საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოკრიბული შამათი
2011/01/24 12:59:03

უახლოესმა წარსულმა დაგვანახა, რომ ჭადრაკმა თანდათან დათმო პოზიციები. ხალხმა მხარი ვეღარ აუბა საჭადრაკო ელიტას. თამაშის დინამიკა მონოტონური, ხოლო მისი ვიზუალური მხარე ერთფეროვანი გახდა. კომპიუტერულმა სიზუსტემ დათრგუნა ფანტაზია. წავიდა ის დრო, როცა ანდერსენის თუ მორფის ვირტუოზულ კომბინაციებს ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა. დღეს ასეთი კომბინაციების გაკეთების საშუალებას მსოფლიოში საშუალო რეიტინგის მქონე მოთამაშეც კი არავის მისცემს. ინტერნეტმა მსოფლიო დააპატარავა. მოხდა ინტერესთა სფეროს სერიოზული გადაფასება. სამწუხაროდ, ჭადრაკის მესვეურებმა ვერ შეძლეს ფრონტის გაერთიანება და მოხდა დეინტეგრაცია. წარმოიშვა სხვადასხვა საჭადრაკო ფედერაციები, სკოლები და ა.შ. და ა.შ. მოხდა ჭადრაკის ლოკალიზაცია. ჭადრაკის ელიტა და ხალხი საბოლოოდ გაემიჯნა ერთმანეთს. ჭადრაკმა დაკარგა ხალხურობა. მართალია, ჭადრაკი სწორედ რომ ელიტის (ცისფერსისხლიანების) თამაში იყო, მაგრამ ის მსოფლიოში სწორედ ხალხის წყალობით გაბატონდა. ბიზნესმაც უარყოფითი კვალი დააჩინა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მთლიანად გააბიზნესა ჭადრაკი. საჭადრაკო ხელოვნების დაუფლება საკმაოდ გაძვირდა.

დღესდღეობით ჭადრაკის ფედერაციები და სკოლები აწყობენ უამრავ ტურნირებს, ფესტივალებს თუ მემორიალებს, მაგრამ ჭადრაკის მასებში გასატანად ეს საკმარისი არ არის. საჭიროა, ჭადრაკის საყოველთაო სწავლება. საკომუნიკაციო საშუალებებმა ფართოდ უნდა გააშუქონ საჭადრაკო სამყაროს ცხოვრება. ჭადრაკი თავისი ბუნებით სცენურია და საჯაროობის გარეშე მცირდება მისი ინტერესების სფერო. ახლახან განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საჯარო სკოლებში ცეკვის სწავლების შემოღებაზე. ეს კარგი ინიციატივაა, მაგრამ არც ის იქნება ცუდი, თუ ჭადრაკსაც მივანიჭებთ ასეთ პრივილეგიას. თუ ცეკვა სხეულის პლასტიკაა, ჭადრაკი გონების პლასტიკაცაა და საბრძოლო ხელოვნების უნიკალური ინტერპრეტაციაც.

იქნებ, ჭადრაკმა მართალია დაკარგა თავისი ფუნქცია და მხოლოდ უმნიშვნელო გასართობ თამაშად იქცა? ერთხელ, მე და ჩემს მოსწავლეებს ტყიბულიდან ღამით მოგვიხდა წამოსვლა (ეს არაერთხელ მომხდარა). მშიერ გულზე, წკვარამში, ზამთრის პირზე და თანაც მგლების გარემოში სიარული არც ისე სასიამოვნოა. საწირის ტყეებს რომ შევუყევით, ერთი ჩემი მოსწავლე, ზურა ჩუბინიძე, მეუბნება: მას... ახლა ჩვენზე ახი არ იქნება, მგლებმა რომ შეგვსასლონო? რატომ-მეთქი? აბა, ჭადრაკის თამაშის გულისთვის ამდენს რატომ ვწვალობთო? ჩემი კომპიუტერი ტყიბულელებზე უკეთესად მეთამაშება ჭადრაკსო.

დღეს ჭადრაკის მესვეურთა მთავარი საზრუნავი ფედერაციის პრეზიდენტად ისეთი კაცის არჩევაა, რომელიც ფინანსებს მოიზიდავს (პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილეობისათვის). სამწუხაროდ, მასებში ჭადრაკის კულტურის ასამაღლებლად არავინ ზუნავს.

 

***

წლების წინ, თვეში რვა ლარად დავიწყე მუშაობა სოფელ ორპირში (ტყიბულის რაიონი) ჭადრაკის მწვრთნელად. მოსწავლეებმა არა თუ ჭადრაკის თამაში, ისიც კი არ იცოდნენ, ქვეყანაში ჭდრაკის სკოლები და კლუბები თუ არსებობდნენ. დიდი წვალების ფასად, კავშირები დავამყარე ტყიბულისა და ქუთაისის საჭადრაკო წრეებთან. დამაკმაყოფილებლად შევითვისეთ ელემენტარული საჭადრაკო კულტურა. თვითდაფინანსებით ვმონაწილეობდით ქუთაისში, იმერეთის საკვალიფიკაციო ტურნირებში. აქ ბავშვებმა შეასრულეს IV, III და II კატეგორიები. რამდენჯერმე ვითამაშეთ საქართველოს და იმერეთის პირველობებზე. მხოლოდ ჩემი მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, ათ წლამდე ასაკში, დავით ჩირაძის მემორიალის ტურნირებში (ტყიბული იქ არ მონაწილეობდა) დაამარცხა წალენჯიხისა და ამბროლაურის ნაკრები გუნდები, მოვუგეთ ქუთაისის მოსწავლეთა სახლის გუნდსაც. ტყიბულის გამგეობის მიერ გამართულ ტურნირებში ორჯერ დავიკავეთ პირველი ადგილი და ორივეჯერ ფეხით წამოვედით ორპირში. მართალია, ბევრს ვწვალობდით, მაგრამ გვქონდა წარმატებებიც. ალბათ, შემთხვევით არ მომხდარა, რომ ორპირის ეზოებში და ქუჩებში სხვა თამაშებს ჭადრაკიც ჩაენაცვლა. ორპირის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სიხარულით ეწერებოდნენ ჭადრაკის ჯგუფში. მართალია, სიაში, რომელიც შეზღუდული იყო, ყველას ვერ ვათავსებდი, მაგრამ თამაშს ყველას ვასწავლიდი. როცა ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ კუბლაშვილი გახდა, ტყიბულელმა ბავშვებმა ყველა რანგის ტურნირებში დაიწყეს თამაში. ჩვენც ბევრ რამეს დაგვპირდნენ, მაგრამ სიტყვა სხვა იყო და საქმე სხვა. 2008 წელს სპორტული ცენტრის დირექტორს, იოსებ ლორთქიფანიძეს ვთხოვე, ჩემი ორი მოსწავლე გაეშვა ქუთაისში ტურნირზე. უარი მითხრა. ჩვენს დავას ბატონი თამაზი შემოესწრო და მხოლოდ მისი ჩარევის შემდეგ დაგვაფინანსეს.

ბოლო წლებში ჯანმრთელობა შემერყა. მართალია, ხელფასი უკვე 80 ლარი მქონდა. მაგრამ ჯანმრთელობის პოლისის უქონლობის გამო მატერიალურად გამიჭირდა. 2010 წლის იანვარში სპორტულმა ცენტრმა მომთხოვა, მოსწავლეთა პირადი საქმეების სასწრაფო გადახალისება. ტყიბულ-ქუთაისში ბავშვების, მათი მშობლებისა და ჩემი სირბილის შემდეგ ყველაფერი მოვაგვარეთ. თებერვალში გულზე გავიკეთე გადაუდებელი ოპერაცია. ამან კატასტროფამდე მიიყვანა ჩემი ფინანსური მდგომარეობა, რადგან საქართველოში არსებული უამრავი შეღავათიდან მე თითქმის ვერაფრით ვისარგებლე. სამსახურში დაბრუნებულს კარგად შემხვდნენ, სპორტული ტანსაცმლის ჩვენებას დამპირდნენ, მაისში მიმიწვიეს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო არჩევნებზე. იქაც არაფერი უთქვამთ ცუდი. მაგრამ რამდენიმე დღეში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სამსახურიდან გამათავისუფლეს (სპორტული ტანსაცმლის ჩვენებაც კი ვერ მოასწრეს). ჩემთან ერთად ბრძანებით გაათავისუფლეს ძიუდოს მწვრთნელიც, რომელიც ორპირში ადგილობრივი არჩევნების დროს, რომელიღაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო. ვიფიქრე (?!), რომ ჩემი გათავისუფლებაც პოლიტიკური დაკვეთა იყო (გათავისუფლებული ძიუდოს მწვრთნელი ამაში დარწმუნებული გახლდათ).

ცნობისთვის: ზვიად გამსახურდიას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა და მაშინაც არა რომელიმე კანდიდატს, არამედ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დავუჭირე მხარი. ისიც შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო, რომ სულით ნაციონალური ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და არა რევოლუციურით: „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას!... (რევოლუცია მაინც რევოლუციაა, გინდა „ვარდების“ იყოს ის და გინდა „ოროსნების“).

ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ ჩემი გათავისუფლება მოხდა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. იმ მიზეზის გასარკვევად, თუ რატომ შემიწყვიტეს ხელშეკრულება, მივმართე რაიონის საკრებულოს. მათი პასუხი აბსოლუტურად იდენტური იყო ჩემი გათავისუფლების ბრძანებისა. რომ გამეგო ჩემი გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი, იძულებული გავხდი, დახმარება მეთხოვა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის. აგრეთვე ჩემი კონსტიტუციური უფლების დასაცავად, ღია წერილი გავუგზავნე საქართველოს პრეზიდენტს. ორთვიანი ძიების შემდეგ სპორტის სამინისტრომ, რომელიც დაკავშირებია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და აგრეთვე ტყიბულის ხელმძღვანელობას, მაცნობა, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი თურმე ჩემი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები ყოფილა. არავის შეუმოწმებია, იყო თუ არა ეს სწორი.

ასლი I

ა.ა.ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დირექტორს ბ-ნ ი. ლორთქიფანიძეს

მოგახსენებთ, რომ შემოსულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მოქალაქე რამაზ ბერეკაშვილის წერილი მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მონაწილეობდნენ თუ არა რამაზ ბერეკაშვილის აღსაზრდელები 2009-2010 წლებში ადგილობრივ ან საქართველოს პირველობებში შეჯიბრებებში და რა შედეგებისათვის აქვთ მიღწეული.

პატივისცემით - მინისტრის მოადგილე დ. ნამგალაური

 

ასლი II

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს

ბატონ ვლადიმერ ვარძელაშვილს

ასლი: მოქალაქე რამაზ ბერეკაშვილს

ტყიბული, სოფ. ორპირი

ბატონო ვლადიმერ, თქვენს მიერ 2010 წლის 9 სექტემბერს გამოგზავნილი წერილის (?06-13/473), მოქალაქე რამაზ ბერეკაშვილის განცხადების თაობაზე, მისი სამსახურიდან (ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მწვრთნელობიდან) გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობა 2010 წლის 9 სექტემბერს იმყოფებოდა ქ. ტყიბულში ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალზე „ოკრიბა-2010“-ის დახურვის ცერემონიალზე.

ტყიბულში ადგილზე ყოფნისას, ტყიბულის საჭადრაკო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან საუბრისას გაირკვა, რომ მწვრთნელ რამაზ ბერეკაშვილს არ ჰყოლია მოსწავლეები, რომლებიც შესაბამისად არ მონაწილეობენ არც ადგილობრივ და არც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში.

ვფიქრობთ, სწორედ ეს გარემოება გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.

პატივისცემით -

პრეზიდენტი გ. გიორგაძე

 

რატომ შევფასდი მაინცდამაინც 2009-2010 წლებით?

კორექტურა აშკარად ჩემს მხარეზეა! თუ რამე ისე ვერ არის, მიმართეთ სასამართლოსო. როგორ გეკადრებათ, ბატონებო! ჩვენი სასამართლო ადვილად გამოააშკარავებს, რომ ჩემი მოსწავლეები მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ მომავალ ოლიმპიურ და მსოფლიო პირველობებზე და პატიმრობა არ ამცდება. ან იქნებ, მართლა სჯობდეს, ამ დუხჭირ და უსამართლო ცხოვრებას განვერიდო და თანამედროვე კომფორტულ ციხეში განვთავსდე? იქნებ, იქ მაინც ვიგრძნო, რომ მეც ევროპელი ვარ.

ამდენი პატივცემული ჩინოვნიკის გარჯის მიუხედავად, მაინც ვერ გავარკვიე, რას მოითხოვენ ჩემგან: რომელი ვახტანგ ქარსელაძე მე ვიყავი, ოკრიბაში მსოფლიო ჩემპიონები გამეზარდა? ისიც ვერ გავიგე, ჩემი „ცუდად მუშაობის“ გამო რატომ დახურეს სოფელ ორპირში ჭადრაკის ჯგუფი (?!). ამის გასარკვევად განცხადებით მივმართე ორპირის ადგილობრივ დეპუტატს და ტყიბულის გამგებელს. მათგან პასუხი დღემდე არ მიმიღია. სამაგიეროდ, მივიღე ტყიბულური შამათი.

ბავშვების მიმართ გულგრილობას როგორ გვწამებო, აღშფოთდებიან ტყიბულის ჭადრაკის ხელმძღვანელები. ჩვენ ტყიბულელი ბავშვების მთელი ჯგუფი გავუშვით ბათუმში ევროპის პირველობაზე, მერე მათ გასამხნევებლად ჩვენც იქ ჩავედით და წარმატებებიც მოვიპოვეთ. ერთმა მონაწილემ ცხრიდან ოთხი (!) ქულა მოაგროვაო. ამ ფაქტს გაზეთი „ტყიბულის დროით“ (30 სექტემბერი, 2010 წელი) სიამაყით აღნიშნავს. სულით და გულით ვულოცავ ტყიბულელ ჭადრაკის მესვეურებს ამ დიდ წარმატებას, თანაც მინდა, მათ შევახსენო, რომ 5 წლის წინ ჩემმა მოსწავლემ, ანა ცქიფურიშვილმა, იმავე ბათუმში, იმავე რანგის ტურნირში (გაუმხნევებლად) არანაკლები შედეგი აჩვენა. ამიტომ გთხოვთ, დაუბრუნეთ ორპირელ ბავშვებს ჭადრაკი! მე კარგად ვიცი თამაშის წესები და შამათის შემდეგ თამაშს არ ვაგრძელებ. ჩემზე უკეთეს მწვრთნელს იოლად მოძებნით. მე კმაყოფილი მივდივარ ჭადრაკიდან, რადგან ბევრ ბავშვს შევაყვარე და ვასწავლე ეს თამაში.

***

საჯარო სკოლებში კომპიუტერული სისტემის დანერგვა ბევრ რამეს ხელმისაწვდომს გახდის. მათ შორის ჭადრაკის თამაშსაც. იმედი მაქვს, რომ ხალხი არასოდეს მიატოვებს ამ ბრძნულ თამაშს და მისი პოპულარობა ისევ შეუდარებელი გახდება მსოფლიოში.

და, ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ ტყიბულური შამათი ჭადრაკის ისტორიისათვის არაფერს ნიშნავს. ქვეყანა არც იმით დაიქცევა, ორპირელ ბავშვებს ჭადრაკის შესწავლის შესაძლებლობა რომ წაართვეს. ტრაგედია ის იქნება, თუ ხალხი ჭადრაკის ინტერესს დაკარგავს. ამ პროცესს ვერ შეაჩერებს ჭადრაკის განსაკუთრებული სწავლება მხოლოდ წალკაში თუ ლეყერეთში. საჭიროა, ჭადრაკი საყოველთაო სწავლების საგნად იქცეს.

ამიტომ ყველას გთხოვთ, ასწავლეთ ბავშვებს ჭადრაკის თამაში.

 

რამაზ ბერეკაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია