დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული პრესის მიმოხილვა
2011/04/13 13:01:23

რა სურთ სომხებს საქართველოსგან?

 

გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, რომ 1 აპრილს, ერევანში ახალქალაქში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჯავახეთის თემაზე პრეს-კონფერენცია გამართეს.

პრეს-კონფერენციაზე ითქვა, რომ ჯავახეთში რთული ვითარებაა, როგორც პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური, ისე განათლების თვალსაზრისითაც. გაიჟღერა ყოველთა სომეხთა კათალიკოსისადმი მოწოდებამ, რომ იგი ივნის-ივლისის თვეში საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის დროს, აუცილებლად ეწვიოს ჯავახეთს და ახალციხის სურბნშანის ეკლესია მოინახულოს. დაისვა ჯავახეთში ცალკე ეპარქიის შექმნისა და საქართველოში სომხური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების წინადადებაც.

პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას გამომსვლელებმა საქართველოში ფედერალური წყობის პირობებში ჯავახეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხი დასვეს, ასევე, ჯავახეთის „გათურქების“ საკითხზე და სომხეთის საზღვარზე გადასვლის დროს შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. გაისმა კიდევ ერთი მოწოდება, რომ ჯავახეთმა საქართველოსა და სომხეთს შორის ძმური ურთიერთობის როლი შეასრულოს და ამ ურთიერთობაში მხოლოდ ინსტრუმენტი არ იყოს.

ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციას ქართულ მასმედიაში გამოხმაურება არ მოჰყოლია. სომხურ მასმედიაში კი ეს ღონისძიება მხოლოდ გააშუქეს.

პრეს-კონფერენციის ჩატარების ადგილად არჩევანი სპეციალურად შეაჩერეს ერევანზე, ვინაიდან მათი მოთხოვნები სომხეთის მთავრობისადმი იყო მიმართული: „ამ ეტაპზე სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ვუყენებთ მოთხოვნებს. ქართულ და სომხურ მასმედიას ჯავახეთის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, ისინი ინფორმაციას მესამე-მეოთხე პირებისგან იღებენ და მათივე სიტყვებით ლაპარაკობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პრეს-კონფერენციის ჩატარების ადგილის არჩევანს შემდეგნაირად განმარტავს: „ვფიქრობ, ჯავახელი საზოგადოებრივი მოღვაწეები რამდენიმე ჯგუფად იყოფიან. პირველი ჯგუფი ფიქრობს, რომ თბილისი მათ არაფერს უშველის და მისი იმედი არ აქვთ. მეორე ჯგუფი რუსული პროპაგანდის ძლიერ გავლენას განიცდის და არასწორ განცხადებებს აკეთებს. მესამე ჯგუფს კი ჰგონია, რომ მათ ერევნიდან უფრო მოუსმენენ და ამასთან, ფიქრობენ, რომ საქართველოში მათთვის გარკვეული დაბრკოლებები არსებობს, მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებას მათი ქმედებები არ მოსწონს“.

ერთ-ერთი ორგანიზატორი არტაკ გაბრიელიანიც მიიჩნევს, რომ ერევანს ბევრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არსებულ პოტენციალს სრულად არ იყენებს: „თუ სომხეთის ხელისუფლება მოისურვებს, ზოგიერთი საკითხი მოგვარდება. მაგალითად, ქვეყნების განათლების მინისტრების ბოლო შეხვედრის დროს დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მისი კოლეგისთვის საქართველოს სომხურ სკოლებში სომხური ენის საათების რაოდენობის აღდგენა პრინციპული საკითხია. თუ სხვა, მაგალითად, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც ასე ითანამშრომლებენ და ჯავახეთში რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა გახორციელდება, ყველაფერი სხვანაირად იქნება“, - ამბობს არტაკ გაბრიელიანი.

 

ასე გავიდა ზამთარი...

„გურია ნიუსი“ აქვეყნებს ვრცელ მოკვლევას 2007 წელს, წინასაარჩევნოდ, სახელისუფლებო ინიციატივის შესახებ. „თბილად გავატაროთ ზამთარი!“ - ასეთი კეთილშობილური ლოზუნგით, „მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, სოციალურად დაუცველ ადამიანებს საშეშე ვაუჩერები დაურიგეს. ამასთან, უკიდურესად დაზარალებულ მოსახლეებს, ვისაც სახლი დაეწვა ან მეწყერმა დაუნგრია, „უფლება“ მისცეს ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების ნებართვით, სამასალე მორი დაემზადებინა. საშეშე მერქნისა და სამასალე მორის დამზადება მოსახლეობას უკიდურესად მძიმე ვითარებაში მოუხდა - მერქანი სამანქანე გზებიდან ათეულობით კილომეტრით დაშორებულ კვადრატებში მიეზომათ, საწვავის შეძენა, ავტომანქანის, შეშისმჭრელების დაქირავება ნასესხები ფულით ზოგმა შეძლო, უმეტესობამ, ცხადია, ვერ მოახერხა და ამჯობინა „პრეზიდენტის საჩუქარი“, ნომინალურ ფასად მაინც გაეყიდა. ამას მოჰყვა სახერხების არაერთგზის შემოწმება, დაყადაღება, საბოლოოდ კი, დალუქვა. მოსახლეობას ურჩიეს „სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ“ და ზამთარშიც სამართლის იმედით გამთბარიყვნენ... ასე გავიდა არა ერთი ზამთარი. თბილი ზამთრის, შეკეთებული სახლების  მოლოდინი კი წლევანდელ 7 აპრილს იმით დასრულდა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახერხზე თავმოყრილ მასალას - საბუთიანსაც და უსაბუთოსაც ერთბაშად მოხვია ხელი და წაიღო. ხალხის ფულით დამზადებული ხე-ტყე სახელმწიფოს კუთვნილებაში გასული წლის 18 აგვისტოს სასამართლოს დადგენილებით გადაცემულა. საინტერესო ისაა, რომ თვრამეტი აგვისტოს შემდეგაც, დაზარალებული მოსახლეობა წერილს წერილზე აგზავნიდა პროკურატურაში, სამართალს ითხოვდა, პროკურატურაც პირობას დებდა, რომ ყველაფერს გულდასმით შეისწავლიდა; და ეს მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა!  არცერთ საპასუხო წერილში არ არის აღნიშნული, რომ გამოძიება და ყველანაირი მოკვლევა დასრულებულია. სასამართლომ ამ ადამიანებს, მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებისა და ბანკში გადახდილი ქვითრებისა, ქონება ისე წაართვა, რომ არც კი მოუსმინა და გადაწყვეტილებაც არ შეატყობინა.

 

გარემოს დაცვა დაცვის გარეშე

„ახალი გაზეთი“ სტატიაში „უფუნქციოდ დარჩენილი გარემოს დამცველები“, აშუქებს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესს. სამინისტროს ფუნქციები სხვა უწყებებზე გადანაწილდება და შესაბამისად, სამინისტროს რეგიონული სამსახურები ლიკვიდაციას, ხოლო კადრები - შემცირებას დაექვემდებარებიან. ეს პროცესი 18 მაისიდან დაიწყება. ამ ინფორმაციას უკვე ფლობენ რეგიონული სამსახურები, მაგრამ მათთვისაც უცნობია, საერთოდ იარსებებს თუ არა გარემოს დაცვაზე მზრუნველი სახელმწიფო სტრუქტურა. რეორგანიზაციის ოფიციალური ვერსია ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხების გამიჯვნა წარმოადგენს. არაოფიციალურად კი სატყეო სფეროში არსებული დარღვევები, გარემოს დაცვაზე ფულის არდახარჯვა, არასწორი პოლიტიკა. გარემოს დაცვის სამინისტროს ერთი ხელის მოსმით სტრუქტურულ რეორგანიზაციას გაუმართლებლად მიიჩნევენ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრში“ და მიაჩნიათ, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაცვაზე უარის თქმას ნიშნავს, ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელის, თემურ კეპულაძის თქმით, რეორგანიზაციის სრული პაკეტი მათთვის უცნობია და არც დასკვნის გაკეთების საშუალება ეძლევათ. სრული ინფორმაცია არც გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალურ ბიუროში ფლობენ. მათი თქმით ყალიბდება ახალი სააგენტო, რომელშიც გარემოს დაცვის ინსპექცია სახეცვლილი შევა, რომელიც ახლა ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტებმა შეკითხვებით გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურსაც მიმართეს, მაგრამ საინტერესო პასუხი მიიღეს - კითხვებზე პასუხების გაცემა შრომატევადი საქმეა და მოგვიანებით „შემოგვიარეთო“.

 

მძიმე კახური სტატისტიკა

ძალიან მძიმე სტატისტიკას აქვეყნებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი - სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში კახეთში თვითმკვლელობის 12 ფაქტია დაფიქსირებული. სიცოცხლე თვითმკვლელობით ძირითადად ახალგაზრდებმა დაასრულეს. ყველა ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ზოგიერთ საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიზეზით შეწყდა, რამდენიმე საქმე ჯერ კიდევ გამოძიებაშია.

ფსიქოლოგები თვითმკვლელობის ფაქტების მატებას მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებენ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა არ შეიცვალა და განვითარების პოზიტიური ნიშნები არ გამოჩნდა, საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესია სხვანაირად გამოვლინდება და სხვათა წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებად გადაიქცევა.

ბოლო 18 წლის სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, საქართველოში თავი 5 300 კაცმა მოიკლა. 90-იანი წლების შემდეგ, თვითმკვლელობების რიცხვი ყველაზე მეტად 2004 წელს გაიზარდა. მოგვიანებით ამ მაჩვენებელმა დაიკლო, მაგრამ 2007 წლიდან კვლავ დაიწყო მატება.

2008 წელს თვითმკვლელობის 67 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2009 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით 183-მა ადამიანმა დაასრულა, აქედან 149 - მამაკაცია, ხოლო 39 - ქალი. სუიციდის შემთხვევები, ძირითადად 20 წლის ზემოთ დაფიქსირდა.

 

 

ბათუმში უმუშევრობა იზრდება

ნიშნავს თუ არა ინვესტიციების შემოსვლა ავტომატურად ადგილობრივების დასაქმებას? დასაქმების პრობლემის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონებს შორის აჭარა, უმუშევრობის დონით, ნომერ  ირველია - უმუშევარია მოსახლეობის 22,1 პროცენტი. ოფიციალური მონაცემებით ჩანს, რომ უმუშევრობა ბათუმში სულ უფრო იზრდება, წერს გაზეთი „ბათუმელები“.

უცხოელების უმრავლესობა სწორედ იმ ობიექტებზე მუშაობენ, რომელთა მფლობელებიც მათი თანამემამულე ინვესტორები არიან. განსაკუთრებით მეზობელი თურქეთის მოქალაქეების სიმრავლის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალი ინვესტიცია სულაც არ ნიშნავს ადგილობრივების დასაქმებას. ამის მიუხედავად, ადგილობრივ მუშახელს მაინც ნახავ მშენებლობაზე. ისინი, როგორც წესი, დამხმარეებად მუშაობენ და ანაზღაურებაც, შესაბამისად, დაბალი აქვთ.

მსხვილ თურქ ინვესტორს თავის კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის შესაფერისი გარემო და სერვისი აქვს. სპეციალურად ამ ადამიანებისთვის ქალაქში დასვენებისა და კვების ობიექტები გაჩნდა.

რატომ ვერ შეძლეს ამ სერვისების შეთავაზება ადგილობრივებმა? ქართველი მუშის აზრით, თურქ ინვესტორებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ აღებული საკუთარი ხელისუფლების წინაშე და მათი მოქალაქეების დასაქმებაც ერთ-ერთი ამ ვალდებულებათაგანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს: პრობლემა ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ატარებს საქართველოს ტერიტორიაზე თავის მოქალექეებისთვის პროტექციონისტულ პოლიტიკას“. თუმცა, მიაჩნა, რომ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, პრობლემას ადგილობრივების კვალიფიკაციასა და კომუნიკაციის სირთულეშიც ხედავს.

„ბათუმელებმა“ კომენტარი სთხოვა ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის, „ნუროლის“ ყოფილ ფინანსურ მენეჯერს სულეიმან ჯუნედიოღლუს.

„ნუროლს“ დღეისთვის აჭარაში 850 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამ კომპანიას ეკუთვნის და მანვე ააშენა „ბათუმი შერატონი“. უკვე მაისში დამთავრდება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა რუსთაველის ქუჩაზე. „ნუროლი“ მუშაობს აგრეთვე იუსტიციის სახლის მშენებლობაზე.

თანამედროვე ტექნოლოგიებით საამშენებლო პროექტები საკმაოდ

სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომაც მას ჰყავს საკუთარი, უკვე გამოცდილი ჯგუფი, რომელიც ამ კომპანიის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ პროექტში ჩართულია, იმის მიუხედავად, თუ სად მიმდინარეობს ეს მშენებლობა.

კომპანიას თავისი მუშახელი ძირითადად კონტეინერების ტიპის საცხოვრებლით, უფასო კვებითა და დაზღვევით ჰყავს უზრუნველყოფილი.

მომავალი თვიდან „ნუროლს“ კიდევ ერთი მსხვილი შეკვეთა აქვს. მათ ქუთაისში უნდა გაიყვანონ წყალკანალიზაციის სისტემა.

ამ მშენებლობაზე დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი დასაქმდება. მათ შორის, შესაძლოა ბათუმის მშენებლობებზე გამოცდილებამიღებული ქართველი მუშახელიც იყოს.

მშენებლობაზე მომუშავე ქართველებმა კი ამის შესახებ არაფერი იციან. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დამთავრდება, ანუ მაისიდან, სამუშაოს ძებნა მოუწევთ. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა მშენებლებმა გარკვეული კვალიფიკაციაც მიიღეს. ყოფილი

მენეჯერის თქმით კი, პრაქტიკის გარდა ქართველებმა სპეციალური სწავლებაც გაიარეს და ახალ ტექნოლოგიებსაც გაეცნენ, რაც მათ მომავალში სამუშაოს შოვნაში დაეხმარება.

 

რეგიონული პრესის ასოციაცია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია