საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქალბატონო, ჟურნალისტები არა ვართ რომელიმე მხარე!“
2011/11/14 14:19:11

8 ნოემბერს ბანკ „ქართუს“ წინ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებმა, მათი თქმით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. სამოქალაქო ერთობის კოორდინატორმა გოჩა ბაძგარაძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ მოძრაობა სამოქალაქო ერთობა აწარმოებს ხელმოწერების შეგროვებას ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით.

 

 

რამდენიმე ჟურნალისტი დანიშნულ დროზე ადრე მივედით ადგილზე. მალე ივანიშვილის მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ. ჟურნალისტებმა კონკრეტული თხოვნით მივმართეთ ბატონ გოჩას, რომ ჩვენთვის წარმოედგინა ბიძინა ივანიშვილის რომელიმე მხარდამჭერი, ვისაც აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელი აქვს მოწერილი. მან იქვე მდგომ შუახნის ქალბატონთან გადაგვამისამართა. ჩვენს წინ მომღიმარი სახით იდგა ქალბატონი, რომელმაც ვინაობა გვკითხა. სათითაოდ გავაცანით თავი, თუ რომელი მედიასაშუალების წარმომადგენლები ვიყავით. ის იყო, ჩაწერისთვის მოვემზადეთ, რომ ქალბატონისგან საპასუხოდ მივიღეთ:  „აქ მოსვლამდე ვთქვი, ჟურნალისტებს საერთოდ პასუხს არ გავცემდი.“

ჟურნალისტებსა და ქალბატონს შორის, რომელმაც სახელი და გვარი არ გვითხრა, დიალოგი გაიმართა. ჩვენ კითხვით მივმართეთ, თუ რატომ, არ აკეთებდა კომენტარს, თუკი ის ივანიშვილის მხარდამჭერი იყო. ქალბატონმა განგვიმარტა, რომ დიდი ხანია ჟურნალისტები არ უყვარს და ჩვენთან საუბარი არ სურს. აშკარად ეტყობოდა, ბიძინა ივანიშვილის 1 ნოემბრის   პრესკონფერენციისათვის  „თვალი ჰქონდა ნადევნები“ და, როგორც ბევრმა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში, ყველა ჟურნალისტი „ერთ ქვაბში მოგვხარშა“. რაკი კომენტარს აღარ იძლეოდა, ჩვენც შევწყვიტეთ გასაუბრება, მან კი კვლავ განაგრძო ჩვენი გულმოდგინე ლანძღვა. ეს, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა გააპროტესტეს.

თეონა ხარაბაძე, „ახალი გაზეთი“: მასალის გაკეთება დავიწყეთ, ჩავწერე აქციის ორგანიზატორი, შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩაგვეწერა ადამიანი, ვინც აწერდა ხელს ამ მოთხოვნას. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან დაახლოებული იყო, თუ იცნობდა (ზუსტად ვერ გეტყვით) და ეთანხმებოდა მოთხოვნებს, გვინდოდა ჩაგვეწერა. მაგრამ, როცა ვთხოვეთ, დაიწყო ჟურნალისტების ლანძღვა, გაიხსენა თბილისში მიმდინარე მოვლენები, ივანიშვილის პრესკონფერენცია, შემდეგ უშუალოდ იქ მყოფ ჟურნალისტებს „თავხედები“ გვიწოდა, რადგან თურმე ჩვენ არ ვიდექით მის გვერდით, არ ვეხმარებოდით. რატომ უნდა ვმდგარიყავით მის გვერდით? ჩვენ ვართ ამბის გამშუქებლები და არა მხარე. ქალბატონი კი არ ჩერდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა, რა თქმა უნდა, უარი თქვა ინტერვიუზე. მე, პირადად, არ მივიღებ მისგან შეურაცხყოფას, მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც მხარეს არ წარმოვადგენ. ჩვენი მოვალეობაა მოვლენათა აღწერა და საზოგადოებამდე მისი მიტანა. ქალბატონი აგრესიული იყო იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც იყო ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, მაგრამ ჩვენც მათ მიგვაყოლა და დაჟინებით გვითხრა: თქვენც მსგავსები ხართ და, შესაბამისად, არ ხართ ღირსი, საზოგადოებამ გიპასუხოთო.

გვანცა თოთაძე, რადიო „ძველი ქალაქი“: ჩვენ, არც ერთი ჟურნალისტი, რომელიც იქ ვიყავით, არ ვართ შეურაცხყოფის ღირსი. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანს, რომელმაც „არაობიექტურები“ გვეძახა, არ ექნება წაკითხული რეგიონული პრესის არცერთი პუბლიკაცია, არ ექნება მოსმენილი ადგილობრივი რადიოსათვის! ჩვენ არ მივიღებთ მსგავს შეურაცხყოფას არავისგან, როცა ისინი გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ ხართ არაობიექტურებიო. ჩავწერეთ ერთი მხარე, გვჭირდებოდა მეორე მხარის ჩაწერაც, რეალურად კი არ მოგვცეს საშუალება, ობიექტურად გვემუშავა.

ხათუნა მაისურაძე, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსლაინი“: დღეს ჟურნალისტებმა შევიტყვეთ, რომ იგეგმებოდა ბრიფინგი, ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მიღების მხარდასაჭერად უნდა შეგროვებულიყო ხელმოწერები. იქ  მისული ჟურნალისტები ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში მოვხვდით: ორგანიზატორი ამბობდა, რომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო გუშინ, თუმცა, ასევე მისი თქმით, ოფიციალურად დაიწყებოდა დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ... და იმ ქალბატონმა, რომელიც იყო ერთ-ერთი ხელმომწერი (თუ ვეღარც გავიგეთ შემდეგ, უკვე ვინ იყო, რომელიმე ორგანიზაციას წარმოადგენდა თუ არა), ძალიან დიდი აგრესია გამოხატა ჟურნალისტების მიმართ. კატეგორიული უარი თქვა კომენტარის მოცემაზე, რადგან თურმე ვერ იტანს ჟურნალისტებს. მოგვაყენეს შეურაცხყოფა და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ იქაურობა. მე უარი ვთქვი ამ მასალის გაშუქებაზე.

 

***

ივანიშვილის მხარდამჭერებს ვუხსნიდით, რომ ჟურნალისტებს ჩვენი სამუშაოს შესასრულებლად გვჭირდებოდა - რეალურად გვენახა თუნდაც ერთი ხელმოწერა, ან გვენახა პიროვნება, ვისაც ხელი ჰქონდა მოწერილი მოთხოვნაზე, თუმცა იქ შეკრებილი ადამიანებისაგან ერთიც ვერ ვნახეთ, ვინც ხელმოწერას დაადასტურებდა.

სულ რამდენიმე წუთში საკვირველება მოხდა: იმ ქალბატონმა, რომლის „სიყვარულიც“ ვერ დავიმსახურეთ, მედიის წარმომადგენლებთან საერთოდ უარყო ის, რომ ივანიშვილის მხარდამჭერი გახლდათ. ისიც დაამატა, რომ თურმე ჩვენ, ჟურნალისტები, მათ გვერდით უნდა ვიდგეთ. უდავოდ არ ესმოდა, რომ ჟურნალისტი არცერთ მხარეს არ წარმოადგენს. ცოტა არ იყოს, გაუგებარ „ქაოსში“ მოხვედრილმა ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა აღნიშნული ბრიფინგი დატოვა.

მართალია, ივანიშვილის მხარდამჭერები ქუთაისის მოსახლეობას კი მოუწოდებდნენ, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ამ ღონისძიებაში, მაგრამ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - რითი? ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარის თქმით?...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1303
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია