დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დამუხრუჭებული ტრანსპორტი
2009/09/07 13:12:00

ქუთაისში ამბიციური სატრანსპორტო რეფორმა არ შედგა - ის 2012 წლამდე დაიგვიანებს. არადა, ახალი სატრანსპორტო სქემის შესადგენად მეცნიერული შრომაც ტყუილად დაიხარჯა: ერთი წლის განმავლობაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული სამი პროფესორი დეტალურად ითვლიდა მგზავრთა ნაკადებსა და ქრონომეტრაჟებს...

ქალაქის მერმა უკან წაიღო პრინციპული განცხადებები იმის შესახებ, რომ მიკროავტობუსებს ავტობუსები ჩაანაცვლებდა. თავდაპირველად საუბარი იყო იმის შესახებ, რომ 185 მარშრუტის ნაცვლად ქალაქში 130 იმოძრავებდა, ხოლო ავტობუსების რაოდენობა 67-დან 128-მდე გაიზრდებოდა. ეს იმას გულისხმობდა, რომ სადაც კი თანხვედრილად ავტობუსი და მარშრუტი მოძრაობდა, მაგალითად - 1; 4; 25... -  იქ მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებდა. ამ ინიციატივაში ყველაზე მთავარი - საავტობუსო გადამზიდავის „თეგეტა მოტორსის“ ინტერესები იკითხებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან განხორციელებული ზარების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურისაგან დაევალა, რომ უმუშევარი მძღოლების სახით დაძაბულობის ახალი კერა არ შეექმნათ.

თვითმმართველობამ, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, ქუთაისში ამჯერადაც ვერ იხეირა...

დღეს კი  საქალაქო ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ რეფორმა  მართალია, მთლიანად ვერა, მაგრამ ნაწილობრივ შედგა.

 19 აგვისტოს  გაერთიანებულ პროფკავშირებს, ქალაქის მერსა და მძღოლებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საკრებულოს მიერ დამტკიცებულ სატრანსპორტო სქემებში გარკვეული ცვლილებები შევიდა.  თავდაპირველად კი იმაზე იყო საუბარი, რომ დროებითი კომისიის დასკვნები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნებოდა.

„ამ ეტაპისთვის ქალაქის მთლიანი განტვირთვა ვერ მოხერხდა, მაგრამ გარკვეული ცვლილებები მოხდა. „წრიულის“ მარშრუტზე 24 მიკროავტობუსის ნაცვლად - 10 იმუშავებს. საერთო ჯამში კი ქალაქი 20 ერთეული მარშრუტით განიტვირთება. ბუნებრივია, ქალაქი დაუტეველ ტრანსპორტს ვერ დაიტევს. ქუჩები გადატვირთულია ტაქსებითა და მიკროავტობუსებით, სხვა შემთხვევაში ქალაქს განვითარების ახალი გეგმა და სქემა დასჭირდება,“ - გვეუბნება საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი.

დღეს საქალაქო ტრანსპორტის სამსახურში ამბობენ, რომ მძღოლების სოციალური მდგომარეობა გასათვალისწინებელია, რადგანაც მათ სოლიდური კრედიტები აქვთ ბანკიდან აღებული, თუმცა მათი მდგომარეობა ერთი თვის წინაც ასეთივე იყო.

გაზეთ „P.S.“-ის ივლისის ნომერში კი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ასეთ თანმგრძნობ განცხადებებს მძღოლების მიმართ ნამდვილად ვერ ამოიკითხავთ. ქალაქის მერი ამბობდა, რომ შეიძლება ყველა ხაზი არ იყოს რენტაბელური და ამერიკაში თვით „ჯენერალ მოტორსიც“ კი გაკოტრდა.

ამავე პერიოდში ვიტალი ბოჭორიშვილი აღნიშნავდა: „ჩვენ არ გვითქვამს მათთვის - ასეთი ძვირიანი, 17000 დოლარიანი მარშრუტები შეეძინათ, გადაწყვეტილებები არ შეიცვლება  და ხაზები მემკვიდრეობითი ნამდვილად არ არის.“

მოკლედ, სხვადასხვა რეალობების გათვალისწინებით, ქუთაისს სექტემბრის ბოლოდან, ანუ მას შემდეგ, რაც კონკურსი ჩატარდება და ახალი ნებართვები გაიცემა, ასეთი სატრანსპორტო სქემა ექნება:

1. №1 და №2 (წრიული) სვლაგეზებზე დასაქმდება ხუთ-ხუთი ერთეული მიკროავტობუსი.

გაუქმდება №55 მიკროსაავტობუსო სვლა-გეზი.

№200 მიკროსაავტობუსო სვლა-გეზზე  ყოველდღიურად იმუშავებს 4 ერთეული ავტობუსი.

2. №?3 საავტობუსო მარშრუტზე იმუშავებს 4 ერთეული ავტობუსი. ამჟამინდელი №31 მიკროსაავტობუსო სვლა-გეზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ - მონაწილეობა მიიღონ ახალ - №47 სვლა-გეზთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში.

3. №4 საავტობუსო სვლა-გეზზე იმუშავებს 14 დიდი ავტობუსი. ამჟამინდელი №4 მიკროსაავტობუსო სვლა-გეზი აღდგება და შევა ახალ სქემებში; მასზე ყოველდღიურად იმუშავებს 4 ერთეული მიკროავტობუსი.

№100 მიკროსაავტობუსო მარშრუტზე იმუშავებს 10 ერთეული.

4. გაუქმდება №7 საავტობუსო მარშრუტი და აღდგება №17 საავტობუსო სვლა-გეზი, სადაც ყოველდღიურად დასაქმდება 4 ერთეული მიკროავტობუსი.

5.ახალი სქემებიდან ამოიღება №9 და ?33 საავტობუსო მარშრუტები. №10 საავტობუსო მარშრუტი იმოძრავებს ამჟამინდელი ?33 საავტობუსო მარშრუტის სვლა-გეზზე, რაც ხელს შეუწყობს №23 და№23 მიკროავტობუსის მუშაობას.

6. ახალ №11 საავტობუსო მარშრუტზე ყოველდღიურად 10 დიდი ავტობუსის ნაცვლად იმუშავებს 6 ავტობუსი და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირისა და №25 საავტობუსო მარშრუტის ოპერირებაზე ნებართვის მქონე გადამზიდველს შორის გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გადამზიდველი №25 საავტობუსო მარშრუტზე დაასაქმებს ყოველდღიურად 15 ერთეულ მიკროავტობუსს.

7. ახალ №13 საავტობუსო მარშრუტზე ყოველდღიურად იმოძრავებს 6 ერთეული ავტობუსი. №20 მიკროსაავტობუსო სვლა-გეზზე დასაქმებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ახალ - №30 სვლა-გეზთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში.

8. ახალი №16 საავტობუსო მარშრუტი გაუქმდება და აღდგება ?44 მიკროსაავტობუსო მარშრუტი დღეში 4 საავტომობილო ერთეულით

9. ახალ №31 მიკროსაავტობუსო მარშრუტზე ყოველდღიურად დასაქმდება 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

10. ახალ №41 მიკროავტობუსზე დასაქმდება 4 ერთეული მიკროავტობუსი.

11. ახალ №51 მიკროსაავტობუსო მარშრუტზე დასაქმდება 5 ერთეული მიკროავტობუსი.

12. ახალ №54 მიკროსაავტობუსო მარშრუტზე დასაქმდება 3 ერთეული მიკროავტობუსი.

13. აღდგება №15 მიკროსაავტობუსო მარშრუტი, რომელზეც ყოველდღიურად იმოძრავებს 4 ერთეული მიკროავტობუსი.

14. აღდგება №28 მიკროსაავტობუსო მარშრუტი ყოველდღიურად მოძრავი 3 ერთეული მიკროავტობუსით.

15 .34 და 34ა  მიკროსაავტობუსო მარშრუტები არ გაუქმდება და თითოეულ მარშრუტზე იმოძრავებს ორ-ორი სატრანსპორტო ერთეული. აღნიშნულ ხაზებზე ამჟამად დასაქმებული დანარჩენი მძღოლების დასაქმებას უზრუნველყოფს ქუთაისის მერია საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარდგენით.

ეს სქემა კი  რესპუბლიკელებს შეკითხვებს უჩენს: „გაუგებარია, ქალაქში დროდადრო რატომ ამატებდნენ ახალ ექსპერიმენტულ ხაზებს: 100, 27, 60, მაშინ, როდესაც მგზავრთა ნაკადი არ გაზრდილა და პირიქით, ქალაქი თანდათან იცლებოდა. ეს კი არანაირ მეცნიერულ გათვლებს არ ეფუძნება,“ - ამბობს რესპუბლიკური პარტიის იმერეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ ნაკაშიძე.

ოპოზიცია უკმაყოფილებას „თეგეთა მოტორსის“ მონოპოლისტობის გამოც გამოთქვამს. „ამ კომპანიის ხელმძღვანელი კოხოძე ხელისუფლებასთან მეტად დაახლოებული პირია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრიცაა. მას შემდეგ, რაც მათ ქუთაისში შპს „სამგზავრო“ შეიძინეს, მალე ორი მცირე საავტობუსო ფირმა ჩაყლაპეს. ახლა ჯერი, როგორც ჩანს, მიკროავტობუსებზე მიდგა-აღნიშნავს ვლადიმერ ნაკაშიძე.

საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მერაბ მეშველიანი ამ კომპანიას მხოლოდ დადებით კონტექსტში ახსენებს. „თეგეტა მოტორსი“, ზოგადად, ძლიერი კომპანიაა. ვერ გეტყვით, მას აქვს თუ არა აქ მონოპოლია, მაგრამ ამ სეგმენტში ნამდვილად ძლიერია.“

კომისიის თავმჯდომარე სატრანსპორტო რეფორმას შემდგარად თვლის და აღნიშნავს, რომ კორექტივები ძველ სქემებში მხოლოდ ტრანსპორტის რაოდენობის მხრივ შევიდა დ არა სვლა-გეზების კუთხით.

ქუთაისელ მგზავრებს უკვე ოქტომბრიდან ახალ პოლიტიკურ-სატრანსპორტო სქემებზე მოუწევთ გადაწყობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია