საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უნივერსიტეტის პროფესურა ლალიაშვილის წინააღმდეგ
2009/09/07 13:24:45

ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის იდეა უკვე შეფასდა ნაჩქარევ და იმპულსურ გადაწყვეტილებად. თუმცა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესურა პარლამენტარის, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრის, ნიკა ლალიაშვილის განცხადებამ გააღიზიანა ყველაზე მეტად. ახლა მას ქუთაისში ოპონენტები მოუმრავლდნენ.

„რუსთაველის პროსპექტიდან „საღორიაზე“ პარლამენტის გადატანა უგუნური ქმედებაა“ - ლალიაშვილის ამ განცხადებაში პროფესურამ ძალზე ირონიული ქვეტექსტი ამოიკითხა, ამიტომაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, გიორგი თარგამაძეს ღია წერილს უგზავნის.

პროფესორები წერენ, რომ ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა იმდენად მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია, რომ ამასთან დაკავშირებით სავსებით ბუნებრივად შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული მოსაზრებები. თუმცა ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ ამ საქმის აღსრულებით ქვეყანა მოიგებს.  

იქვე აღნიშნავენ, რომ ამ საკითხის ღრმა და საფუძვლიანი განხილვა უნდა მოხდეს.

„ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით თავისი არაკორექტული გამოსვლით დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა არამარტო ქუთაისსა და თქვენს პარტიას მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ მთელ ქართველ საზოგადოებასაც. ჩვენი გულისწყრომის საფუძველი ამ შემთხვევაში ის კი არ არის, ზემოთ აღნიშნული მოვლენის შესახებ მას პრინციპულად განსხვავებული აზრი რომ აქვს, არმედ ის, რომ თავისი თვალსაზრისის „დასამტკიცებლად“ მას ასეთი „მყარი არგუმენტი“ მოაქვს - „რუსთაველის პროსპექტიდან „საღორიაზე“ პარლამენტის გადატანა უგუნური ქმედებაა.“

ძალზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავისი ამგვარი განცხადებით ბატონმა პარლამენტარმა საქართველოს ისტორიის ყველაზე ბრწყინვალე პერიოდში მის სატახტო ქალაქად დამკვიდრებული დავით აღმაშენებლის ქუთაისი „საღორიასთან“ გააიგივა“.

 განცხადებას უნივერსიტეტის პროფესორები აწერენ ხელს: ზაზა სოხაძე, გიორგი ონიანი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ზაალ ლილუაშვილი, ბენია თხილავა, ომარ ზივზივაძე.

უკმაყოფილებას თავად  ხმაურიანი განცხადების ავტორიც გამოთქვამს, ოღონდ იმის გამო, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა კონტექსტიდან ამოვარდნილად გაშუქდა.

გაზეთი „P.S.“ ნიკა ლალიაშვილსაც დაუკავშირდა და განცხადების განმარტებაც მოისმინა:

„ჩემი განცხადება არასწორად გაიგეს, არადა პარლამენტის სხდომაზე მე ვთქვი, რომ იმ დღეს უფრო მნიშვნელოვანი იყო ახალი ომბუდსმენის კანდიდატურის განხილვა, ვიდრე იმაზე მსჯელობა, რომელ ქუჩაზე იქნება პარლამენტი, ეს იდეა აბსოლუტურად გაუთვლელი და ნაჩქარევია, ისევე, როგორც ამ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული სხვა გრანდიოზული პროექტები,“ - აღნიშნავს პარლამენტარი და საუბარს ანალოგიურ წარუმატებელ პროექტებზე განაგრძობს. „საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანამ ბათუმს ნამდვილად არაფერი მოუტანა, სამაგიეროდ კი თბილისს დააკლდა. ასევე არაფერი მოუტანა ქუთაისს სემეკის გადატანამ, ასეთი იმპულსური განცხადებები - აქ ავაშენებ, მე ამიდან გავაკეთებ... მართლა გაუგებარია, რატომ კეთდება, გაუგებარია ისიც,150 კაცის სეირნობაში თბილისსა და ქუთაისს შორის რატომ უნდა დაიხარჯოს ფული. ამის არც თანხებია, მგონი, ახლა საკმარისი ქვეყანაში.“

ქრისტიან-დემოკრატების შემხვედრი წინადადება ორპალატიანი პარლამენტია.

პარლამენტის გადმოტანის ყველაზე აჩქარებული ინიციატივა - დღენახევარში შეგროვებული 30 000 ხელმოწერით - საყოველთაო მსჯელობის საგანი ჯერ არ გამხდარა. თუმცა ყველაზე ხშირად ამ ინიციატივას უფრო პიარის ჟანრს აკუთვნებენ...

მით უფრო მაშინ, როცა პარლამენტის ნაწილობრივი გადმოტანაა დაგეგემილი, - ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომები გაიმართება და აქ ვიცე-სპიკერი გადმოვა, ხოლო კომიტეტი და თავად თავმჯდომარე კი ისევ თბილისში დარჩება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია