საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მაგული გიორგაძის „ნაციონალური“ დისკრიმინაცია
2009/11/30 11:48:51

ოქტომბრის ბოლოს ორი განცხადება მერის სახელზე - მისი მოთხოვნით, ისე როგორც მერიის  ყველა თანამშრომელმა, მაგული გიორგაძემაც დაწერა. ერთით სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა, მეორით კი - იმავე თანამდებობაზე დანიშვნას. ქალაქის მერმა ნუგზარ შამუგიამ ხელი მხოლოდ პირველს მოაწერა. ფაქტობრივად, მაგული გიორგაძისთვის საკუთარი ხელით დაწერილი განცხადება მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა და მოულოდნელიც. ამბობს, რომ სამსახურიდან გამოშვება მის მომავალ საარჩევნო გეგმებს უკავშირდება.

მერის ბრძანება მაგული გიორგაძემ პირველად საკრებულოში გაასაჩივრა. საკრებულომ, ტრადიციული მიზეზით, უსაფუძვლობის გამო, საჩივარი არ დააკმაყოფილა. ქალბატონ მაგულის სარჩელი სასამართლოში შეაქვს, მისი წარმომადგენელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იქნება. ქალბატონი მაგული სასამართლოს გზით ეცდება იმის დამტკიცებას, რომ მერიაში მისი დისკრიმინაცია მოახდინეს და რომ განცხადება მისი ნების საწინააღმდეგოდ დააწერინეს.

„განცხადება იმიტომ დავწერე საკუთარი ხელით, რომ ამ ადამიანებს ვენდე. ასეთივე განცხადებები დაწერა კულტურის სამსახურის 17-ვე თანამშრომელმა. სულ 34 განცხადება დავწერეთ. ოთხ-ოთხჯერ გადაგვაწერინეს თითოეულს, რათა მათთვის სასურველი შინაარსის ყოფილიყო. ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ამ ადამიანების ნდობა არ შიეძლებოდა,“ - ამბობოს მაგული გიორგაძე.

მაგული გიორგაძეს ნდობა მისმა მეზობელმა, მერმაც კი არ გაუმართლა, თუმცა, როგორც ქალბატონი მაგული ამბობს, პირად საუბარში, რომელიც ნუგზარ შამუგიას სამუშაო ოთახში შედგა, მეზობელმა მერმა მისი გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გაუმხილა. ქალბატონი მაგული მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, მიზეზად ნუგზარ შამუგიამ სწორედ ეს დაუსახელა.

„მითხრა, თვითნებური გადაწყვეტილება რატომ მიიღე არჩევნებში მონაწილეობის შესახებო. ნაციონალური პარტიის წევრი შენ არა ხარ და ამიტომ პირდაპირ ნაციონალებმა დამავალეს შენი გაშვებაო. ეს არის ქალის დისკრიმინაცია. დღეს, მართალია, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი მივიღეთ, მაგრამ სამსახურიდან მაინც იმიტომ მიშვებენ, რომ ფონდი „სოხუმის“ დახმარებით არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას. “

ის მის გათავისუფლებაში პარლამენტის ქუთაისელ წევრს გოჩა თევდორაძეს ადანაშაულებს.

„რა დავაშავე ასეთი, რომ უკვე მეოთხედ გამათავისუფლა, ერთხელ სასამართლოს გზით აღვიდგინე თავი, ერთხელაც აკაკი ბობოხიძე დამეხმარა.“

მის სამუშაო კაბინეტში გამართულ კერძო საუბარზე ნუგზარ შამუგია კომენტარს არ აკეთებს. არც მეზობლის მწვადს წვავს და არც ნაციონალების შამფურს. ამბობს, რომ ეს სასამართლო დავის საქმეა და თუ სასამართლო მომავალში მის აღდგენას დაავალებთ, მის გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.

საკრებულომაც ასე „შამფურ-მწვადის წვაში“ უთხრა უარი ქალბატონ მაგულის მერიის ბრძანების გაუქმებაზე.

ჯერი სასამართლოზეა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია