დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტური „აზრი“
2009/07/06 05:52:20

„ეს არ არის რიგითი ყვითელი პრესა, აქ არის ჟურნალისტიკის აბსოლუტურად ყველა ჟანრი“, - ამ განაცხადით დაიწყეს 29 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა საკუთარი გაზეთის პრეზენტაცია. უკვე მეორე წელია, რაც „აზრი“  უნივერსიტეტში გამოდის და წელს ის უნივერსიტეტმა უშუალოდ რექტორის, გიორგი ონიანის ინიციატივით  დააფინანსა.

ასისტენტ-პროფესორის ნათია ჯიქიას ხელმძღვანელობით, გაზეთზე მხოლოდ მესამე კურსის სტუდენტები მუშაობდნენ და მასში ჟურნალისტიკის თითქმის ყველა ჟანრში დაწერილი სტატიაა თავმოყრილი: ინტერვიუ, რეპორტაჟი, ნარკვევი, ფელეტონი, ჩანახატი... როგორც თავად აღნიშნეს, „ჟურნალისტური მოღვაწეობა“ ძალიან საინტერესო ყოფილა  და სერიოზული პრაქტიკაც მიიღეს.

„ეს არის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომ საგანი „გაზეთი“ არა მარტო თეორიულად, პრაქტიკულადაც შესწავლილიყო. წელიწადში ერთი გაზეთი ერთ კურსს გამოეცა. სრული სასწავლო დატვირთვით, სარედაქციო მუშაობით სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება შეეძინათ. ეს მოხერხდა უშუალოდ გიორგი ონიანის ჩარევით და მხარდაჭერით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი არიან ძალიან მომზადებულნი, რაც მთავარია, მათ უკვე აქვთ უნარი, გამოცდილება და, ალბათ, მომავალში პროფესიული ჟურნალისტიკის წარმომადგენლებიც იქნებიან. ეს ერთ-ერთი გაზეთია საქართველოს რეალობაში, რომელსაც ცენზორი არ ჰყოლია. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, დამოუკიდებელი სტუდენტური გაზეთი“, - აღნიშნა ნათია ჯიქიამ.

ერთი წლის განმავლობაში გაზეთმა ცვლილებებიც განიცადა. კერძოდ, ახალ ნომერში შეცვლილია როგორც გვერდების რაოდენობა, ასევე თემებიც. სტუდენტების თქმით, გაზეთზე მუშაობისას სირთულეები არ შეხვედრიათ, უბრალოდ, მარტში დაწყებული მუშაობის შედეგის გამოქვეყნება, უსახსრობის გამო, მხოლოდ ახლა შეძლეს. „მე, პირადად, მასალები მაქვს ბიზნესმენ ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილზე. არის ერთი სტატიაც ქუთაისზე, ასევე მაქვს რეპორტაჟი პერევიდან. ვიყავი პერევში, ოკუპირებულ ტერტორიაზე და მინდა გითხრათ, რომ ჟურნალისტისთვის ასეთ ტერიტორიაზე მისვლა არის საოცარი ადრენალინი“, - გვითხრა ლიკა ზამბახიძემ.

გაზეთის პრეზენტაციიდან ცოტა ხნის შემდეგ, ჟურნალი „ჩვენი გზაც“ გამოვიდა. ისიც ყოველწლიურია და მასზეც მხოლოდ მესამე კურსის სტუდენტები მუშაობენ. „ჩვენ არ ვაკეთებთ სკანდალურ მასალებს, ვაკეთებთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის“, - ეს ჟურნალის ორიენტირია, რომელშიც, უმეტესად, კულტურულ სიახლეებს შეხვდებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში არსებობს ჟურნალისტიკის ისეთი ფაკულტეტი, რომელსაც არც ისე დიდი ასაკი აქვს, მაგრამ ათეულ წელზე მეტია არსებობს და უკვე გააჩნია საკუთარი გაზეთი და ჟურნალი. მე აქ მინახავს სატელევიზიო ალმანახებიც. ცოცხლობს ფაკულტეტი და ძალიან კარგია, მითუმეტეს, რომ ბევრი ნიჭიერი თაობა მოდის. სხვათაშორის „PყSყ“ იყო ის გაზეთი, სადაც ჩემი პირველი ნაწერები იბეჭდებოდა. კარგია, რომ ახლა აზრიც არის და გაზეთი „აზრიც“ არსებობს, სადაც შეგიძლია დაბეჭდო შენი აზრი“, - განაცხადა ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია