დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად წავიდეთ? - კითხულობენ დევნილები
2010/09/20 13:04:56

18 წელიწადია, აფხაზეთიდან დევნილთა უდიდესი ნაწილი ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგას:

- სად წავიდეთ?! სად მიდის დევნილთათვის გამოყოფილი მილიარდები?! სანამდე?! როდემდე?!

შეკითხვა ბევრია, პასუხი?

ამაოდ ეძებენ სამართალს დევნილები!

 

ამაში თავადაც დავრწმუნდი, როდესაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მისულს ბედის ანაბარად დარჩენილ ათობით ადამიანთან შეხვედრა მომიწია.

დედა-შვილი გულნაზ ჯაბუა და ინვალიდის ეტლში მჯდომი შეზღუდული შესაძლებლობების ჯენი ართვაძე (შვილი) ის ადამიანები არიან, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიისა თუ პრესის ყურადღება მიიპყრეს: აფხაზეთიდან დევნილი დედა-შვილი რამდენიმე დღეა, რაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ პროტესტის ნიშნად ღამეს ათევს, უსახლკაროდ დარჩენილები სახელმწიფოსგან მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

როგორც გულნაზ ჯაბუა აცხადებს, დევნილობის შემდეგ,წლების მანძილზე, ნათესავის ბინაში ცხოვრობდნენ, რომლის დატოვებაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამო მოუწიათ, შემდეგ კი 14-სულიანმა ოჯახმა დედის - ნინა ჯაბუას სახელზე გაფორმებულ სამოთახიან ბინას შეაფარა თავი. უნდა ითქვას ისიც, რომ ჯაბუები სოციალურად დაუცველ კატეგორიას განეკუთვნებიან და მათი ერთადერთი სარჩო დევნილის შემწეობაა.

- აქ ვიჯდები, ვიდრე კუთვნილ ფართს არ მივიღებ. თბილისში ვცხოვრობ 18 წელიწადია, ვერ გამიგია, რატომ უნდა გადავსახლდე ფოთში, ან სხვა ქალაქში?! არა მგონია, უკანონოს ვითხოვდე რამეს! - აცხადებს გულნაზ ჯაბუა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ ჯაბუების მსგავსი უკმაყოფილო და მთავრობის მომჩივანი კიდევ არაერთია.

სად წავიდეთ?! - ვინ დათვლის, რამდენ ადამიანს აწუხებს ეს შეკითხვა.

ლეილა კუპრავაც აფხაზეთიდან დევნილია, პენსიონერი, მეორე ჯგუფის ინვალიდი.

- 17 წელი ვიცხოვრე ქირით თბილისში. ვფიქრობ, რომ საკმარისი დროა! ვითხოვ მუდმივ საცხოვრებელ ფართს. როდესაც სამინისტროში მივედი, სადაც გინდა, იქ წადიო, ასე გამომისტუმრეს!

ლეილა დანელია გაგრიდანაა, მძიმე ავადმყოფი, სოციალურად დაუცველი, გარდა იმისა, რომ არ აქვს საკუთარი ბინა, როგორც თვითონ ამბობს, საკუთარი ნივთების გარეშეც დატოვა მთავრობამ.

- 1992 წლიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ვარ მიწერილი, სადაც მეუღლის გარდაცვალებამდე ვცხოვრობდი. შემდეგ „ზაკოს“ შენობაში შეგვასახლეს. წელს, 20 ივნისს, მაშინ, როდესაც მე და ჩემი ოჯახის წევრები სტუმრად ვიყავით ნათესავებთან, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ „ზაკოს“ შენობიდან დევნილები გამოასახლეს. ამის შესახებ ჩვენ წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ. როდესაც შენობაში მივედი და ჩემი ნივთები მოვიკითხე, იქ მყოფმა პირებმა მიპასუხეს, ჩვენ არაფერი ვიცით, სამინისტროში მიბრძანდითო. სამინისტროში ძაღლადაც კი არ ჩამაგდეს, მინისტრმა, რომელიც შემთხვევით შემხვდა, არც კი მომისმინა. ვერსად ვიპოვე სამართალი, ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ არსებობს!

გუდაუთელ ციცინო რეხვიაშვილსაც თითქმის იგივე პრობლემა აქვს, ისიც, სხვა დევნილების მსგავსად, „ზაკოდან“ გამოასახლეს და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის (22 წლის ვაჟიშვილის საფლავი დატოვა აფხაზეთში) დედა დღეს უთავშესაფროდაა!

შორენა ჯიმშელეიშვილიც აფხაზეთიდან დევნილია, როგორც თავად ამბობს, სამინისტროში მოსვლის მიზეზი საცხოვრებელი ფართის არქონაა.

- ქირით ვცხოვრობთ წლების მანძილზე თბილისში. შემდეგ სახელმწიფომ „ზაკოს“ (Закавказский округ) შენობაში მოგვცა დროებითი თავშესაფარი, რომლის დატოვებაც რამდენიმე კვირის წინ მოგვიწია.

იგივე ბედი ეწიათ თბილისში, ისნის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებულ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებსაც.

აფხაზეთიდან დევნილ რიტა სურმანიძის თქმით, სამხედრო ჰოსპიტალში განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახები იყვნენ შესახლებული: ინვალიდები, ომში დაღუპულთა ოჯახები, მოხუცები, უთავშესაფროები. მისივე თქმით, იქ მცხოვრებნი წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულნი შენობის დაცლასთან დაკავშირებით.

- კერძო სექტორში ვარ მიწერილი თბილისში, წლების მანძილზე ვცხოვრობდი ქირით, ერთი წლის წინ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სამხედრო ჰოსპიტალში შემასახლა, საიდანაც აგვისტოში გამოგვასახლეს! ხელმეორე დევნა განვიცადეთ.

მისივე თქმით, კონკრეტული შემოთავაზება სახელმწიფოს მხრიდან არც ყოფილა. - ითქვა, რომ სამეგრელოში - ფოცოში, ჯვარში გვიპირებდნენ განსახლებას, რაზეც უარი ვთქვით, მხოლოდ მცირე ნაწილი დათანხმდა, ნაწილმა კი პროტესტის ნიშნად სამინისტროსთან და პარლამენტთან გადაინაცვლა, ქალებმა პირიც კი ამოიკერეს.

უკმაყოფილო დევნილები შეჩერებას არ აპირებენ, ისინი ამბობენ, რომ თუკი მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტის სხვა, უფრო მკაცრ ზომებს მიმართავენ.

 

მანანა ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია