დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პიპინია მიქელაძე - მოხუცი არისტოკრატი "ქუთაისის ნაკრძალიდან"
2013/07/07 13:48:43

"ქუთაისი უნდა გამოვაცხადოთ ნაკრძალად, სადაც საშვის გარეშე შემოსვლის უფლება მხოლოდ დარბაისელ, ზრდილ, პატრიოტ ქართველებს ექნებათ." - ამ ცნობილი ფრაზის ავტორია 
ქუთაისელი მწიგნობარი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე პიპინია მიქელაძე, რომელიც თავისი იშვიათი იუმორითაც იყო განთქმული. მისი ოხუნჯობანი ახლაცაა შემორჩენილი - სრული ან გადაკეთებული სახით, თუმცა ბევრმა არც იცის, რომ ეს გამონათქვამები, სინამდვილეში, პიპინიას ეკუთვნის:

...გარდაიცვალა ერთ-ერთი ცნობილი ქუთაისელი. პანაშვიდის დროს კარებში დგას ერთი ქალბატონი და გაიძახის: არ მჯერა, არ მჯერაო! პიპინიამ დარბაისლურად მიმართა:ქალბატონო, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო! (ნიკო ლორთქიფანიძეს ჰქონია ჩაწერილი და მისი არქივიდან ამოიღეს). 

პარტიის ქალაქკომის მდივანმა ნარსიამ, საუბრისას, მოხუც პიპინიას ჰკითხა:ამხანაგო პიპინია, კაცურად მითხარით, კომუნისტების დრო ჯობია, თუ ნიკოლოზისო? - როგორ გეკადრებათო! - ორაზროვნად მოუჭრია წინდახედულ პიპინიას ,- ამდენი სიხარული, ახლა რომ არის, მაშინ სად იყოო. - რას გულისხმობთო? -რას, ბატონო, და წყალი მოვა - გვიხარია, შაქარს ვიშოვით -გვიხარია, თეთრი პური გაჩნდება -გვიხარია, რა გაუძლებს ამდენ სიხარულსო!

თეთრ ხიდზე მიმავალ პიპინიას ერთი ცნობილი მოღვაწე, მგონი, ანტონ ფურცელაძე შეხვედრია. პიპინიას უკითხავს, რა ისმის პოლიტიკაში ახალიო. იმან - მეტი ახალი რა გითხრა, საფრანგეთმა "დე იურე" გვცნოო. - სასიამოვნოა, სასიამოვნოო!- ჩაულაპარაკია პიპინიას ,- მაგრამ მაგი იმას ჰგავს, ჩემო ბატონო, თქვენ ამ ხიდზე იდგეთ, მე წყალს (რიონს) მივქონდე, ვყვიროდე:"მიშველეთ! მიშველეთ!" -თქვენ ხიდიდან მეძახოდეთ:"გიცანით, ბატონო პიპინია, გიცანით!"- და მე გეხვეწებოდეთ:"თუ მიცანით, ღვედი მაინც გადმომიგდეთ და ამომიყვანეთო!"

ინფორმაციისათვის: პიპინია მიქელაძე 24 წლის ბიჭი იყო, მისი სიტყვა-პასუხითა და ნიჭიერებით მოხიბლულმა ილია ჭავჭავაძემ საგანგებოდ რომ მიიწვია საგურამოში, თავის დღეობაზე, და თეთრჩოხიანი ულამაზესი ქუთაისელი ახალგაზრდა 2 ათასკაციან სუფრასთან თამადად დანიშნა.სხვათაშორის, პიპინია სიმაღლით 1 მეტრი და 93 სანტიმეტრი ყოფილა, ახოვანებასთან ერთად - დახვეწილი არისტოკრატიული მანერებით გამორჩეული.

პიპინიას მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზია ჰქონია დასრულებული, მაგრამ იმდენად ნაკითხი იყო, თვით სარგის კაკაბაძესაც კი ეკამათებოდა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ საკითხზე. 

არაჩვეულებრივი მოცეკვავე და მომღერალი იყო. ერთხელ თავის ოჯახში სტუმრად მყოფ ილიკო სუხიშვილსაც კი უთხრა:ქართულ ცეკვაში ბუქნი არ შეიძლებაო.

"ცედური მრავალჟამიერი" ქართულ სცენაზე პირველად იმღერეს პიპინია მიქელაძემ და მისმა მეგობრებმა: ბონდო მიქელაძემ, კოკინია დგებუაძემ, სანდრო ფაღავამ, დანიელა ურიამ... ასევე, პირველად მათ შეასრულეს გუნდურად ვარინკა წერეთლის "ციცინათელა."

პიპინიას და მის მეგობრებს - ჯაბა ლომინაძეს, სიმონ ეზიკაშვილს ახალგაზრდობაში ჩამოყალიბებული ჰქონდათ კერძო სასამართლო და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ემსახურებოდნენ ქალაქის საზოგადოებას.

კიდევ ერთს გავიხსენებ:ახლა რომ სახელმწიფო მუზეუმის შენობაა, იქ, პუშკინისა და წერეთლის ქუჩების გადაკვეთაზე , ყოფილა სასტუმრო "სევერნიე ნამერა", სადაც ხშირად სადილობდა აკაკი . მეოცე საუკუნის 10-იან წლებში ამ რესტორანში სანიმუშო სუფრას მართავდნენ პიპინია და მისი ფოლკლორისტი მეგობრები. წინასწარ გაიკვრებოდა აფიშები და საზოგადოებას იწვევდნენ საჩვენებელ სუფრასთან. თანამედროვეთა გადმოცემით, თამადობდა პიპინია მიქელაძე, სუფრასთან მომღერლებიც იყვნენ, მოცეკვავეებიც, დეკლამატორებიც ... ამით ქუთაისელი ფოლკლორისტები საუკეთესო ქართული ადათ-წესების პროპაგანდას ეწეოდნენ ქუთაისის საზოგადოებაში. 

მოკლედ, სიტყვა გამიგრძელდა.
ერთსღა დავამატებ:
პიპინია მიქელაძე 1953 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
უხუცესი ქუთაისელებისაგან მსმენია, როგორ იჯდა თურმე თავისი სახლის მეორე სართულის აივანზე მოხუცი არისტოკრატი და, როგორც კი ვინმე ქუჩაში, მისი აივნის ქვეშ გაივლიდა (თუნდაც -ბავშვი), უმალ ფეხზე წამოუდგებოდა, დარბაისლურად მიესალმებოდა...

პიპინია "ქუთაისის ნაკრძალის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბინადარი იყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია