დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლუკა კურტანიძე: „მეც ჩემს ხალხთან ერთად მოვითმენ. მოვითმენ, მაგრამ - როდემდე?“
2011/06/13 13:15:28

გასული კვირის მედია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევას კვლავ უბრუნდება. გარდა ამისა, ეხმაურება ჰოლივუდის ვარსკვლავის შერონ სტოუნის საქართველოში ვიზიტს და ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერას. 

გაზეთი „კვირის პალიტრა“ ესაუბრა მსოფლიო ჩემპიონს ლუკა კურტანიძეს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე დიდი სისასტიკით გაუსწორდნენ სპეცრაზმელები. „საშინელება, რომელიც 26 მაისს მომიტინგეებს დაატყდათ თავს, მეც გადავიტანე. რამდენიმე ადგილას თავი მაქვს გატეხილი, მთელი სხეული კი დაჟეჟილი. ფიზიკურ შეურაცხყოფას და თავის გატეხას ადამიანი კიდევ გაუძლებს, მაგრამ ყველაზე მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, მომიტინგეებს რომ მოგვაყენეს“, - იხსენებს  კურტანიძე.  მისი  თქმით, „ეტყობა  ჩემთან  ანგარიში  ჰქონდათ გასასწორებელი, რატომ, არ ვიცი. იმ ღამეს ჯოჯოხეთი გამოვიარე. სიზმარში რომ მენახა, არ დავიჯერებდი, რომ ჩემი თანამემამულე ჩემსავე ქვეყანაში ასეთ ჯოჯოხეთს გადამატანინებდა. რაც ხალხს მოხვდა, ათჯერ მეტი მე მომხვდა გამიზნულად. მაგრამ სპეცრაზმელთა შორისაც აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ადამიანურად იქცეოდა. მათი დამსახურებაა, რომ ცოცხალმა გამოვაღწიე, ფეხზე რომ ვდგავარ და გესაუბრებით, სული, გული, ყველაფერი მტკივა. ეს არ მიგვიყვანს იმ ტაძრამდე, რომელიც გადაგვარჩენს. პოლიციის სამმართველოში ერთმა ბორკილდადებულს ტანსაცმელი შემომახია, შეურაცხყოფა მომაყენა და მერე ამით გახარებული ჩემთან სურათებს იღებდა. რა უხაროდა, ვერ გამიგია, ჩემი უბედურება და შეურაცხყოფა როგორ ახარებდა? ნეტავ ვისთვის უნდა ენახებინა ის სურათები? შვილისათვის თუ ნათესავისათვის? მადლობელი ვარ პატრიარქის, რომ დამიბარა. დამლოცა, მომეფერა და მითხრა, შენ ისეთი ადამიანი ხარ, ვისაც საქართველოსთვის დიდი სიხარული მოუტანია და გმირი მიწოდა. მე არც თანამდებობა მინდა და არც პოლიტიკა. მინდა ქართველებმა ღირსეულად ვიცხოვროთ და ამისთვის ვარ მოღალატე? თუ ქართველ ერს ეს მდგომარეობა და დიქტატი მოსწონს, რა გაეწყობა. მეც ჩემს ხალხთან ერთად მოვითმენ. მოვითმენ, მაგრამ როდემდე?“

გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „სათამაშო ბიზნესში გადასახადები იზრდება“.

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე იზრდება და ამ გადასახადს ობიექტის მფლობელი 5 წლის მანძილზე გადაიხდის. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები სულ მალე შევა. იცვლება საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, რომლის თანახმად, კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო აპარატზე გადასახადი კვარტალში 15 000-დან 30 000 ლარამდე, სათამაშო აპარატზე - 1 500-დან 3 000 ლარამდე, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალარო აპარატზე 3 750-დან 7 500 ლარამდე გაიზრდება“. - წერს ვერსია. 

გაზეთი რეზონანსი აღნიშნავს, რომ „რვიანი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების კარებს ღიად სტოვებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ იმედი არ აქვთ, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებს დასთანხმდება, ამიტომ ისინი აქტიურად აპირებენ საზოგადოების ჩართვას საარჩევნო რეფორმის პროცესში.

„საარჩევნო რეფორმა უნდა გახდეს სამოქალაქო პროცესი, რათა სააკაშვილმა დაინახოს, რომ მას არ ეთანხმება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი.

ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელსაც თან ახლავს იმედგაცრუებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების ერთსულოვნებით დამარცხებული იქნება“ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

 

ინტერპრესნიუსი: დემოკრატია ის არ არის, თუ რამდენიმე ასეული ადამიანი მიიჩნევს, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში ალიაქოთი უნდა მოაწყოს , მაქსიმალურად აურიოს სიტუაცია, რათა თანამდებობები დაიბრუნონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას განაცხადა.
„მათ ჰგონიათ, რომ დანარჩენი ხალხი ბრიყვია და ყველაფერი მხოლოდ თავად ეკუთვნით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დემოკრატია ღირსების შენარჩუნება, შეხედულებების გამოვლენა და საზოგადოებაში სიმართლის გატანაა.
„დემოკრატია არის თქვენი საქმიანობა სკოლის მერხიდან დაწყებული და პატრიოტთა ბანაკებით დამთავრებული. თქვენი ღირსების შენარჩუნება, თქვენი შეხედულებების გამოვლენა, ბევრი თქვენნაირი ადამიანის პოვნა და სტრუქტურად ჩამოყალიბება, თქვენი სიმართლის გატანა და დამტკიცება საზოგადოებისთვის, რათა დანარჩენებმა დაგიჯერონ - აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მედიანიუსი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში „იკოლის“ მწვავე ნაწლავური ინფექციის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

როგორც „მედიანიუსს“ ცენტრის თანამშრომელმა,  ექიმ-ინფექციონისტმა  გიორგი კანდელაკმა განუცხადა, მწვავე ნაწლავური ინფექციით საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანი ავადდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ახლაც ამ დიაგნოზით 20-30-მდე პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, ამ ინფექციის თავიდან ასაცილებლად პროდუქტის მიღებამდე მთავარია დაცული იყოს სანიტარული ნორმები. პროდუქტი კარგად გასუფთავდეს, კარგად მომზადდეს და კარგ სანიტარულ პირობებში მოხდეს მისი მიღება.

„იმის თქმა, რომ ეს ინფექცია რაიმე კონკრეტული პროდუქტით ვრცელდება, არასწორია, რადგან თვითონ ევროპაშიც ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია მისი გავრცელება. თავიდან ითქვა, რომ კიტრით გავრცელდა, შემდეგ სხვა პროდუქტებზე მიიტანეს ეჭვი. ამ დრომდე დადგენილი არ არის, რა გახდა ეპიდემიის წყარო. ამიტომ ჩვენი მხრიდან რაიმე რეკომენდაციის გაცემა, რომ საქართველოში რომელიმე პროდუქტის შემოტანა შეიზღუდოს, საჭიროებას არ წარმოადგენს. მითუმეტეს, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩვენთან არც კიტრი შემოდის და არც სხვა ბოსტნეული“, - განუცხადა  „მედიანიუსს“ გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ მწვავე ნაწლავური ინფექცია ევროპაში გავრცელდა და ბოლო მონაცემებით, ინფექციით 23 ადამიანი დაიღუპა. სულ ვირუსის 2 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათი უმრავლესობა ბოსტნეულით დაინფიცირდა.

მოამზადა ნოდარ ჯოჯუამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია