საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მეორე წრე სიმართლის ძიებაში
2009/07/27 13:13:56

2007 წლის აპრილში ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურიდან განთავისუფლებული სვეტლანა ზაქარაშვილი 23 ივლისიდან სამართლის ძიებას ქუთაისის რესპუბლიკური პარტიის დახმარებით თავიდან დაიწყებს. თავიდან, რადგან მერიის წინააღმდეგ ქალბატონი სვეტლანას სარჩელი სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა და საბოლოოდ მისი განთავისუფლების აქტი ბათილად სცნო. თუმცა, მერიაში რამდენიმე თვის წინ ქალბატონი სვეტლანას განთავისუფლების ბრძანება თავიდან დაწერეს.

 

ქალბატონი სვეტლანა ამ სამსახურში 29 წლის მანძილზე მუშაობდა. თუმცა, 2007 წელს, როცა შტატების შემცირება მოხდა, მერიას კადრები არც სტაჟის, არც გამოცდილების და არც დამსახურების მიხედვით შეურჩევია. 2007 წლისთვის სვეტლანა ზაქარაშვილი მერიის საფინანსო სამსახურში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. იმ დროისთვის ამ სამსახურს ორი წამყვანი სპეციალისტი ჰყავდა. შტატების შემცირების სახელით, ისე რომ არცერთი წამყვანი სპეციალისტის შტატი არ გაუქმებულა, ქალბატონი სვეტლანა შინ გაუშვეს, მის ადგილზე კი უფროსი სპეციალისტი მანანა სამანიშვილი გადმოიყვანეს.

სამაგიეროდ, ამ სამსახურში შემცირებები არ შეხებია სამი თვის მუშაობადაწყებულს, პროფესიით პედაგოგს და ინჟინერს. შინ არც ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომელი გაუშვიათ.

სვეტლანა ზაქარაშვილი ამბობს, რომ სამსახურში ის ადამიანები დატოვეს, ვისაც ნაციონალური მოძრაობა უმაგრებდა ზურგს, განსაკუთრებით - გოჩა თევდორაძე.

ქალბატონმა სვეტლანამ სიმართლის ძიება ჯერ ქუთაისის თეთრ სახლში დაიწყო. მაშინ ქალაქის მერი იყო იმერეთის დღევანდელი ვიცე-გუბერნატორი ნიკო კაჭკაჭიშვილი. ნიკო კაჭკაჭიშვილმა უთხრა, მე რა ვიციო. სამსახურის უფროსს გია შარაბიძეს მიაკითხა და იმანაც ხელები დაიბანა, მე გითხარით, შემცირებებია მოსალოდნელი და ყველამ თქვენ-თქვენს თავს მიხედეთ, მე რა ვიცი, ბრძანებას ხელი ნიკო კაჭკაჭიშვილმა მოაწერაო.  

2007 წლის 22 მაისს მან საქალაქო სასამართლოს მიმართა აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოტივით. სექტემბრის დასაწყისში საქალაქო სასამართლომ ქალბატონი სვეტლანას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის მერიის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე აღადგინეს. ეს განაჩენი მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 2007 წლის 29 ნოემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით: „გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით  ს. ზაქარაშვილის სასარჩელო გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა. „მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა. საკასაციო სასამართლომ ძალაში ძველი გადაწყვეტილება დატოვა, თან საქმე სააპელაციოში ჩამოაბრუნა. სააპელაციომ 2008 წლის 20 ოქტომბერს საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 2007 წლის 20 აპრილის ბრძანება „სვეტლანა ზაქარაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ და დაევალა ქუთაისის მერიას, გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევა: „შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური აქტი, დავის საგნიდან გამომდინარე, ს. ზაქარაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.“

არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასებაში სასამართლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის გაუთვალისწინებლობას გულისხმობდა, რომელშიც ლაპარაკია მომსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ნიშნით შერჩევის, კადრების სტაბილურობის, მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის თაობაზე. უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ ზაქარაშვილს გააჩნია სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება.

2007 წლის შემდეგ მერიის საფინანსო სამსახურში ბევრი რამ შეიცვალა.

ნატო ქათამაძე, რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ „ქალბატონმა სვეტლანამ განცხადებით 24 აპრილს მოგვმართა, ამ საქმეში ჩასახედად ჩვენ გამოვითხოვეთ მერიიდან დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ როცა საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ქალბატონი სვეტლანას სამსახურში აღდგენის შესახებ და მერიამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სწორედ მაშინ საფინანსო სამსახურში 8 თანამშრომელი ჰყავთ მიღებული, 5 ძველი შემცირებული კადრია, დანარჩენი - სულ ახალი. ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ 2007 წლის აპრილში, როცა შემცირებები მოხდა და 37 თანამშრომლიდან 18 დატოვეს, სწორედ ამ პერიოდში ჰყავთ მიღებული ერთი ახალი თანამშრომელი და არც მეტი - არც ნაკლები, ესაა პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი - ჭეიშვილი. კადრების შემცირების დროს ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ნიშნით და გოჩა თევდორაძის უშუალო ზედამხედველობით. საფინანსო სამსახურში დატოვეს 24 წლის ბაკალავრი, ინგლისური ენის სპეციალისტი და 29 წლის სტაჟის მქონე კადრი შინ გაუშვეს.“

მერიაში, როგორც ჩანს, სასამართლოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. ქუთაისის მერმა ნუგზარ შამუგიამ სვეტლანა ზაქარაშვილი სამსახურიდან თავიდან გაანთავისუფლა. ერთადერთი ოფიციალური მიზეზი შტატების არქონაა. „კანონის „საჯარო მოხელის შესახებ“ მე-13 მუხლი, რომელიც კადრების პროფესიონალური ნიშნით შერჩევას ითვალისწინებს, კვლავ არავის გახსენებია. სვეტლანა ზაქარაშვილმა მერიის ზემდგომ ორგანოს - საკრებულოს მიმართა. მაგრამ სასამართლოს განაჩენი და მე-13 მუხლი პრიორიტეტული არც მათთვის აღმოჩნდა.

2009 წლის 24 ივნისს ქუთაისის საკრებულომ გამოსცა განკარგულება, რომ ქალბატონი სვეტლანას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.

ქალბატონი სვეტლანა სამართლის ძიებას თავიდან იწყებს. 23 ივლისს მან მორიგი სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1413
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია