დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოქრუაშვილის გეგმები და ნახევარი მილიონი ლარი „მოდის კვირეულებისთვის.“
2011/04/18 12:39:04

პრესის მიმოხილვას „კვირის პალიტრით“ დავიწყებთ, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. ოქრუაშვილის თქმით:  „არ დარჩენილა არცერთი სოციალური ჯგუფი საზოგადოებაში, რომელზეც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობას არ მიმართა. მიუხედავად ამისა, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ამ ჯგუფების ადეკვატური პროტესტისა ხელისუფლების ძალადობის პასუხად (ერთადერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც დევნილმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა) - იქნებოდა ეს მასწავლებლის, დევნილების, ვეტერანების, მძღოლების თუ გარემოვაჭრეების შემთხვევა.“ ოქრუაშვილი 2007 წელს იხსენებს და ამბობს: „ხელისუფლებაზე ჩემს დარტყმას თურმე ცუდი შედეგი მოჰყვა, არის ის, რომ ყველა ნაფტალინდაყრილი პოლიტიკოსი ისევ ამოტივტივდა ზედაპირზე და ხან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მეშვეობით და ხან არჩევნებით, ბიზნესი მოიწყო. მაგ კატეგორიას არ ეკუთვნის ალასანია, რომელიც ერთადერთი „ქალწული“ იყო ქართულ პოლიტიკაში, უდავოდ დიდი მოლოდინითა და მხარდაჭერის იმხელა რესურსით, რომელსაც მეც კი ვინატრებდი 2007 წელს, მაგრამ ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა მიშამ უბიწოება, რომ, მგონი, თვითონაც ვერ მიხვდა. ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. მაგათი აბდაუბდა არ გვაინტერესებს. ამწუთასაც ერთად ვსხედვართ მე, ეროსი, და ლევანი და ათას საკითხს ვიხილავთ. ამ საქმეს „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის“ პრინციპით მიდგომა სჭირდება და ჩვენ ახლა ოთხმოცდამეათეჯერ ვზომავთ და გაჭრის დროც მალე დადგება. თუ ვინმეს კონკრეტული კითხვა გაუჩნდება ჩვენთან, მაგალითად, ეს როდის იქნება? - აუცილებელი ბუნდოვანებისათვის გეტყვით, რომ წელს იქნება.“ უფრო კონკრეტულად, ცოტა ხანში. ვისაც გჯერათ, დაგველოდეთ.

„კვირის ქრონიკა“ სკანდალურ ინფორმაციას აცნობს მკითხველს: დავით ბაქრაძე მეუღლის მიერ ორგანიზებულ  „საქართველოს მოდის კვირეულების“ დაფინანსებაში კომპანიებს ნახევარ მილიონ ლარს ახარჯვინებს?! ჟურნალისტი, წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ  კომპანიებს „ფეშენ ვიკები“ ძვირად დაუჯდა. „ბანკი რესპუბლიკა“ - 50.000 ლარი;  „ზარაფხანა“ - 40.000 ლარი; „ჯი-პი-სი“ - 30.000ლარი; „რედიქსი“ - 50.000 ლარი; „ტაოპრივატბანკი“ -  20.000 ლარი; „ნიკორა“ - 20.000 ლარი; „პეპსი“ - 30.000 ლარი; „ავერსი“- 20,000 ლარი; „მაგი სტილი“ - 35.000 ლარი; „კალასი“ - 20.000 ლარი და ბოლოს, 2009 წლის გენერალური სპონსორი „კვარციტი“-100 ათასი ლარი.

„ასავალ-დასავალი“  მოძრაობა  „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს:               „საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს ჰესს - „ხრამი-1“-სა და „ხრამი-2“-ს რუსები ყიდულობენ!“ ამ დროს კი: „საქართველოდან ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი მილიონ-ნახევარი ადამიანი იქიდან გამოგზავნილი, მათხოვრობით ნაშოვნი ფულით საქართველოში არჩენს მინიმუმ ორ ადამიანს. ე.ი. საქართველოში დარჩენილია სამნახევარი მილიონი და აქედან სამ მილიონს არჩენს საქართველოდან გადახვეწილი მისი ნათესავი თუ ოჯახის წევრი. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში გადახვეწილი ადამიანების მიერ საქართველოში გამოგზავნილი ფული ერთნახევარჯერ აღემატება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოზიდულ ინვესტიციებს. დიახ, დღეს საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან საქართველოდან გადახვეწილი ადამიანები და ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები მილიონებს შოულობენ იმით, რომ ხელში აქვთ ჩაგდებული საქართველოში არსებული ყველა ყოფითი ბიზნესი.“

გაზეთი „ალია“  „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერსა და თბილისის საკრებულოს წევრის, თინა ხიდაშელის ვრცელ  ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც დავით კეზერაშვილის მოპოვებულ მილიონებსა და ბიზნესის კონტროლზე საუბრობს. თინა ხიდაშელი: „ვაუთ-დორ-გე“-ც კეზერაშვილის კონტროლირებად შენობაშია განთავსებული, ლატარიის კომპანიაც, „უნიგრამიც“, გავრცელების სამსახურის კომპანიაც, რაც კი ფორმალურად და დოკუმენტურად ირიცხება კეზერაშვილის  სახელზე, რაც ჩვენ შეგვიძლია ქაღალდებით დავამტკიცოთ და არა მხოლოდ ინფორმაციებით.“

 

„ინტერპრესნიუსი“

 

„ქრისტიან დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ NDI-ის კვლევებმა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასიკვდილო განაჩენად ლევან ვეფხვაძეს გამოკითხულთა შორის ოპტიმიზმის ინდექსის დაცემა მიაჩნია. მისი განცხადებით, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ადამიანი, რომელსაც ოპტიმიზმი აღარ აქვს, ხელისუფლების მხარდამჭერი იყოს. ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც 48 პროცენტიანი რეიტინგი არარეალურია. მათი რეიტინგი შეიძლება იყოს 35 პროცენტი, ვინც ამის ზემოთ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, მას, უბრალოდ, ეშინია ამის არ თქმის.“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

 

მედიანიუსი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ევრობონდების გამოშვებით საქართველოს საგარეო ვალის პრობლემა მოეხსნება. საქართველოს მთავრობამ ევრობონდების მორიგი ემისია განახორციელა. კერძოდ, მან 10- წლიანი ევრობონდები გამოუშვა. მისი ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების საკმაოდ დიდი ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი. რეალურად, ეს ვალი გასტუმრებულია და მთავრობის ვალის პრობლემა 2021 წლამდე აღარ აქვს. „საქართველოს მთავრობამ ევრობონდების გამოშვებით ის ვალი გამოისყიდა, რომელიც 2013 წლისათვის უნდა გადაეხადა. ამ თანხამ, რომელიც მთავრობას 2021 წლისათვის ექნება გადასახდელი, ის თავისუფლად გაისტუმრებს ამ ვალის რესტრუქტურიზაციის ან მთლიანად გადახდის გზით.“-აღნიშნა ნიკა გილაურმა.

მისი თქმით, 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი 2008 წელს გამოშვებულთან შედარებით დაბალია. კერძოდ, თუ ეს მაჩვენებელი 7,5-დან 6,9 პროცენტამდე შემცირდა.

ნიკა გილაური ირწმუნება, რომ ევრობონდების გამოშვებით საქართველოსა და მისი მთავრობისადმი ინვესტორების ნდობა ამაღლდა.

 

 

რას წერს უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ?

 

ა.შ.შ-ის გამოცემა, „conservativehome“ აქვეყნებს სტატიას - „საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიძიოს“. მიმომხილველის ინფორმაციით, 1-ელ აპრილს, გვიან საღამოს, საერთაშორისო სასამართლომ უარყო საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რომელშიც ისინი ითხოვდნენ სეპარატისტულ ანკლავებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის გამოძიებას. გადაწყვეტილება სამწუხაროცაა და, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი იმ მტკიცებულების უზარმაზარ წონას, აბსურდულიც; მაგრამ გადაწყვეტილებით ასევე უარყოფილ იქნა რუსების მთავარი განაცხადი, რომლის თანახმადაც მათ ქვეყანასა და საქართველოს შორის არ არსებობს არავითარი დავა. სასამართლომ ორივე მხარეს მოსთხოვა მოლაპარაკებების გამართვა საქართველოს რესპუბლიკის საჩივრის დეტალურად განხილვამდე. რუსეთის ფედერაცია, ალბათ, გადაწყვეტილებას გამარჯვებად გაასაღებს, მით უფრო, რომ სწორედ ახლა წარმართავს კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის მიტაცებაა. კრემლის ხელსწრაფი ზეიმი ნაადრევია, რადგან განაჩენმა აფხაზეთსა და ამ პროვინციებში ვერ შეასუსტა რუსების მხარდაჭერით ჩატარებული ეთნიკური წმენდის მნიშვნელობა, - აღნიშნავს მიმომხილველი.

 

მოამზადა ნოდარ ჯოჯუამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია