დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უნივერსიტეტი - გატაცებული ბავშვების მხარდასაჭერად
2009/11/30 11:45:11

27 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მთავარი სათქმელი ტირძნისში გატაცებული ოთხი ახალგაზრდის მდგომარეობას ეხებოდა.

„ჩვენი მოვალეობა იყო, ყველასთვის გვეთქვა ჩვენი სათქმელი, გამოგვეხატა პოზიცია. ეს აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა, უბრალოდ, არ გვეგონა თუ მათი დაკავება ამდენხანს გასტანდა“, - აღნიშნა კონფერენციის დასაწყისში უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ონიანმა.

ამ ყოვლად მიუღებელი ფაქტის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, უნივერსიტეტმა მოწოდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა პარტიებს და მოსახლეობასაც მიმართა.

„ჩვენ კარგად ვიცით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, თუმცა ხელისუფლება ამ საკითხის მხოლოდ ერთი მდგენელია. ალბათ, თანამეგობრობის საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების ჩარევა კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, რომ პრობლემა მოგვარდეს. ვფიქრობთ, ჩვენ დღეს გამოვხატეთ ის საერთო შეხედულება, რასაც ქართველი ერი ატარებს ამ საკითხთან მიმართებაში, ამ შეხედულებით ჩვენმა სტუდენტობამ ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა პრობლემის მოსაგვარებლად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების აქტიური ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის ასევე აქტიური ჩარევით, პრობლემა მოგვარდება, სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებელია, რომ იყოს“, - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ონიანმა.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა თემურ ცამციშვილმა, უნივერსიტეტის სახელით, გატაცებულთა მშობლებსაც მიმართა:  

„ამ ბავშვების ოჯახებს ვეუბნებით, რომ ეს ყველა ქართული ოჯახის ტკივილია და ყველა ქართულ ოჯახში დილა იწყება ამ ბავშვებზე ფიქრით. ნუ შეეშინდებათ, ეს ბავშვები აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“.

კონფერენციას ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის მკვიდრი, ამჟამად დევნილობაში მყოფი ელიზბარ თოთაძეც ესწრებოდა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებთა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მან ამ რაიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჩემი ტოლები იქ იშვიათად თუ იქნებიან, რადგან ყოველდღიურად ხორციელდება პროვოკაციები და არის გატაცების მცდელობა, სროლები, მოსახლეობის დაშინება, იმის თქმა, რომ ეს მათი, რუსების და ოსების ტერიტორიაა, - გვითხრა ელიზბარმა. უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი მოწოდებები, მოვაწყოთ აქციები, დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაგვიდგნენ მხარში. არა მარტო ამ ბავშვების გატაცება, იმ დევნილების პრობლემებიც განვიხილოთ, რომლებიც გადასახლებულები არიან“.

სტუდენტები იმ იმედით დაიშალნენ, რომ მათ ხმას სხვა უნივერსიტეტების ახალგაზრდებიც შეუერთდებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია