დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრეფიკინგი - სატყუარა საზღვარზე
2011/11/14 14:32:07

ტრეფიკინგი ანუ ადამიანებით ვაჭრობა მხოლოდ 21-ე საუკუნის პრობლემა როდია. მსგავსი უბედურება ქართულ და მსოფლიო რეალობაში, რა თქმა უნდა, წინათაც ხდებოდა. თუმცა ტრეფიკინგის იდუმალი ხასიათის გამო, მასზე არავინ საუბრობდა ხმამაღლა.

 

საბჭოთა კავშირის რღვევისა და კომუნისტური ქვეყნების დაშლის შემდგომ ადამიანთა ვაჭრობა განპირობებული იყო შექმნილი სიღარიბით, არასტაბილურობით, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებით და ა.შ.

ტრეფიკინგი არის ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა, უკანონო გარიგების განხორციელება (ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირება, გადაყვანა, გადაცემა, გადამალვა, მუქარის, ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით, სქესობრივი ექსპლუატაცია; კულტურული იზოლაცია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იძულებითი შრომა, მონობა, ორგანოებით ვაჭრობა და სხვა ამგვარი მოპყრობა). მისი მთავარი მიზანია ექსპლუატაცია, რაც მას განასხვავებს სხვა ტიპის დანაშაულებებისაგან.

 

ადამიანთა ვაჭრობა მიმზიდველი შეპირებებით იწყება. მავანნი ირწმუნებიან, რომ განცხადებით შემოთავაზებული სამუშაო ყოველთვის ლეგალურია, რომ მცირე ხნით უცხოეთში მუშაობა შეიძლება ტურისტული გზით და მუშაობის ნებართვის გარეშე. ამ თავბრუდამხვევ წინადადებას გაჭირვებული ადამიანი გვერდს ვერ უვლის და... მახეში ებმება.

საქართველოც ვერ ასცდა ამ პრობლემას. მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გამო ხალხმა უკეთესი, ხელსაყრელი პირობების ძებნა საზღვარგარეთ დაიწყო. ტრეფიკინგის მსხვერპლნი განსაკუთრებით ქალები და ბავშვები არიან, რომელთაც ხშირად იძულებით რთავენ პროსტიტუციურ საქმიანობაში.

იშვიათად, მაგრამ ადამიანთა ვაჭრობა ქვეყნის შიგნითაც ხორციელდება. მსხვერპლი ან მსხვერპლთა ჯგუფი გადაჰყავთ ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გავლით. უკანონო მარშრუტი, ძირითადად, საბერძნეთი და თურქეთია. ადამიანებს მალავენ ავტომანქანის ან ავტობუსის სათავსოებში. უარეს შემთხვევაში ღამით, ქარსა თუ წვიმაში, უკანონოდ, ფეხით აკვეთინებენ საზღვარს. ასეთი არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს ქვეწარმავლები, მწერები ესხმიან თავს, უჰაერობის, სიცივის ან უწყლობის გამო იღუპება, ხშირად მდინარის გადალახვისას წყალს წაუღია, ან მცოცავ მიწას ჩაუთრევია...

ტრეფიკინგის მსხვერპლი მამაკაცებიც მრავლად ყოფილან, ისინი საშინელ მდგომარეობაში ჰყავთ, მონებივით ამუშავებენ. ამ მხრივ გამოირჩევა საბერძნეთი, იქ უკვე საკმაოდ დიდი ქართული დიასპორა ცხოვრობს...

ადამიანით ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და უკონტროლო სახეს სექს-ვაჭრობა წარმოადგენს: მსხვერპლს აიძულებენ, სექსუალური მომსახურება გაუწიოს კლიენტებს. ადამიანებით მოვაჭრენი იძულების მრავალ საშუალებას იყენებენ, რათა აკონტროლონ მსხვერპლი და განაგრძონ მისი ექსპლუატაცია. მსხვერპლს ეკრძალება ყოველგვარი კონტაქტი, განსაკუთრებით - ახლობლებთან; აკეთებინებენ იმას, რასაც უბრძანებენ.

ბოლო პერიოდში ტრეფიკინგი გამოიკვეთა მათხოვრობაშიც: გარკვეული ჯგუფი აიძულებს ადამიანებს, იმათხოვრონ, მათზე ხდება ძლიერი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება.

ჩვენს ქვეყანაში ადამიანებით ვაჭრობის გავრცელებას ხელს უწყობს მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. საქართველოს გავლით რუსეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან ტრეფიკირებული ხალხი მეტწილად გადაჰყავთ გერმანიაში, თურქეთში, საბერძნეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. არაერთგზის დამტკიცდა და სარფის სასაზღვრო პატრულმაც განაცხადა, რომ ახალგაზრდა გოგონების 50%, ვინც საზღვარს კვეთს, პერსპექტივაში, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება. საზღვრის გადამკვეთთა რიცხვი განსაკუთრებით ზაფხულობით იზრდება - დაახლოებით 1100-1200-მდე. ასევე 600-800 ადამიანი ჩამოდის საზღვარზე, რათა განაახლონ ვიზები და დაბრუნდნენ თურქეთში.

ტრეფიკინგით დაზარალებულ პირთა სტატისტიკური მონაცემები პროცენტულად, დაახლოებით, ასეთია: ქალი - 60%,  მამაკაცი და ბავშვები - 10%-მდე. მთელი რიგი მიზეზების გამო ძალიან რთულია უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაც.

მიუხედავად ასეთი სავალალო შედეგისა, მიგრანტთა დიდი ნაწილი რისკავს და მაინც მიდის ე.წ. „სატყუარაზე“, იმ იმედით. რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი არ აღმოჩნდება და ოჯახს ფეხზე წამოაყენებს. სამწუხაროდ, ეს მცდელობა უბედურებით მთავრდება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვისი მოტყუება უღირსმა ხალხმა ბიზნესად გაიხადა, ბევრ ფულს შოულობს. ამიტომ ყველას დაფიქრება მართებს: სად მიდის, ვის მიჰყვება და ა.შ. როგორც ქართული ანდაზა გვასწავლის: ასჯერ უნდა გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ, ჩვენ კი, სამწუხაროდ, პირიქით ვიქცევით: ასჯერ კი არ მოვსინჯავთ, უცებვე ვიღებთ გადაწყვეტილებას. შემდეგ გვიკვირს, იარაღის, ნარკოტიკების და ტრეფიკინგის მსხვერპლნი რომ აღმოვჩნდებით.

ტრეფიკინგის მსხვეპრლთ გადაუდებლად ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკურნალობა. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ვერ ინელებს ფსიქოლოგიურ ტრამვას, გაურბის პრობლემის გახსენებას, იკეტება საკუთარ თავში, თან დაჰყვება შიში, რაც საბოლოოდ ცუდად აისახება მის ფსიქიკაზე...

სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს არანაირი კვლევა, გარდა რამდენიმე მოხსენებისა, არ არსებობს ზუსტი ინფორმაციები პირებზე, რომლებიც ტრეფიკინგის რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, დემოგრაფიული ინფორმაციები ტრეფიკინგსა და შინა ძალადობას შორის კავშირზე, კულტურულ ფაქტორებზე... თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ახლახან დაარსდა ფონდი „ადამიანთა ვაჭრობის თავიდან აცილება, მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა და რეაბილიტაცია.“ ეს, უდავოდ, მისასალმებელია, რადგან ბევრ ადამიანს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

აბა, ჩვენს მდგომარეობას რომ შევხედოთ, ისევ გაჭირვებაა, ისევ ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობის ფაქტორიც კვლავ პირდაპირპროპორციულია ტრეფიკინგის ზრდასთან.

 

სალომე კოხრეიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია