დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარიყული და პრეზიდენტის დაცვის მიერ „მობელილი“ ადგილობრივი მედია
2012/05/07 11:48:13

ორმაისობას ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი პირველად რეაბილიტირებულ მესხიშვილის თეატრის შენობაში შევიდა. მოვლენების გასაშუქებლად შეკრებილი ჟურნალისტები მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ, მიუხედავად წინასწარი აკრედიტაციისა, თეატრში არ შეუშვეს. მიზეზიც არავინ ახსნა, თუ რატომ უნდა ეყურებინათ ადგილობრივ ჟურნალისტებს გარედან პრეზიდენტის გამოსვლისათვის და თეატრის შიგნით არ გაეშუქებინათ მოვლენები.

 

დაცვა, რომელიც აქტიურობდა ჟურნალისტების მოსაშორებლად, მხოლოდ მათ შეუშვებლობას როდი დასჯერდა, თეატრის წინ მდებარე კიბეების დატოვებისაკენ მოგვიწოდა და მუჯლუგუნიც გვიწყალობა. დაცვა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ყველას უხეშად გვექცეოდა. ძირითადად ხელის უხეში კვრით და ფრაზით: „გამოეთრიე აქეთ“ მოქმედებდნენ. მე, პირადად, დაცვის წევრმა - მაღალმა, ღიპიანმა ახალგაზრდამ ისე მძლავრად ჩამარტყა ხელი ზურგში, ძლივს ამოვისუნთქე.

ტრადიციულად ხალხში გასვლის შემდეგ, პრეზიდენტი რეაბილიტირებული თეატრის გასახსნელად გაემართა. იქ განხორციელებული მოვლენების გაშუქების უფლება კი მხოლოდ ცენტრალურ ტელევიზიებს „იმედს“ და „რუსთავი-2“-ს ჰქონდათ.

თორნიკე ხურციძე, რადიო „ძველი ქალაქი“, გაზეთი „ვერსია“: „პრეზიდენტს სხვა ჟურნალისტებთან ერთად ცენტრალურ მოედანზე ველოდებოდით. როდესაც გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილი და მოედანზე შეკრებილი ხალხისაკენ გაემართა, მივყვებოდით ჟურნალისტები. დაცვა იყო საოცრად აგრესიული, რამდენჯერმე მომიქნიეს ხელი და მუცელში კარგა გვარიანად მომხვდა. ძალიან პრობლემა იყო უკვე პრეზიდენტთან მიახლოებაც. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა, კომენტარი გაეკეთებინა, ვცდილობდით, მასთან მაქიმალურად ახლოს ვყოფილიყავით, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა ეს, რადგან ბევრი ხალხი იყო და ხალხის ტალღა ჩვენსა და პრეზიდენტს შორის რამდენჯერმე ჩადგა. ამიტომ შემდეგ იგი გაემართა თეატრში და როცა შევიდა შენობაში, ცენტრალური არხის რამდენიმე ჟურნალისტი შეჰყვა სხვა ჟურნალისტებს კი საშუალება არ მოგვეცა თეატრში შესვლის. გარეთ დავრჩით ადგილობრივი მედიის ჟურნალისტები, დაცვამ არ შეგვიშვა და როდესაც ვეკითხებოდით, რატომ არ გვიშვებდნენ, გვიპასუხეს: კარგით, რა, მე მეკითხებით, რატომ არ გიშვებთ? თვითონაც ხომ იცითო. რატომ არის გამორჩევითი პრინციპი ჟურნალისტების-მეთქი, რომ ვუთხარი, არავითარი პრინციპი არ არის - შევიდნენ ჟურნალისტები და თქვენ რატომღაც დარჩით გარეთო. მერე მოგვთხოვეს, რომ თეატრის კარს მოვცილებოდით და კიბის ქვემოთ ჩამოვსულიყავით. მოკლედ, ძალიან რთული იყო მუშაობა და მართლა შეგვეშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი. რამდენიმე საათის განმავლობაში ველოდებოდით მოედანზე მიხეილ სააკაშვილს, მართალია, მოგვიანებით, შადრევნის გახსნისას, მოვახერხეთ, მივახლოებოდით პრეზიდენტს და ჩაგვეწერა, თუმცა ფაქტია, რომ თეატრში არ შეგვიშვეს და ეს სულაც არ მომხდარა შემთხვევით. არასოდეს ყოფილა ასე და არ შემქმნია ხოლმე პრობლემა გაშუქებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა მართლა საოცარი სიტუაცია იყო, რომელსაც ნამდვილად არ ველოდებოდით. დაცვის მხრიდან იყო აგრესიული მოპყრობა.“

ქრისტინე ქარჩხაძე, გაზეთი „ახალი გაზეთი“: „ეს არის ტრადიციული, როდესაც არ გვიშვებენ და ახლაც შერჩევით ხდებოდა შესვლა თეატრში. მიზეზიც არავინ გვითხრა, - ვინც ვალდებულია ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, მათ არ შეგვიშვეს. კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში, ვინმემ იცოდეს, არა მგონია“.

ნოდარ ჯოჯუა, გაზეთი „P.S.“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“: „ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე სააგენტო „პირველისთვის“ ვმუშაობდი და ვამზადებდი მასალას მთელი დღის განმავლობაში. ასე, თორმეტი საათისათვის, მერიაში ნათია ბანძელაძე შემხვდა, რომელსაც  ვუთხარი, რომ მინდა დავესწრო პრეზიდენტის ყველა ღონისძიებას, თუ მაქვს ამის უფლება-თქო. ნათია დამპირდა, არანაირი პრობლემა არ იქნება, სადაც ჩვენ ვიქნებით, მოდი და დაესწარი ყველა ღონისძიებასო. მაგრამ როდესაც ველოდებოდით პრეზიდენტს თეატრთან, დაცვის თანამშრომელთან მომივიდა შეკამათება იმის თაობაზე, რომ უნდა შევსულიყავი მესხიშვილის თეატრში, მაგრამ დამბლოკეს რატომღაც; მითხრეს, რომ თქვენ უფლება არ გაქვთ, გააშუქოთ თეატრში მიმდინარე მოვლენებიო. ჩემთან იყო ასევე ადგილობრივი ტელევიზიის „მეგას“ გადამღები ჯგუფი. მოგვთხოვეს, ის ადგილი დაგვეტოვებინა. ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ იყო, პიროვნებამ გვიპასუხა, რომ იგი იყო სპეცსამსახურის თანამშრომელი და ჰქონდა უფლება, გაეძევებინა ჟურნალისტები იმ ადგილიდან. ამასობაში მოვიდა ირმა ნადირაშვილი, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ არ შეგვეძლო, დავსწრებოდით ღონისძიებას. შემდეგ გამაჩერა „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტმა და მითხრა, რომ ჩვენ ვერ გავაშუქებდით ამ ღონისძიებას, მხოლოდ „რუსთავი-2“ და „იმედი“ გააშუქებდნენ. ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი, ჩვენს ქალაქში არ მოგვეცა საშუალება ადგილობრივ ჟურნალისტებს, გაგვეშუქებინა მესხიშვილის თეატრში ჩატარებული ღონისძიებები“.

როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ცერემონიის დაწყებამდე თეატრში შესვლა მოუხერხებია გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, რომელსაც დაცვამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ირაკლიმ გვიამბო: „რაკი რეგიონის ჟურნალისტის სტატუსით არ შემიშვეს, თავი მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრად წარმოვადგინე და მაშინვე უპრობლემოდ შემიშვეს. უცებ კი დავინახე, რომ ქალთან, რომელიც ჩემს წინ იჯდა, ნაციონალური მოძრაობის ქუთაისელი ლიდერები მოვიდნენ და უთხრეს, შენ ნაციონალი არ ხარო და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს. ქალბატონმა უარი განუცხადა, უარის მიღების შემდეგ პოლიციამ ქალზე ძალადობა დაიწყო. ამოვიღე ფოტოაპარატი და დავიწყე გადაღება. ამ დროს პრეზიდენტის დაცვის წევრები მომცვივდნენ, თეატრის ფოიეს უკან გამიყვანეს და ფიზიკური და მორალური შეურაცხ-ყოფა მომაყენეს, ასევე მომთხოვეს ჩემს აპარატში არსებული ყველა ვიდეოსა და ფოტოს წაშლა.“

 

ხელისუფლებისგან მკაცრად „უარყოფილ“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ მაშინ მიეცათ, პრეზიდენტის კომენტარის ჩაწერის შესაძლებლობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი საამაყო შადრევანი გახსნა, შემდეგ კი მან ცენტრალური მოედანი დატოვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია