საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაითხოვა სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორი?
2011/11/07 13:34:39

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლიდან, სამეურვე საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლის დირექტორი ნანა ქათამაძე გაათავისუფლეს. როგორც კანონშია აღნიშნული, სამეურვე საბჭოს დირექტორზე მეტი უფლება აქვს, ის დაკომპლექტებულია მასწავლებლებითა და მშობლებით, ხოლო მათი რაოდენობა სკოლაში არსებული ბავშვების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

 

ნანა ქათამაძე მე-9 საჯარო სკოლას 4 წლის განმვლობაში მართავდა. ამ დროის მანძილზე სკოლაში არსებული ვითარება არაერთხელ მოხვდა ჟურნალისტების ინტერესის სფეროში. თუმცა ქალბატონი ნანა არასოდეს ესაუბრებოდა მედიას.

 

იმის გამო, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა საჯარო სკოლაში შესვლა ჟურნალისტებისათვის თითქმის შეუძლებელია, ვერ მოვახერხე სამეურვეო საბჭოს წევრების ნახვა. შევეცადე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც გავსაუბრებოდი მე-9 სკოლის მასწავლებლებს და უშუალოდ მათგან გამეგო, რეალურად რა მოხდა სკოლაში და როგორ დაახასიათებდნენ ისინი ყოფილ დირექტორს. მიუხედავად იმისა, რომ ნანა ქათამაძე დღეს სკოლის დირექტორი კანონით აღარ არის, პედაგოგები მაინც ვერ ბედავენ მასზე თამამად საუბარს, ამიტომ ინტერვიუ მხოლოდ იმ პირობით მომცეს, თუ მათ სახელსა და გვარს არ გავამჟღავნებდი.

„ბოლო დროს, დირექტორს ყველასთან გაუფუჭდა ურთიერთობა, ძალიან გვეუხეშებოდა მასწავლებლებს და მთლიანად კოლექტივს. ცოტა ხნის წინ  სასწავლო ნაწილთან მოუვიდა სერიოზული კონფლიქტი. ვერ ავხსნი, ისეთი ქალია - თითქოს წყნარი და ალალია, სინამდვილეში კი - სულ სხვანაირი. როცა ეგ ქალი ავირჩიეთ, ერთმა თანამშრომელმა თქვა, მაგ ქალს იცნობენ, როგორც ანჩხლს და წუნკალსო, თუმცა მაშინ არ დავუჯერეთ. ფაქტი სახეზეა, მართლა ეგეთი ყოფილა. სამეურვეო საბჭომ რაღაცები გამოიძია, როგორც ვიცით, მას აქვს უფლება სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა. და გაათავისუფლა კიდეც,“ - განაცხადა სკოლის თანამშრომელმა, რომლის სახელსა და გვარს, მისი თხოვნით, არ აღვნიშნავთ.

„რა გითხრათ, რამდენად მართალია, არ ვიცი, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ 18 000 ლარია გაბნეულიო... ისიც გავიგე, რომ ამბობდნენ, თანამდებობა კი არა, რომ  დაიჭირონ, არც ეგაა გამორიცხულიო. შეიძლება გენინსპექციაც დაინტერესდეს ამ შემთხვევით. ფაქტი ერთია, ის სკოლას ვერ მართავდა კარგად,“ - გვითხრა მეორე პედაგოგმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლადო პატარიძეს ტელეფონით დავუკავშირდით. ბატონმა ლადომ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„რესურსცენტრი არავის არ ათავისუფლებს. მე-9 სკოლის დირექტორზე  სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა უფლებამოსილება შეწყვეტილი, რაც შემდეგ განათლების სამინისტრომ აღასრულა, თუმცა ბრძანება ჯერ თბილისიდან არ ჩამოსულა. ჩემი ინფორმაციით, კვლავ გათავისუფლებული დირექტორი მართავს სკოლას.“

სკოლაში რამდენიმეჯერ მისვლის მიუხედავად, ნანა ქათამაძე ადგილზე არ დაგვხვდა, სამაგიეროდ, მალე რედაქციაში გვეწვივნენ მისი მომხრე თანამშრომლები.

„როგორც ბუღალტერი, ვამბობ, რომ არანაირ ფინანსურ დარღვევებს ადგილი არ აქვს სკოლაში. მე ამ საქმეს 15 წელია ვემსახურები. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რევიზია მყოლია, თუმცა  ერთი თეთრიც არ მქონია დარღვევა, აქ უფრო სხვა ამბავია: რაც სკოლაში მანდატურები მოვიდნენ, მის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა დირექტორსა და მასწავლებლებს შორის. მასწავლებლები მოითხოვენ, დირექტორმა ისინი დაიცვას მანდატურებისაგან, როცა მათ ოქმს უწერენ, თუმცა, რაც კანონია, იმას ვერც დირექტორი და ვერც ვერავინ შეეწინააღმდეგება,“ - გვითხრა სკოლის ბუღალტერმა მეგი ჯუღელმა.

„არასოდეს ჰქონია უთანხმოება დირექტორს პედაგოგებთან. პირიქით, ის მეხუთე წელია, მართავს  სკოლას და არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს თითოეულ თანამშრომელთან, თუმცა არის პედაგოგთა ნაწილი,  რომელსაც არ მოსწონს ჩვენი დირექტორი და მათ სურთ, ყველაფერი დააბრალონ, რაც კი შეიძლება,“ - აღნიშნა  პედაგოგმა მაია ყიფიანმა.

რედაქციაში მოსულმა პედაგოგებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ სამეურვეო საბჭომ (მასში შემავალმა პედაგოგებმა) მხოლოდ ის მშობლები დაიბარა გადაწყვეტილების მისაღებად, რომლებზედაც შეეძლოთ საკუთარი აზრის თავს მოხვევა. აღნიშნეს ისიც, რომ შემდეგ მშობლებს უთქვამთ, რომ რაზე აწერდნენ ხელს, არ იცოდნენ...

ასეთია საერთო სურათი მე-9 საჯარო სკოლაში. ნანა ქათამაძე ამჟამად, თავისი დოკუმენტაციით, განათლების სამინისტროშია დაბარებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია