დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საშველს რომ არ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი...“
2009/07/22 07:13:15

დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის ეს სიტყვები საქართველოს ჭარმაგი, ზრდასრული და მოზარდი თაობის საფიქრალ-სააზროვნო და სამოქმედო საქმედ გამხდარა დღეს. 1964 წელს დაწერილ ამ ლექსში, როცა საქართველოს უზრუნველად „ყურზე ეძინა“ საბჭოთა იმპერიის მიერ შექმნილ „სამოთხეში“, პოეტი ყოველი ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტის სათქმელს ამბობდა, იმისდა მიუხედავად, იყო ის ხელისუფლების მომხრე თუ მოწინააღმდეგე:

„რა ჩემი ჭკუის საქმეა, ნეტა,

მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს, -

რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!

ანდა რომელი მსაჯული მისი!“

1956 წ. 9 მარტს, რუსის ჯარის მიერ თბილისში მოწყობილი მასობრივი დახვრეტების დროინდელი მოვლენებიდან, 1989 წ. 9 აპრილის დარბევა-სასაკლაომდე, ქართველ ხალხს შევარდნაძის მიერ 1783 წლის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო პაროდიის ყურება უნდა აეტანა, რომ ერეკლე მეორისა და მისი მსაჯულის სოლომონ ლიონიძის მიერ საქართველოს სამომავლო გზის არჩევაზე ჩაფიქრებულიყო და საბოლოოდ განესაზღვრა ის, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადება მოჰყვა შედეგად 1991 წლის 9 აპრილს - იმ დროს საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - ზვიად გამსახურდიას მიერ.

უკვე 20 წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ყოველგვარი საშუალებით ირღვევა რუსეთის მხრიდან, რაც გამოიხატა 1991-1993 წლებში გამოუცხადებელ ომსა და საქართველოს ტერიტორიების (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) ანექსიის მცდელობაში, ხოლო 2008 წლის 7 აგვისტოს ომის შედეგად, დამატებითი ტერიტორიების მიტაცებასა და ანექსიის დაკანონებაში. იმპერიული ზრახვების ერთგული რუსული შოვინისტური ხელმძღვანელობა მედვედევ-პუტინ-ლავროვის პირით, საქართველოში დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს, რაზედაც საეჭვო ერთსულოვნებით კვერს უკრავს ქართული რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც დახელოვნებულნი არიან ხელისუფლების ძალადობრივი და არაკონსტიტუციური წესით დამხობაში.

იმ პირობებში, როცა ახლანდელი საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია - საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის სრული იგნორირებით, ახლად შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის“ მესვეურნი, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მიმართავენ თხოვნით,  რათა მან  ხელი  შეუწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის იმ „ხელშეკრულების“ საფუძველზე ურთიერთობის აღდგენას, რომელიც არსებობდა 1801 წლიდან. სწორედ რომ 1801 წლიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ასხამს ხოტბას რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვის ეს სიტყვები, თითქოს - „საქართველოში ახალგაზრდა თაობების მსოფლმხედველობის ფორმირება ხდება აღვირახსნილი დემაგოგიისა და საომარი რიტორიკის პირობებში უპასუხისმგებლო პოლიტიკანების მიერ, რომელთაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თავიანთი ქვეყნის ისტორიაზე, საერთო ისტორიულ გზაზე, რომელზედაც ხელი-ხელჩაჭიდებული მოემართებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.“

იმ დიდი „სიკეთის“ გამოვლენად, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მიუღია, მიმართვის ავტორები ფიქრობენ, რომ - „ქართველმა ხალხმა იცის და ახსოვს რუსეთის დიდი ისტორიული დამსახურება ქართველი ერის დაცვის და საქართველოსთვის მისი კუთვნილი მიწების დაბრუნების საქმეში...“

ამგვარად, მიმართვის ავტორები (ხელს აწერენ ცნობილი მეცნიერები, ისტორიკოსები და ჟურნალისტები), „შეგვახსენებენ“, რომ რუსეთმა საქართველოს დაუბრუნა მისი კუთვნილი ისტორიული მიწები და გენოციდისაგან იხსნა ქართველი ერი.

საბჭოთა ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ამ უსირცხვილო მტკიცებულების მიხედვით გამოდის (რომ არაფერი ვთქვათ XVIII-XIX სს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დროს ქართველთა ეროვნულ ჩაგვრაზე, საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმებაზე, XIX-XX ს.ს.-ში საქართველოს ტერიტორიების რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიულ ადმინისტრაციებისთვის გადაცემაზე, ავტოკეფალური ქართული ეკლესიის უფლებების მიტაცებაზე, საქართველოსთვის კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებისა და უმაღლესი განათლების უფლების წართმევაზე):

1. 1918 წ. შექმნილი და მსოფლიოს მიერ არაღიარებული დემოკრატიული საქართველოს რუსეთის ბოლშევიკური, წითელი არმიის მიერ 1921 წ. დაპყრობისთანავე, მისი ტერიტორიების: ა) ტაო-კლარჯეთ-ლაზეთის (მაშინდელი ტერიტორიის 1ჰ4) გადაცემა თურქეთისათვის; ბ) აზერბაიჯანისთვის საინგილოსა და გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მომიჯნავე ტერიტორიების გადაცემა, გ) სომხეთისათვის ლორე-ალავერდის მხარის გადაცემა, დ) რუსეთისათვის სოჭის რეგიონისა და დვალეთის ტერიტორიების გადაცემა (სულ ტერიტორიის 1ჰ3 ნაწილი) - რუსეთს საქართველოსთვის მისი კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნებაში ჩაეთვლება?!

2. 1921 წელს საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ხოლო 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი ხალხის უფლებების სრული იგნორირებით - მათი ინტერესების დაცვაა?!

3. 1924 წელს საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ პოტენციური შეთქმულების მონაწილეთა შეუბრალებელი ხოცვა-ჟლეტა და თავად-აზნაურთა წრიდან 3:-ის განუკითხავი ამოხოცვა ერის გენოციდი არ არის?!

4. საბჭოთა საქართველოში რელიგიის მსახურთა კანონგარეშე გამოცხადება, ეკლესია-მონასტრების დანგრევა-გაპარტახება და სასწაულებრივ გადარჩენილი მონასტრების კედლებზე საუკუნეებით შემორჩენილი წმიდანთა თვალების დათხრა-ამოჩხრეკა-წაშლა ერის ურწმუნოებისა და მისი წარსულის შეგინება-შეურაცხყოფა არაა?!

5. 1928-35 წლებში საქართველოში, ისე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, „კონდრატოვშჩინის“ ლოზუნგით დევნა და განადგურება ერის ისეთი წარმომადგენლებისა, როგორიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, გრიგოლ წერეთელი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე და სხვები, ხოლო „ლუზინშჩინის“ ბრალდებით - ნიკო მუსხელიშვილის, შალვა ცინცაძის და სხვებისა, იყო თუ არა ეს უფრო მკაცრი და დაუნდობელი შეზღუდვა ძველი თაობის ინტელექტუალური მოღვაწეების, ვიდრე „საბჭოთა ინტელიგენტების“ (წინა ეროვნული მთავრობის დროს) და „ჩარეცხილებისა“ ამჟამად (ნაციონალური მთავრობისას)?!

6. 1930-32 წლებში დაწყებული მასობრივი რეპრესიები სოფლისა და ქალაქის შეძლებული ფენის წინააღმდეგ - „კულაკობისა და ბურჟუაზიული კლასის“ ამოსაძირკვად, საქართველოს მასშტაბით არ ითვლება ერის გენოციდად?!

7. 1937 წლის მასობრივი დაპატიმრებები, გადასახლებები, დახვრეტები საბჭოეთის და საქართველოს მასშტაბით, არ იყო ერის მანამდე არნახული  გენოციდი?!

8. 1941-1945 წლებში საქართველოდან 700 ათასი მეომრის გაყვანა (რომელთაგან 350 ათასი დაიღუპა), რომელიც მოსახლეობის 20:-ზე მეტია, საერთო - საკავშირო 12-13:-თან შედარებით (მაშინ, როცა პირველ მსოფლიო ომში გაწვევის პროცენტი 8:-ს არ აღემატებოდა), არაა საქართველოს მოსახლეობის და ქართველების გენოციდი?!

9. 50-იანი წლების რეპრესიები, რომლის მსხვერპლი გახდნენ არა მარტო ტყვედ ნამყოფი ომის ვეტერანები, არამედ ინტელიგენციის მრავალათასიანი წარმომადგენელი, ერის გენოციდი არაა?!

10. 1956 წლის 9 მარტს თბილისის ხოცვა-ჟლეტა, 1977 წლის რეპრესიები დისიდენტების - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავს და მათი თანამოაზრეების მიმართ, 1983 წლის რეპრესიები თვითმფრინავის გამტაცებელთა, ძმები ივერიელების, კობახიძის, ფეტვიაშვილის და მღვდელი ჩიხლაძის მიმართ, რასაც მარიონეტი შევარდნაძე ატარებდა ახლანდელი ოპოზიციონერების თვალწინ - ქართველი ერის გენოფონდის გენოციდი არაა?!

11. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 მარტის თბილისელი დემონსტრანტებისადმი რუსის ჯარის მიერ მოწყობილი მასობრივი მკვლელობები და მხუთავი გაზით მოწამვლა, რუსეთის მიერ 1991-93 წლებში ინსპირირებულ ე.წ. სამოქალაქო ომში 300 ათასობით ქართველი მოქალაქის განდევნა, გაწყვეტა და დაჭრა ქართველების გენოციდი არაა?!

12. 1991-93 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოუცხადებელი ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც მთელი სისასტიკით გაგრძელდა და დამთავრდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინტერვენციითა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიით - ჩაეთვლება თუ არა რუსეთს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მფარველობაში დაშეიძლება, რომ მათ ქართველი ერის გადამრჩენელი ეწოდოს!...

13. XVIII ს. მეორე ნახევრიდან თურქეთის ოტომანთა იმპერიის მიერ მიტაცებული მიწების რუსულ-ქართული ჯარის ნაწილებით შემოერთების (1828 წ. სამცხე ჯავახეთისა, ხოლო 1876 წ. აჭარა-ტაო-კლარჯეთისა) შემდეგ, ადგილობრივი მუსულმანი ქართველების დევნა-შევიწროება და გასახლება, ასევე 1944 წელს მესხეთელ თურქებთან ერთად მუსულმანი ეთნიკური ქართველების დეპორტაცია შუა აზიის ტრამალებში, ქართველი ერის გენოციდი არაა?!

14. ლენინურ-სტალინურ-პუტინისეული „ეროვნული პოლიტიკით“ სტიმულირებული ქმედება, რომელიც ქართველური ენის, დიალექტების - სვანურის, მეგრულის და ლაზურის სამწერლობო ენებად გადაქცევას ისახავს მიზნად, რაც ამ დიალექტებზე მოსაუბრე ქართველებს დამოუკიდებელ ეროვნებებად ჩამოყალიბებისა და სეპარატიზმისაკენ უბიძგებს, საქართველოს გადარჩენისათვის ზრუნვად ჩაეთვლება რუსეთს?!

ის ისტორიული წარსული, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის და ერთადერთი კომუნისტური პარტიის დანაშაულებრივი ქმედებების მხილების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას მიერ ორგანიზებულმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკმა, ღია და მრავალპარტიულ - დემოკრატიულ არჩევნებში დაამარცხა კომუნისტები, მაგალითად ვერ გამოადგებათ ახლანდელი რადიკალური ოპოზიციის პარტიებს და მათ ლიდერებს.

„რადიკალური ოპოზიციის“ განუსჯელი პოზიცია და ორგანიზაცია    „საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოების მიმართვის პათოსი ნიშნავს, აღდგეს და გაგრძელდეს ის დამოკიდებულება, რაც საქართველოსა და რუსეთს ან წარსულში არსებულ იმპერიებს: ირანს, ბიზანტიას, მონგოლეთს, თურქეთს და საქართველოს შორის იყო, რაც საქართველოს „სამეფო ტახტზე“, იმპერიისათვის არასასურველი მმართველისა და შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკის შეცვლა, განსაკუთრებით კი დაპყრობილ ქვეყანაში საომარი რიტორიკის და დაღუპული გმირების პატივისცემის იგნორირება უნდა მოჰყოლოდა. ეს წესი, იმპერიების მიერ დაპყრობილი ქვეყნების მართვის კარგად აპრობირებული მეთოდი იყო, რომელთა მიერ იმპერიისათვის ურჩი მეფის ან მმართველის დასამხობად გამოიყენებოდა ინტერვენცია, შინააშლილობა, ტახტის მემკვიდრეთა შორის დაპირისპირება და ყველა ის სახეშეცვლილი წესი, რაც ამჟამად ქვეყნის დემოკრატიზაციისათვის ბრძოლად საღდება. ისტორიული გამოცდილება უჩვენებს, რომ ამ წესს დაქვემდებარებული ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ფასი ნულოვანია და როცა ხელისუფლების სეზონურად გადაყენება-შეცვლის მსურველი რადიკალური ოპოზიციის ლიდერების „მგზნებარე“, მაგრამ პოპულისტურ სიტყვებს ვუსმენ, ხანდახან კი არა ხშირად, ჩემთვის გულში და საჯაროდაც ვიტყვი, ისევ მუხრანის, იმავე ლექსის სტრიქონებს:

„პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,

ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,

იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად -

ღალატიაო მაგგვარი ფიქრი!“

თორნიკე ეფრემიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია