დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„იწყებენ ყავის სმით და ამთავრებენ ბოზობით“
2013/06/03 12:32:34

ჭიათურელი ქალბატონის გზავნილი ხელისუფლებას

 

 

ქალაქ ჭიათურაში ხშირად ჩავდივარ. ვცდილობ, რომ უმწეოთა სასადილოში წუთებით მაინც შევიარო, ბენეფიციარები გულით მოვიკითხო და შევეკითხო: სასადილოს მესვეური ხომ არაფერს გაკლებთ?!

ისე, თუ არ შევივლი უმწეოებთან, რომელიმე მათგანი გზაში მაინც შემეჩეხება (რომელი დიდია ჭიათურა!) და თავად მომიკითხავს: „შენ ჩვენი ბიჭი არ ხარ?“ ბიჭის დაძახებისას, 40 წელს მიტანებულს, გულში მწარედ მკბენს ბიჭობა-ჭაბუკობის გახსენება, მერე ნაძალადევად გავუღიმებ და ვეტყვი: „კი, თქვენი ვარ...“ მერე ისიც მახსენდება, საფეთქლები გათეთრებული რომ მაქვს, თუმცა რახან ამათთვის ბიჭი ვარ, გულს ვიმშვიდებ - ალბათ, დრო ჩემთვის შედარებით ნელა მიდის-მეთქი.

ამასწინათ, რამდენიმე მოხუცმა წრე შემომარტყა და მითხრა: ჩვენ სამადლობელი წერილი დავწერეთ და აუცილებლად უნდა გამოაქვეყნო შეუცვლელადო (ისინი     „კარის ჟურნალისტად“ მცნობენ, რადგან რამდენჯერმე დავინტერესდი მათი მდგომარეობით). დავპირდი, რომ ვნახავდი. აი, ეს მათი სიტყვებია:

„სიმდიდრე ფუფუნება არ არის. მდიდარია ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეჭირვებულის დახმარება, მოყვასის გვერდში დგომა, კაცთმოყვარეობა და მადლის უშურველად გაცემა. ყველაზე მეტად ყურადღება და დახმარება სჭირდება უმწეო ადამიანს, მოხუცს, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის და სამარეს ელოდება. მადლობა უფალს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ სიკეთესა და სითბოს. ასეთების რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი ქალაქის მკვიდრი, ერუდირებული ქალბატონი ზინა გველესიანი და მამამისი, ბატონი კუკური. ისინი ყოველ დღესასწაულზე მოდიან და გვიმასპინძლდებიან. ყველანი მადლობას ვუხდით მათ და ღმერთმა ამრავლოს მათნაირები ჩვენს ქალაქშიც და საქართველოშიც.“

ამ სასადილოში, შარშანდელთან შედარებით, წელს 10 ადამიანით მეტი დამხვდა უმწეოთა სიაში. 110 ადამიანის ულუფა მზადდება ყოველდღე და 110 წყვილი თვალი სიხარულჩამქრალი უყურებს მომავალს. ერთი ქალბატონი მეუცხოვა, ის აქამდე ბენეფიციართა შორის არ მინახავს.

იზოლდა ქურცაძე სასიამოვნო მოსაუბრეც აღმოჩნდა და ზედმიწევნით კრიტიკულიც. ჩვეულებრივი დიალოგი ინტერვიუს ფორმატში გადავიდა და აქვე გთავაზობთ (მინდა აქვე დავძინო - ლეპტოპი და არასამთავრობო ორგანიზაცია რომ ჰქონოდა ქალბატონ იზოლდას, ნამდვილად მიიკუთვნებდა ექსპერტის წოდებას).

 - ჭიათურის ?1 სკოლა წარმატებით დავამთავრე,   მერე  მაღაროში                   დავიწყე   მუშაობა   რიგით მაღაროელად, სულ ბოლოს კი მაღაროს ლაბორატორიის გამგეც გავხდი. სამთოელობასთან ერთად ვახერხებდი, რომ  დასვენების დღეს (ორშაბათს) ქალაქის პირველსა და მეექვსე სკოლებში ხაზვის მასწავლებლად მემუშავა. ბოლო პერიოდში, ხაზვა რად გვინდა, სექსი უნდა ვასწავლოთო და სკოლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამომიშვეს სრულიად დაუფასებლად. სექსის მასწავლებლად მე ვერ ვივარგებდი, მაგის ნიჭი რომ დამყოლოდა, გაუთხოვარი არ დავბერდებოდი...

- ქალბატონო იზოლდა, რახან განათლებაზე დაიწყეთ საუბარი, რა აზრის ხართ განათლების სისტემაზე?!

–  მარგველაშვილი განათლებული კაცია, მინდა შევხვდე, როგორც განათლების მინისტრსა და ვიცე-პრემიერს. მინდა ვკითხო, რად უნდა სკოლას პოლიცია-მანდატური, - რას აკეთებს სკოლაში ადმინისტრაცია და პედაგოგიური პერსონალი? ადრე თუ ვახერხებდით გაკვეთილის ჩატარებას მათ გარეშე, ახლა რატომ ვერ ხერხდება? რომ ამბობენ, წიგნის უფასოდ გადაცემა საბჭოთა კავშირში დაბრუნებააო, ჩემი გამოცდილებით გეტყვით: საფრანგეთში მომიწია ერთი პერიოდით ცხოვრებამ. ნათესავების შვილებს ვასწავლიდი ქართულს და მეექვსე კლასამდე ყველა ბავშვს წიგნი უფასოდ ეძლეოდა. ისინიც საბჭოურ ეპოქაში ცხოვრობდნენ?! ჩაცმასაც უნდა მიექცეს ყურადღება. მოსწავლისა და მასწავლებლის ჩაცმულობა მისახედია. მოსწავლეებზე რომ ლაპარაკობენ, როგორ აცვიათო, ის მოსაწონია, რომ მასწავლებელს ზემოდანაც დამოკლებული აქვს ტანსაცმელი და ქვემოდანაც? იყოს გულამოღებული კაბა, ბატონო, მაგრამ მე-12 კლასელები დიდი და საცოლო ვაჟები არიან და კი უნდა მიხვდეს მასწავლებელი, რომ მასწავლებლის მოღიაღებული მკერდის შემყურე, მოსწავლე ვერაფერს ისწავლის.

 - როგორც ჩანს, „ბიძინას ხელისუფლება“ მოგწონთ...

- ეს კაცი მეიმედება, მაგრამ თუ არ შეცვალა რადიკალურად რამე, „ნაციონალებმა“ 9 წელი გაძლეს, ეგ ვერ გაძლებს 9 თვეს. ხალხს აღარ შეუძლია ამდენის მოთმენა.

- მაინც, რა არ მოგწონთ ახლა?!

- ბევრი რამეა შესაცვლელი. სოფელში ჩემს მშობლებს ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და, მე რომ ეს მიწა გავიფორმო, თითო ნაკვეთისათვის 300 ლარი უნდა გადავიხადო. 4 ათასი კვადრატული  მეტრი მიწა მაქვს და რამდენიმე ნაჭრად არის გაბნეული. სად მაქვს ახლა მე მაგდენი 300 ლარი? გასაგებია, რომ ქართველებიც ბევრია საზღვარგარეთ და ემიგრანტებს სჭირდებათ დაფასება, მაგრამ ჩინელზე უფრო ადვილად უნდა ვიმტკიცებდე ჩემს ქონებას? ახლა, ჩვენს ქალაქში თუ გაივლი, ნახავ, რომ ცენტრში ჩინელებს აქვთ მაღაზია გახსნილი და მამა ჩინელს გიორგი წერეთელი დაურქმევია, ხოლო ახალშობილი მარიამის სახელს ატარებსო... იქნებ დაელაპარაკო და გაიგო, მართლა წერეთლების გვარს ატარებენ ეს ჩინელები?! მიწის დახვნა რომ დაგვიანდა, ამაზე ლაპარაკი აღარაა საჭირო. გაზაფხულზე კი არა, შემოდგომაზე უნდა დახნულიყო, ახლა დათესილი სიმინდი ამოვა თუ არა, ღმერთმა უწყის. ტრაქტორებიც არასაკმარისი იყო და დაგვიანდა ამიტომ. სასაყვედუროდ არ გვაქვს საქმე მაინცდამაინც, ამდენი შემწეობა გლეხს, არ მახსოვს, მიეღოს, მაგრამ რახან აკეთებ, დალოცვილო, ბარემ დროზე გააკეთე! ახლა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების ჩამოყალიბება   დაიწყო და ყოფილი „ნაციონალები“ გუნდ-გუნდად ეტმასნებიან „ქართულ ოცნებას“, არადა, ეგენი არ იყვნენ, ბიძინას წყევლის მეტს რომ არაფერს აკეთებდნენ? მე რომ ივანიშვილი ვიყო, მაგ გამყალბებლებს საარჩევნო კომისიებს არც გავაკარებდი. ცალკე სალაპარაკო თემაა მაღაროები კიდევ!

- ვიცი, რომ ჯერ ვერავინ გაარკვია მაღაროების საქმე. „ჭიათურმანგანუმი“ „ჯორჯიანმანგანეზად“ გადაკეთდა და ისეთი რამეებიც მოხდა, რომ ნამდვილად არ იქნებით კმაყოფილი...

- ცხოვრებაში არ დამიწერია საჩივარი, მაგრამ ორი რამე არ მინდა ვაპატიო „ჯორჯიანმანგანეზის“ ხალხს. ვიყავი ,,ჭიათურმანგანუმის“ აქციონერი, მქონდა 500 აქცია და მათხოვრულ 7 ლარად არ გავყიდე. ახლა სადღაა ამ აქციების  ძალა? კარგი, ჯანდაბას, არაფერს ვამბობ, თუნდაც, 500 აქციაზე, მაგრამ სად წავიდა  „ჭიათურმანგანუმის“ ლაბორატორიების კუთვნილი, დაახლოებით, 2 კილოგრამი პლატინა?! ავტომატიანი ხალხი რომ მორბოდა და მიჰქონდა მარგანეცი აქიდან, მაშინ არ ვეპუებოდი გაყაჩაღებულ იარაღიანებს და მაინტერესებს, სად წავიდა პლატინა?! ეგ ხომ რკინის ჯართი არაა და ფასიც დიდი ადევს! პოლიციაც გასაწმენდია და ჭიათურის ტრესტიც. კი მაგრამ, ერთი მაღაროს მუშებისოდენა ხელფასი რომ ერთ კაცს აქვს დანიშნული, ეს სადაური სამართალია?! კომუნისტების დროს მაღაროს ხელმძღვანელებზე მეტი მუშებს ჰქონდათ ხელფასი. ახლა თანამედროვე ჯიპები - ადმინისტრაციას, მუშას - სიკვდილის საფრთხის ქვეშ მუშაობა!

„ტრესტში“ პროფესიონალები და სპეციალისტები აღარ არიან. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა: იწყებენ მუშაობას ყავის სმით და აგრძელებენ ბოზობით. ხელოვნურად გააკოტრეს ქალაქი, რომელიც ოქროს ხიდებით უნდა დამშვენებულიყო, იმდენი სიმდიდრე გაიზიდა აქიდან! კაკო გურჯიძეს რომ ჩამოჰკიდა პატრიარქმა წმინდა გიორგის მედალი, ყველამ სახე ვიბრუნეთ გვერდზე! მაგრამ ამბობენ, სწორედ წმინდა გიორგი მიხედავს ჭიათურაში ყველაფერს! ისე, როგორ მოგწონთ, ეკლესიას რომ აშენებენ აქ და მაღაროელებს დაუკითხავად რომ აჭრიან ფულს?! იქნებ მუშას ბევრად მეტი უნდა, რომ გადარიცხოს და ნებას რატომ არ გამოაჩენინებენ?! ისე, რატომ არავინ მიხედავს ჭიათურის მანგანუმის საკითხს? თუმცა, რომ დაიჭირონ და 20 ათასიანი გირაოთი გამოუშვან გარეთ, ეგ რა სამართალია? ახლა რომ კაკანებენ, მერაბიშვილი არ უნდა დაეკავებინათო, უფრო ადრე რატომ არ დააკავეს, ეს მაინტერესებს! უზენაესი სასამართლოს მსაჯული ვიყავი 12 წელი და ვიცი, რასაც ვამბობ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ თბილისის იქითაც უნდა გაიხედოს, რა ხდება! დაპირებით ადრეც ბევრს გვპირდებოდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ რა გააკეთა?! ისე, როცა მას ჭიათურაში შევხვდი და დასაქმება ვთხოვე, დამპირდა და დაავალა ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ არაფერიც არ გაუკეთებიათ! 6 წელი მატყუებდა მამუკა გოგატიშვილი, ჩვენი დეპუტატი, რომ დამასაქმებდა! ახლა ამდენი ნაწვალები და ნაშრომი, დათრგუნული მოვდივარ აქ უფასო სადილისთვის! მიხედოს ხელისუფლებამ ყველა რეგიონს, თორემ ხალხს ვეღარ შეაჩერებენ. ვანოს დაჭერა რომ მოეწონათ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ კაცის ციხეში გაშვება მოეწონათ? არა! სამართალი და კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. ეს დაინახა ხალხმა და ეს გაუხარდა.

- ადგილობრივ ხელისუფლებაზე რას იტყოდით?

- აქ ახალი ხელისუფლება ახალგაზრდულია ძალიან, ალბათ, ექნებათ შეცდომებიც. ვაფრთხილებ მათაც: ყავის სმით იწყებდნენ ბევრი და ბოზობით ასრულებდნენ კარიერას. ასე არ ქნას ახალმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც. მე მაინც ბიძინას მოიმედე ვარ...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია