დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრძოლა მრავალფეროვნებისთვის!
2009/07/01 09:49:34

ბორჯომ-ხარაგაულის პირველი ეროვნული ტყე-პარკი კავკასიაში ველური ბუნების მრავალფეროვნებისა და ხელუხლებელი ტყეების დაცვის მიზნით, ათეული წლის წინ შეიქმნა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ის ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, რომელსაც ეროვნული პარკის სახელწოდება უნდა მინიჭებოდა. 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, რომელმაც შექმნა იურიდიული საფუძველი დაცული ტერიტორიების დასაარსებლად. ამ კანონის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ეროვნული პარკი და აღკვეთილი შეიქმნა, რომლის დანიშნულებაა, დაიცვას ქვეყნის ღირსშესანიშნავი ბუნებრივი გარემო და ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, საქართველოში დაკანონდა საერთაშორისო კრიტერიუმებისა და ნორმების შესატყვისი დაცული ტერიტორიების კატეგორიები და მათი ჩამოყალიბების პროცედურა, რომელიც კონსერვაციის მსოფლიო კავშირის რეკომენდაციებს ემყარება.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი ხელუხლებელი ტყის, სუბ-ალპური და ალპური მდელოების 85 000 ჰექტარს მოიცავს. იგი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვის შესაბამისად შეიქმნა. პარკის ტერიტორია მთლიან ზეგავლენას ახდენს, როგორც საქართველოს კლიმატზე, ასევე მთლიანად კავკასიის რეგიონზე. ეროვნული პარკი ტურისტებს 9 ბილიკს სთავაზობს, რომლის მარშრუტების ხანგრძლივობა ერთი დღიდან ერთ კვირამდე და 800 მეტრის სიმაღლიდან 2 642 მეტრამდე მერყეობს.

გასულ წელს, აგვისტოს ომის დროს, რუსი სამხედროების მიერ რამდენიმე ადგილზე ერთდროულად ჩამოყრილი ბომბების შედეგად პარკის ტერიტორიაზე ცეცხლის კერები გაჩნდა. რა სახის ნივთიერება იყო გამოყენებული ხანძრის გასაჩენად, ეს დღემდე გაურკვეველი რჩება. როგორც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი თომა დეკანოიძე ამბობს: „ხანძარს პარკისთვის სერიოზული ზარალი არ მიუყენებია, რადგან დროულად მოხდა ლიკვიდაცია. თუმცა ხანძრის შედეგად საფრთხე ცხოველებსაც შეექმნათ. მოხდა მათი გადაადგილება, რის შედეგად 6 თვის მანძილზე პარკის ტერიტორიაზე ირმის კვალი არ გვინახავს. დღეს კი პარკში რამდენიმე ადგილზე ფოტოხაფანგები გვაქვს დაყენებული და, იმედია, გამჟღავნების შემდეგ კარგ შედეგს მივიღებთ. ხანძარმა უარყოფითად იმოქმედა მავნებლებზე. ნახანძრალ ტერიტორიაზე მყოფმა ხოჭოებმა და ჭიებმა პარკის შიდა ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს და დღეს უკვე საგრძნობლად შეიმჩნევა ნაძვის ხმობა.“

პარკში გავრცელებულ სახეობად ითვლება კავკასიური ირემი. პარკის შექმნის პერიოდში სულ რამდენიმე ინდივიდი ფიქსირდებოდა. დღეს კი მათი რაოდენობა 200 ერთეულს აღწევს. ხარაგაულის რაიონში არსებულ ტერიტორიებზე დათვიც საკმაოდაა გავრცელებული, რადგან აქ მისი ბინადრობისთვის კარგი პირობებია. პარკის ხელმძღვანელობა კონსერვაციის გზებსაც აქტიურად მიმართავს, რათა მრავალფეროვნება შენარჩუნდეს. „არჩვისათვის საცხოვრებლად შესაფერისი გარემო ძალიან მცირეა პარკის ტერიტორიაზე და ეს ცხოველი რაოდენობრივადაც მცირეა. შველი კი უამრავია. რაც შეეხება ფოცხვერს, მისი არსებობის ფაქტები დასტურდება, თუმცა რაოდენობა გასაიდუმლოებულია. პარკის ტერიტორიაზე ნიამორის რამდენიმე სახეობაა, რომელიც მთლიანად გადაშენებული იყო ბრაკონიერების უხეში ქმედებების გამო. 2006 წელს მიზნად დავისახეთ ამ ცხოველის გამრავლება. სომხეთიდან შემოვიყვანეთ 3 ვაცი და 6 მდედრი, რომლებიც „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ მეორე სატურისტო ბილიკთან განვათავსეთ. ამ ეტაპზე მესამე თაობა უკვე მივიღეთ და 16 ერთეული პარკის ტერიტორიაზეა გაშვებული,“ - აღნიშნავს პარკის დირექტორი.

ეროვნული ტყე-პარკის ბუნებრივი მართვის მენეჯერი გიორგი სულამანიძე თვლის, რომ ბიომრავალფეროვნებისთვის ხანძარი, ზოგადად, დადებითად მოქმედებს, რადგან ნახანძრალზე სხვადასხვა სახის ბალახი ამოდის, მიწა ნოყიერდება, ტყეს უფრო ღიას ხდის, რაც საუკეთესო ადგილია ირმებისთვის.

პარკის ტერიტორიაზე 54 სახეობის ორქიდეაა გავრცელებული, აქედან ექვსი სახეობა საერთაშორისო წითელ წიგნშია შესული. „საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არც ერთ სახეობას გადაშენების საფრთხე არ შექმნია.“ - აღნიშნა გიორგი სულამანიძემ ჩვენთან საუბარში. თუმცა ამ ეტაპზე ხელოვნური ჩარევა მცენარეების გამრავალფეროვნების კუთხით არ მიმდინარეობს. პარკის ზოგიერთ ადგილებში კი ეროზიული პროცესებია დაწყებული. სპეციალისტების თქმით, ეს საგანგაშო არ არის. ამ ეტაპზე მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, საჭიროებს თუ არა პარკის ფლორა და ფაუნა ხელოვნურ ჩარევას.

ამ ეტაპზე ქვეტყეში ნაძვის სახეობებია წამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს 50-60 წელიწადში აქ ნაძვნარი იქნება. თუმცა ფიჭვის გადაშენების ალბათობა ძალიან ნაკლებია. სახეობათაშორისი ბრძოლა ჩვეულებრივი მოვლენაა და საგანგაშო არ უნდა გახდეს, - აცხადებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი, - ჯანმრთელობისთვის კი ორივე სასარგებლოა, თუმცა მედიკოსები უპირატესობას ფიჭვის ყვავილს ანიჭებენ, რომელიც დამტვერვის პერიოდში სასუნთქი ორგანოების უნიკალური სამკურნალო საშუალებაა.

პარკში კი ტურისტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან. აქ უცხოელი მეცნიერებიც მუშაობენ, რომლებიც დისერტაციას ბორჯომ-ხარაგაულის უნიკალურ ბუნებაზე წერენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია