასწავლებელი ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გაუშვეს. ამბობენ იმასაც, რომ ბავშვმა თავად მიმართა მანდატურს, სწორედ მანდატურმა შეადგინა ოქმი და მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლა, თუმცა ამ ფაქტს არ ეთანხმება თავად პედაგოგი...

„ცხოვრებაში არ დამირტყამს ბავშვისთვის ხელი და არასოდეს დავარტყამ. როცა მივხვდებოდი, რომ ბავშვს გაკვეთილზე ვეღარ ვაჩერებდი, მე თვითონ წამოვიდოდი სკოლიდან. შემთხვევა, რომლის გამოც მე სკოლიდან გამათავისუფლეს, აი, ასეთია: ამერიკაში გაზრდილი ბავშვი იყო და ცოტა თავისებური, თუმცა ყველა ბავშვს მეც ინდივიდუალურად ვუდგებოდი. ვაღიარებ, იმ დღეს მართლაც მოვჩეჩე ოდნავ, თუმცა ეს არ იყო ბავშვის დასასჯელად, არამედ - იმიტომ, რომ, უბრალოდ, გაჩერებულიყო. მერე, ბავშვი მანდატურთან ჩასულა და ოქმი შემიდგინეს. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში, მშვიდად და აუღელვებლად მოდის დირექტორი და მეუბნება: შენი გათავისუფლების ბრძანება დავწერე და ჩამოდი კაბინეტში, წაიღეო. რა დამემართა, არ ვიცი, მეგონა, სიზმარში ვიყავი. თუმცა აქ უფრო სხვა ამბავია: დირექტორს ყოველთვის ჰქონდა ჩემთან ფარული უთანხმოება,   ყოველთვის  მებრძოდა. ერთხელ სამინისტროდან მესწრებოდნენ და ძალიან მოეწონათ ჩემი ჩატარებული გაკვეთილი, დირექტორსაც უთხრეს ამის შესახებ, თუმცა მას არასოდეს უხაროდა ჩემი წარმატებები. ოპოზიციურ ორიენტაციაშიც მადანაშაულებდა. ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას თავისი ხედვა აქვს, ვის რაში უნდა აინტერესებდეს ჩემი პოლიტიკური ორიენტაცია? თუმცა, დირექტორს უნდოდა ჩემი გათავისუფლება და, ადრე თუ გვიან, ამას მიაღწია კიდეც. მის შემდეგ მშობლები მეხმიანებიან, არაერთხელ ჩავედით და ვთხოვეთ, რომ დააბრუნეთ მასწავლებელიო, თუმცა მას არანაირი რეაქცია არ აქვს, არც დამაბრუნებს, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა 31-ე სკოლის ყოფილმა პედაგოგმა ზეინაბ ნავროზაშვილმა.

იმის გასარკვევად, თუ, რეალურად, რა მოხდა 31-ე საჯარო სკოლაში, ბავშვის ოჯახს დავუკავშირდით. მშობლები ამერიკაში არიან, ბებიამ კი ასეთი კომენტარი გააკეთა.

„არანაირი ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თავად ამბობს ბავშვი, რომ, უბრალოდ, ხელი წამომიქნიაო და უმეტესად მეფერებოდა ზეინაბ მასწავლებელიო. მე პირადად ვიცნობ მაგ პედაგოგს და არაჩვეულებრივი ადამიანია. თუმცა ამერიკაში გაზრდილი ბავშვია  ჩემი შვილიშვილი და იმ წუთში, ალბათ, ესეც ვერ მოითმინა და უთხრა მანდატურს. იმ წუთის  შემდეგ ჩვენ მაგ პედაგოგისათვის აღარც გვიჩივლია,“ - განაცხადა ბიჭის ბებიამ ლეილა მაჭავარიანმა.

31-ე სკოლის დირექტორს ჩვენთან ტრაფარეტული პასუხი ჰქონდა:

„ფაქტთან დაკავშირებით, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, დაუკავშირდით სამინისტროს პრესსამსახურს და შემდეგ მომმართეთ მე,“ - გვითხრა სატელეფონო საუბრისას სკოლის დირექტორმა ნინო უგლავამ.

როგორც ხედავთ, აღნიშნული ფაქტის მეორე მხარე მედიასთან საუბარს გაურბის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია