დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზეთიდან დევნილი სკოლების პოლიტიკური ნიშა
2009/09/07 13:26:34

ქუთაისში, აფხაზეთის 6 საჯარო სკოლას დახურვის რეალური საშიშროება უდგას. სკოლა, წლებია, ნიკეას ქუჩაზე, კულინარიის სასწავლებლის ბოლო სართულზე, რამდენიმე ოთახშია განთავსებული. სხვა სართულებზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. სკოლისა და დევნილების ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუმცა, მაშინ, როცა საქართველოში განათლების რეფორმის მიღწევების ჩამოსათვლელად მთავრობას თითებიც კი არ ჰყოფნის, დევნილი სკოლა შენობას, წლებია, ითხოვს, ყურს კი არავინ იბერტყავს. 

 

სკოლაში ასამდე მოსწავლე სწავლობს, უმეტესობა დევნილია და მათ განათლებაზე 23 მასწავლებელი ზრუნავს. შენობის გარდა, სკოლას შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურაც არ აქვს.

ალტერნატიული შენობის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, თუმცა, საბოლოოდ, ყველა ვარიანტი დაიბლოკა. ამ ვარიანტებზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსი დავით აფციაური პრესასთან ღიად არ საუბრობს. ამბობს, რომ სათქმელი არაფერი აქვს. თუმცა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან, დალი ხომერიკთან ღია შეხვედრაზე პრობლემას იმით ხსნის, რომ სკოლის ადმინისტრაცია ადრე შეთავაზებულ შენობაზე არ დათანხმდა, ახლა კი ყველა შენობა დაკავებულია და, ფაქტობრივად, იმედიც არსაიდან ჩანს. თავის მხრივ სკოლის დირექტორი ნონა წოწონავა ამბობს, რომ შენობას შვიდი წელია, უშედეგოდ ითხოვენ და ყოველი ახალი სასწავლო წლიდან ბრძოლას თავიდან იწყებენ.

ნონა წოწონავა: „წლებია, შენობას ვითხოვთ, მაგრამ ვერადავერ მივიღეთ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ დევნილი სკოლისთვის შენობა ვერ გაიმეტა.შენობის შერჩევისას სკოლის ადმინისტრაციის ერთადერთი მოთხოვნა ისაა, რომ უბანი არ შევიცვალოთ, რადგან მაშინ მოსწავლეები სკოლაში სიარულს ვეღარ მოახერხებენ და ისედაც მცირე კონტიგენტი უფრო შემცირდება.“

ქუთაისის ვიცე მერი დავით გორდელაძე ამბობს, რომ წელს ამ საკითხის შესახებ ინფორმაციას ჩვენგან იღებს.

„კი, ვიცი, რომ ამ სკოლას შენობის პრობლემა აქვს. გასულ წელს მათ მოგვმართეს განცხადებით და ითხოვდნენ ნიკეაზე მდებარე სპორტსკოლის ბაზაზე გაფართოებას. მაგრამ სპორტ-სკოლას იქ ბავშვებისთვის სასტუმრო აქვს გახსნილი. ასე რომ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შენობისთვის მაგ სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელი იბრძვის, ხელმძღვანელობა მაინც და მაინც არ აქტიურობს. ეს საკითხი კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამმართველოსთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ,“ - გვითხრა დავით გორდელაძემ. ბატონი დავითი შეთავაზებულ სხვა შენობებს კი არ ასახელებს.     

აფხაზეთის განათლების მინისტრი დალი ხომერიკი ამ საკითხის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით გეგმავს.

დალი ხომერიკი: „მე ვიცნობ ამ საკითხს, ვნახე შენობა, სადაც ეს სკოლაა განთავსებული, შევხვდი პედაგოგებს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აუცილებლად უნდა შევიმუშავოთ რაღაც სტრატეგია, გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. არ დგას ისე საკითხი, რომ დევნილი სკოლა უნდა დაიხუროს.“

სკოლის დახურვის რეალური საშიშროება რომ არსებობს, ამაზე სკოლის დირექტორი ნონა წოწონავა ღიად არ საუბრობს, თუმცა, ამ დასკვნამდე რომ მიხვიდე, ელემენტარული ლოგიკური აზროვნებაა საჭირო. მალე სკოლებს აკრედიტაციის ხანა დაუდგებათ, აკრედიტაციის ერთ-ერთი მთავარი პირობა კი შენობაა. შესაბამისად, თუ აკრედიტაციამდე ამ სკოლამ შენობა არ მიიღო, მაშინ ყველაფერი ნათელია.

დახურვის საშიშროება აფხაზეთიდან დევნილ სხვა სკოლებსაც შეიძლება შეექმნას, რადგან  არსებობს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს რეკომენდაცია, სადაც შავით თეთრზე გვმოძღვრავენ, რომ ამ სკოლების ინტეგრაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ასეთი სკოლების არსებობა საჭირო არ არის. ამ რეკომენდაციაში ნახსენები არ არის, რომ დევნილ სკოლებს, ისე როგორც დევნილ უნივერსიტეტებს და, საერთოდ, აფხაზეთისა და ოსეთის სახელისუფლო წარმომადგენლობებს ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური დანიშნულება აქვს.

როგორც დალი ხომერიკმა აღნიშნა, ამ რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ ქართული მხარე ამ პოლიტიკურ ნიშაზე ნორვეგიის დევნილთა საბჭოს უკვე ესაუბრა და, თავის მხრივ, რეკომენდაციებს შეიძლება გადახედონ. 

„ჩვენ გვყავს დევნილი სკოლები, რომლებმაც ინტეგრაცია განიცადეს - კარგი გაგებით, უფრო ზუსტად, ამას უკუინტეგრაცია ქვია. მაგალითად, ჩხოროწყუში არსებულ სკოლას მიმზიდველობა დიდი აქვს. იმ სკოლაში მოსწავლეების 30-40: ადგილობრივი მოსახლეობაა, სკოლას ჰყავს არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივი, უმეტესობას სამეცნიერო ხარისხიც კი აქვს, შესაბამისად სკოლამ კონკურენტულ გარემოში დაიმკვიდრა თავისი თავი და ბევრ ადგილობრივ სკოლას გაუწია ძლიერი კონკურენცია. მე ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები,“ - განაცხადა აფხაზეთის განათლების მინისტრმა ჩვენთან საუბარში.

ჩხოროწყუში მდებარე სკოლის მსგავსად, უკუინტეგრაციას ეწევა ქუთაისში მდებარე აფხაზეთის 5 საჯარო სკოლაც. იგი ქუთაისის ?24 სკოლის ერთ-ერთ ორსართულიან კორპუსშია განთავსებული, მასში 174 მოსწავლე სწავლობს და 27 პედაგოგია დასაქმებული. მოსწავლეებისა და მასწავლებლების უმეტესობა დევნილია. თუმცა, აქ ადგილობრივი მკვიდრებიც სწავლობენ და კიდეც ასწავლიან. მათი პროცენტული მაჩვენებელი მცირეა.

ნატო ბენდელიანი, აფხაზეთის 5 საჯარო სკოლის დირექტორი: „ნამდვილად არ ვეთანხმები, რომ სკოლების ინტეგრაციის მიზნით დევნილი სკოლები უნდა გაუქმდეს. ინტეგრაცია ბუნებრივი პროცესია და გვინდა - არ გვინდა, ის  მაინც მოხდება.“

რთულია, დევნილის სტატუსის პარალელურად თანამედროვე სტანდარტებსაც აკმაყოფილებდე, მითუმეტეს, მაშინ, როცა არც შენობა გაქვს და სასკოლო ინფრასტრუქტურაც ძალიან მწირედ გამოიყურება. ამ შემთხვევაში მხოლოდ უბრალო არსებობის სურვილი რჩება და... მხოლოდ პოლიტიკური ნიშა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია