დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
7 ნოემბერი 7 ნოემბრისთვის
2009/11/10 13:20:33

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები მშვიდობიანი მოქალაქეების ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით დარბევა, ასობით ადამიანის დაშავება და ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმის შეჭრა, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით აღნიშნეს. თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთიდაიგივე დროს იმართებოდა აქციები, დღის ბოლოს კი ყველა ერთად რუსთაველის გამზირე შეიკრიბა.

სასტუმრო რედისონში არასაპარლამენტო ოპოზიციამ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ექვსწლიანი მმართველობის შედეგები გააცნო. შეხვედრის ორგანიზატორი  „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იყო. შეხვედრა 8-წუთიანი ფილმის ჩვენებით დასრულდა. ფილმში ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების შეცდომებსა და დანაშაულებზე საუბრობდნენ.  „რედისონიდან“  არასაპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა საპროტესტო აქციებს შეუერთდა.

მოძრაობა „რატომ-ის ორგანიზებით, ტელეკომპანია „იმედთან“ მდუმარე აქცია დილიდანვე დაიწყო. აქტივისტებმა ტელეკომპანიასთან მიიტანეს მონუმენტები წარწერით  – „დანაშაულის ადგილი“.

ზურა ქადაგიძე (მოძრაობა რატომ) „ჩვენი მთავარი მოთხოვნაა – ტელეკომპანია „იმედი“ დაუბრუნდეს საზოგადოებას.  ვპირდებით ხელისუფლებას, რომ დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენს ქვეყანაში დაასამარა თავისუფალი სიტყვა. 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქტივისტებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევით ხელისუფლებამ დემოკრატიაზე ოცნება საბოლოოდ დაკარგა.“

მოგვიანებით საპროტესტო აქციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გადაინაცვლა. „ჩვენ გვინდა თავისუფალი მედია, „საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას – ეს იყო აქციის ძირითადი ლოზუნგები.  აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირამდე მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო დღის კულმინაცია.

ჯაბა ჯიშკარიანი (აქციის ორგანიზატორი) – „ეს აქცია სამოქალაქო საზოგადოების მიერაა ორგანიზებული. ჩვენ სამი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ტელეკომპანია „იმედი“ დაუბრუნდეს საზოგადოებას და შეწყდეს თავისუფალი სიტყვის დევნა და შეიქმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო. ხელისუფლებას ვაძლევთ ვადას, თუკი ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, გადავალთ უფრო ქმედით ნაბიჯებზე.“

ეკა ბესელია დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი საბრალდებო დასკვნა ამ ხელისუფლებისათვის. არა მგონია, სადმე, რომელიმე ხელისუფლებას ჩაედინოს ისეთი დანაშაული, როგორი დანაშაულიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაიდინა თავისი ხალხის წინაშე 2007 წლის 7 ნოემბერს. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი.“

აქციაზე ორგანიზატორებმა ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოსადმი მიმართვის ტექსტი წაიკითხეს.

„ჩვენ ვიბრძვით დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დასამკვიდრებლად. ჩვენ ვიბრძვით სტაბილურობისთვის არამარტო ჩვენი ქვეყნის შიგნით, არამედ მთელს რეგიონში. ჩვენ ვიბრვით, რათა საქართველო არ იყოს სხვა ქვეყნების ურთიერთობებში უთანხმოების საგანი. ამიტომაც გთხოვთ, მოსთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მან ქართული და მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე  იკისრა,“ – აღნიშნულია ავროკავშირისა და ევროკომისიისადმი შემუშავებულ მიმართვის ტექსტში.

რუსთაველის გამზირზე სიმბოლური კედელი აღიმართა, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეეძლო წითელი საღებავით თავისი ანაბეჭდის დატოვება. „ეს სიმბოლური კედელი აღვმართეთ იმის ნიშნად, რომ საზოგადოება ემიჯნება ხელისუფლებას და მათ შორის არის კედელი.  წითელი საღებავი კი ამ ხელისუფლების სისხლიანი მმართველობის სიმბოლოა. კედელზე ანაბეჭდის დატოვებით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ საზოგადოება ემიჯნება იმ ხელისუფლებას, რომელიც არ ასრულებს ხალხის დაკვეთას,“ – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიცია უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავს. „თუ გვინდა საქართველოს სახელმწიფო შედგეს, არ უნდა დავიღალოთ, უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. სხვაგვარად ისტორია არ იწერება. დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება კი არა, ჩვენ ვართ საქართველო. მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში ერის მოღალატის სახელით შევა,“ – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

აქციის ბოლოს მონაწილეებს სანთლები დაურიგდათ. მათ ქაშუეთის ეკლესიაში საქართველოს ერთიანობისთვის ჩატარებული პარაკლისის მოსასმენად გადაინაცვლეს.

ერთადერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური გუნდი, რომელიც აქციაზე არ გამოჩენილა, „ალიანსი საქართველოსთვი“ იყო.

აქციის ორგანიზატორები, ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მონაწილეებს უფრო ფართომასშტაბიანი და პერმანენტული ხასიათის აქციების მოწყობას დაჰპირდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია