დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხანძრები და ეჭვები
2009/07/02 08:24:47

ქუთაისში აგიზგიზებული ხანძრების ქრონოლოგიას 24 ივნისს, გამთენიისას, ქალაქის პოლიციის სამმართველოს ყოფილ  შენობაში გაჩენილი ხანძარიც შეემატა. 23 ივნისს კი კიდევ ორი ხანძარი დაფიქსირდა - ჯავახიშვილის ქუჩაზე და ნიკეას დასახლებაში.

ქუთაისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა ჭაბუკ გრძელიშვილმა „P.S.“-თან საუბრისას თქვა: „4 საათსა და 6 წუთზე შემოვიდა შეტ-ყობინება საოპერატოროში. სახანძრო რაზმები დაუყოვნებლივ გამოვიდნენ. ხანძრის ლოკალიზებას საათი და 45 წუთი დასჭირდა. ხანძრის ლიკვიდაციაზე 7 ადგილობრივი რაზმი მუშაობდა, ხოლო რეგიონებიდან 6 რაზმი დაგვეხმარა. გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე დაუდგენელია, ამას გამოძიება დაადგენს. რა მდგომარეობაა შენობის შიგნით, არ ვიცით, რადგან თბილისიდან ბრძანებაა გაცემული, შენობაში არც პოლიციის თანამშრომლები და არც მეხანძრეები არ შევიდნენ. სავარაუდოდ, პოლიციას იქ ცეცხლსასროლი იარაღი და დოკუმენტები ჰქონდა შენახული.“

შენობის ფართი 1200 კვადრატული მეტრია. თავად შენობაში 29 სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო განთავსებული. ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მაშველებმა სარდაფული ნაწილის (სადაც კაფეტერია იყო) გადარჩენა მოახერხეს. სავარაუდოდ, ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც თითოეული ობიექტის ზარალს დაითვლის.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დენის ვარდნას, რომელიც 9 საათზე მოხდა, არ შეიძლებოდა, ღამის 3 საათზე ხანძარი გამოეწვია.

- გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ დაწვეს. ეს ობიექტი პრივატიზაციისთვის იყო გამზადებული. რამდენიმე დღის წინ ვიღაცებმა ჩამოიარეს და თქვეს, შენობა დაცალეთო. როგორც ჩანს, მაგათ რომ უნდოდათ, ისე არ გამოვიდა და დაწვეს. ხის შენობაა და ხანძარი მეორე და მესამე სართულებს შორის გაჩნდა. - ამ ინფორმაციის მომცემმა, შუახნის მამაკაცმა სახელი და გვარი შეგნებულად არ დაგვისახელა.

შენობის პირველ სართულზე, სტამბის, ქალთა სალონისა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის გვერდით, კაფე-ბარიც იყო. მფლობელი და დირექტორი ნატალია მჟავანაძე ამბობს:              „კაფე-ბარს რაც ჭირდებოდა, ყველაფერი გვქონდა: მაცივრები, გაზქურა, ჭურჭელი, ტელევიზორი და კომპიუტერი. გამომწვევი მიზეზი, არ ვიცი, რა არის, 4 საათი იყო დაწყებული, ხანძრის შესახებ რომ გავიგე. სახანძრო მანქანები რომ მოვიდნენ, ცეცხლი შენობაზე უკვე მთლიანად მოდებული იყო. რამდენადაც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც, ალბათ, გამომწვევ მიზეზებსაც დაადგენს.“

პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები, როგორც ყოველთვის, ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ და გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კი იმავე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი არ შეიძლებოდა ძაბვის ვარდნა ყოფილიყო. ისინი იმედოვნებენ, რომ შექმნილი კომისია, რომელიც ამ ფაქტს იკვლევს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დასკვნას გამოაქვეყნებს. თუმცა 23 ივნისს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურზე       „ქუთაისი 220“-ზე ორჯერ დაფიქსირდა ავარიული გათიშვა.

მიმდინარე წელს ქუთაისში 120-მდე ხანძარი დაფიქსირდა, მათ რიცხვში 24 ივნისს, დღის 3 საათზე, თავად სახანძროს ადმინისტრაციულ შენობაში გაჩენილი ხანძარიც შედის. ამ ფაქტის გამომწვევ ოფიციალურ მიზეზად სადენები სახელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2303
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია