საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უჩვეულო „ევოლუცია“
2009/07/01 10:05:40

15 ივნისს, ინვალიდთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ყრუ-მუნჯთა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სკოლის დირექტორის, ირინე აბდალაძისა და რეჟისორის, გიგა მიქაძის ერთობლივი პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით განხორციელდა.

 

სპექტაკლ „ევოლუციისთვის“ მზადება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი მთლიანად პლასტიკაშია გადაწყვეტილი, თუმცა, იყო პანტომიმის ელემენტებიც. მასში სამყაროს შექმნის და განვითარების ეტაპებია წარმოდგენილი - პირველი ადამიანები, პირველი ცოდვა, ტყუილი, სიყვარული... სამყაროს მუდმივი განვითარება და ყრუ-მუნჯთა პრობლემების მქონე ადამიანების ადგილი ამ სამყაროში - ასეთია სპექტაკლის იდეა. ბავშვებმა დავალებას თავი საკმაოდ კარგად გაართვეს.

„რამდენადაც საინტერესო იყო მათთან მუშაობა, იმდენად - რთულიც. უნარშეზღუდული ბავშვები არიან, არ ესმით, ვერ საუბრობენ და ძალიან რთულია ურთიერთობა, მაგრამ ჟესტების პედაგოგი იყო ჩემს გვერდით და მეხმარებოდა. შედეგით კმაყოფილი ვარ ძალიან, რადგან ბავშვებმა საკმაოდ კარგად იმუშავეს და ბოლომდეც დაიხარჯნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბავშვებს, დირექტორს, მთელს პედკოლექტივს, რომლებიც ყველანაირად გვერდით მიდგნენ, რომ გაგვეკეთებინა საქმე, თან კარგადაც გაგვეკეთებინა. ბავშვებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ სმენასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, არ ექმნებათ შეზღუდვები, არიან ძალიან გონიერები, გახსნილები, ნიჭიერები და გარე სამყაროსთან ურთიერთობა არ უჭირთ“, - განაცხადა რეჟისორმა გიგა მიქაძემ.

„ვფიქრობ, საზოგადოებრივი სტიგმაც უნდა მოიხსნას, იმიტომ, რომ ხედვა არის ინდივიდუალობაში და არა - ამ ბავშვებსა და მათ შეზღუდვებში. ამათ სმენის პრობლემების გამო არ ექმნებათ გარესამყაროსთან კომუნიკაციაში პრობლემები. აქტიურები არიან, გონიერები, კულტურასა და ხელოვნებასაც საკმაოდ კარგად იცნობენ“, - გვითხრა ყრუ-მუნჯთა სკოლის დირექტორმა ირინე აბდალაძემ.

სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის სხვადასხვა სკოლის დირექტორები და რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილიც ესწრებოდნენ.

„საუკეთესო შეფასება ის ოვაციებია, რაც სპექტაკლის შემდეგ იყო. ასეთი ტაში, მართლაც, პროფესიონალ მსახიობებს შეშურდებოდათ. ლაკონურად და სრულად იყო ყველაფერი თქმული, თან ისეთი ემოციებით თამაშობდნენ ეს ახალგაზრდები... „კარგად იმუშავეს“-მეთქი, ერთ მომენტში, სპექტაკლის დროსაც წამომცდა. მართლაც, სული და გულია ჩადებული შიგ,“ - აღნიშნა თორნიკე მარჯანიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია