დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
2013/06/07 17:01:21

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად გახსნა. ღონისძიება 7-9 ივნისს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,ასოციაცია ქართული ღვინისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მხარდაჭერით იმართება.

,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  საერთაშორისო  გამოფენა ყოველწლიურად იმართება. სასიამოვნოა, რომ წელს განსაკუთრებით ბევრი უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა ქართული ღვინის გასაცნობად. სხვადასხვა ქვეყნის ღვინის  ექსპერტები, სპეციალისტები და ჟურნალისტები შეძლებენ ადგილზე გაეცნონ ხარისხიანი ქართული ღვინის მრავალფეროვნებას და კულტურას. ეს კი, ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას და  საექსპორტო ბაზრების მოძიებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს" - განაცხადა შალვა ფიფიამ.

გამოფენის გახსნას ესწრებოდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიც.

ღონისძიებაში მონაწილეობს 60-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია. წარმოდგენილი იქნება როგორც საუკეთესო ქართული ღვინო, ასევე ქართული ტრადიციებით დამზადებული  ყველი სხვადასხვა რეგიონებიდან,  ადგილობრივი  რეწვის უნიკალური ნიმუშები, ღვინის აქსესუარები და ღვინის ტურიზმი. 

გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი  ქართული  კომპანიების გვერდით,  წარმოდგენილი იქნება  მცირე და ოჯახური მარნების პროდუქცია. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული  ბოთლისა და  ქვევრის ღვინოების ნაირსახეობები.

WinExpo Georgia 2013 - ში   მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვედრები გამართონ ბაიერებთან, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, ღვინის ექსპერტებთან, სასტუმროებისა და  რესტორნების წარმომადგენლებთან.  სპეციალურად გამოფენაზე დასწრების მიზნით, საქართველოს ესტუმრება  სომელიეთა და ჟურნალისტთა ჯგუფი რუსეთიდან.

გამოფენის ფარგლებში  ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით, გაიმართება  კონკურსი, რომლის ჟიურის  შემადგენლობაშიც იქნებიან  ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები.

WinExpo Georgia 2013-ს პარალელურად  გაიმართება ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი,  რომელსაც დაესწრება 40-მდე უცხოელი სტუმარი  - ქვევრის ღვინის ექსპერტები, დისტრიბუტორები და  ჟურნალისტები. სიმპოზიუმის ფარგლებში  ჩატარდება  პანელური განხილვები,  ღვინის მასტერ კლასები და ღვინის ტურები კახეთის რეგიონში.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია