საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ სურთ გმირის სახელობის ქუჩაზე ცხოვრება?
2010/09/20 12:48:01

ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 თებერვლის განკარგულებით, ლადო ასათიანის ქუჩის მე-5 შესახვევს ლევან კოხრეიძის სახელი მიენიჭა. ლევან კოხრეიძე სენაკის ბატალიონში მსახურობდა და ორი წლის წინ, აგვისტოს ომში დაიღუპა. ძალიან მალე, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ყველა იმ ქუჩას, სადაც დაღუპული ჯარისკაცები ცხოვრობდნენ, მათი სახელი მიეკუთვნა. თუმცა, როგორც ჩანს, აგვისტოს ომი და ამ ომში დაღუპული გმირები ჩვენი საყოველთაო ტკივილი არ ყოფილა, დღეს ლევან კოხრეიძის ქუჩის მკვიდრთა ერთი ნაწილი ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს - რატომღაც, ლევანის გმირობა არ სურთ დაიჯერონ და მის ძალიან, ძალიან შორეულ წარსულში ეძებენ ამის გამართლების მიზეზებს.

 

***

მაშინ ლევანი 17 წლის იყო. საქართველოში სახელმწიფოსაც და ქუჩასაც  მხედრიონი მართავდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს, ასათიანის ქუჩის მე-5 შესახვევში მცხოვრებ მანქანის ხელოსანს მხედრიონელებით დატვირთული მანქანა ესტუმრა და მანქანის შეკეთება სთხოვა. სანამ მანქანას აკეთებდნენ, ესენი მეზობელთან „მოეწყვნენ“. ეს მეზობელი ლევანი იყო. მანქანის ხელოსანმა მარადი რუხაძემ მხედრიონელებს შესრულებული სამუშაოს საფასური მოსთხოვა, მოთხოვილი თანხა მათ საკმაოდ ეძვირათ... ბატონ მარადს არ გაუთვალისწინებია, რომ ქვეყანას მაშინ მხედრიონი მართავდა. თანხა გადაუხადეს, მაგრამ ძალიან მალე ხელოსანს წერილი მიუვიდა, რომ თუ მილიონ რუბლს არ გადაიხდიდა, მაშინ ცუდად წაუვიდოდა საქმე. მეზობლებს დღემდე სჯერათ, რომ „ფოსტალიონი“ ლევანი იყო. რა თქმა უნდა, საქმე ტრადიციულად - ქუჩურად გაირჩა. ლევანის მამამ თანხაშეწერილ ოჯახს ნახევარი მილიონი რუბლი გადაუხადა. ეს ოჯახი მას არწმუნებდა, რომ თუ ამ თანხით ქურდები მხედრიონთან   მოაგვარებდნენ საქმეს,  საქმე  „ჩაიფარცხებოდა“. „რადგანაც ჩემი შვილი მხოლოდ 17 წლის იყო და ვიღაცის ეჭვის გამო, ვერ ამტკიცებდა, რომ წერილი არ მიუტანია, მე დავთანხმდი, ეს თანხა - ნახევარი მილიონი რუბლი - რუხაძის ოჯახისთვის გადამეხადა. მას შემდეგ ყველაფერი მოგვარდა, ეს ისტორია აღარავის ახსოვდა.“- გვითხრა ლევანის მამამ რევაზ კოხრეიძემ.

ისტორია აღარავის ახსოვდა, ლევანი მოგზაურობდა, მუშაობდა თბილისში, რუსთავში, ცოლი შეირთო, მერე ოჯახი დაენგრა, საბოლოოდ სენაკის ბატალიონში მსახურობდა. აგვისტოს ომში მასთან ერთად მისი ძმაც იბრძოდა, ძმა დაიჭრა, ლევანი დაიღუპა - დაიღუპა საქართველოსთვის, ჯარისკაცები შემთხვევით არ ხდებიან გმირები.

 

***

საკრებულოს განკარგულებებს ყოველთვის ერთვის ხოლმე: „შეიძლება გასაჩივრდეს.“ უახლოეს მომავალში საკრებულოს მორიგი სხდომა ლევან კოხრეიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ერთობლივ განცხადებას განიხილავს, რომელსაც ხელს 20-მდე მეზობელი აწერს (თუმცა, ამ ქუჩაზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს.) ისინი თავიანთი ქუჩისთვის ძველი სახელის დაბრუნებას ითხოვენ.

მიზეზი ზემოთ მოთხრობილი ისტორიაა და კიდევ ის, რომ ლევანს, თურმე „არ იცნობდნენ“ - ამ ქუჩაზე აღარ ცხოვრობდაო.

„რა, არა მაქვს უფლება, რომ ისევ ლადო ასათიანის ქუჩაზე ვიცხოვრო და არა ვიღაც ლევან კოხრეიძის ქუჩაზე? ქუჩას სახელი ისე გადაარქვეს, რომ ჩვენ არც კი ჩაგვაყენეს საქმის კურსში. მერე რა, აგვისტოს ომში რომ დაიღუპა, ეს მისი სამსახური იყო და ამაში ხელფასს უხდიდნენ. რა, თქვენ არ გიხდიან სამსახურში ხელფასს?“- განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მაია ყუბანეიშვილმა.

იმ ოცი ადამიანიდან ერთ-ერთი ელვარდ გაგოშიძეა. მისი შვილი აგვისტოს ომის დროს, როცა ლევანი იბრძოდა, მამობისთვის ემზადებოდა, შვილის მოლოდინში იყო. ბატონი ელვარდი ამბობს, რომ განცხადებაზე ხელი რამდენიმე მიზეზის გამო მოაწერა, პირველ რიგში - ლევანის „წარსული“ არ იმსახურებს, რომ ქუჩას მისი სახელი ერქვას,  მეორეც- ბოლო წლებში  აქ არ ცხოვრობდა, რუსთავში იყო და იქ დაარქვან ქუჩას სახელიო. კიდევ, ეჭვი აქვს, რომ ომში არ დაღუპულა და ავარიით გარდაიცვალა ცხინვალის მისადგომებთან. და კიდევ, წლების შემდეგ შვილიშვილმა რომ ჰკითხოს, ვინ იყო ლევან კოხრეიძე, თურმე, პასუხის გაცემა გაუჭირდება (მართლა კარგად ჩანს, როგორ სტკივათ აგვისტოს ომი მათ, ვისაც იგი უშუალოდ არ შეხებია. ავტორი).

როგორც აღვნიშნეთ, წერილს სულ ოცამდე მეზობელი აწერს ხელს.

სტატიაზე მუშაობისას პირადად გავესაუბრეთ მეზობლებს. იმათ, ვინც ემხრობა - ლევან კოხრეიძის ქუჩაზე იცხოვროს, დასამალიც არაფერი აქვთ და საკუთარ სახელსა და გვარს ღიად აფიქსირებენ. ხოლო ისინი, ვისაც პრეტენზიები აქვს, ძირითადად უხეშად გვპასუხობდნენ: „კი მაგრამ, თქვენ მეტი საქმე არა გაქვთ? რა, ეგ საკითხი კიდევ დღის წესრიგშია? ჩვენ საკრებულოში შევიტანეთ განცხადება და ყველაფერი წერია შიგ.“

მაკა გუბელაძეც ასათიანის ქუჩის მე-5 შესახვევში ცხოვრობს, საკრებულოში შესულ განცხადებას ისიც აწერს ხელს, თუმცა, ამბობს, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ ქუჩაზე იცხოვრებს: „მე სხვა რამ უფრო მაწუხებს: თუ ქუჩას სახელი შეეცვლება, ჩვენი საბუთებიც, დოკუმენტაციაც შესაცვლელი იქნება. მასზე ვინ იზრუნებს? თუ იაფია ეს პროცედურები, ან ძალიან მარტივი? ისე, ჩემი მეუღლეც დაიღუპა აფხაზეთის ომში, მაგრამ მერე რა?“

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ის მეზობლებიც ჩავწერეთ (ინეზა ქაჯაია, ინეზა გიგიაძე და სხვები), რომლებიც მომხრენი არიან, ლევან კოხრეიძის სახელობის ქუჩაზე იცხოვრონ, მათი მეზობელი დემურ ომანაძე აცხადებს, რომ მთელი ქუჩა ერთსულოვანია.

დემურ ომანაძე: „ამ კაცს აქ არ უცხოვრია, ეგ იყო ყაჩაღი, თან ომში არ დაღუპულა, გამოიქცა იქიდან და გზაში დაიღუპა ავარიით. მე მეამა-ყება, რომ ლადო ასათიანის ქუჩაზე ვცხოვრობ. თან ამ ქუჩაზე არც უცხოვრია, ეგ იყო წარმოშობით ჯიხაიშიდან და მერე რუსთავში ცხოვრობდა. სადაც ცხოვრობდა, იმ ქუჩას დაარქვან მისი სახელი. თან საკრებულოს თავმჯდომარეს გადაეცით, დიდი ხანია, განცხადება შეტანილი გვაქვს და განიხილოს, თორემ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ, სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდება, ტრანსფარანტებით არ გამოვალთ, მაგრამ არც გადასახადებს გადავიხდით და არც არაფერი.“

 

***

P.S. ავარიაში დაღუპულებს სახელმწიფო არ აჯილდოებს. ლევან კოხრეიძე კი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლით მხედრული მამაცობისათვის.

 რატომღაც გვავიწყდება, რომ გმირებს წარსული არა აქვთ. აგვისტოს ომსაც თავისი გმირები ჰყავს, ერთ-ერთი ლევან კოხრეიძეა.

მის გმირობას ჩრდილს ვერ მია-ყენებს 17 წლის ასაკში ჩადენილი ვითომ „ფოსტალიონობა“.

და კიდევ... შეკითხვა ბატონ ელვარდს და მის მეზობლებს: თქვენმა შვილიშვილებმა წლების შემდეგ რომ გკითხონ, სად იყავით აგვისტოს ომის დროსო, თქვენ რას უპასუხებთ?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია