დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამუკა კაციტაძე: „რვიანს“ არაფერი სჭირს, რადგან ჯერ მოლაპარაკებებია დასასრულებელი“
2011/06/27 12:22:06

გასული კვირის მედია პოლიტიკურ გაერთიანება „რვიანში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

გაზეთი „ვერსია“ ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სახესა და მოლაპარაკებების პროცესში ჩაბმულ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.

 

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ბევრი იყო ჩასაფრებული და ჩვენი ეს შრომა, ასე ვთქვათ, უმადური საქმე იყო. მორალურად, გაუმართლებლად მიმაჩნია, ის პარტნიორები და პროცესი აკრიტიკო, რომლის ნაწილიც თავად იყავი. ეს, კონკრეტულად, ,,რვიანის“ კუბოში ლურსმნის ჩამჭედებელსა და ზედ გვირგვინის დამდებს ეხება. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, მოლაპარაკების დასრულებასა და წერტილის დასმაზე არც ხელისუფლება საუბრობს, არც - ,,რვიანი“. წერტილის დასმის შემთხვევაში, შედეგი ვერ დადგება, რაც არ გვინდა. მზად ვართ, მოლაპარაკება ნებისმიერ დროს განვაახლოთ, როცა ხელისუფლება მზად იქნება. ზედმეტი ქილიკი და წინმსწრები პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ,,რვიანი“ აღარ არსებობს და იგი დაშლილია, მთლად ასე არაა, რადგან ჯერ არც მოლაპარაკებები დასრულებულა.“ - აცხადებს კაციტაძე. მისი თქმით, ნაწილობრივ დაშლილიც არ არის, „რვიანს“ ამ წუთში არაფერი სჭირს, რადგან ჯერ მოლაპარაკებებია დასასრულებელი და, საერთოდაც, გავიხსენოთ, რომ ეს ერთობა ერთ კონკრეტულ თემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საწარმოებლად შეიქმნა. ამიტომ, სასურველია, მოლაპარაკების დასრულებამდე ეს ერთობა შენარჩუნდეს. რაც შეეხება მითქმა-მოთქმას „რვიანში“ არეულობასთან დაკავშირებით, დაახლოებით, 10 თვის განმავლობაში, რაც „რვიანი“ მუშაობს, თითქმის არ ყოფილა სერიოზული თემა, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არ გვქონია. შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და ავბედითმა მაისმა, გარკვეულწილად, ახალი ინიციატივებისა და პროცესის ახალ სიბრტყეში გადაყვანის სურვილი გააჩინა. მათ შორის, „რვიანის“ გარკვეულ სუბიექტებშიც. გაჩნდა მოლოდინი, თუ „რვიანი“ მოლაპარაკებებში ვერ აღწევს შედეგს, მაშინ ერთგვარი პოლიტიკური შედეგი მაინც მიიღოს, ანუ, რაღაცნაირად, საფუძველი ჩაუყაროს პოლიტიკურ ბლოკად ქცევასო.

 

გაზეთი „რეზონანსი“ წერს, რომ პარლამენტი მომავალი წლიდან ქუთაისში მთლიანად გადავა. ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ „დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების“ არგუმენტით მიიღო. ოპოზიციას კი ურჩიეს, რომ, რადგან მათ ქუთაისში სიარული ეზარებათ, დროა, მენტალიტეტი შეიცვალონ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, „ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოს ყველა რეგიონი უნდა განვითარდეს და თუ საჭიროა, ამისთვის პოლიტიკურ დეცენტრალიზაციას განახორციელებენ“. მისი თქმით, აქამდე ადამიანს თუ რამის მიღწევა უნდოდა, აუცილებლად თბილისში უნდა ჩასულიყო. ახლა კი ეს საჭირო აღარ იქნება და, როგორც გაზეთ „ახალი თაობასთან“ საუბარში პარტია „ქრისტიან დემოკრატების“ წევრი და პარლამენტის ვიცე სპიკერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, „რვიანში“ ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ, რომ კედელი როგორ გადავლახოთ, ამაზე სხვადასხვა ხედვა გვაქვს. ზოგი რადიკალური ქმედებისკენაა მიმართული და გვეუბნება, დინამიტი დავუდოთ და ავაფეთქოთო, ზოგი ამბობს, კიბით გადავძვრეთ, მაგრამ კიბის საშოვნელად ფულია საჭიროო, ზოგი - წამოვწვეთ და დაველოდოთ, ქარიშხალი მოდის და ისედაც დაანგრევსო, ზოგიერთი გვთავაზობს, თავი ვურტყათ და ადრე თუ გვიან დაინგრევაო. მთავარია, კონსენსუსს მივაღწიოთ და პროცესის განვითარების საერთო გზა მოვნახოთ, თუმცა ცალკეული პარტიების მხრიდან „კედლის“ დინამიტით აფეთქების სურვილიც არ მიმაჩნია პრობლემად. ამით შეიძლება უფრო დავეხმაროთ ერთმანეთს. ვიღაც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, ვიღაც ქუჩაში გავა, მაგრამ თუ ეს კოორდინირებულად მოხდება, უფრო დიდ შედეგს მივაღწევთ.

გაზეთი „კვირის პალიტრა“ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატს, თემურ ქორიძეს ესაუბრა. ქორიძე ამბობს, რომ სააკაშვილი და ზვიად გამსახურდია კარდინალურად განსხვავებული ფენომენებია. „ზვიად გამსახურდია წინასწარვე განზრახული ზვარაკი იყო სამშობლოსათვის. მას ბრძოლა არ დაუწყია იმისათვის, რომ პიარკამპანია ეწარმოებინა და წარმატებისათვის მიეღწია ტელეეკრანზე. მიხეილ სააკაშვილისთვის კი საქართველო ასპარეზია შოუბიზნესისთვის და ამაში ყოველდღე ვრწმუნდებით. ვწუხვარ, რომ არიან ისეთი დაბნეული და გაოგნებული ადამიანები, რომლებიც ბავშვივით აღტაცებული არიან იმით, რაც საქართველოში ხდება. გოგი ოჩიაური იმასაც არ ფიქრობს, როდესაც სააკაშვილი დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ზეიმობდა, თვით გოგი ოჩიაური, დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი კაციც, არ მიიწვიეს იმ აღლუმზე. მიიწვიეს რეჯებ ჟორდანია, ნოე რამიშვილის ოჯახის წევრები, რომელთაც ქართულიც კი არ იციან... და გოგი გეგეჭკორს ერთი საოცარი სტრიქონი აქვს - „გარდაცვლილთან მეგობრობა იოლია.“

 

სხვადასხვა საინფორმაციო   

სააგენტოდან 

 

„ჯი-ეიჩ-ენი“: „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის „ბოგდან ხმელნიცკის“ ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატმა“ დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ განუცხადა, ის მის ორ თანაგუნდელთან ერთად ბრიფინგს მართავდა, როდესაც „ნაციონალების“ აქტივისტები მივარდნენ და მუქარით დაშლა მოსთხოვეს.

„დაახლოებით ერთი საათის წინ ნაციონალური მოძრაობის „ზონდერ კამანდასთან“ მოგვივიდა დაპირისპირება. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრები, მე, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია ვმართავდით ბრიფინგს დასუფთავების მოსაკრებლის შეცვლის თაობაზე. ამ დროს მოვარდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა ჯგუფი და დაახლოებით ისე იქცეოდნენ, როგორც იქცევიან ხოლმე ხალხის დაშლის დროს. ისინი ხალხისგან მოითხოვდნენ დაშლას. ჩვენ გვაქვს სურათები და ამ სურათებს ჟურნალისტებს გადმოვცემთ დღეს გასამართ პრესკონფერენციაზე. ამბობდნენ ასეთ ფრაზებს, რომ ეს უბანი არის ხვიჩა სანაიასი და უბანი და მისი სამეგობრო პატივს სცემს და დაიცავს ხვიჩა სანაიას. ხვიჩა სანაია არის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ისანი-სამგორის რაიონიდან. ხალხს ემუქრებოდნენ, რომ დაშლილიყვნენ. ჩვენ გვაქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ქურდული მენტალიტეტი ალაგმეს ქვეყანაში: თუკი აღარ არსებობენ ქურდები და არ არის ქურდული კანონები, რატომ გვიპირისპირდებიან მათი საძმოები და სამეგობროები, რატომ გვემუქრებიან ისეთი ფრაზებით, რომ დავიშალოთ, თორემ ხვიჩა სანაიას საძმო პასუხს გვაგებინებს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ გრიგოლიამ.

მისი თქმით, ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, როდესაც დაუკავშირდნენ ხვიჩა სანაიას და მისი „დაჯგუფების“ დაშლა მოსთხოვეს.

 

მედიანიუსი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ, „ქართულ პარტიასთან“ დაკავშირებულ პირებს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. გადაწყვეტილებას დაკავებულთა ადვოკატები არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას აპირებენ.

როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, რევაზ რევაზიშვილმა აღნიშნა, დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიება დაუსაბუთებლად გამოიყენეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ უთითებს, რომ თუ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით უზრუნველყოფილი იქნება აღმკვეთი ღონისძიების  მიზნები, ასეთ შემთხვევაში ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უნდა იქნას გამოყენებული. მაგრამ სასამართლომ ეს არ გაიზიარა, რითიც წინააღმდეგობა გაუწია კანონოს აღნიშნულ მუხლს“, - აღნიშნა რევაზ რევაზიშვილმა.

როგორც კახა ტერაშვილის ადვოკატმა ლამარა ბარკალაიამ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული. დაცვის მხარემ მის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. კახა ტერაშვილის ძმას, ლევან ტერაშვილს, ბრალი, სავარაუდოდ, 23 ივნისს წარედგინება.

ცნობისთვის: შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა  დააკავა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის რამდენიმე წევრი  დაკავშირებულია  „ქართულ პარტიასთან“,
სამინისტრო ავრცელებს  ოპერატიულ  აუდიო და ვიდეო მასალას და  ინფორმაციას იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის თვის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ  საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლით, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.

 

მოამზადა ნოდარ ჯოჯუამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია