საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნაბუქოს პროექტზე ჩვენთანაც მსჯელობენ
2009/07/22 15:19:07

„ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და არა - პრაქტიკული,“ - აცხადებს ამერიკელი პროფესორი ქუთაისის უნივერსიტეტში

ანკარაში ნაბუქოს პროექტის დაფინანსების ხარჯების მოძიების და დამტკიცების პარალელურად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2050 წლამდე ენერგეტიკის სექტორში განვითარებული სცენარების განხილვა მიმდინარეობდა.  

როგორც ცნობილია, ნაბუქოს დოკუმენტს ხელი მოაწერა აღმოსავლეთ ევროპის შვიდი წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტმა, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. ექსპერტების თქმით, ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობდა ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, დასრულებულია. ამ ეტაპზე 3 მილიარდნახევრიანი პროექტის ფარგლებში მილიარდ ნახევარი დოლარის დაფინანსება მოძიებულია. სავარაუდოდ, პროექტის განხორციელებაზე მუშაობა უახლოეს თვეებში დაიწყება.

ქუთაისის უნივერსიტეტში ამერიკელ პროფესორებთან ერთად ნაბუქოს პროექტსა და განახლებადი ენერგიების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზაზა სოხაძე ამბობს: „სიმბოლურია, რომ ჩვენი შეხვედრა ანკარაში მიმდინარე სამიტის მსოფლიო ენერგეტიკულ საკითხებთან მიმართებაში, პარალელურად იმართება. სემინარი, რომელსაც ატარებს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰამიდ ნეჟადი, მსოფლიო ენერგეტიკის განვითარების პრობლემებს 2050 წლამდე განიხილავს. ერთი თვის წინ ჩვენი უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ იქნა წარდგენილი სამეცნიერო საგრანტო პროექტი სამეცნიერო კუთხით, რომელიც დასავლეთში, კერძოდ, იმერეთის რეგიონში ენერგეტიკის განვითარების და პრობლემების შესახებ იყო. ამ პროექტმა გაიმარჯვა, დაფინანსდა 125 000 დოლარით ამერიკის განვითარების და ხელშეწყობის ფონდის მიერ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო განაცხადია უნივერსიტეტის სინამდვილეში, პროექტის ფარგლებში პირველად ჩვენი აკადემიური პერსონალიც ჩაერთო იმერეთის და დასავლეთის ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებით. ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან სტაჟირებისა და დასაქმების თვალსაზრისით. ამიტომ სამეცნიერო და პრაქტიკული კუთხით მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება ენერგეტიკის მიმართულებისათვის.“

ომარ ზივზივაძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტროტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თვლის, რომ: „აქ საუბარია ენერგეტიკის 2050 წლამდე განვითარებულ სცენარებზე და იმ ალბათობებზე, თუ რომელი სექტორი როგორ შეიძლება განვითარდეს. ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ, რომ ენერგეტიკა ამოუწურავი რესურსი არ არის. მეცნიერების ვარაუდით კი 200 წლის შემდეგ ორგანული საწვავი საერთოდ არ იქნება. ამიტომ ადამიანებმა უნდა იფიქრონ ელექტროენერგიის გამოყენების სხვადასხვა ფორმებზე. ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ და 2050 წლისათვის რაღაც ხაზი უნდა გვქონდეს შექმნილი, რათა მომავალში ენერგეტიკის კუთხით სერიოზული პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ.“

განახლებადი ენერგიების განვითარებაზე და მის ეფექტურ გამოყენებაზე ინტერვიუ მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროფესორს ჰამიდ ნეჟადის ვთხოვეთ.

- ბატონო ჰამიდ, რამ განაპირობა ქუთაისში თქვენი ვიზიტი? 

- ჩემი აქ ჩამოსვლა იყო იუსაიდის ინიციატივა, მათ მომიწვიეს საქართველოში. მთავარი ამოცანაა უმაღლესი განათლების გაცვლა, დახვეწა და გაცნობა ენერგეტიკის სექტორში მომუშავე ადამიანებთან. როგორც ამ დარგის ექსპერტისათვის ეს ჩემთვის კარგი შესაძლებლობა იყო აქ ჩამოსასვლელად. პირველად შარშან ჩამოვედი და იმდენად მოვიხიბლე საქართველოთი, რომ უკვე ჩემი მეათე ვიზიტია თქვენს ქვეყანაში. ქუთაისში რომ ჩამოვედი, ვნახე აქაური პროფესურა, რომლებიც დაინტერესებული არიან ენერგეტიკის სფეროში სიახლეების დანერგვით. ასეთი მონდომება ბევრ სხვა ქვეყანაში არ მინახავს. მე ვხედავ, ამ ადამიანებს სჭირდება დახმარება, რომ განვითარდნენ ამ კუთხით, მე კი დაგეხმარებით. მიმაჩნია, რომ ყველაფერი არ უნდა იყოს თავმოყრილი თბილისში. პირიქით, უნდა გაიშალოს რეგიონებში. ამჯერად ქუთაისის ორი პროფესორი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვა და მათ იქ უკეთ გავაცნობთ ენერგეტიკის ახალ წყაროებს. ჩვენ უკვე ეს თანამშრომლობა დაწყებული გვაქვს.

- დღეს მსოფლიო ქარის, მზის და ბიოგაზის ენერგიების გამოყენებაზე ფიქრობს. რამდენად შესაძლებელია განახლებადი ენერგიების განვითარება საქართველოში, როცა ქვეყანა ეკონომიკურად არც თუ ისე მომგებიან ვითარებაშია? 

- სამივე განახლებად წყაროს საქართველოში საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი საქმიანობა და მიზანი ამ მიმართულებების განვითარებაა. პროგრამაში ოთხი კურსი გვაქვს და ყველა აქცენტირებულია განახლებადი ენერგიების განვითარებაზე. ვფიქრობთ, რომ ერთ წელიწადში საკმაოდ დახვეწილი მიმართულება გვექნება და ასევე იქნება პროფესიონალების მიერ ჩამოყალიბებული ცენტრი, სადაც კვლევებზე ვიმუშავებთ. ეს კი განახლებადი ენერგიების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და ამ კუთხით საქმეს წინ წავწევთ.

- მოსახლეობა განახლებადი ენერგიების წყაროებზე ინფორმირებული თითქმის არ არის, როგორ უნდა მოხდეს პოპულარიზაცია თუნდაც სოფლებში?

- არამარტო განახლებად ენერგეტიკაზე, არამედ ზოგადად ეფექტურ გამოყენებაზეც არ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია. აქ არაეფექტურია შენობები, ფანჯრები, კარები და ყველა არაეფექტურ მანქანას ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა თქვენს ქვეყანასთან შედარებით უფრო მდიდარია, ამერიკაში უფრო ვიცით ენერგიის ეკონომიური მოხმარება, ვიდრე თქვენ - აქ. ევროპელები კი 20 წლით ჩვენზე წინ არიან, იმდენად ეკონომიურად იყენებენ თუნდაც ელექტროენერგიას. ამჯერად, ჩვენ არამარტო განახლებად ენერგიებზე უნდა ვიფიქროთ საქართველოში, არამედ მის ეფექტურ გამოყენებაზეც. ჩვენ იგივე პროგრამა სომხეთში გვქონდა, სადაც საშუალო სკოლაში შევიტანეთ ინფორმაცია ენერგიების ეფექტურ გამოყენებაზე. პარალელურად პედაგოგებიც გადავამზადეთ, რომლებმაც შემდეგ წიგნებიც კი დაწერეს განახლებად ენერგიებზე და მის ეფექტურ გამოყენებაზე.

- ჩვენთან თუ იგეგმება მოსახლეობის ამ ფორმით ინფორმირება?

- არა, ეს არ არის შეტანილი პროგრამაში. თუმცა სახელმწიფომ ამ თემაზე უნდა იფიქროს, რადგან ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ბავშვი თავიდანვე უნდა სწავლობდეს და იცოდე, თუ როგორ და რატომ უნდა მოიხმარო ენერგია ეფექტურად.

- ქართველებს გვამშვიდებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია წყლის რესურსით და გვაქვს ათეულობით ჰიდროელექტროსადგური. არის თუ არა ეს დამამშვიდებელი ფაქტორი, რათა ნაკლებად ვიფიქროთ არამარტო განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე, არამედ - ეფექტურ გამოყენებაზეც კი?

- მართალია, თქვენ დიდი რაოდენობით გაქვთ წყალი და შეგიძლიათ აწარმოოთ ელექტროენერგია საექსპორტოდაც კი, მაგრამ თქვენ უნდა შეეცადოთ პარალელურად გამოიყენოთ მზის, ქარის და ბიო-მასის ენერგია. საუდის არაბეთს საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობი აქვს მაგრამ მზის ენერგიასაც იყენებს.

- ამ ენერგიების განვითარება ფინანსებთანაა დაკავშირებული. რა როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ თუნდაც დაფინანსების კუთხით?

- სამწუხაროდ, სტრატეგიული აზროვნების ნაკლებობაა. თუ მომავალს არ ხედავ, ვერაფერს შექმნი. ამიტომაც გვაქვს სცენარები დაწერილი, რომელიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებას 2050 წლამდე მოიცავს.

- მოდით, ნაბუქოს პროექტზე ვისაუბროთ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ევროპის, ამერიკის და თუნდაც რუსეთისთვის?

- თურქეთს უნდა, რომ დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი მთელი მსოფლიოსთვის. კარგი იქნება სადენები თუ გაივლის ირანში, მაგრამ მსოფლიოს რაღაც ნაწილს ეს არ ჭირდება. თუმცა გრძელვადიანი მომავლისთვის ეს საკმაოდ პრაქტიკული და მომგებიანია. ახლა კი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურია და არა - პრაქტიკული. ამ პროექტის განხორციელება საკმაოდ გაჭიანურდა, რადგან ეს სახელმწიფოთა შორის პოლიტიკაში გადაიზარდა. როცა ამერიკის პრეზიდენტი ბუში იყო, მაშინ მას სურდა, რომ ამ მილებს საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაევლო. ახლა ობამას სხვა გეგმები აქვს - მას ამ პროექტში რუსეთის ჩართვაც უნდა. ანუ ნაბუქოს პროექტი იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რომელ სახელმწიფოში ვინ მოვა სათავეში. ეს კი უარყოფითად მოქმედებს თავად პროექტზე, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპისთვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია