დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კანონდამრღვევი პოლიციელები „სამაგალითოდ“ დაისაჯნენ
2009/07/13 08:30:54

ამჯერად განსასჯელის სკამზე ყოფილი პოლიციელები აღმოჩნდნენ. წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანა-ყანების პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი ბადრი ღაჭავა, მისი ყოფილი მოადგილე გაგა დოლაბერიძე და სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი ონისე გოცირიძე წყალტუბოს სასამართლომ 2008 წლის 23 ივნისს დაუსწრებლად გაასამართლა და სამივეს 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი პოლიციელები მოგვიანებით დააკავეს - ღაჭავა და გოცირიძე 2009 წლის 20 იანვარს, დოლაბერიძის დაკავება კი მხოლოდ აპრილში მოხერხდა.

დაუსწრებელი განაჩენის გასაჩივრებისათვის მსჯავრდებულებმა და მათმა დამცველებმა ჯიმშერ ბახტაძემ, ამირან შვანგირაძემ და მიხეილ ნემსაძემ საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. სარჩელში ისინი გამართლებას ითხოვდნენ. ბრალი კი სამი პირის, მათ შორის - ერთი არასრულწლოვნის, უკანონო დაკავებისა და ჩვენების მიღების მიზნით მათ წამებაში დაედოთ.

2006 წელს წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ვინმე დავით მამაგულაშვილს სახლიდან ელექტროშემდუღებელი აპარატი მოჰპარეს, რაც დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა, ადგილზე მოსულ კანონდამცველებს სავარაუდო დამნაშავედ არასრულწლოვანი დავით ჟორჟოლიანი დაუსახელა.

დავითი და მისი ძმა გურამი პოლიციის განყოფილებაში იმავე დღის 10 საათზე გადაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში მათი მამა შალვა ჟორჟოლიანიც მოიყვანეს, შემდეგ კი როგორც არაერთხელ  მომხდარა,  დაიწყეს ცალ-ცალკე  ოთახებში მოთავსებული ეჭვმიტანილების „დამუშავება“, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, პოლიციელებს ასეთი ოპერატიული მუშაობის დროს ჟორჟოლიანების დაკავების შესახებ ოქმის შედგენა „დაავიწყდათ“, რის გამოც ამ დაკავებამ „უკანონო დაკავების“ კვალიფიკაცია მიიღო.

რაც შეეხება წამებას - როგორც ქუთაისის პროკურატურის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, წყალტუბოელი პოლიციელები მამაგულაშვილის „სვარკის“ აპარატის ძარცვის ფაქტის აღიარების მიზნით დაკავებულებს აწამებდნენ. კერძოდ, პოლიციის უფროსი ბადრი ღაჭავა ჟორჟოლიანს თავისი პისტოლეტით მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი სამივე პოლიციელმა ის სცემა, რის შედეგადაც შალვა ჟორჟოლიანმა გონება დაკარგა. პარალელურად კი, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, პოლიციელები ცალ-ცალკე ოთახებში მოთავსებულ ძმებთანაც „მუშაობდნენ“. არასრულწლოვან დავით ჟორჟოლიანს ჯიბეში ქაღალდში გახვეული ნივთიერება, სავარაუდოდ,  „პლანიც“ ჩაუდეს, თან უთხრეს: „რასაც შენს ჯიებში ვიპოვით, იმისთვის მაინც დაგიჭერთო.“

პოლიციის შენობასთან ჟორჟოლიანების გულშემატკივრები შეგროვდნენ. დაკავებიდან 6 საათის შემდეგ პოლიციამ მამა და შვილები გამოუშვა. თუმცა უფროსს - შალვა ჟორჟოლიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ის „სასწრაფოს“ მანქანით საავადმ-ყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაჟეჟილობები დაუდგინდა. შალვა ჟორჟოლიანს ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმ-ყოფოში სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. შვილების მდგომარეობა ასეთი რთული არ ყოფილა.

მათ წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას პოლიციელები უარყოფენ, თუმცა ონისე გოცირიძე თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ უფროსმა ჟორჟოლიანმა პოლიციელების მისამართით შეიგინა, რის გამოც „მუნდირის ღირსების“ დამცველმა მას     „კაცურად სცეცხლა.“

გაგა დოლაბერიძე კი იმ ფაქტს ადასტურებს, რომ შალვა ჟორჟოლიანს, როცა ის იჯდა და თავი დახრილი ჰქონდა, გაშლილი ხელი სახეში მართლაც შემოარტყა, თუმცა ისე, რომ მისთვის ტკივილი არ მიუყენებია, შემდეგ სახეში წყალიც შეასხა.

პოლიციის ექსშეფი ბადრი ღაჭავა კი მათ მიერ რაიმე უკანონო საქციელის ჩადენას საერთოდ უარყოფს და ჟორჟოლიანების მხრიდან მის წინააღმდეგ არსებულ პირად დაინტერესებაზე მიუთითებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულებისა და მათი დამცველების მოთხოვნა გამართლების შესახებ არ დააკმაყოფილა, თუმცა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულები პოლიციელების მაინცდამაინც მკაცრად დასჯას არ მოითხოვდნენ, ამიტომაც მსჯავრდებულებს სასჯელი 2-2 წლით შეუმსუბუქეს. საბოლოოდ, მათ სასჯელის ვადად 11-11 წელი განესაზღვრათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟორჟოლიანებს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად არც მატერიალური კომპენსაცია მოუთხოვიათ, რისი უფლებაც კანონით მათ ჰქონდათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია