დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის შეიძლება მხოლოდ 2 წელი მიუსაჯონ
2009/07/02 08:26:22

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველ ივნისს, ქუთაისში მესხის ქუჩაზე გამაოგნებელი ფაქტი მოხდა: ამავე ქუჩის მეორე შესახვევში მცხოვრები 53 წლის ჯემალ ნემსაძე (მეტსახელად მუდუ) მეზობლებმა 15 წლის ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონას - ნინო ა. (სახელი ყველგან შეცვლილია) გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. იმავე დღეს პოლიციამ ნემსაძე დააკავა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გოგონას მეზობელი, მანანა კუჭუხიძე იმ დღეს ასე ისხენებს: „მეზობელმა  მითხრა, გადმოდი, ნინოს თავს ცუდი ამბავიაო. ნინოს მეტყველება უჭირს, მე მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, მის ლაპარაკს ყველაფერს ვიგებ და ამიტომ მეძახდნენ მეზობლები. ჩვენმა მეზობელმა, ქეთო კერვალიშვილმა დაინახა, როგორ შეიყვანა ბავშვი ჯემალმა სახლში და კარი გადაკეტა. ქეთომ მეზობლებს დაუძახა, მოვიყარეთ თავი, ერთი ეზოშიც შევიდა, მის ცოლს დაუძახა. ჯემალმა ზევიდან გადმოხედა ამ მეზობელს და უთხრა, სახლში არ არისო. მეზობლების ერთი ნაწილი წინა შესასვლელთან ვიდექით, სახლს მეორე გამოსასვლელიც აქვს, ცოტა ხანში ჯემალი წინა ჩამოსასვლელიდან გამოვიდა, გოგონა კი მეორე, უკანა კარიდან გამოუშვა, ის მეზობელი, რომელმაც დაინახა, როგორ შეიყვანა, უკან ელოდებოდა და მანვე დაინახა გოგონა, როგორ გამოვიდა უკანა კარიდან, ნინოს ხელში სამი ოცთეთრიანი ეჭირა. რომ ჰკითხეს, ვინ მოგცაო, ნიკას მამამო (ნიკა ჯემალ ნემსაძის შვილს ჰქვია). მეზობლებმა ჰკითხეს, ხომ არ მოგეფერაო, გოგონა აიწურა და თქვა, კიო. გეტკინაო? და ისევ - კიო - თქვა. ისეთი თავზარდამცემი იყო ეს ყველაფერი, რომ მეტის კითხვა იმ  წუთში ვერც გავბედეთ. დედამისი მოვიდა და ეს ფაქტი ძალიან მსუბუქ ფორმებში ავუღწერეთ.“

ნარგიზა ა. (დედა): „მეზობლის ბიჭები იძახოდნენ, მოვკლავთო, მაგრამ სხვისთვის ცოდვა რატომ უნდა ამეკიდებინა? ამიტომ ვამჯობინე პატრულის გამოძახება. პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ძალიან კარგად იმუშავეს.“

დაიწყო გამოძიება, თუმცა, ორი დღის შემდეგ გოგონას დედა პროკურატურაში გამოიძახეს და უთხრეს, რომ მოპოვებული მტკიცებულება ბრალის წასაყენებლად საკმარისი არ იყო და შეიძლებოდა ჯემალ ნემსაძე გაეთავისუფლებინათ. მესხის ქუჩის მცხოვრებლებმა პროკურატურის წინ აქცია გამართეს და მხოლოდ ამის შემდეგ წაუყენეს ნემსაძეს ბრალი გარყვნილი ქმედებისთვის, რაც მაქსიმუმ ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ამ კუთხით ნინოს დიაგნოზმა წაიყვანა, ის ექიმებმა ღრმა გონებრივ ჩამორჩენილთა კატეგორიას მიაკუთვნეს. თან, რაკი გოგონას მეტ-ყველება უჭირს, მისი ჩვენება ნაკლებად გასაგები იყო. ნინოს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს, მის მეტყველებას მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები იგებენ. დედისა და დის გარდა ერთ-ერთი ასეთი ადამიანი მისი მეზობელი მანანა კუჭუხიძეა. იგი ამტკიცებს, რომ გოგონას აზროვნება მშვენივრად შეუძლია, პრობლემა მარტო მეტყველებაა.

„იგი დეტალურად მომიყვა, რა მოხდა. მამა რამდენიმე წელია გარდაცვლილი ჰყავს და უპატიოსნესი დედა ზრდის. ასე დეტალურად ვერც ტელევიზიაში ნახავდა, რადგან ასეთ რამეებს კონკრეტულად და დეტალურად არც ტელევიზიაში აჩვენებენ. მოყვა საშინელებები, თუ როგორ დაამყარა კაცმა გაუკუღმართებული ფორმით მასთან სქესობრივი კავშირი.“

ექსპერტიზის დასკვნით, ნინოს საქალწულე აპკი დარღვეული არ არის.

ნათია ხელაია: „მარტო საქალწულე აპკი ხომ არ არის... ნინო დაწვრილებით ჰვყება, როგორ დააწევინა კაცმა თავი და საერთოდ - სად შეინახა შემდეგ პირსახოცი, რომლითაც პირი მოწმინდა, რომელი შარვალი ეცვა, რა იდო ოთახში და ა.შ.

ჩვენი ინფორმაციით, ჯემალ ნემსაძე გაუპატიურების ფაქტს არ აღიარებს. მეზობლები ირწმუნებიან, რომ ის ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იყო და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადრე რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა, დღეს ეს „დაკავებები“ მის პირად საქმეში არ ჩანს. ამბობენ, რომ მან პოლიციას თავი ყოველთვის დააღწია. ამიტომ მეზობლებს ჰგონიათ, რომ ნემსაძე ამჯერადაც ცდილობს თავის დაღწევას და უნდა, საქმე ჩაფარცხოს.

ნინო ა-ს ადვოკატს ფიქრია ცერცვაძეს დიდი იმედი აქვს, რომ ექსპერტიზისა და დეენემის ანალიზის პასუხის შემდეგ, რომელიც ერთი თვის შემდეგ იქნება, ჯემალ ნემსაძეს არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლს წაუყენებენ და მას მინიმუმ 9 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან. თუმცა, რამდენად იზეიმებს სამართალი, ეს მაინც თანხებთანაა დაკავშირებული. ნინო ა-ს ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვს მიეკუთვნება. დედა ბაზრობაზე ვაჭრობს. მეზობლები ოჯახს ჰპირდებიან, რომ ყველა ფინანსურ საკითხს ისინი მოაგვარებენ და ამ საქმეს ასე არ დატოვებენ. „მეზობლემა ავუყვანეთ ადვოკატი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაუსჯელი არ დარჩეს ადამიანი, რომელმაც ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მოგვაყენა. მისი მეუღლე კიდევ აქეთ იმუქრება და გვეჩემება მეზობლებს: „ჯემალი უდანაშაულოა, არსადაც არ წავალთო. ჩვენ ასეთ რამეს არ დავუშვებთ,“ - ამბობენ მეზობლები.

გაზეთ „P.S.“-ს სურდა, ჯემალ ნემსაძის მხარესაც დაკავშირებოდა. თუმცა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომ ის ნემსაძის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იყო და ამჯერად მის ინტერესებს აღარ იცავდა, ამიტომაც ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა.

მესხის ქუჩაზე მცხოვრებლებმა, ნემსაძე დაუსჯელი რომ არ დარჩეს, განცხადებით სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებსაც მიმართეს: პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქის მერიას.

მერიის არასრულწლოვანების საქმეთა განყოფილების უფროსი მაგული გიორგაძე საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერთო. ქალბატონი მაგული გადაჭრით ამბობს, რომ ნემსაძე ეჭვმიტანილი კი არა, გაუპატიურებაში ბრალდებული უნდა იყოს, რადგან საეჭვო არაფერია, ამას ერთ თვეში ექსპერტიზის პასუხი დაადასტურებს.

მაგული გიორგაძე: „ასეთი ფაქტები არ უნდა იყოს ტაბუდადებული, უნდა გამოვამზეუროთ, განგაშის ზარები შემოვკრათ და სამაგალითოდ დავსაჯოთ ბოროტმოქმედი, რომ სხვამ ვეღარ გაიმეოროს.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია