დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხუთი წლის ბავშვი ქუჩაში გამოაგდეს!
2009/07/06 05:08:51

გასულ კვირას ქუთაისში, ბერძენაძის ქუჩა ?71-ში, ხმაურიანი გამოსახლება მოხდა. მცირეწლოვანი დ. ქუჩაში დარჩა. ბავშვი ახლა მის დაკეტილ სახლს ყოველდღე წრეებს ურტყამს, ღამეს კი მეზობელთან ათევს. დედამისი, მარინა დავითულიანი ჰყვება, რომ პოლიციისა და მამისგან ჩადენილი ძალადობის შემდეგ, როცა დ. დედას გამოგლიჯეს, ბავშვს მამისა და პოლიციის შიში ერთდროულად დასჩემდა.

მერიის არასრულწლოვნების საქმეთა განყოფილების უფროსი, მაგული გიორგაძე და მარინა დავითულიანის ადვოკატი ირმა ბანძელაძე აღნიშნავენ, რომ ხუთი წლის ბავშვი კანონდარღვევით გამოსახლდა და მცირეწლოვანის ქუჩაში დატოვებას ბავშვთა უფლებების კონვენციის I ნაწილის მე-3, მე-16 მუხლები კატეგორიულად კრძალავს. მასში აღნიშნულია, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები.

დ.-ს მშობლები გასული წლის ოქტომბერში განქორწინდნენ. ამჟამად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ქონების გაყოფაზე მიმდინარეობს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, მამამ, ზურაბ ჯინჯიხაძემ, პოლიციის პირველ განყოფილებას  მიმართა, რათა მის ფართში უკანონოდ მცხოვრები დედა-შვილი გამოესახლებინათ.

ამასობაში შსს ქუთაისის სამმართველოს უფროსს, ბადრი დვალიშვილს, ქუთაისის მერის პირველი მოადგილის დავით გორდელაძის წერილიც მიუვიდა (19.06.2009). მასში მერის პირველი მოადგილე პოლიციას სთხოვს, დედა-შვილის ბინიდან გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს. იმავე თხოვნით პოლიციის უფროსს მაგული გიორგაძემაც დაურეკა და გამოსახლების შეჩერებაზე თანხმობა მიიღო.

ამ თხოვნების მიუხედავად, პოლიციელებმა მაინც კატეგორიულად გადაწყვიტეს გამოსახლება. გამოსახლების შემდეგ მარინა დავითულიანს სხეულზე ძალადობის ნიშნები - დალილავებული ადგილები აშკარად ეტყობა. ამის დასაფიქსირებლად მან პროკურატურასაც კი მიმართა, მაგრამ უთხრეს, რომ უფასო ექსპერტიზის პროცედურას იმდენად დიდი დრო უნდოდა, აზრიც კი ეკარგებოდა მის ჩატარებას.

გამოსახლებისა და მისი წინაისტორიის განსხვავებული ვერსიებიც მოვისმინეთ.

მარინე დავითულიანი, ზურაბ ჯინჯიხაძის ყოფილი მეუღლე: „განქორწინების დროს ყოფილმა მეუღლემ მითხრა, რომ ბავშვს რამეს ვუყიდი, თავშესაფარი ჰქონდესო. მის სიტყვას დავუჯერე და წელიწადი ველოდები ბინის ყიდვას. სიტყვაზე ვენდე, მერე იფიქრა, სახლიდან პოლიციის ძალით გავაგდებო. საბოლოოდ სახლიდან ჭიდაობით და ფხოკიალით გამაგდეს. პირველად გამოსახლება ბავშვის ავადმყოფობის გამო გადაიდო. ბავშვს ნერვული პრობლემები აქვს. პოლიციაში განცხადებაც კი შევიტანე, თავშესაფარი არ მაქვს და გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩერე-მეთქი. მეორედ ჩემმა ადვოკატმა დაუმტკიცა პოლიციას, რომ მცირეწლოვანი ბავშვის ქუჩაში დატოვება  არ შეიძლებოდა. რამდენიმე დღეში მესამედ მოვიდნენ, ვითომ ოთხ დღეში ხუთი წლის ბავშვი შვიდი წლის გახდებოდა,“ - ჰყვება მარინე დავითულიანი.

 ის იხსენებს, რომ  პოლიციელებმა პირდაპირ საკეტების გამოცვლა დაიწყეს, ბავშვი ხელიდან გამოგლიჯეს და ფხოკიალით გამოათრიეს სახლიდან. პატარა კი ამ დროს საშინლად ტიროდა.

ამ მომენტს არასრულწლოვანთა უფლებების დამცველი მაგული გიორგაძეც დაესწრო: „მე, როგორც დედამ და ბებიამ, ისეთ საცოდაობას ვუყურე, მსგავსი არ მინახავს. ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი. დედას კალთაში ხუთი წლის ბავშვი ეჯდა და სამმა პოლიციელმა ისტერიკებით გამოგლიჯა ხელიდან. დაახლოებით ისეთი მომენტი იყო, ადრე თურქები რომ აგლეჯდნენ დედას კალთიდან ბავშვებს. უცნაურია, მაშინვე ყველა ტელევიზიას დავურეკე,  ეს ყველაფერი რომ გადაეღოთ, მაგრამ არც ერთი არ მოვიდა და მითხრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა თუ არ გვექნა, ისე ვერ მოვალთო“.

მაგული გიორგაძე ჰყვება, რომ გამოსახლებამდე მან ყოფილი მეუღლეების შეთანხმება სცადა, რისი დაოქმებაც გადაწყვიტეს. მისი თქმით, ზურაბ ჯინჯიხაძე თანახმა იყო, ერთოთახიანი ბინა - ლოჯიით - ყოფილი მეუღლისთვის ეყიდა. ყოფილმა ცოლ-ქმარმა ოქმს ხელი ნებაყოფლობით მოაწერა. შეთანხმებაში ერთადერთი დათქმა იყო, რომ ბინას მხოლოდ ავანგარდში არ იყიდდნენ. „მესამე პირმა, რომელიც ზურაბისა და მარინას თანაკლასელი იყო, ეს სიტუაცია შეკითხვებით ერთგვარად გაართულა. ავტოქარხანაში თუ წახვალ, აქ თუ წახვალ, ასეთ კითხვებს სვამდა - ამის შემდეგ ბიჭმა ხელმოწერა გააუქმა, პოლიციასაც მეტი რა უნდოდა. მარინას ნივთები ეზოში და აივანზე გამოყარეს. პოლიციამ უკიდურესად მწვავედ დაარღვია ბავშვის უფლებები. ეს კი მოხდა ვანო მერაბიშვილის ?747 ბრძანებით - ეს არის მიკერძოებული, აბსურდული და ერთპიროვნული ბრძანება, რომელიც არ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ისე ასახლებს ხუთი წლის ბავშვს სახლიდან.“

გაზეთი „PყSყ“ მესამე პირად მოხსენიებულ ნინო არჩვაძესაც დაუკავშირდა. მან გვიამბო, რომ მარინა დავითულიანის თხოვნით მივიდა მასთან: „ჩემს ხელმოწერამდე ოქმზე  ხელი მარინასა და ზურაბს მოწერილი ჰქონდათ. შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ ბინა მარტო ავანგარდში არ უნდა ეყიდათ, მერე ავტოქარხანაც ახსენეს და შემდეგ  მარინას მივუბრუნდი - რახან მისი თხოვნით ვიყავი მისული, ვკითხე, ხელი მოვაწერო-თქო, მან მითხრა, არაო და აღარ მომიწერია.“

შეთანხმება ვერ შედგა, ამაში კი ზურაბ ჯინჯიხაძე ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს. მისი თქმით, მარინე დავითულიანი ამ სიტუაციაში აშკარად ბავშვს იყენებს და მისით მანიპულირებს. ის აღნიშნავს, რომ გამოსახლების მომენტში ბავშვი დედას მან გამოგლიჯა, ამას კი მოძალებულ ემოციას აბრალებს და იმასაც, რომ წელიწადზე მეტ ხანს უშედეგოდ ელოდა დედა-შვილისგან სახლის დატოვებას.

?747 ბრძანებაში (მიმღები შსს, ხელმომწერი ვანო მერაბიშვილი) - „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ - ცალსახად წერია, რომ გამოსახლებისას პოლიციის მხრიდან დაუშვებელია არასრულწლოვანზე ძალადობა. ამიტომაც ამ მისიის აღსრულება მეტწილად მამამ საკუთარ თავზე აიღო. თუმცა თვითმხილველები ბავშვის მიმართ პოლიციელთა ძალადობაზეც საუბრობენ.

რატომ გადაამეტა საკუთარ უფლებებს პოლიციამ, რატომ არ გაითვალისწინა რამდენიმეგზის თხოვნა გამოსახლების გადავადების თაობაზე,  ამის გასარკვევად შსს ქუთაისის სამმართველოს უფროსს ბადრი დვალიშვილს დავუკავშირდით. პასუხი მოსალოდნელი და ტრადიციული იყო: „პრესცენტრს დაურეკეთ“.

გამოსახლების ამ ისტორიის შემდეგ მორალის და სამართლის წინაშე ზურაბ ჯინჯიხაძემ საკუთარი არგუმენტები  გაგვაცნო: „მორალი გამოსახლების დღიდან  არ იწყება. გამოსახლებაც ერთ დღეში არ მომხდარა, ოქტომბერში განვქორწინდით. სხვადასხვა დროს ჩემგან იყო შეთავაზება, რომ ბინას ვუყიდიდი, მაგრამ თანხმობა არცერთხელ არ მიმიღია. საბოლოოდ ხომ რაღაცას წერტილი უნდა დაესვას, მეც მთელი ცხოვრება ხომ ქუჩაში არ ვიცხოვრებ. ჩემს სახლში წელიწადი და სამი თვეა, აღარ ვცხოვრობ, იქედან კონფლიქტის დროს წამოვედი. ყოფილი მეუღლე მეუბნებოდა, რომ ბალახვანში რაღაც სახლი მეყიდა, მაგრამ მე ამის საშუალება არ მქონდა.. გამოსახლების დღესაც მე ვაჩერებდი ამ პროცედურას, თუ ერთოთახიან ბინაში გადავიდოდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ავანგარდი არ უნდოდა, არც - ავტოქარხანა. მერე გაირკვა, რომ, თურმე, ჩემთან ერთად უნდა ევლო და აერჩია ბინა.“

ზურაბ ჯინჯიხაძის აზრით, მისმა შვილმა სადღაც, ქუჩაში რომ არ იცხოვროს, გამოსავალი ისაა, რომ ბებიის ბინაში, მისი ყოფილი მეუღლის დედის ბინაში გადავიდნენ. მისი თქმით, მშობლების ქონების მემკვიდრე თანაბრად არის მარინა დავითულიანიც და მისი ძმაც.

„დედა დაჯდა და ჩაიჯინა ბავშვი, იცოდა, რომ პოლიციისგან ძალადობა არ შეიძლებოდა. მე გავაშვებინე ბავშვს დედაზე ხელი და პოლიციამ ამის მერე გამოიყენა ძალა და დედა გაიყვანა. წავიდეს დედამისის ბინაში! ის იტყუება, როცა ამბობს, რომ ბინა დაკეტილია დედის გარადაცვალების შემდეგ და მისი გასაღები საზღვარგარეთ მყოფ ძმას აქვს“.

სასამართლო გადაწყვეტილებამდე მარინა დავითულიანსა და მცირეწლოვან შვილს სხვათა ხიზნობის განაჩენი აქვთ გამოტანილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია