დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაოცებისა და სინანულის ცრემლმა დაგვახრჩო სიკვდილგამოვლილი ჯარისკაცები!..
2010/10/18 13:22:14

წინასწარ გიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ ჟურნალისტები, მწერლები და ლიტერატორები, ამიტომ, შეიძლება, ბევრ გრამატიკულ შეცდომას შეიცავდეს ჩვენი წერილი, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი აზრი და სათქმელი თქვენამდე გაგებით მოვიტანოთ.

წავიკითხეთ თქვენი გაზეთის №28-ში გამოქვეყნებული, მაკა ჩინიჯიშვილის სტატია, რომელშიც გამოთქმული იყო ჩვენი თანამებრძოლის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ლევან კოხრეიძის სახელის ქუჩისათვის მინიჭების მოწინააღმდეგეთა აზრები, წავიკითხეთ და, პირდაპირ რომ ვთქვათ, გაოცებისა და სინანულის ცრემლმა დაგვახრჩო ეს სიკვდილგამოვლილი ჯარისკაცები! ხალხო! ლევან კოხრეიძე საქართველოს, სამშობლოს მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირა. იგი ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად. მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო ჯილდო „მხედრული მამაცობისათვის“, თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ?! რა უბედურება გვჭირს ქართველებს! ვის მოუბრუნდა ენა, ეთქვა, „იგი (ლევანი) ხელფასს იღებდაო“. რა, ქალბატონო მაია ყუბანეიშვილო, ხელფასსაც გვამადლით!? ჩვენ, სიკვდილს თვალებში ჩახედულ, ნაომარ ჯარისკაცებს! ჩვენ შენი ვინაობით არ დავინტერესებულვართ (არც ჩაგთვალეთ ღირსად ასეთი აზრის პატრონი), აი, დემურ ომანაძისა და ელვარდ გაგოშიძის ვინაობით კი ნამდვილად დავინტერესდით (აბა, მის ძმას, ბეჟანს ამ თემაზე საუბარიც კი არ სურს, ისეა გაოგნებული მეზობლების მუხანათობით).

აქ, სენაკში, ჩვენს ასეულში, ოცამდე ქუთაისელი ვმსახურობთ და ეს თქვენი გაზეთი სულ სხვადასხვა პიროვნებამ მოგვიტანა. მანამდე ჩვენი ნაწილის მეთაურსაც წაუკითხავს, მასვე დაურეკავს თავდაცვის სამინისტროში და ამ ამბის გარკვევა უთხოვია. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი წერილის მოგვიანებით გამოგზავნა და რა გავიგეთ? ბატონო დემურ, ჩვენ თქვენს შესახებ არ დავწვრილმანდებით, ისედაც თქვენი გაჭირვება გეყოფათ, მაგრამ ადამიანი, როცა რომელიმე მოვლენაზე აზრს გამოხატავს, კარგად უნდა დაფიქრდეს, თორემ, ზერელედ ნათქვამ სიტყვას - თან, როცა ის პრესაში იბეჭდება - უკან ვერ დააბრუნებს: წამომცდაო, სხვამ შემაცდინაო!  „ყაჩაღიო!..“ მაგასაც დავამტკიცებთ, ხოლო რაც შეეხება ბატონ ელვარდ გაგოშიძეს, თქვენ, მგონი, ლევანის დაკრძალვის ორგანიზატორი იყავით, ხომ? რაო, ბატონო ელვარდ, „ლევან კოხრეიძე ომში სულაც არ ყოფილა, ის ავტოავარიაში დაიღუპაო“. თუმცა თქვენი რა გასაკვირია, როცა ლევანის სახელობის ქუჩის მინიჭების წინააღმდეგი მისი ძმისშვილის ნათლიებიც კი ყოფილან.

ახლა მოგვისმინეთ, ბატონო ელვარდ! თუ ჩვენ, მის გვერდში მყოფ მებრძოლებს, დაგვეჯერება: 11 აგვისტოს, 2008 წელს, როცა უკან დახევის ბრძანება მივიღეთ, ჩვენმა მეთაურმა ლევან კოხრეიძეს დაავალა ჯარისკაცთა ევაკუირება. იგი იდგა ერთ ადგილას და ტელეფონით (მობილურით, რა თქმა უნდა) გვიხმობდა ტყეში შეფარებულებს. მან გამოუშვა პირველი ავტომანქანა ბიჭებით სავსე, გამოაცილა ასევე მეორე, მესამე... მერვესაც რომ გამოჰყოლოდა, თვითონ გადარჩებოდა. მან კი, სანამ ბოლო, მეცხრე მანქანა არ წამოვიდა, იქამდე არ დატოვა ადგილი. ამასობაში ოსებმა და რუსებმა ის ერთი გზაც გადაგვიკეტეს ექსკავატორით, გზა, რომლითაც ჩვენ უკან ვიხევდით და, აი, იმ თეთრ მტვერში შეუმჩნეველ ექსკავატორს შეასკდა ლევანისა და სხვა ჯარისკაცთა მანქანა, თან დაემატა რუსული ფუგასური ყუმბარა, რომელიც, აფეთქების შემთხვევაში, ას მეტრ რადიუსში ყოველივე სულდგმულს ანადგურებს. მთლიანად დამწვარი ვნახეთ მებრძოლებმა ის მანქანა. კაპრალმა გიზო კიკალეიშვილმა იპოვა, ბედად, ლევან კოხრეიძე სისხლმდინარი, თავის მანქანაში აიყვანა და მის მუხლებზე დალია სული ჩვენმა გადამრჩენელმა. ესაა, ელვარდ, ავარია? იმავე საღამოს 30-მდე თანამებრძოლმა მივიტანეთ მისი ცხედარი ქარელის რაიონული საავადმყოფოს მორგში შესანახად. აგვისტოს სიცხე იდგა და შეგვეშინდა ცხედრის გაფუჭების (მის ვაჟკაცურ სხეულს არაფერი ნაავარიები არ ეტყობოდა, ბატონო ელვარდ!). გარდა ამისა, ოჯახს პირდაპირ არ მივაყენეთ მანქანა ცხედრით (ქართულ ტრადიციას მოვერიდეთ).

თქვენ კი, ბატონო დემურ, აი, რას გეტყვით დამატებით: დიდ სამამულო ომში (1941-1945) ჯარისკაცი მატროსოვი იმიტომ გამოუშვეს ციხიდან, რომ ფრონტზე წასულიყო, ის კი გმირი გახდა (სიკვდილის შემდეგ). როკოსოვსკი სტალინმა გულაგიდან გამოიყვანა და ორგზის გმირი და მარშალი გახდა. „ხელფასიო“, „ავარიაო“, „ყაჩაღიო“ - ლევან კოხრეიძეზე ამბობთ ამას! კაცმა, რომელმაც ჩვენთან, ცხოვრებაში პირველად, დაიჭირა ავტომატი ხელში!

საქართველოს მთლიანობისათვის შეწირულ ჯარისკაცებს ქართველი ერი ძეგლებს, მემორიალებს უდგამს (ნახეთ ქუთაისში აღმაშენებლის მემორიალი? გვეეჭვება). მით უმეტეს, ქართული ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. თქვენ ამ ტრადიციასაც ღალატობთ. ჩვენ და უდიდესი ნაწილი ქართველებისა მათ სანთლებს ვუნთებთ. სხვისი ჭირი ყოველთვის არ არის ღობის ჩხირი, მაშინ, როცა საქმე სამშობლოს ეხება, ჰოდა, სამშობლოსთვის თავგანწირული ბიჭების სულის შეურაცხყოფას ძნელად თუ შევეგუებით, მით უმეტეს, ამ საკითხით უკვე დაინტერესდა თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო უშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩავთვალოთ, ბევრს მოუწევს უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემა. ლევანის თანამებრძოლები კიდევ რამდენ რამეს მკარნახობენ - ეს არ გამოგრჩესო, მაგრამ ლევან კოხრეიძის ვაჟკაცური სულის და, მითუმეტეს, მისი ახლობლების შეწუხებას ვერიდებით.

და კიდევ, პატივცემულო რედაქციავ, მოაზროვნე უმადური ქართველები ძალიან უმცირესობას წარმოადგენენ, თორემ ყოველდღე ტანკის, ტყვიამფრქვევის, ავტომატის ყურებას გაძლება არ უნდა? ჩვენ ისევ შემართებით ვასრულებთ სამხედრო განაწესს და ვდგავართ სამშობლოს - საქართველოს მშვიდობის სადარაჯოზე. გთხოვთ, წერილი გრამატიკულად გაასწოროთ, ხოლო შინაარსი და აზრი უცვლელი დატოვოთ.

 

P.S.  ქ. ქუთაისის მერს, ბატონ გიორგი თევდორაძეს და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ამირან ხვადაგიანს.  

ბატონებო, რატომ არ ასრულებთ საქართველოს მთავარსარდლის და იგივე პრეზიდენტის ბრძანებას, აღნიშნულ ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩების მინიჭების შესახებ? რა, ქუთაისში არაფრისმთქმელი ქუჩების სახელები დაგელიათ?

 

ქ. სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცთა სახელით

(86 ხელმოწერა)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია