დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საკაიფო“ წებო
2009/09/18 13:31:02

 

ქუთაისის ქუჩებში ხელგამოწვდილი ბავშვის დანახვა არცთუ იშვიათობაა. ისინი ნაღვლიანი თვალებითა და ხვეწნა-მუდარით სთხოვდნენ გამვლელ-გამომვლელს ხურდა ფულს. „დეიდა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, მომეცი 10 თეთრი!“ - გეხვეწებიან და შენც, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოწყალებას გაიღებ. პრობლემა კი სწორედ ამ გაცემული მოწყალების ხარჯვაა, ფულისა, რომელსაც საღამოთი ეგრეთ წოდებული „ერთი სასტავის“ ბავშვები ითვლიან. კარგ შემთხვევაში, შეგროვებული თანხის დათვლას კამათი და ჩხუბი არ მოჰყვება, ეს ფულის რაოდენობასთან პირდაპირ კავშირშია. „კარგად“ შეგროვებულ ფულს კი ერთი „ლობიანის“ და წვენის შემდეგ „საკაიფო წებოც“ მოყვება.

ბოლო დროს არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ქუჩის ბავშვების“ უმეტესობა ტოქსიკომანები არიან. ნარკოლოგები ამ ფაქტს მწვავე შეფასებებს აძლევენ და თვლიან, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფომ სერიოზულად უნდა იზრუნოს. თბილისის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოდაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ტოქსიკომანების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ბავშვების უმეტესობამ კი არც იცის რა შედეგამდე მიყავთ ამ მავნე ქმედებით თავიანთი ჯანმრთელობა.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვების ქუჩაში გამოსვლა და შემდეგ მათი ქმედებები ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შედეგია.

სახალხო დამცველის რწმუნებული თამარ ჭარბაძე ამბობს: „ჩვენს ოფისს ამ კუთხით პროექტი ან რაიმე მიმართულება არ აქვს აღებული. თუმცა პრაქტიკაში გვქონდა შემთხვევა, როცა ბავშვები იყვნენ რაიმე ზღვარზე და გარკვეული მიზეზების გავლენით იყო რისკი იმისა, რომ ძალიან მალე იქცეოდნენ ქუჩის ბავშვებად. ამ კუთხით გარკვეული ჩარევა განახორციელა ჩვენმა სამმართველომ და უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ბავშვი გადარჩა, გამოსულიყო ქუჩაში და დაეწყო მათხოვრობა. მეორე პრობლემა, რაც მათხოვრობის პარალელურად ახასიათებთ „ქუჩის ბავშვებს“, ეს ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარებაა. ამ კუთხით ჩვენ არანაირი ჩარევა არ გაგვიკეთებია. წლების წინ ბოშებთან დაკავშირებით იყო ეს პრობლემა. თუმცა, მაშინ საზოგადოებას  მათ ტოქსიკომანიობაზეც არ გაუმახვილებია ყურადღება. რადგან მაშინ ამ საკითხზე მგრძნობელობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ეს დღეს არის. დღეს კი ქართული გარეგნობის და ქართულად მოსაუბრე ბავშვებიც იმავე გზას ადგანან.“

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის დადგენაზე, თუ რამდენი ბავშვია დღეს ქუჩაში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. საქართველოში ქუჩის ბავშვების ფენომენის ყველაზე ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 1600 ქუჩის ბავშვია, მათ რიცხვში მამრობითი სქესი ჭარბობს. ბავშვების უმრავლესობა 5-დან 14 წლამდე ასაკისაა. უმრავლესობას ოჯახთან კონტაქტი აქვს და ღამეს შინ ათევენ, თუმცა გაკვეთილებზე მათი დასწრების მაჩვენებელი დაბალია.

World vision-მა ქუჩის ბავშვები ქუთაისსა და ბათუმში აღრიცხა. კვლევამ აჩვენა, რომ ქუთაისში 61 ბავშვია ქუჩაში, მათი ასაკი 10-18 წლამდე მერყეობს. ხოლო მშობელი 11-ს ჰყავს. ამავე ორგანიზაციის კვლევამ ქუთაისში აჩვენა, რომ ბავშვები იპარავენ, რათა გადარჩნენ, ამას გარემოება აიძულებთ.

გარდა ამისა, როდესაც ბავშვები თამაშობენ და აგებენ, იძულებულნი არიან, მოიპარონ და წაგებული თანხა გადაიხადონ; რის შემდეგაც ბევრი ბავშვისთვის ქურდობა ჩვევა გახდა და უჭირთ თავის დანებება; ხშირ შემთხვევაში ბავშვები საკმარის თანხას მათხოვრობით ვერ აგროვებენ და იპარავენ, რათა ფული მიიტანონ სახლში. ბავშვები მოპარულ ან კიდევ მათხოვრობით ნაშოვნ ფულს მშობლებს აძლევენ, ან ალკოჰოლურ სასმელს იძენენ, უარეს შემთხვევაში კი წებოს ყიდულობენ;

გიორგი ლაბაძე, სახალხო დამცველის რწმუნებული: „ბავშვებთან მიმართებაში შემოსული განცხადებები ძირითადად ეხებოდა დაბადების რეგისტრაციას და დოკუმენტების მოპოვებას. ერთ-ერთი პრობლემა, რაც სამართლებრივი კუთხით ქუჩის ბავშვებში დღეისთვის დგას არის ტოქსიკომანია. ხშირ შემთხვევაში ქუჩაში გამოსული ბავშვი მშობლის ბრძანებას ასრულებს, თუმცა კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მშობელს მშობლის უფლება ჩამოერთვას. ხშირ შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახები ვერ ახერხებენ, მიმართონ სასამართლოს, თუნდაც იურიდიული ფაქტის დასადგენად. ვგულისხმობ პირადობის დადგენას. ასევეა მშობლის პრობლემაც. პირველ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ მშობელს სურდა, მისი შვილი არ ყოფილიყო ქუჩაში და არ ემათხოვრა. სურდა, ესწავლა, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან არ ჰქონდა პირდობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს ის პრობლემებია, რომლებზეც უშუალოდ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის - „არა - ადამიანების ტრეფიკინგსა და ოჯახურ ძალადობას“ - კოორდინატორი, იურისტი თამთა ჩეჩელაშვილი აღნიშნავს: „ბავშვს იცავს როგორც საერთაშორისო, ისე - ეროვნული კანონმდებლობა. საერთაშორისო კუთხით მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ბავშვთა ეროვნული კონვენცია. ეროვნულ დონეზე, პირველ რიგში, გვაქვს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მშობელს პირდაპირ ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის კეთილ გარემოში ცხოვრება და განვითარება. თუკი მშობელი არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, უკიდურეს შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას. ეს ხდება მაშინ, როცა მშობელი გამოუსწორებელი ალკოჰოლიკი ან ნარკომანია და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე. მშობლის უფლების ჩამორთმევა სასამართლო გადაწყვეტილებით ხდება. თუმცა, თუ მშობელი გამოსწორების გზას დაადგება, შეუძლია, მშობლის უფლება აღიდგინოს. დღეს არ არსებობს კანონი, რომელშიც ბავშვის რაღაც უფლება გაწერილი არ იყოს. სისხლის სამართლის კოდექსით, არასრულწლოვანი ბავშვის მიმართა ჩადენილი დანაშაულისათვის დასჯადობა არის გაცილებით უფრო დიდი. ანალოგიურია ტრეფიკინგის შესახებ კანონი. ოჯახური ძალადობის კანონი ცალკე მუხლად არეგულირებს ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანის დაცვის სპეციფიკურ ღონისძიებებს.“

მსგავს საკითხებზე მუშაობს სოციალური სამსახური, თუმცა ამ პრობლემას მანამდე რესურს-ცენტრები ახორციელებდნენ და ექვემდებარებოდნენ ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტს. ახლა კი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ სამსახურს  ჰქონდა სპეციალური პროგრამა პრევენციულ ღონისძიებათა ჩასატარებლად. მათ რამდენიმე ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.  მათ პრევენციის მიზნით ღონისძიებები ჩაატარეს. დაუნიშნეს ოჯახს დახმარება პროდუქტების სახით და იყო ექვსი თვის განმავლობაში მყარად განსაზღვრული თანხა თითოეულ ბავშვზე. მაგრამ ეს პროგრამა დაფინანსების არქონის გამო შეჩერდა. დღეისთვის რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ ბავშვების ოჯახების დახმარება, რათა პატარები არ გავიდნენ ქუჩაში, შესაძლებელი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ, რათა ბავშვები, რომლებიც არიან ქუჩაში, მოათავსონ თავშესაფარში, გამოკვებონ და მისცენ განათლება. თუმცა ესეც დროებითი ღონისძიებებია და არ არის მუდმივი. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, იგი შემუშავებულია სახელწოდებით „ბავშვზე ზრუნვა“. ამ პროგრამის მთავარი მიზანია დეინსტიტუციონალიზაცია ანუ პანსიონატების გარდაქმნა ახალ, თანამედროვე ტიპის დაწესებულებებად, მათი მთავარი მიზანი იქნება, ბავშვი უფრო კეთილ და ოჯახურ  გარემოში იყოს. ამ პროგრამამ ეს ოჯახური ტიპის პანსიონატები სამ ეტაპად დაყო: ერთი დღის ცენტრები, მეორე - მცირე ტიპის საოჯახო დაწესებულება, რომელსაც „ჩემი სახლი“ ჰქვია და მესამე - „ქუჩის ბავშვების“, ანუ მაწანწალა ბავშვების თავშესაფარი, სადაც ცალკე  მუხლად არის გამოყოფილი ამ ბავშვებზე ზრუნვა. მიუსაფარი ბავშვები, ამ ზრუნვის პროგრამიდან გამომდინარე, თავსდებიან სპეციალურ თავშესაფარში 19 წლის ასაკამდე, სადაც უზრუნველ-ყოფილი არიან სამჯერადი კვებით, ჰიგიენით, ექიმით და ასე შემდეგ. სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირია სოციალური მომსახურების სააგენტო. სააგენტოს სოციალურ მუშაკებს ევალებათ სპეციალური დასკვნის მომზადება ამ ბავშვებთან მიმართებაში, ანუ გამოიკვლიონ ამ ბავშვების მდგომარეობა, თუ რა კატეგორიას განეკუთვნებიან. როდესაც სოციალური მუშაკი შეიმუშავებს დასკვნას, რეგიონალური საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად ხდება მათი გადანაწილება. მეურვეობის საბჭოში შედის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელშიც არასამთავრობო და რესურს-ცენტრის წარმომადგენლებიც არიან. ამ პროგრამას სამოქმედო ვადად 2009 წლის 31 დეკემბერი უწერია, ანუ  ამ  პერიოდში  უნდა მომხდარიყო  ამ  სამუშაოს ფორმირება. სოციალური სუბსიდიების სააგენტოში კი გვითხრეს, რომ „ქუჩის ბავშვებთან“ მიმართებაში კონკრეტული პროექტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია