დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეა თუთბერიძე : დიახ! ვამაყობ ბაჩო ახალაია შენით!
2012/09/22 15:40:00

დღეს  გავრცელდა “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის, თეა თუთბერიძეს წერილი, რომლითაც ის საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.  რთულია, კომენტარი გააკეთო ამ წერილზე, ამიტომ უცვლელად გთავაზობთ მას და თავად განსაჯეთ.

" ბატონო პრეზიდენტო, ვფიქრობ უნდა გქონდეთ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობა, არ მიიღოთ საკადრო გადაწყვეტილებები, მავანის მიერ აგორებული შავი პიარიდან გამომდინარე. (გამონაკლისს ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს და სწორედ ამიტომ არის პოლიციის რეფორმა ყველასთვის თვალსაჩინო).

არ მესმის, რატომ არის და იყო თქვენი პრეზიდენტობის მთელ პერიოდში განმსაზღვრელი საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი ხელისუფლებაში მყოფი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვებისგან განსხვავებით ღირებულებების დეფიციტი არ ქონიათ და რეალური რეფორმების გატარებასაც შეძლებდნენ, რეიტინგის ვარდნის გამო დაწყებული საქმისგან რომ არ ჩამოგეცილებინათ და მიგემალათ. (გიგა ბოკერია, ალექსანდრე (კახა) ლომაია, კახა ბენდუქიძე და ა.შ. )?

არ უნდა გცოდნოდათ, რომ დარტყმები სწორედ ასეთი ადამიანებისკენ იქნებოდა მიმართული? ამისთვის არ იყავით მზად როცა მოხვედით ხელისუფლებაში?

მე ვეჭვობდი და ახლაც ვეჭვობ, რომ სწორედ რუსული გეგმის ნაწილია _ არა პირდაპირ ჯარით შემოსვლა, არამედ დარტყმები საქმის გამკეთებელ პირებზე. თქვენ ამას არ ეჭვობთ?

ახლა კი ბაჩო ახალაიას გარშემო შექმნილი მდგომარეობის შესახებ _ რის შემდეგ და როგორ იქცა ადამიანის უფლებების დამცველი ბაჩო ახალაია „სადისტად“, “არაადამიანად”, “მწამებლად”, “მოძალადედ” და “მკვლელად” .

ბაჩო ახალაია _ 2004 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა თავისუფლების ინსტიტუტში, 2004 დ 2005 სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მოადგილედ; 2005 _ 2008 დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი; 2008 დ 2009 მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; 2009-2012 თავდაცვის მინისტრი, 2012 წლის ივლისიდან შინაგან საქმეთა მინისტრი. ბაჩო ახალაია ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული ხასიათით. თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობისას ის აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად ორგანიზაციის მთელ გუნდთან ერთად. შემდეგ ის გახდა სახალხო დამცველის მოადგილე, საიდანაც ასევე განაგრძობდა ბრძოლას ციხეებსა თუ წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადამიანების წამების, ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ.

ამ პერიოდში საზოგადოებისთვის ბაჩო ახალაია ნაკლებად იყო ცნობილი (სხვა ადამიანებისგან განსხვავებით მის ინტერესს ნაკლებად წარმოადგენდა საკუთარი თავის და მისი მიერ გაკეთებული საქმის პიარი).

ბაჩო ახალაიას სახელი და გვარი საზოგადოების ფართო წრეებისთვის მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა და დაიწყო ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან. მისი დისკრედიტაციაც სწორედ ამ სამყაროსთან დაპირისპირების შედეგია. ე.წ. კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების იზოლირებას სხვა პატიმრებისგან და მათ ჩამოშორებას ციხეების შიგნით სიტუაციის კონტროლიდან, მოჰყვა კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების ოჯახის წევრების მხრიდან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოსვლები (აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ეს ადამიანები ოჯახებს ციხეებიდან არჩენდნენ. ისინი ციხეებიდან გეგმავდნენ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დანაშაულებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ციხეების შიგნით სიტუაციის მართვაზე). ეს აქციები მხარდაჭერილი აღმოჩნდა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი უპასუხისმგებლო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან (რომელთა ძალიან დიდი ნაწილი დღეს უკვე გაერთიანებულია „ქართული ოცნებაში“).

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის ადვილი იქნებოდა არ მქონოდა ბაჩო ახალაიასთან წარსული ახლო ურთიერთობა, არ მქონოდა საკუთარი თვალებით ნანახი რასაც ის ადამიანის უფლებების დასაცავად აკეთებდა. რადგან მეც შევერთებოდი მის წინააღმდეგ საყოველთაო სიძულვილსა და მიზანმიმართულ კამპანიას.

ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც ღამეები არ ეძინა იმისთვის, რომ აღმოეფხვრა საშინელი, მანკიერი, დამკვიდრებული და წესად ქცეული პრაქტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ასევე ციხეებში. ბაჩო ახალაია, რომელიც ჩემთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად წლების განმავლობაში, ჯერ თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობისას, შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილედ ყოფნის პერიოდში, ხოლო შემდეგ კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას უშუალოდ ახდენდა მონიტორინგს და ებრძოდა წამებას, ძალადობას, დაგეგმილ მკვლელობებს ციხეებში, უშუალოდ ებრძოდა სხვადასხვა მსუბუქი თუ მძიმე სახის ადამიანის უფლებების დარღვევას, რასაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და წესად დამკვიდრებული იყო სისტემაში, რომელსაც ერქვა ციხე და რომელსაც ერქვა პოლიცია.

მე ახლაც მირჩევნია საკუთარი სინდისის წინაშე ვიყო მართალი, ვიდრე შევეცადო უპასუხისმგებლო და სინდისგარეცხილი ადამიანების მსგავსად დავაბრალო ადამიანს ის, რისი საპირისპიროცაა ბუნებით და ამით ქულების ჩაწერა დავიწყო იმ საზოგადოებაში , რომლის დიდი ნაწილიც უარყოფითადაა განწყობილი ჩემს მიმართ.

რა მარტივი იქნებოდა ჩემი რეიტინგისთვის, ამ დღეებში, ამ ფონზე, გამოვსულიყავი თუნდაც ერთი ტელევიზიით და ერთი წინადადებით „მეღიარებინა ჩემი შეცდომა“ და ბოდიში მომეხადა ილია მეორისთვის, ხოლო ამის შემდეგ შევდგომოდი ბაჩო ახალაიას ლანძღვა-გინებას იმ ადამიანების მსგავსად, რომელსაც დღეს ვხედავთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთ შემთხვევაში? ერთ დღეში „სატანა“ თეა თუთბერიძე გახდებოდა გმირი. მივიღებდი აპლოდისმენტებს იმ „სიმართლისთვის“ რაც ყველაფრის მიუხედავად „შევძელი და ვთქვი“. ამიტომაც, მიმიფურთხებია თქვენი გაუაზრებელი, დაუფიქრებელი, მხოლოდ ემოციებზე დამყარებული (და არა სიმართლეზე) ტაშის დაკვრისთვის, გმირად შერაცხვისთვის. დაე მაფურთხეთ ყველამ, მაფურთხეთ მთელი მონდომებით, ვიყო „ანტიქრისტე“, „სატანის მოციქული“ და „სატანის მოციქულის მოციქულიც“.

დიახ! ვამაყობ ბაჩო ახალაია შენით! მეამაყები სხვა იმ დღეს მოქმედი მინისტრების ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სკამებს ათბობენ და პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე არიან ორიენტირებულები, რეფორმების გატარების ნაცვლად. მათ ხომ შენგან განსხვავებით ეშინიათ რეალური რეფორმების გატარების, რომ საზოგადოების ნაწილი რისხვა არ მიიღონ, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ რეფორმები ყოველთვის მტკივნეული პროცესია. შენ მუდმივად გაკლდა ის რაც თურმე ამ საზოგადოებაში მთავარი ყოფილა _ ნაძირლობა და არაკაცობა! „დამიწყევლია“ ჩემი ორი წლის შვილი და მისურვებია, რომ გამეზარდოს შენისთანა „ჯალათი“, შენისთანა „მწამებელი“, შენისთანა „სადისტი“, შენისთანა “მოძალადე”, შენისთანა “მკვლელი” და შენისთანა „არაადამიანი“!

მიმიფურთხებია საზოგადოების იმ ნაწილისთვის და ყველა იმ ვაი პოლიტიკოსისთვის ვინც დღეს იმ პატიმრების უბედურებას საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებთ. მინდა მაგინოთ უკანასკნელი სიტყვებით, მინდა ვერ მიტანდეთ და გული გერეოდეთ ყოველთვის ჩემ გამოჩენაზე, მინდა გძულდეთ ყველაზე და ყველაფერზე მეტად! მე ამ „საზოგადოებასთან“ არა თუ სიყვარული და პატივისცემა, ოდნავი შეხების წერტილიც კი არ მინდა მქონდეს! ადამიანებთან, რომლებზედაც ძალიან ეფექტურად მუშაობს რუსული სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური მანქანა, რომელ ადამიანებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში ნაძირლებისგან გმირები შექმნან და პირიქით. თუმცა გასაკვირი არც არაფერია, ესაა საზოგადოება, რომელსაც შეუძლია „კოხორასგან“ „გმირი“ შექმნას და ბაჩო ახალაიასგან „უდიდესი მწამებელი“, „სადისტი“ და „ჯალათი“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია