დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მუშტი-კრივი არასპორტულად
2011/05/16 12:57:28

საფეხბურთო მოედნებზე ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება სულაც არ არის უცხო მსოფლიო სპორტისთვის. ამ კონფლიქტების მიზეზი მარტივი და ხშირ შემთხვევაში ბანალურია: ან არბიტრის მსაჯობა არ მოსწონს რომელიმე გუნდს, ან ფეხბურთელები წაკინკლავდებიან შუა თამაშში. სტადიონზე, ყველაზე მეტი ინციდენტი გულშემატკივრის მიზეზით ხდება. ისინი, ძირითადად, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს აგინებენ, ან თუნდაც - ქომაგებს, შესაბამისად, გინების ადრესატებიც არ არიან „გულგრილნი“ მათ მიმართ და ღვივდება კონფლიქტი, რომლის დასრულება სამართალდამცავთა ოპერატიულობაზეა დამოკიდებული.

ქართულ ფეხბურთსაც მრავლად ახსოვს ასეთი ინციდენტები. ზუსტად ასეთი 4 მაისს ზესტაფონში მოხდა, ადგილობრივ გუნდსა და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩის დროს. ჯერ ფეხბურთელებმა წაიკინკლავეს მოედანზე, შემდეგ კი აღელვებამ გულშემატკივრებისკენ გადაინაცვლა და იმერელმა ქომაგებმა მუშტი-კრივი გამართეს. შედეგად, ქუთაისელებს გატეხილი თავები და ჩამსხვრეული ავტობუსის მინები შერჩათ, ხოლო ზესტაფონელებს - დარბეული სტადიონი.

საქართველოს საფეხბურთო ფედერაცია მკაცრად მიუდგა საკითხს და ორივე კლუბი თანაბარი თანხით (7000 ლარით) დააჯარიმა. ამით ინციდენტი თითქოსდა ამოიწურა, მაგრამ სიმშვიდემ მხოლოდ ფეხბურთში დაისადგურა.

სამ დღეში, 7 მაისს, აგრესიის შავ-ბნელმა აურამ ქართული კალათბურთი მოიცვა.

შსს - „სოხუმის“ მატჩის დასრულებამდე 13 წამი დარჩა, ტაბლოზე 79:75 ეწერა, ლაშა ფარღალავა საჯარიმოების სატყორცნად ემზადებოდა, როდესაც შსს-ელმა ბესიკ ლეჟავამ შეხვედრის არბიტრ მაკა კუპატაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მსაჯმა კალათბურთელის მოედნიდან გაძევების ნიშნად ხელი აღმართა, მაგრამ ბესიკ ლეჟავა არ აპირებდა „ფარ-ხმლის დაყრას“, ქალს მივარდა, სახეში თავი ჩაარტყა და წიხლიც უთავაზა. ფაქტმა ყველა ორმაგად აღაშფოთა, რადგან შეხვედრის არბიტრი ქალი იყო.

თავის მხრივ მაკა კუპატაძეც გაცხარდა, სალანძღავ სიტყვებს ისროდა კალათბურთელის მისამართით, მერე კი ქალისთვის ჩვეულად ატირდა. მისი მხრიდან აგრესიაც კი დაფიქსირდა მასმედიის, კერძოდ - არხის ოპერატორის მიმართ.

საქართველოს საკალათბურთო ფედერაციამ ბესიკ ლეჟავას საჯარიმო სანქციად დისკვალიფიკაცია მიუსაჯა 2013 წლის 1 იანვრამდე. მეორე დღეს, ცივ გონებაზე, სპორტსმენმა დაგმო საკუთარი საქციელი და საჯაროდ მოუბოდიშა მაკა კუპატაძეს.

აი, ასეთი საშინელებები ხდება ჩვენს ისედაც კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ სპორტში, მაგრამ ხომ იცით, გვირაბის ბოლოს შუქია. სწორედ საქართველოს სარაგბო ნაკრებია ასეთი ჩირაღდანი ქართული სპორტისთვის. როდესაც ჩვენი რაგბისტები თამაშობენ, ტელევიზორს სიამოვნებით ვუჯდები, ვიცი, ლამაზ თამაშს ვნახავ და გამარჯვებითაც დავტკბები.

 

 

ირინე ჭეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია