დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი სახე „ქართულ პარტიაში“ და გელბახიანის 21 მაისი
2011/05/23 12:50:14

გასული კვირის პრესა პოლიტიკური ინფორმაციის სიუხვით გამოირჩეოდა.

მიმოხილვას გაზეთ „კვირის პალიტრით“ დავიწყებთ, რომელიც „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კოტე გოგელიას ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. „პოლიტიკაში წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მინდა ჩემს ქვეყანას ყოველთვის ყავდეს ვიღაც დირექტორი, რომელიც უკარნახებს, მარცხნივ წავიდეს თუ მარჯვნივ. ჩვენ ყველასთან უნდა გვქონდეს ისეთი დამოკიდებულება, დღეს რომ გვაქვს, არც ამერიკისადმი მიდგომა უნდა იყოს ასეთი. რუსეთს პერმანენტულად აგინებენ, ამერიკელები კი, რაც უნდა გააკეთონ, ყოველთვის კარგები და მართლები არიან. არ შეიძლება ასე ცხოვრება. საქართველოს მომავალი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. არც რუსებისა და არც ამერიკელების საქმე არ არის, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“. - აცხადებს კოტე გოგელია და განმარტავს: „დღეს არ გავმხდარვარ „ქართული პარტიის“ წევრი,  მე ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. როგორც ჩანს, ვიღაცას სურს,მე გამომიყვანონ დამფინანსებლად. „ქართულ პარტიას“ აქვს დაფინანსების თავისი წყარო და ეს არც ერთი ქვეყნის მთავრობასთან არ არის დაკავშირებული. მე გაცილებით სხვა როლი მაქვს პარტიაში, ვიდრე დაფინანსება. რუსეთში საქართველოდან 900 000 კაცია ჩასული და ბევრ მათგანს ფული აქვს ნაშოვნი. როგორ გგონიათ, ყველა აგენტია? ეს ხომ ავადმყოფური მიდგომაა. რაც შეეხება ჩემს კაპიტალს: შემოსავლის 90% არის ინგლისური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან. ასე რომ, ეფ-ეს-ბესთან ჩემი კავშირი შავ პიარზეა გათვლილი, ტყუილია... ჩემი ექვსი წლის ბიჭი ხშირად მეკითხება საქართველოზე. მე მას ქართულ ლექსებს ვუკითხავ, ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა ილაპარაკოს ქართულად. მასაც უნდა, რაც შეიძლება მეტი იცოდეს საქართველოზე. აი, აქ კი დილემის წინაშე ვდგები - რა ვუთხრა ბავშვს, ლამაზ, გმირულ წარსულზე ვუამბო და დღევანდელი საქართველო შევაზიზღო? არ მინდა ჩემს ქვეყანაში, ჩემი შვილის სამშობლოში, ამორალური მდგომარეობა იყოს!“

გაზეთი „ვერსია“ ყოფილ დეპუტატს და ამჟამად ძებნილ ვალერი გელბახიანს ესაუბრა. გელბახიანი ამბობს, რომ საქართველო ისეთ ავადმყოფურ მდგომარეობაშია, ინექციით, ქირურგიული ჩარევების გარეშე, გამორიცხულია, რამე ეშველოს, ამიტომ პოლიტიკაში ახალი ე.წ. ტალღების გამოჩენა ძალიან კარგია. „ეს იგივეა, მომაკვდავ სხეულში ქიმიას რომ შეუშვებენ და მას რაღაც გამოცოცხლება დაეტყობა. ოქრუაშვილს რაც შეეხება, რაღაც მესიანისტური სენი სჭირს. ასე ჰგონია, მის გარეშე არაფერი გაკეთდება, ფანატიზმი კი ყველაფერს ღუპავს. ქართული პარტიის ლიდერების ადგილას რომ ვყოფილიყავი და დამენახა, ბურჯანაძის აქციაზე ხალხი გადის, მეც იძულებული გავხდებოდი, მოვლენებს არ ჩამოვშორებულიყავი, პირიქით, დამესწრო და ეს 21 მაისი სადღა წავიდოდა? რაც მოხდებოდა, უკვე ყველაფრის მონაწილე ვიქნებოდი, ამიტომ მიმაჩნია, ეს ბუნებრივი შეერთებისკენ რაღაც ნაბიჯია. „გელბახიანს სჯერა, რომ 21-ში ქართული პარტია და კრება გაერთიანდებიან და მათ „რვიანის“ დიდი ნაწილიც შეუერთდება, თუნდაც სანიკიძე, კონსერვატორები, ხალხის პარტია“. მისი თქმით, 21 დან 26 მაისამდე ხელისუფლება აღლუმისთვის დაიწყებს მზადებას და რუსთაველს, თავისუფლებასა და სანაპიროს გადაკეტავს, რაც ოპოზიციას თავისუფალი გამოსვლების საშუალებას არ მისცემს. ამან შეიძლება, ხელოვნური კონფლიქტი გამოიწვიოს. „თუმცა, ოპოზიციამ ხელისუფლებას 26 მაისს აღლუმი თუ ჩაატარებინა, სჯობს, საერთოდ არ შეიკრიბოს, ქუდი დაიხუროს და სახლში წაბრძანდეს. ქუჩები აქციებით უნდა გადაიკეტოს და არა-აღლუმისთვის განკუთვნილი ტანკებით. საერთოდ, რა ეაღლუმება ხელისუფლებას, როცა მოსახლეობა ეუბნება, ქვეყნის დამღუპველი ხარ, აქედან წაეთრიეო?

არა, რიგითი უბრალო მოქალაქე ვარ და არა მესია. როგორც ოქრუაშვილი. არც ტანკითა და არც თვითმფრინავით არ შემოვალ. მოვალ ფეხით, შევუერთდები მიტინგს, თუმცა საიდუმლოდ დამიტოვეთ, ამას საიდან ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, ცხინვალიდან ნამდვილად არა. მანამდე, შევხედავ, რა და როგორ იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები, თორემ თავი დასაკარგი ხომ არ მაქვს?!“ - აცხადებს გელბახიანი.

გაზეთი „რეზონანსი“ წერს, რომ კვირის ბოლოსთვის ბენზინისა და დიზელის 5 თეთრით გაიაფება იგეგმება. ნავთობიმპორტიორების ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს. აღსანიშნავია, რომ 1-ლი მაისის შემდეგ საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა ბენზინი 124 დოლარით გაიაფდა, დიზელი კი - 127 დოლარით. 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 126 დოლარიდან 109 დოლარამდე შემცირდა. საქართველოში საწვავი ბოლოს 2010 წლის 15 თებერვალს გაიაფდა.
„რეზონანსის“ გათვლებით, ამ დროისთვის, 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,79 ლარია, ხოლო დიზელისა - 1,83 ლარი ანუ ფასთა შორის სხვაობა თვითღირებულებასა და საცალო გაყიდვებში ბენზინზე 36 თეთრია, ხოლო დიზელზე 37 თეთრი. შეიძლება ითქვას, ასეთი მაღალი ზღვარი, აქამდე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ეს სხვაობა საწვავის 10 თეთრით გაიაფების შესაძლებლობას იძლევა.

 

უცხოეთის სიახლენი

ანჯელინა ჯოლი ფილმ „კლეოპატრას“ ახალ, 3-განზომილებიან ვერსიაში ითამაშებს. სურათს ბრედ პიტისა და ანჯელინას ახლო მეგობარი, „მებრძოლთა კლუბის“ რეჟისორი დევიდ ფინჩერი გადაიღებს. ფინჩერი დიდი ხანია, ჯოლის ამ როლის თამაშზე დათანხმებას ცდილობს. მისი აზრით, როლს ჯოლიზე უკეთესად თავს ვერავინ გაართმევს.

ჯოლიმ  განაცხადა,  რომ,  შესაძლოა, „კლეოპატრას  იმიჯი  მართლაც მოირგოს; ფინჩერი ჩვენი ძველი მეგობარია და უკვე დიდი ხანია ამ თემაზე ვმსჯელობთ“, - ამბობს ანჯელინა.

პირველად კლეოპატრა ელიზაბეტ ტეილორმა განასახიერა. 1963 წელს რეჟისორ ჯოზეფ მანკევიჩის ნამუშევარმა 4 „ოსკარი“ მოიპოვა. გაქირავებაში ჩაშვებისას კი „კლეოპატრამ“ შემქმნელებს ფინანსური მოგება ვერ მოუტანა.

„ჯი-ეიჩ-ენი“: „სახალხო კრების“ ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, მათ დიპლომატებს 21 მაისის აქციასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროვოკაციების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, ასევე ვესაუბრეთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს აქტივისტებს ექმნებათ, ეს არის პლაკატების გაკვრის პროცესი, სხვადასხვა მასალების დარიგება აქციებთან დაკავშირებით. მე მესმის, ხელისუფლებას ეშინია, იმიტომ, რომ ძალა ხალხშია“. - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრების“ ორგანიზებით 21 მაისს საპროტესტო აქცია თბილისში - თავისუფლების მოედანზე და ბათუმში - ერას მოედანზე გაიმართება.

 

„ინტერპრესნიუსი“: „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საჩხერის სოფელ ჭალვანში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ამ ფაქტს შემზარავს უწოდებს.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს დღეს ქვეყნისთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული დაძაბულობა.
ეს ყველას გვახსენებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ოკუპაციის ქვეშ და ამასთანავე, გამოავლენს იმასაც, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, აბსოლუტურად უსუსურია საკუთარი მოქალაქეების დაცვის საკითხში“, - აღნიშნა ალასანიამ. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და გამოძიებული საერთაშორისო თანამეგობრობისა და მონიტორების მეშვეობით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრებ ხუთ ახალგაზრდას სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
შსს-ს ინფორმაციით, 17, 21, 22, 26 და 27 წლის ახალგაზრდები საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს, ჩონთოს ხეობაში, ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ დაკავებას სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები შეეცადნენ.
ახალგაზრდებმა გაქცევა სცადეს, თუმცა, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
სროლის შედეგად დაიჭრა ორი ახალგაზრდა. მათ შორის, მძიმედ არის დაჭრილი ადგილობრივი სკოლის 17 წლის მოსწავლე.

„მედიანიუსი“: ბაქოში, ერთ-ერთ ჩაის სახლთან 1988 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ანარ რამიზ ოღლუ ხალილოვი მოკლეს.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „აპა“ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, საქართველოს მოქალაქე გულის არეში დაჭრეს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ.

 

მოამზადა ნოდარ ჯოჯუამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია