დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მომავალი მესხიშვილელები“
2009/07/01 10:06:55

რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟას, და ქართული ხალხური პოეზიის სტრიქონებს 16 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე საბავშვო თეატრ-სტუდიის აღსაზრდელები აცოცხლებდნენ. ამ ბავშვებმა სცენის მტვერი გამოცდილი მსახიობის ანა კოხრეიძის ხელმძღვანელობით დადგმული სპექტაკლით - „მხოლოდ შენითაშეიგრძნეს. ეს მათთვის დებიუტი იყო.

ხუთი თვეა, რაც გიორგი სიხარულიძის ხელმძღვანელობით, ლადო მესხიშვილის თეატრის მცირე სცენასთან საბავშვო თეატრ-სტუდია არსებობს, სადაც ბავშვები, მცირე ასაკიდან, მსახიობის ოსტატობასა და მეტყველების კულტურას ეუფლებიან. სტუდიაში ჯერ მხოლოდ 24 ბავშვია. სულ პატარა მონაწილე ოთხი წლისაა, ყველაზე უფროსი  - თორმეტისა.  მიზანი ერთია: ქართული ლიტერატურა, კლასიკა, ხალხური პოეზია და, რაც მთავარია, თეატრი უნდა შეიყვარონ.

სპექტაკლის რეჟისურას თორნიკე მარჯანიშვილი უძღვება, მუსიკალურ მხარეს ნანა კიკვაძე ხელმძღვანელობს, სტუდიასთან თანამშრომლობს კომპოზიტორი რომან რცხილაძეც, მეტყველების კულტურას კი ბავშვებს თავად ანა კოხრეიძე შეასწავლის.

„მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი სიხარულიძეს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, რომ ჩვენს თეატრში გახსნილიყო მცირე სცენასთან არსებული საბავშვო თეატრ-სტუდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირველი პრეცედენტია. ბატონი გიორგი ამბობს, „მომავალი მესხიშვილელები უნდა გავზარდოო.  მან გამოგვიყო საუკეთესო  ოთახი,  ყველანაირი პირობა შეუქმნა ბავშვებს, რომ ემუშავათ. მოგეხსენებათ, როგორ გაედინება ქუთაისიდან ხალხი. ბავშვი, რომელიც აქ შემოვა და ამ კედლებს შეიყვარებს, არსად აღარ წავა. შეიძლება, ყველა მსახიობი არ გამოვიდეს, მაგრამ იმას თუ მოვახერხებთ, რომ მეტყველების კულტურას, მისი ქვეყნის, მისი თეატრის სიყვარულს ისწავლიან - ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - გვითხრა თეატრ-სტუდიის ხელმძღვანელმა ანა კოხრეიძემ.

სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვებიც და პედაგოგიც ძალიან ნერვიულობდნენ, თუმცა, რამდენიმეთვიანი შრომის შედეგი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პატარა მსახიობებმა  თავიანთი მეტყველებითა  და  პლასტიკით არაჩვეულებრივად შექმნეს სხვადასხვა კუთხის კოლორიტული სახეები და ქართველ კლასიკოსთა თუ ხალხური ნაწარმოების გმირები განასახიერეს.

„საათნახევრის განმავლობაში ჩვენ, ყველანი ერთად, მოწმე გავხდით იმ საოცრების, ბედნიერებისა და სიხარულისა, რისთვისაც ვცხოვრობთ, რისთვისაც ვარსებობთ და ვისთვისაც ვაკეთებთ ამ ყველაფერს. კოლოსალური შრომაა ჩადებული, საოცარი ენერგია მოდის, საოცარი ნიჭიერება და მე ბედნიერი ვარ, როგორც თეატრის ხელმძღვანელი, რომ ეს ბავშვები ჩვენთან არიან თეატრში. უღრმესი მადლობა ანა კოხრეიძეს, ბატონ თორნიკეს და ყველას. ბედნიერი ვარ, რომ ამ ქალაქს, იმერეთს და ჩვენს ქვეყანას ასეთი თაობა ეზრდება“, - აღნიშნა თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ.

თეატრ-სტუდიაში მალე ბავშვების მიღება დაიწყება. შერჩევის მთავარი მოთხოვნა მონაცემები და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ვიზუალური მხარე იქნება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია