საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ტროლეიბუსების“ ქონება ჯართად აქციეს!
2009/07/06 05:12:15

ბოლო გაჩერება - 25 ივლისი

 

ქუთაისის თვითმმართველობამ ქალაქში ყველაზე იაფი - 20 თეთრიანი ტრანსპორტი - ტროლეიბუსი ჯართად აქცია. ტროლეიბუსები, ტროლეიბუსების სამმართველო, გარაჟები, 5 ქვესადგური, ტროლეიბუსების ხაზები და მთელი უძრავ-მოძრავი ქონება საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ამ ყველაფრის საწყის ფასად კი 461694 ლარი დაასახელა. სპეციალისტების გათვლით, ეს თანხა მეტისმეტად მიზერულია. აუქციონი 25 ივლისისთვის დაინიშნა.

ქუთაისში პირველი ტროლეიბუსი 1949 წელს ამუშავდა. საკრებულოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ქალაქი ამ 60 წლოვან ტრანსპორტს ემშვიდობება. 

ტროლეიბუსებს  ტრანსპორტის და ეკონომიკური განვითარების სამსახურებმა წამგებიანობა დაუწუნეს, თუმცა საწინააღმდეგოს ამბობენ ტროლეიბუსების „დეპოში“.

არც მძღოლებმა და არც მგზავრებმა, ტროლეიბუსების აუქციონზე გატანის შესახებ არაფერი იცოდნენ.

აუქციონის დეტალების შესახებ ეკონომიკური განვითარების სამსახურში მოვიკითხეთ, მაგრამ კომენტარის ნაცვლად ენციკლოპედია „ქუთაისი“ მოგვაწოდეს, ამ გამოცემაში კი აღნიშნულია, რომ ლოტი ?1 ეს არის საკონტაქტო ხაზი- 65 „რულონი“ 4061კგ, დამონტაჟებული ტროლეიბუსის საკონტაქტო ხაზი  41036   მ, ნარჩენი სამაგრი ნაწილები 1790 მ, ორი სპეცავტომობილი, ფერადი ლითონის (სპილენძი) ჯართი 1, 4 ტონა.

აუქციონის პირობებში აღნიშნულია, რომ მყიდველმა საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს დამონტაჟებული ტროლეიბუსის საკონტაქტო ხაზის დემონტაჟი, ხოლო „ბეს“ რაოდენობა შეადგენს არანაკლებს საწყისი საპრივატიზებო ფასის 10%-სა.

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი ტროლეიბუსების გასაცოდავებულ მდგომარეობაზე გვიყვება: „ეს არის ყოვლადწამგებიანი ტრანსპორტი მთელს მსოფლიოში, თუ დარჩებოდა ტროლეიბუსი, უნდა ყოფილიყო სახელმწიფო დოტაციაზე, რისი საშუალებაც ჩვენს ქალაქს არ გააჩნია. ბიუჯეტს იმის თანხა ნამდვილად არ აქვს, რომ წამგებიანი ტრანსპორტი შეინახოს. მან თავის თავი ვერ არჩინა, როცა სამეურნეო ანგარიშზე გადაიყვანეს. ტროლეიბუსები დაძველდა, ახალი ვერ შემოიყვანეს, ტროლეიბუსების სამმართველო იმდენ ვალებშია ჩაფლული, ცალკე - ბიუჯეტის, ცალკე - დენის და წყლის დავალიანებაში“

განსხვავებული არგუმენტები აქვს ტროლეიბუსების დეპოს  უფროსს ვლადიმერ ჩხეიძეს. მისი თქმით, ტროლეიბუსის მუშაობა წამგებიანი არ იქნება არანაირად, თუ ნორმალური ხაზი ექნება ტროლეიბუსს, „მაგალითად ?7 ტროლეიბუსზე შემოსავალი არის 50 ლარი და ხარჯი არის 35 ლარამდე, ხანდახან ამდენიც არაა. ამხელა ტრანსპორტი 35 ლარად დადის და სხვა დიდ ავტობუსებს დღეში 130 ლარის საწვავი არ ყოფნით, რომელიც ქვეყნის გარედან უნდა შემოიტანო და ვალუტა სჭირდება“. ის ამბობს, რომ ნორმალურ ხაზზე ყოველთვის არის მგზავრთა ნაკადი, მაგალითად, ნიკეადან ავტოქარხანაში რომ მიდიოდეს ტროლეიბუსი, მგზავრები კი ეყოლებოდათ, მაგრამ ტროლეიბუსის „დეპოში“ თუ მობრუნდება, მას არც არავინ წამოჰყვება.

ტრეოლეიბუსების აუქციონზე გასვლით არამარტო მგზავრები დაზარალდებიან, არამედ ქუთაისელ უმუშევართა რაოდენობა კიდევ 30-ით გაიზრდება.მათ უკან კი ოჯახები დგანან...

„დეპოს“ უფროსი არ გამორიცხავს, რომ ტროლიბუსების გაუქმებამ, შესაძლოა, ავტობუსით მგზავრობის ფასის გაზრდაც გამოიწვიოს.

ქალაქ ქუთაისის მერის „1003 ბრძანებაში“ მგზავრების და მძღოლების ინტერესები არსად იკითხება. სამაგიეროდ, გაკვირვება და დაბნეულობა ტროლეიბუსების ჯართად ქცევის გამო მგზავრებმა ჩვენთან გამოხატეს, ეს ამბავიც პირველად ჩვენგან გაიგეს და ყველა მათგანი ტროლეიბუსების აუცილებლობაზე გვესაუბრა. 

იონა ხარაბაძე: „ტროლეიბუსით ხშირად ვმგზავრობთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ იაფია და ყოველთვის 40 თეთრი არავის აქვს გადასახდელად. თან, მალ-მალე დადის და 20 ნომრის ცდაც აღარ გვიწევს“.

მადლენა მხეიძე: „ხშირად ვმგზავრობ ტროლეიბუსით,  ეს უფრო მოსახერხებელია, თან, ისე შეჭუჭყულიც არ ხარ, როგორც -  მარშრუტში. გაუგებარია, რატომ უნდა გაიყიდოს ჯართში ქალაქის ეს ქონება?“

 ავთანდილ ასათიანი: „ამ საყოველთაო კრიზისის დროს იაფი ტრანსპორტის გაუქმება ყოვლად მიუღებელი და უსაფუძვლოა, ცუდი გადაწყვეტილებაა.“

ამ პროტესტს „?7 ტროლეიბუსის სხვა მგზავრებიც შეუერთდნენ. ტროლეიბუსების პრივატიზებით უკმაყოფილება მძღოლებმა თედო ჭედილაშვილმა და ამირან მეფარიშვილმაც გამოთქვეს. მათი თქმით, მგზავრები ყოველთვის ჰყავთ.

... ქუთაისში მოქმედი  ერთადერთი ?7 ტროლეიბუსის ბოლო გაჩერება, ჯერჯერობით, ახალგაზრდობის პარკია, თუმცა უკანასკნელი გაჩერება 25 ივლისი იქნება, ტროლეიბუსების 60-წლიანი ქუთაისური მატიანის დასასრული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია