დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მედიაჯგუფს“ ამოფარებული ნაციონალები რეგიონების ჟურნალისტებს აშანტაჟებენ
2012/07/09 13:34:14

გასულ კვირას, მოულოდნელად, იმერეთის რეგიონში თეთრ მაისურებში ჩაცმული საინფორმაციო სააგენტო „მედიაჯგუფი“ გამოჩნდა. პირადი წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის „მედიაჯგუფს“ ჰყავს ორი კორესპონდენტი და ექვსი ოპერატორი. როგორც გვითხრეს, მათი მთავარი მიზანია საინფორმაციო სააგენტოს „ინფო9.გე“-ს ჟურნალისტების დაშანტაჟება და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების დაშინება.

 

ამ დღეებში ინტერნეტ ტელევიზია ITV.ge-ზე, საინფორმაციო   სააგენტო  „პრესა.გე“-სა და „დრონი.გე“-ზე მათ მიერ გადაღებული მასალა აიტვირთა.  ამჯერად „მედიაჯგუფის“ ჟურნალისტების სამიზნე „ინფო9.გე“-ს ზესტაფონის კორესპონდენტი ეკატერინე დუგლაძეა. „მედიაჯგუფი“ უხეშად ჩაერია ჟურნალისტის პირად ცხოვრებაში. ეკატერინე დუგლაძეს აიძულებდნენ ეთქვა, რომ არასრულწლოვანი შვილი უმწეოთა თავშესაფარში ჰყავს ჩაბარებული.

ეკატერინე დუგლაძე, საინფორმაციო სააგენტო „ინფო9.გე“-ს ზესტაფონის ბიუროს კორესპონდენტი: „ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ქალაქში ავტომანქანით ვმოძრაობდით. შევამჩნიეთ, რომ დღის განმავლობაში  ორი  მანქანა  დაგვყვებოდა. როდესაც ჩვენი მანქანა ქალაქის ცენტრში გავაჩერეთ, მოულოდნელად, ხუთი ოპერატორი და ორი ჟურნალისტი ვიდეოკამერებით თავს დამესხნენ და პროვოკაციული კითხვები დამისვეს. მკითხეს, ხართ თუ არა ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი, რამდენი გადაგიხადეს ქუთაისის აქციის გაშუქებისთვის, გყავთ თუ არა ბავშვი უპატრონოთა თავშესაფარში ჩაბარებულიო? ეს კითხვები ჩემთვის არ იყო სერიოზული და გადავწყვიტე, არცერთ მათგანზე არ გამეცა ნორმალური პასუხი.

მე მგონი, საზოგადოების არცერთი წევრი არ დაიჯერებს იმას, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი მირეკავს და მიკვეთავს სიუჟეტებს. ვფიქრობ, კითხვების დასმის მიზანი იყო ჩემი წყობილებიდან გამოყვანა. მათ პასუხები არ აინტერესებდათ, უბრალოდ, სურდათ, რომ გამოვსულიყავი წყობილებიდან. რიგრიგობით მისვამდნენ კითხვებს, რომ შუალედი არ ყოფილიყო. ძალიან გამაღიზიანებელია, ბევრნი არიან, მიკროფონი ძალიან ახლოს მოაქვთ და გაღიზიანებენ. ასეთ მდგომარეობაში რომ მანდილოსანს გაყენებენ, არ არის სასიამოვნო. ჟურნალისტი ვარ და ვხვდებოდი, რომ ჩემი გაბრაზება მათთვის ხელსაყრელი იყო. მაქსიმალურად შევეცადე, არ გამოვსულიყავი წყობილებიდან. რამდენად გამომივიდა, ვერ გეტყვით, ბუნებრივია, არც ისე სასიამოვნოა ეს ყველაფერი. მე ვნახე ITV.ge-ზე დადებული მასალა, მე მათ არ ვთვლი  ჩემს კოლეგებად. ვიფიქრე, რომ ახალგაზრდები არიან, გონს მოეგებოდნენ და აქ დავამთავრებდით ურთიერთობას. თუმცა მესამე დღეა, გზადაგზა დამყვებიან. ახლა სამონტაჟოში ვარ, იგივე რეჟიმში ვმუშაობ, დღეს უფრო გაძლიერებული ჯგუფი დამყვება. ანუ, უკვე უფრო მეტნი არიან. ოთხი ოპერატორია, სამი ჟურნალისტი, რომლებიც კითხვებს მუდმივად მისვამენ. უბრალოდ, მათი მუშაობის ამ ტაქტიკიდან გამომდინარე, დღეს გადავწყვიტე, რომ საერთოდ არ ჩამეთვალა ადამიანებად. საერთოდ, არ ვიცი, ვინ არიან. არ არიან ესენი ჟურნალისტები, ამიტომ სისულელეა მათთვის დახარჯო დრო. იცით, რა მინდა, გითხრათ? ერთ-ერთ სოფელში პრობლემურ თემაზე ვმუშაობდი. ადგილზე მისულებს სოფლის ადგილობრივ ნაციონალ დეპუტატთან ერთად „მედიაჯგუფი“ დაგვხვდა. ჩვენ დავინტერესდით, რატომ იყვნენ დეპუტატთან. მე პირადი გზებით გავიგე, რომ საკრებულოს დეპუტატს ზაზა შალამბერიძეს დაურეკა რაიონის გამგებელმა გივი არაბიძემ, უთხრა, ასულიყო თავის სოფელში და იქ ავიდოდნენ ჟურნალისტებიც. ზესტაფონის გახარჯულ თანხებზე ვაკეთებდი სიუჟეტს, გამგებელთან მქონდა რამდენიმე კითხვა. გამგებელმა ჩემს ზარს არ უპასუხა. შემდეგ მივედი გამგეობის შენობასთან, რომ მის წინ ჩამეწერა „სტენდაპი“. გამგეობის შენობიდან ამ დროს გამოდის ეგრეთ წოდებული „მედიაჯგუფი“. თუ ჩვენ არ გვიშვებდნენ, ბუნებრივია, დამებადა კითხვა: „მედიაჯგუფი“ როგორ აღმოჩნდა შენობაში? „მედია ჯგუფს“ სხვები დაემატნენ. მათ შემადგენლობაში ის გოგო აღარ არის, რომელიც, როგორც აღმოვაჩინეთ, სადღაც, ჭიათურის ტელევიზიაში სარეკლამო აგენტად მუშაობდა. დღეს მხოლოდ ბიჭები იყვნენ. ბიჭიკო გვენეტაძე მუდმივად ყველგან არის. ბიჭიკოს ვკითხე, მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები რომელ საიტზე მენახა. მან მითხრა, „მედიაჯგუფი.გე“ ამეკრიბა. მინდა გითხრათ, რომ ეს საინფორმაციო სააგენტო ინტერნეტში არ არსებობს.

რაც შეეხება სააგენტოდან ჩემს გაშვებას: არავინაც არ მათავისუფლებს, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის მორიგი ჭორი, რომელსაც ავრცელებს უშიშროების სამსახური. ჩემი აზრით, მათ არ აწყობთ რაიონში მიმდინარე პრობლემების გამომზეურება.“

მანანა ელიაშვილი, საინფორმაციო სააგენტო „ინფო9.გე“-ს დირექტორი:      „გამოჩნდა მდევნელთა მეორე რაზმი, თავისუფალი მედია სახელწოდებით kkinfo.net. ოღონდ ინტერნეტში მათი მოძებნა ვერ ხერხდება. არამარტო „მედია ჯგუფი“, არამედ კიდევ მეორე, რაღაც დაუდგენელი დაჯგუფება დასდევს ჩემს ჟურნალისტებს. 5 ივლისს გარდაბანში პირველი ფაქტი დაფიქსირდა, მათაც მსგავსი კითხვები აქვთ. მაგალითად, ძალიან აინტერესებდათ, რას ფიქრობდა ჩემი ჟურნალისტი იმის თაობაზე, თუ, შევარდნაძის დროს რას აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, ვინ არის ჩვენი დამფუძნებელი და დამფინანსებელი. როცა ჩემმა ჟურნალისტმა ჰკითხა, შენ ვინ გაფინანსებსო. მან უპასუხა, თავისუფალი ჟურნალისტი ვარო. მერე ისევ შეეკითხა, ეს კამერა და მიკროფონი რომ გიჭირავს ხელში, შენით იყიდეო? მან მიუგო: ეგ შენი საქმე არ არის, მე გკითხე პირველად და შენ რატომ მიბრუნებ კითხვებსო?

4 ივლისს გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ჩემს ჟურნალისტს პოლიციის თანამშრომელი ხელით შეეხო.

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. არ ვაპირებთ ეს მხოლოდ სასამართლოს დონეზე დავტოვოთ. ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნით. მე ვატყობ, ეს დაჯგუფებები ისე გეომეტრიული პროგრესით მრავლდებიან, საქმე არ გამოგველევა.

ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებას, რომ ჩვენი საქმიანობა ასე აინტერესებს. დიდი მადლობა ჩემს ჟურნალისტებს, ასე ყოჩაღად, უშიშრად რომ უმკლავდებიან ამ აღვირახსნილი ელემენტების შემოტევას. აგერ წინ მიზის, ბათუმიდან ჩამოსული ჟურნალისტი, რომელმაც „რეალTV“-ის გადამღებ ჯგუფში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ამოიცნო. ჩვენ ერთად გავაკეთებთ იმ საქმეს, რომ ამ აღვირახსნილობას საქართველოში მოვსპობთ. ჟურნალისტებმა უნდა იმუშაონ იმ სტანდარტებით, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები, იყვნენ ობიექტურები და ყოველთვის იცოდნენ ერთი რამ - როდესაც ობიექტურად მუშაობენ და კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, საზოგადოება მათ დაიცავს.“

გაზეთ „P.S.“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახლადშექმნილი საინფორმაციო სააგენტო „მედიაჯგუფი“-ს აქტიური ჟურნალისტი ბიჭიკო (ბაჩუკი) გვენეტაძე ქუთაისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის რიგითი თანამშრომელია. 

წყაროს თქმით, ბიჭიკო გვენეტაძე სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. პატრულის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ერთი წლის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. წყარომ ისიც გვითხრა, რომ „მედიაჯგუფის“ ერთ-ერთი ოპერატორი ბიჭიკო გვენეტაძის ცოლისძმაა. სხვა წყარომ ამოიცნო ალეკო როხვაძე, მეტსახელად „პოლიკიჩი.“ მისი ერთ-ერთი ლექტორის თქმით, „უნივერსიტეტში ოროსანი  იყო, მამამისის ხათრით ვუწერდით ნიშნებს. მერე მამამისმა „შეაძვრინა“ თვითმმართველობაში.“

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი არაბიძე „მედიაჯგუფზე“ ინფორმაციას „არ ფლობს“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო9.გე“-ს პროვოკაციულ სააგენტოდ მიიჩნევს.

„ინფო9“ არის პროვოკაციული ტელევიზია. არ ვიცი, მაგათ ჟურნალისტებს ვინ დასდევს და როგორ დასდევენ. თავად მაგათმა გაარკვიონ, ვინ არიან ის პიროვნებები. „ინფო9“ არის ნეგატიური მხარე, ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. მათი ჟურნალისტები არიან ტენდენციურები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის დავალებებს ასრულებენ. თავი დამანებეთ, გთხოვთ, მეორედ აღარ დამირეკოთ,“ - განუცხადა გაზეთ „P.S.“-ს გივი არაბიძემ და ტელეფონი გათიშა.

ამ დღეებში „მედიაჯგუფის“ ნაცნობი წევრები კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის ნათესავების კერძო საკუთრებაში, ლომბარდშიც შეიჭრნენ და მის მფლობელს დაშანტაჟება დაუწყეს. 6 ივლისს ისიც გახდა ცნობილი, რომ მსგავსი ფსევდო „მედიაჯგუფი“ სიღნაღის რაიონშიც გამოჩნდა, ჯგუფი „კარდაკარ“-ის თანამშრომლებს მუშაობაში ხელს უშლის.

ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის „ახალი მედია“ რეგიონებში მსგავსი სპექტაკლების დადგმას მომავალშიც განაგრძობს. 

 

ოთარ გულუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია