დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბოთლებით მოტანილი ზღვა
2010/05/17 12:15:14

აფხაზეთიდან დევნილმა, ოცი წლის ხათუნა გელაშვილმა იცის, რომ მამა, რევაზ გელაშვილი, იმ გმირების სიაში წერია, რომელთა სახელიც დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

ხათუნა ამასწინათ თანატოლებს უამბობდა, როგორ დაეღუპა მამა, როგორი წვალებით გადმოვიდა ოჯახი სოხუმიდან ქალაქ წყალტუბოში. ჩვენც დავინტერესდით ამ ისტორიით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

 

- ხათუნა, გვიამბე მამის შესახებ.

- მამაჩემი, რევაზ გელაშვილი, სოხუმში, სოფელ ბირცხაში დაიბადა, სწავლობდა სოხუმის რაიონში, ბესლეთის სკოლაში, შემდეგ კიევში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თითქმის ყველა საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა. 1993 წლის 23 სექტემბერს დაღუპულა, საომარი მოქმედებების დროს, სულ რაღაც 28 წლის ასაკში. როგორც ვიცით, მამა დასაფლავებულია სოფელ ბირცხაში. მართალია, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. სამი შვილი დავრჩით მამის გარეშე: მე, ნათია და გიორგი. ჩვენ გადმოვუყვანივართ წყალტუბოში, თვითონ კი აფხაზეთში დაბრუნებულა საომრად, თავის მეგობრებთან ერთად. მეთვრამეტე წელია, წყალტუბოში ვცხოვრობთ, სანატორიუმ „მეგობრობაში“. ჩვენთვის დიდი გულისტკივილია, რომ მის საფლავზე ვერ მივდივართ.

- რაიმე ვერსია თუ იცი, როგორ გარდაიცვალა?

- ჩემი ძმა გიორგი სამი წლის იყო, მამა რომ დაგვეღუპა, მე - ორის, ჩემი და კი - ძალიან პატარა, სულ 9 თვისა. მამა თურმე ძალიან დასახიჩრებული ყოფილა, ტანსაცმელი - სისხლით გაღებილი. ის ყოველთვის გულის ჯიბით დაატარებდა ჩემი ძმის სურათს და სურათიც მთლიანად სისხლში ყოფილა ამოსვრილი. აი, ეს ფოტოა (ხათუნა სურათს მიწვდის).

ჩემი ძმა ახლა ოცდაერთი წლის არის. ისიც მამაჩვენის კვალს გაჰყვა და საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში მსახურობს, ქვეყანას იცავს.

ჩვენ ყველას, განსაკუთრებით - შვილებს, გვეამაყება მამაჩვენის გმირობა, დაიღუპა, მაგრამ - სამშობლოს დასაცავად.

- მართალია, ამაყობ მამით, მაგრამ მაინც, გულის სიღრმეში, არ ფიქრობ, რომ არ უნდა წასულიყო და დღეს, შეიძლება, ისიც თქვენს გვერდით ყოფილიყო?

- ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი მამა მყავდა! მართალია, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მისმა ვაჟკაცობამ, გმირობამ ჩემს გულში დიდი გრძნობა დატოვა, ეს არა მარტო მამაშვილური, არამედ - გმირისადმი განსაკუთრებული სიყვარულია.

- თუ გიცდიათ წლების შემდეგ აფხაზეთში ჩასვლა, მამის საფლავის ნახვა?

- რამდენიმე წლის წინ ჩავედით აფხაზეთში, გალში, სადაც ნათესავები გვყავს. როცა ჩემმა ნათესავებმა ზღვა დაინახეს, გაახსენდათ იქ გატარებული ძველი დრო და ტირილი დაიწყეს. მათთვის დიდი სიხარული იყო იქ ყოფნა. მახსოვს, ზღვის წყალი მოჰქონდათ ბოთლებით... მეც ძალიან მიხაროდა მშობლიური ზღვის ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დატოვებისას ძალიან პატარა ვიყავი და ზღვა აღარც მახსოვდა, ის ხომ მაინც ჩემი მშობლიურია! იქ დავიბადე და იქაურად ვთვლი თავს!

- დედაზეც მიამბე, როგორ შეძლო მარტოხელამ სამი შვილის გაზრდა?

- როგორც მამაჩემით, ასევე ვამაყობ დედაჩემითაც, რომელმაც არანაკლები გმირობა გამოიჩინა, როდესაც სრულიად მარტო დარჩა ბედის ანაბარად. 27 წლის ქალი თავისი სამი პატარა შვილით მაინც წამოდგა ფეხზე, გაგვზარდა, მოგვცა განათლება და არ გვაგრძნობინა ობლობა. ის ჩვენთვის ყველაფერია - დედაც და მამაც, ჩვენ მის ამაგს ვერასდროს გადავიხდით.

- დედა თუ გიყვებათ იმდროინდელ ამბებს სახლზე, ეზოზე...

- ომის დროს, როდესაც ყველა თავის თავს იცავდა, ემზადებოდნენ იმისთვის, რომ  მშვიდობიანად  გასულიყვნენ  სოხუმიდან... შინ გვყოლია ძაღლი, რომელიც ძალიან ერთგული და თავის პატრონებზე შეყვარებული ყოფილა. დედაჩემი გვიყვება ხოლმე, როდესაც ვჩქარობდით და ვემზადებოდით წამოსასვლელად, ძაღლი ყმუილით გვაცილებდა და ცრემლები მოსდიოდა თვალებიდანო.

- ალბათ, ისიც გიამბოთ, როგორ დატოვეთ სოხუმი?

- დიახ. ძალიან მძიმე ყოფილა იქიდან წამოსვლა. მოვდიოდით, თურმე, ყინვაში, სიცივეში, გზაში უამრავი ადამიანი დაღუპულა, ზოგი - შიმშილით, ზოგი - სიცივით. ჩვენ თვითმფრინავით გადმოვფრენილვართ. გზაში, ჭუბერის უღელტეხილზე, დაკარგულა ბაბუაჩემი ალექსანდრე გელაშვილი, რომელიც მამაჩემის სიკვდილის შეტყობინების შემდეგ ფსიქიკურად შერყეულა. ის იქ, უღელტეხილზე გაყინულა. ისიც სოხუმში, სოფელ ბირცხაშია დასაფლავებული. ჩვენ კი, უფლის წყალობით, მშვიდობით გამოვაღწიეთ.

- რომელიმე მემორიალურ დაფაზე ამოგიკითხავთ მამის სახელი და გვარი?

- დიახ, თბილისში, გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალურ დაფაზეა დაწერილი მამის სახელი და გვარი. როდესაც დედაქალაქში ჩავდივართ, ყოველთვის ვუნთებთ სანთელს და მისი სულისთვის ვლოცულობთ. დარწმუნებული ვარ, სადაც არის, იქიდან გვლოცავს.

- ალბათ, დიდი სურვილი და ოცნება გაქვს აფხაზეთში დაბრუნებისა...

- ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ დაგვაბრუნოს ჩვენს მშობლიურ აფხაზეთში, თუნდაც იმიტომ, რომ ჩავიდეთ და მამაჩემის საფლავი ვნახოთ, სანთელი ავუნთოთ. ახლა მხოლოდ მის ფოტოებს დავცქერით და ამ სურათებიდან გვიყვარს. მინდა ჩასვლა, ერთხელ მაინც რომ ვნახო საფლავი, ამის შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

ხათუნა ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანას, მამამისთან ერთად, კიდევ ბევრი გმირი შეეწირა, რომელთა სახელებსაც დავიწყება არ უწერიათ. სჯერა, რომ უფალი დააბრუნებთ აფხაზეთში, იმ ადგილას, რომელიც გადმოცემით იცის, როგორია, უყვარს და, რაც დრო გადის, უფრო გრძნობს, რომ იქიდან მოდის მისი ფესვები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია