დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი რძალი და აფხაზი მული
2010/05/10 12:20:10

ეს შეხვედრა სრულიად შემთხვევითი იყო: სამტრედიაში, ქალბატონ ესმა შარტავა-ქობულიას ოჯახში 24 აპრილს, გვიან ღამით, სულ სხვა საქმისთვის მისულს ოთახში ორი ახალგაზრდა სტუმარი ქალი დამხვდა. მათგან ერთ-ერთი  - კდემამოსილი, მშვენიერი გოგონა - მასპინძლის უმცროსი და, ხატია შარტავა აღმოჩნდა, მეორე - ქერა და ნატიფნაკვთებიანი - მისი აფხაზი მული ორნელა ამიჩბა. მეორე დილით სოხუმში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

სტუმრობის ძირითადი მიზეზი ვისღა გაახსენდა, რაკი დიქტოფონი თან არ მქონდა, მასპინძლის ბიჭუნას სასწრაფოდ შევუზიარდი სასკოლო რვეულში და ნათხოვარი ავტოკალამი მოვიმარჯვე... არც დრო იყო და არც გარემო, ჟანრული კანონებით განსაზღვრული ინტერვიუ მომემზადებინა, უბრალოდ ჩავინიშნე ჩვენი ნახევარსაათიანი საუბარი.

უპირველესად, ის შევიტყვე, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ხატია შარტავა მეშვიდე კლასამდე თურმე სამტრედიის რაიონის სოფელ ნაბაკევის საშუალო სკოლაში სწავლობდა, მერე - გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში (მსგავსი ტოპონიმებია!) დაუმთავრებია სკოლა. სიყვარულით დაქორწინებულა აფხაზ ბიჭზე და ახლა უკვე ოთხი თვის გოგონა ჰყავთ.

ხატიამ მიამბო, რომ ქმარმა საზღვრამდე გამოაცილა და უკანვე დაბრუნდა, აქეთ გამოყოლა ვერ გადაწყვიტა...

 

ესმა: მე აფხაზეთში, დის ოჯახში, ყველაზე ძვირფასი რამ - „ვეფხისტყაოსანი“ ჩავიტანე. ზედ ასეთი შინაარსის წარწერა გავუკეთე: „ქართველები, ტრადიციის თანახმად, მზითევში ძველად „ვეფხისტაოსანს“ ატანდნენ. საჩუქრად ჩემს დეიდაშვილს ალინა ამიჩბას - მამუკა ქობულიასაგან. შეიყვარე და გაუფრთხილდი“. მამუკა ჩემი ბიჭია, ალინა - ახალდაბადებული დისშვილი.

ხატია: ახლა ეს წიგნი ჩვენს ოჯახში, სხვა წიგნებს შორის, როგორც ანტიკვარი, ისე დევს - ყველაზე საპატიო ადგილზე, ძალიან ვუფრთხილდებით.

(ხატიამ მულს რუსულად ხმადაბლა უთარგმნა ნათქვამი და მანაც ღიმილით დააქნია თავი დასტურის ნიშნად).

- ხატია, მიამბე აფხაზური ოჯახის ტრადიციებზე. მიხეილ ლაკერბაის, შალოდია აჯინჯალის, პლატონ ბებიას და სხვა აფხაზი მწერლების წიგნებში წამიკითხავს, რომ აფხაზი პატარძალი მამამთილს ხმას არ სცემს, მის სახელს ხმამაღლა არ წარმოთქვამს... დღესაც ასეა?

ხატია: დიახ, ასეა.

- დედამთილს დედას ეძახი?

ხატია: - რა თქმა უნდა! მე ძალიან კარგი დედამთილი მყავს, სათნო და ყურადღებიანი. აფხაზური ენის მასწავლებელია, ცოტა ქართულიც ესმის. სანამ ჩემს ქმარს გავყვებოდი, ანუ შეყვარებულები ვიყავით, მიყვებოდა თავის ოჯახზე, აფხაზურ წეს-ჩვეულებებზე, ყველაფერს მიხსნიდა და მაცნობდა. ასე რომ, როცა ოჯახში შევედი, უკვე ბევრი რამ ვიცოდი და აღარ გამკვირვებია. მაგალითად, როცა მამამთილი შემოდის, შენ, რძალი, ფეხზე დგახარ. სანამ ოთახში უფროსები არიან, - ვთქვათ, ბიძები, ბიცოლები, ასაკოვანი მეზობლები, - მათ გასვლამდე ფეხზე უნდა იდგე პატივისცემის ნიშნად. როცა მამაკაცი გადის, მერეღა გეძლევა დაჯდომის ნება.

უკვე წელიწადზე მეტია, ამ ოჯახის რძალი ვარ, მაგრამ მამამთილისათვის ჯერ არ გამიცია ხმა. ორ მაისს რვაასკაციან ქორწილს გვიხდის ჩემი მამამთილი, დიდ ხარს კლავს, მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს პატიჟებს და, აი, მაშინ, უკვე მომცემს უფლებას, დაველაპარაკო. ეს პირველად მოხდება.

- ქორწილს ახლა რატომ იხდით?

ხატია: - იმიტომ, რომ ოჯახს ახლობელი ჰყავდა გარდაცვლილი და მისი წლისთავის გადახდამდე გადადეს ჩვენი ქორწილი. ნათესავებს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა აქვთ ერთმანეთისა. ჩვენთან ზოგჯერ ხომ ხდება, ბიძაშვილ-მამიდაშვილები ერთმანეთს არ იცნობენ, იქ ეს წარმოუდგენელია! ათი დღე არ გავა, ერთმანეთი არ მოინახულონ,   არ   მოეფერონ,   არ   მოესიყვარულონ.  ბავშვები  შორეული  ნათესავების შვილებსაც კარგად იცნობენ, შთამომავლობით გრძელდება ეს ნათესაური დამოკიდებულება, გულწრფელი ურთიერთსიყვარული. ამით აფხაზები ძალიან გამოირჩევიან.

ორნელა (მე მომართავს): - თქვენ რამდენსულიან ქორწილს იხდით?

- ადრე 300, 400, 500, 800-კაციანი ქორწილები იყო, ახლა, ეკონომიკური პირობების შესაბამისად, გაცილებით პატარა ქორწილებია: 80, 100-კაციანი, ან ცოტა მეტი. ვისაც საშუალება აქვს, დიდსაც იხდის...

ორნელა: აი, ჩვენთან სულ 800 კაციანი ქორწილებია, სოფლადაც და ქალაქადაც. აქვთ თუ არა საშუალება, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ნათესავებს ვერ გამოტოვებ, ყველა უნდა დაპატიჟო. ასეთია წესი.

- ხატია, მგონი, დედამთილ-მამამთილის სახელების წარმოთქმის უფლებაც არა გაქვს?

ხატია: - არა მაქვს.

- აქ, სამტრედიაშიც, ვერ ახსენებ?

ხატია: - დიახ, აქაც. მე ვერ გეტყვით მათ სახელებს.

- ორნელას რომ ვკითხო? ან შენს დას?

ხატია: - მათ შეუძლიათ, როგორ არა, ჰკითხეთ.

ორნელა: დედა ლიალია ჩაგავაა, მამა - დაურ ამიჩბა. დედა 60 წლისაა, მამა - 62 წლის.

ხატია: კარგი ოჯახი გვაქვს. არაჩვეულებრივი, თბილი, მოსიყვარულე მულები მყავს. ჩემი ოთხი თვის გოგონა, ალინა, ერთ-ერთ მულს, ალიონას დავუტოვე და ვიცი, თავის ორ ბავშვთან ერთად ისე მოუვლის, ნიავს არ მიაკარებს. ამით დაიმედებული წამოვედი აქეთ.

- როცა ალინა გაიზრდება, ქართულს ასწავლი?

ხატია: - რა თქმა უნდა! ქართულსაც ვასწავლი და მეგრულსაც. მე მას ძილის წინ ყოველთვის ქართულ „იავნანას“ ვუმღერი.

ესმა: სხვა სიმღერაზე ბავშვი არ იძინებს.

- აფხაზური თუ ისწავლე?

ხატია: რაც ერთ წელიწადში მოვასწარი, არა მიშავს, მესმის. თანდათან უკეთესად გავიტეხავ ენას.

- ალბათ, ოჯახში მოსწონთ, რომ ქართველმა რძალმა, პატივისცემით, აფხაზური ისწავლე?!

ხატია: რა თქმა უნდა. ისინი ამას ძალიან აფასებენ.

- მეზობლებზეც მიამბე.

ხატია: ყველა მეზობელი დიდი სიყვარულით მხვდება და მესალმება ხოლმე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცუდი თვალით მიყურებდეს იმის გამო, რომ ქართველი ვარ. ისინი ძალიან აფასებენ იმას, რომ მე მათი ტრადიციები გავიზიარე. სოხუმში ჩემი გვარის გამოც მცემენ პატივს - შარტავა რომ ვარ. ერთ-ერთი აფხაზი ქალბატონია, წინათ ქართული ძალიან კარგად სცოდნია, მაგრამ 20 წელია, არავის დალაპარაკებია და ნელ-ნელა დაავიწყდა, - აი, იმან მითხრა: ჟიული შარტავას დაღუპვაში შევარდნაძეა დამნაშავე, მაგან გაყიდა შარტავაო. ერთი ფილმიც მაჩვენეს და იქ ისეთი კადრებია, მეც გამიჩნდა იგივე აზრი ჟიული შარტავას სიკვდილთან დაკავშირებით.

- ორნელა, ესმამ მითხრა, სერგეი ბაღაფში თქვენი მეზობელი ყოფილა...

ორნელა: დიახ, მამაჩემი გუშინწინ თვითონ იყო ბაღაფშთან მისული, ხატიასა და ჩემი ძმის ქორწილში დაპატიჟა ორი მაისისთვის.

- მოვა?

ორნელა: ეგ უკვე მისი საქმეა, არ ვიცი.

- ხატია, რას ამბობენ აფხაზები ქართველებზე?

ხატია: - ისინი აფასებენ ქართულ ტრადიციებს, სხვათაშორის, საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს სცემენ პატივს. თუმცა, სამწუხაროდ, არაერთხელ გამიგონია მათი გაღიზიანებული შეფასებები ერთი კუთხის მიმართ.

- ეგ რა შუაშია, რატომ გამოარჩიეს?

- მხედრიონის სისასტიკის გამო... აფხაზეთში ახლაც იხსენებენ ამას. თუმცა, ზოგადად ქართველების მიმართ აფხაზებს პატივისცემის გრძნობა არ განელებიათ, პირიქით! მე ამას ვხედავ, მესმის.

- ქართველების მიმართაც ხომ განხორციელდა სისასტიკის და სადიზმის უამრავი საშინელი შემთხვევა, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვოთ.

ესმა: ყველა ქართველი ერთნაირი რომ არ არის, ფაქტია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა მდიდარი მასალა გადმომქონდა აფხაზეთიდან, ნამდვილი ოქროს საბადო, რომელსაც აფხაზურ-ქართული მომავალი ურთიერთობებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა...

- კონკრეტულად?

- მომავალი ფილმის დოკუმენტური მასალა იყო, არაჩვეულებრივი ფირები. ჩამომართვეს... ეს აქეთ მოხდა, ჩვენს საზღვარზე, თორემ იქ არავის გავუჩერებივარ.

- რა ფილმზე ლაპარაკობთ, ესმა?

ესმა: აფხაზურ-ქართულ მეგობრობაზე ვაკეთებთ სამოყვარულო ფილმს „მაჩვის სანგარი“. ასე იმიტომ ჰქვია, რომ ფილმის მთავარი გმირის (მამუკა ქობულიას) ბებია-ბაბუა ომის დროს, თავი რომ გადაერჩინათ, მაჩვის ბუნაგს შეეფარნენ, ესე იგი, სიცოცხლის გადარჩენისათვის ნამდვილ სანგრად აქციეს იგი. ამ ფილმით იმის თქმა გვინდა, რომ აუცილებლად უნდა შერიგდეს ეს ორი ერი. სხვათა შორის, ფილმს ექნება ასეთი ტიტრი:    „მადლობა აფხაზ მოსახლეობას“. ეს - მოკლედ, თორემ ზედ დასაწერის მეტი რა გვაქვს, იმდენმა ადამიანმა გაგვიწია გულწრფელი დახმარება. აფხაზები დიდი ენთუზიაზმით მეხმარებოდნენ.

- ორნელა, მინდა გკითხოთ: რა მდგომარეობაშია დღეს აფხაზური ენა, მართლა მივიწყების პირასაა?

ორნელა: არა, საიდან მოიტანეთ! ოჯახებშიც ვლაპარაკობთ, სკოლაშიც ასწავლიან, უნივერსიტეტშიც, ბავშვებსაც აფხაზურად ვესაუბრებით, რომ მშობლიური ენა არ დაივიწყონ.

- ძალიან კარგი, თორემ თქვენთან რუსული ენა ისე აქტიურად იხმარება, აფხაზურს , ალბათ, გაუჭირდება...

- ჩვენთან რუსული ყველა აფხაზმა კარგად იცის. ვხედავ, რომ აქ, თქვენთან, მოსახლეობა რუსულად ცუდად ლაპარაკობს, ან საერთოდ ვერ ლაპარაკობს, თუმცა, ეს, ერთი მხრივ, კარგიცაა - ქართული ენა კარგად შეინახება, ეროვნული ტრადიციებიც.

- ქართველების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

ორნელა: - ნორმალური. ჩვენ, აფხაზებს, გვინდა, რომ კეთილმეზობლურად ვიცხოვროთ და ერთმანეთს არ ვაწ-ყენინოთ, პოლიტიკურად არ ჩავერიოთ ერთმანეთის საქმეებში. თქვენ ჩამოხვიდეთ, ჩვენ ჩამოვალთ - ისე, როგორც მეზობლებშია მიღებული. მართალია, პოლიტიკური მეგობრობა არ გვექნება, მაგრამ ურთიერთობის ისეთი ფორმა უნდა ავირჩიოთ, რომ ერთმანეთის არ გვეშინოდეს.

- რატომ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის? აი, თქვენმა ძმამ თურმე საზღვრამდე მოგაცილათ და თვითონ უკან დაბრუნდა... თქვენ, რა, გგონიათ, რომ აქ ვინმე რამეს დაუშავებს? პირიქით - ქართველებს გვიყვარს ნამდვილი აფხაზები. მე მინახავს სუფრები, სადაც აფხაზეთის სადღეგრძელოს ცალკე სვამენ.

ორნელა: გვითხრეს, საშიშიაო...

ხატია: იცით, ჩემს მეუღლეს ომში არ უბრძოლია, ის მაშინ პატარა იყო.

- თითქმის 20 წელია, ნამდვილი აფხაზი აღარ მინახავს. ჩემსავით გაიხარებდნენ სხვებიც, აქ რომ ყოფილიყვნენ. როგორ შეიძლება, რამე დაგიშავოთ?

ორნელა: ჩვენც გაგვიხარდება, თუ სოხუმში ჩამობრძანდებით.

- აფხაზური ენა თბილისის უნივერსიტეტში ისწავლება, ბავშვებისა და მსურველებისათვის სპეციალური ჯგუფებიც გახსნეს... მე, პირადად, სიამოვნებით ვისწავლიდი აფხაზურს.  გაგეცინება და, ერთ-ერთი მივლინებისას ნანახი - სოხუმში, კედელზე დაწერილი აფხაზური ლოზუნგი ახლაც მახსოვს: „ხარა ხპარტიი!“

ორნელა (იცინის): - აფხაზურია, კი.

ესმა: - რას ნიშნავს?

ორნელა: „დიდება პარტიას!“

- აი, მე კი არედაქტორ ვარ...

ესმა: - ეს რაღაა?

ორნელა: რედაქტორი.

- მინდა ერთი ფაქტის შესახებ გითხრათ: ქუთაისის სახელმწიფო თეატრში რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემაზე საინტერესო სპექტაკლი დადგა - „ბამბაზიის სამოთხე“...

ესმა: ვიცი, ფილმადაც გადაიღო...

ხატია: მაია ასათიანის „პროფილში“ იყო ამ ფილმზე ლაპარაკი. ჩემს დედამთილს ესმის ცოტა ქართული, მეც ვუთარგმნიდი და ერთად ვნახეთ, როგორ დასტირიან აფხაზი და ქართველი დედები შვილებს. გვერდიგვერდ ვისხედით და ორივენი ვტიროდით. ძალიან მოეწონა ჩემს დედამთილს. არ შეიძლება ამ ფილმის კასეტის შოვნა?

- რეჟისორს ვთხოვ დახმარებას, იქნებ სპექტაკლის ჩანაწერი გიშოვოთ, მაგრამ როგორ მოგაწოდოთ?

ესმა: პრობლემა არაა, მე თვითონ ჩავიტან სოხუმში, იქაც ვუჩვენოთ აფხაზებს.

ორნელა: ქართველებს, იცით, ერთი უცნაური ახირება გაქვთ... ტელევიზორში ვუყურებ ხოლმე, დიდი გამოვა თუ პატარა, სულ თითის სიგრძე ბავშვიც კი, - ყველანი გაიძახით, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ხალხო, რატომ გაქვთ ასე აკვიატებული, რის საფუძველზე, საიდან? (იცინის).

- (მცირე პაუზის შემდეგ) ჩვენ ისე ცოტა დრო გვაქვს, არ ღირს ამაზე დისკუსიის წამოწყება. იქნებ გადავდოთ ეს თემა სხვა დროისთვის?

ორნელა: არა, რატომღა უნდა გადავდოთ? უცებ მითხარით: საიდან მოგდით ეს უცნაური აკვიატება? მართლა ძალიან მაინტერესებს, მართლა!

- ისტორიულ დოკუმენტებს გადახედე და დასკვნას თვითონვე გამოიტან.

ორნელა: ისტორიას გავეცანი, როგორ არა, ბევრიც ვიკითხე, ყველგან ვეძებე და ვერსად ამის დამადასტურებელი კვალი ვერ ვნახე, წიგნებში ერთი შესაბამისი დოკუმენტიც არაა, რომელიც ამას დაადასტურებდა.

- ორნელა, ისტორია, რომელსაც შენ იცნობ, ახალშექმნილია და მასში ვერც ვერაფერს იპოვნი. საქართველოს ძველი ისტორია ნახე, დიდი მეცნიერების არგუმენტები, გაუყალბებელი დოკუმენტები... „აფხაზეთი“ მთელ დასავლეთ საქართველოს ერქვა! მე მეტს არაფერს გეტყვი, ჩემო კარგო, მხოლოდ ერთს დავუმატებ, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის, ტიტული იწყებოდა იმით, რომ ის იყო მეფე აფხაზთა...

*** 

ორნელასთან საუბარი ამ თემაზე მართლაც აღარ გამიგრძელებია - ცოტა დრო მქონდა, ვერაფერში დავარწმუნებდი და სტუმარსაც გავანაწყენებდი, ამიტომ თავი შევიკავე გულდაწყვეტილმა. მისი თაობისთვის რაიმეს ახსნა და დარწმუნება დღეს, სამწუხაროდ, არც ასე იოლია, ამას წლები დასჭირდება...

სამაგიეროდ, სასიკეთოდ მენიშნა მისი ქართველი რძლის - აფხაზური ოჯახის საყვარელი წევრის - სიტყვები:

- რაც ყველაზე ძალიან მინდა გავაგებინო ქართველებს, ისაა, რომ აფხაზები არ არიან მათ მიმართ აგრესიულები. შერიგება და შერიგება!

იმ საღამოს ორნელა ამიჩბამ, სოხუმელმა გუნდამ (აფხაზური მითოსის ცნობილი პერსონაჟი - მზეთუნახავი გუნდა!) ერთი აფხაზური ფრაზა მასწავლა:

- სარა ბარა ბზია ბიზბოიტ! (მამაკაცისადმი).

- სარა უარა ბზია უზბოიტ! (ქალისადმი).

ეს აფხაზური სიტყვათშეხამება ქართულად ასე უბრალოდ და ლამაზად ჟღერს:

- მე შენ მიყვარხარ! 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია