დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება საშემოდგომო ბრძოლებისთვის ემზადება
2009/09/07 13:19:56

ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არდადეგები უკვე ოფიციალურად დამთავრდა, რაც ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ღონისძიებით აღნიშნა - თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ანუ ისეთი პიროვნება, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველების ანგარიშების „უცვლელი“ მთავარი გმირია. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილმა ლამის პირდაპირ თქვა, რომ ამ ზაფხულს ხელისუფლებამ ცოტათი ამოისუნთქა და საშემოდგომო ბრძოლებისათვის ემზადება.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციების ტალღა საზაფხულო არდადეგებმა შეწყვიტა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული მოძრაობები მაინც იყო: ოპოზიციის ნაწილი რეგიონებში წავიდა სამოგზაუროდ, ნაწილი კი ხელისუფლებასთან ერთად მაგიდას მიუსხდა დიალოგისთვის, რასაც საკმაოდ განსხვავებული შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში: კომენტატორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამით ოპოზიციამ სისუსტე აჩვენა და ხელისუფლების თამაში ითამაშა, ნაწილი კი ამბობდა, რომ - პირიქით, ამით ოპოზიციამ განაიარაღა სააკაშვილი ამერიკისა და ევროპის თვალში და კიდევ ერთი კოზირი წაართვა.

 

თავად დიალოგში მონაწილე ოპოზიციური პარტიები თავს კი არ იმართლებდნენ, უბრალოდ, ახსნა-განმარტებისთვის აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის დაიწყო და თუნდაც ერთი პოლიტპატიმრის გამოხსნაც კი ხელისუფლების კლანჭებიდან უკვე მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა; რა თქმა უნდა, ქვეტექსტით იგულისხმებოდა, რომ დიალოგში მონაწილე პარტიებმა რეალური საქმე უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე რეგიონებში მოსიარულე ოპოზიციონერებმა.

გასული საზაფხულო სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საკადრო ცვლილებები გახლდათ ნიკა გილაურის მთავრობაში; მნიშვნელოვანი და მოულოდნელი... ჯერ ეკონომიკის მინისტრით დაიწყეს: ლაშა ჟვანია, არც მეტი - არც ნაკლები, სამსახურიდან დაითხოვეს და ისეთი რაღაც დააბრალეს (არაგუნდურ და არაკოორდინირებულ მუშაობასთან ერთად), რაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება ჩაიწეროს ბატონი ჟვანიას     „ცოდვებში“ - 100 საავადმყოფოს პროექტის ჩავარდნა. მკითხველს შევახსენებ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ბევრად ადრე უნდა დაწყებულიყო, სანამ ბატონი ჟვანია ეკონომიკის მინისტრად დაინიშნებოდა, თუმცა აქამდე პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ... რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის შერჩევის კრიტერიუმს, სამწუხაროდ, არ შეცვლილა: მთავარია, ერთი-ორი ინვესტორის კომპანიაში რამდენიმე ოფიციალურ (დიპლომატიურ) ვახშამზე იყოს ადამიანი ნამყოფი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა გარანტირებული აქვს... რა თქმა უნდა, ეკონომიკურ-ფინანსური განათლებისა და ამ სფეროში გამოცდილების მქონე მინისტრი რა ამ ქვეყნის შესაფერია, სადაც პრეზიდენტი ისეთ ეკონომიკურ  „ზღაპრებს“ ჰყვება, რომელიც არანაირ ეკონომიკურ გათვლებზე არ არის დაფუძნებული; მაგალითად, უახლოეს ხანებში მილიონობით ტურისტის მოზიდვაზე და მთელი დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ევრაზიულ სატრანსპორტო მაგისტრალად გადაქცევაზე.

საკადრო ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაინც თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნა იყო, რომელსაც არა მხოლოდ საკადრო, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა (საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი პოლოლიკაშვილის გამინისტრებისაგან განსხვავებით). საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი და ადამიანის უფლებების დამცველი უცხოური ორგანიზაციები საქართველოში ბაჩო ახალაიას მთავარ „უფლებადამრღვევად“ მიიჩნევენ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბაჩო ახალაია მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო (პენიტენციალური სისტემის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების ერთგული ჯარისკაცი თავდაცვის სფეროში „მიავლინეს“). შესაძლოა, ამ ეტაპზე მისი გამინისტრება არ იგეგმებოდა, თუმცა ეს პროცესი ყოფილი მინისტრის, დავით სიხარულიძის განცხადებამ დააჩქარა - უცხოურ მედიასთან ინტერვიუში მან ლამის პირდაპირ განაცხადა, რომ ავღანეთში მიღებული გამოცდილება ქართულ ჯარს სამშობლოშიც გამოადგება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადო. ამ განცხადებას ისეთი რეაქცია მოჰყვა თავად აშშ-ს მხრიდან, რომ ბატონი სიხარულიძე იძულებული გახდა, მაშინვე მიეცა მეორე ინტერვიუ და თავისი ნათქვამი გაესწორებინა. ერთი სიტყვით, ბაჩო ახალაია უკვე თავდაცვის მინისტრია და მისი სამოქმედო გეგმაა: „მოდერნიზაცია, მშვიდობა და ნატოში ინტეგრაცია.“ რაც შეეხება არადეკლარირებულ მიზნებს, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს ჯარის მკაცრი კონტროლია, რასაც ბატონი ახალაია მოადგილის თანამდებობიდანაც გულდასმით ცდილობდა ხოლმე. რაც შეეხება  საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონის ამაღლებას, როგორც წესი, ამერიკასა და ევროპაში ეს გენშტაბის პრეროგატივაა, და არა სამოქალაქო პირის - თავდაცვის მინისტრისა. თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ სამხედრო სფეროშიც კი, ჩვენთან გენშტაბს არავინ არაფერს შეეკითხება და ახალი თავდაცვის მინისტრი იქაც „პენიტენციალური“ პროფესიონალიზმით და სამხედრო არაპროფესიონალიზმით იმოქმედებს.

რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, განსაკუთრებული გარღვევა ნამდვილად არ ყოფილა. ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი იყო, რომელიც ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა კომენტარებში. თუმცა, სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სულაც არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, აღმასრულებელი ძალაუფლებით აღჭურვილი (ის აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში არანაირ მონაწილეობას არ იღებს) და მისი დაპირებები, შესაძლოა, სულაც არ გაატაროს აშშ-ს ადმინისტრაციამ, თუკი მის ეროვნულ ინტერესებს ასე აწყობს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, აქ ყველაფერი ძველებურადაა - ჩვენ ომი არ წაგვიგია და მიშა ისეთი მაგარია, რუსეთი ნელ-ნელა იშლება; რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ფაქტი იყო რუსი ჟურნალისტების არშემოშვება საქართველოში. როგორც ხელისუფლება ამბობს, ისინი არა კეთილსინდისიერი ჟურნალისტები, არამედ - კრემლის იდეოლოგიური დესანტი იყვნენ... თუმცა, ჩვენმა მთავრობამ აქაც ისე იმოქმედა, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში: ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი - დემოკრატიისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტი კეთილსინდისიერია, თუ „ზიმბაბვეს“ იდეოლოგიური დესანტი, მას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიეცეს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. რუსმა იდეოლოგებმაც შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს და ერევნიდან მოწყობილი ტელეხიდით, ქართველი ჟურნალისტები რუსეთში დაპატიჟეს - აქაოდა, ჩვენ უფრო დემოკრატიულები ვართ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაო.

და ბოლოს, ამ ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, შეიძლება ითქვას, „პოლიტიკური ბომბი,“ რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი, ე.წ. ტალიავინის საერთაშორისო კომისიის   დასკვნა   უნდა   ყოფილიყო,  თუმცა  ამ  დასკვნის  გამოქვეყნება გადაიდო, რასაც, როგორც წესი, პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა. ამ სპეკულაციების მიმოხილვა ნამდვილად შორს წაგვიყვანს და, სჯობს, დასკვნის გამოქვეყნებას დაველოდოთ, რომელსაც, უდავოდ, მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მთავრობისათვის, არამედ - მთლიანად ქვეყნისათვის...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია