დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბენდუქიძის ორაგულები
2013/05/13 13:47:27

როგორ ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს

 

 

თაგვები, რომლებიც ორი წლის მანძილზე გენმოდიფიცირებული სიმინდის მარცვლით იკვებებოდნენ, დასნეულდნენ სიმსივნით და დაუზიანდათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვადასხვა ორგანო. ეს შედეგი ცხადყო სამეცნიერო კვლევამ, რომლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჟურნალში „საკვები და ქიმიური ტოქსიკოლოგია“ (2012 წლის 19 სექტემბერი). 

ექსპერიმენტი   მეცნიერებმა  გამოყენებული კვლევის მეთოდების გამო გააკრიტიკეს, თუმცა, ამ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია მეცნიერების მეორე ნაწილზე, რომელთა მოსაზრებით, გენმოდიფიცირებული საკვები კვლავ რჩება საფრთხედ ადამიანის ორგანიზმისთვის. მეცნიერებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებითYგანსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მიუხედავად ამგვარი ორაზროვანი დამოკიდებულებისა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ აკრძალა გენმოდიფიცირებული საკვებისა და სასოფლო-სამეურნეო თესლის შეტანა თავიანთ ბაზარზე.  

კარტახენას ოქმი ბიოუსაფრ-თხოების შესახებ არის საფუძველი ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ბაზისა, რომელიც დაკავშირებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებასთან. ოქმი 2000 წელს ქალაქ მონრეალში იქნა მიღებული და წარმოადგენს კონვენციას ბიოუსაფრთხოების შესახებ. ოქმის მიზანია, უზრუნველყოს იმ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გადაცემა, მოპყრობა და გამოყენება, რომლებიც მიღებულია თანამედროვე ბიოტექნიკის მეთოდების გამოყენებით და შეუძლიათ, მავნე ზეგავლენა მოახდინონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე.  

 

რატომ გაუქმდა ხარისხის კონტროლის სამსახური?

 

ქართულმა პარლამენტმა კარტახენას ოქმის რატიფიცირება ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2008 წლის 26 სექტემბერს შეძლო. მიუხედავად ამ ცვლილებისა, საქართველოს არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ მოაწესრიგებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტსა და ქვეყანაში გავრცელების პროცესს. ამასთანავე, კანონში „საკვების უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ“ განხორციელებული ცვლილების თანახმად, ხარისხის კონტროლის სამსახურმა შეწყვიტა მუშაობა 2006 წელს. წინა ხელისუფლებამ ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად სამსახურში დასაქმებულთა კორუმპირებულობა დაასახელა. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პროგრამის კოორდინატორის, გიორგი მაღრაძის თქმით, ზემოთ აღნიშნული საბაბი არ იყო საკმარისი მსგავსი სამსახურის გაუქმებისთვის. „ამ ლოგიკით თუ განვსჯით, მაშინ ყოფილ ხელისუფლებას პოლიციაც უნდა გაეუქმებინა, რადგან იქაც იყო კორუფცია. მაგრამ მათ შეცვალეს სისტემა და განავითარეს კიდეც. ამგვარი მიდგომა სასარგებლო იქნება ხარისხის კონტროლის სამსახურის შემთხვევაშიც, მაგრამ მათ გააუქმეს,“ - აღნიშნავს გიორგი მაღრაძე.

გიორგი გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი ყოფილი ხელისუფლების ამგვარ პოლიტიკას უხარისხო პროდუქციის იმპორტიორთა ხელშეწყობისა და დაცვის სურვილით  ხსნის. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კარტახენას ოქმის ხელმომწერია, ეს ფაქტი არ არის საკმარისი. ოქმი მხოლოდ ქაღალდია და სხვა არაფერი. 2005 წელს რამდენიმე კანონი შეიცვალა: კანონი ვეტერინარული მედიცინისა და მცენარეთა დაცვის შესახებ, ასევე საქართველოს სანიტარული კოდექსი. შედეგად კი მივიღეთ ქაოტური და აბსოლუტურად უკონტროლო სისტემა,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

მსგავსი მოსაზრება აქვს გიორგი მაღრაძესაც, რომლის თქმით, ყოფილი ხელისუფლება მიკერძოებული იყო გენმოდიფიცირებული ორგანიზმების პრობლემის მიმართ. „ბევრჯერ იყო შესაძლებელი მიეღოთ კანონი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს კანონპროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს არ ექმნებოდა არანაირი დაბრკოლება, პარლამენტმა მაინც არ დაამტკიცა. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნების უქონლობის შედეგი იყო. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოებაში საკმაოდ მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართულნი, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის გავრცელება სურთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი მიზანია, აკონტროლონ სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება ყველა ქვეყანაში. ამის მისაღწევად კი გააკეთებენ ყველაფერს, კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებასთან გარიგების ჩათვლით. ჩვენთვის ცნობილია, რომ კახა ბენდუქიძე არის მფლობელი საკმაოდ მსხვილი წილისა კომპანიაში, რომელიც აწარმოებს გენმოდიფიცირებულ ორაგულს. ცხადია, რომ ბენდუქიძე ყოველთვის იყო და იქნება წინააღმდეგი ქვეყანაში ისეთი კანონის მიღებისა, რომელიც ხელს შეუშლის ამგვარი პროდუქტის თავისუფლად გავრცელებას,“ - აცხადებს გიორგი მაღრაძე. 

კახა ბენდუქიძის თქმით კი, ის იყო წილის მფლობელი კომპანიაში „ლინეუს კაპიტალ“ (Linnaeus Capital), რომელიც ფლობდა 48.1%-ს „აქუაბაუნთ ტექნოლოგიებში“ (AquaBounty Technologies (ABT)). „მართალია, რომ მე ვფლობდი წილს ლინეუს კაპიტალში, თუმცა ახლა აღარაფერი მაკავშირებს ამ კომპანიასთან. თანაც, „აქუაბაუნთი“ არ აწარმოებს გენმოდიფიცირებულ ორაგულს და შეუძლებელია, ამ სახის პროდუქტი მოხვდეს ქართულ ბაზარზე,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბენდუქიძემ.

ანდრიუ პოლაკმა 2012 წლის 21 მაისს გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოაქვეყნა სტატია „აქუაბაუნთისა“ და ბენდუქიძის ურთიერთობის  შესახებ. „მარტში „აქუაბაუნთიმ“ მოითხოვა 2 მილიონი დოლარი, საკმარისი იმისთვის, რომ კომპანიას ბიზნესი ეწარმოებინა წლის ბოლომდე... ბატონმა ბენდუქიძემ შესთავაზა ამ თანხის ნახევარი. სანაცვლოდ, „აქუაბაუნთი“ დაეთანხმა მიეყიდა მისთვის კვლევა და ოპერაციული განვითარება უბრალო დოლარად,“ - წერს პოლაკი. კახა ბენდუქიძემ დაგვიდასტურა, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ნამდვილია და შეგვიძლია, ვენდოთ.

ამასთანავე, ბრიტანულმა „გარდიანმა“ 2013 წლის 20 მარტს გამოაქვეყნა სტატია გენმოდიფიცირებული ორაგულის წინააღმდეგ აშშ-ის სუპერმარკეტების ბოიკოტის შესახებ. „აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) გენმოდიფიცირებული ორაგულის ბაზარზე შეტანის საკითხის განხილვის ბოლო   ეტაპზეა.  თუკი  დაამტკიცებენ, „აქუაბაუნთ“ ტექნოლოგიების ორაგული იქნება პირველი გენური ინჟინერიით მიღებული ცხოველი, რომელიც საკვებად მოიხმარება,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

კომპანია „აქუაბაუნთ ტექნოლოგიების“ საქმიანობა მოიცავს გენური ინჟინერიის გამოყენებას ცხოველებში და ანვითარებს ჰიბრიდულ ორაგულს, რომელიც იზრდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე ბუნებრივ პირობებში.

 

ვინ აკონტროლებს დღეს ბაზარს?

 

სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ერთადერთი ორგანოა, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიაზე დამზადებულ და იმპორტირებულ პროდუქციას. სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო 2011 წლის 3 იანვარს, კანონში „საკვების უსაფრთხოებისა და  ხარისხის შესახებ“ განხორციელებული ცვლილების თანახმად. სურსათის ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდა ხარისხის კონტროლის სამსახურის გაუქმების შემდეგ და მისი ფუნქციები შეითავსა. დღეისთვის სააგენტოს მუშაობას განსაზღვრავს შემდეგი კანონმდებლობა: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი,“ კოდექსი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ.“ ამ უკანასკნელის მეთერთმეტე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მწარმოებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მომხმარებელი იმ რისკების შესახებ, რომელსაც შეიცავს ესა თუ ის პროდუქცია. მიუხედავად ამ რეგულაციისა, ქართულ ბაზარზე გასაყიდად შემოტანილ არც ერთ პროდუქტს  არ აღენიშნება სპეციალური ნიშანი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს განასხვავებს ბუნებრივად მიღებული პროდუქტისგან.

ვერიკო გულუა, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მათი სამსახური აკონტროლებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საწარმოებს და ბაზარზე გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს. „ჩვენ ვამოწმებთ საწარმოებს გეგმიურად და არაგეგმიურად, ამ დროს ვსწავლობთ წარმოების პროცესის ჰიგიენურ მხარეებს, გარემო პირობებსა და შესაბამის დოკუმენტაციას. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს მონიტორინგის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ კონკრეტულ ნიმუშებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტიდან და ვამოწმებთ მათ ლაბორატორიებში,“ - აღნიშნავს გულუა.

ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის პროცესს ახორციელებს 21 ინსპექტორი, თუმცა, იგეგმება მათი რაოდენობის გაზრდა. ისინი ამოწმებენ ყველა სახის პროდუქციას, რომელიც გამოიყენება ადამიანის მიერ საკვებად. თუკი აღმოჩნდება, რომ პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ის იქვე ნადგურდება. სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს ყველა ბაზარსა თუ სუპერმარკეტს თბილისის ტერიტორიაზე, მათ შორის მათაც, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ლაბორატორიები.

დავით ალექსიძის, შპს „პირამიდის“ დირექტორის თქმით, მათ სავაჭრო დაწესებულებას არ გააჩნია არანაირი ლაბორატორია. „ჩვენთან ბაზარზე, ძირითადად, განთავსებულია ხილი და ბოსტნეული, მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტო არ ამოწმებს ჩვენს პროდუქტს. ისინი უფრო მეტად აქცენტს აკეთებენ მალფუჭებად პროდუქტებზე.“ ირაკლი თხელიძის, სავაჭრო სახლ „იმედის“ შემადგენლობაში შემავალი ბაზრის დირექტორის თქმით, მათ აქვთ საკუთარი ლაბორატორია და გასაყიდად მზა პროდუქტს ყოველდღე ამოწმებენ. „ჩვენთან ყველა სახის პროდუქტი იყიდება და სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებდა მათ. თუმცა, ახლა ისინი უფრო მეტად ფოკუსირებული არიან ხორცის პროდუქტებზე.“

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივად წარმოებულ საკვებს, ისინი არ არიან ფოკუსირებული გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოწმებაზე. ვერიკო გულუას თქმით, არ არსებობს კანონი, რომელიც დაავალდებულებს რომელიმე სამსახურს გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქციის გაკონტროლებას. „თუკი ჩვენი პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, ჩვენი სამსახურის დღის წესრიგში დადგება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ლაბორატორიული შემოწმების საკითხიც,“ - აცხადებს გულუა. 

დღეისთვის, თბილისისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს ლაბორატორია, რომელსაც ექნება შესაბამისი აკრედიტაცია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემოწმების შესახებ. ამავეს ადასტურებს მერი დეკანოიძე, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საჯარო ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც.

 

რა ხდება ახლა?

„ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ახალი ხელისუფლება აპირებს შექმნას კანონი, რომელიც დაარეგულირებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ქვეყანაში გავრცელებას. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა 2013 წლის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი უკვე დამუშავებულია, მისი განხილვა პარლამენტის მიერ ჯერ არ დაწყებულა. კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამარ ბაზღაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ეხება მხოლოდ ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (ცმო) და არ მოიცავს მათი გადამუშავებით მიღებულ პროდუქტებს. შემუშავებული კანონპროექტი მოიცავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას სამი მიზნით:

1. გარემოში განზრახ ინტროდუცირება (დანერგვა);

2. სურსათად ან ცხოველთა საკვებად გამოყენება ან გადამუშავება;

3. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენება.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში განზრახ დანერგვა. ამის გასაკონტროლებლად უნდა შეიქმნას მონიტორინგის სისტემა გარემოში ცმო-ს არალეგალური ან განუზრახველი გამოთავისუფლების შემთხვევების გამოსავლენად. ასევე უნდა შეიქმნას პასუხისმგებლობისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მექანიზმი.

შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს უშუალოდ სურსათად ან ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი ან გადასამუშავებელი ცმო-ს იმპორტირებასა და ბაზარზე განთავსებას მხოლოდ შესაბამისი ეტიკეტით, რომელიც შესამჩნევი იქნება მომხმარებლისთვის. საქართველოს ბაზარზე აიკრძალება იმ ცმო-ს განთავსება, რომლებიც აკრძალულია ევროკავშირში, თუმცა გამარტივებული წესით დაიშვება იმ ცმო-ების განთავსება, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირში. ხოლო ევროკავშირში არარეგისტრირებული ცმო-ს რეგისტრაციასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ცმო-ს გამოყენება ჩაკეტილ სისტემებში მეცნიერული კვლევებისთვის ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში.

თუ როდის განიხილავს და მიიღებს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს, ამ დროისთვის არ არის ცნობილი. მანამ კი ქართულ ბაზარზე განთავსებულ საკვებ პროდუქტს კვლავ „ერთი ღმერთის“ იმედად ვტოვებთ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია