დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რა იყო და რა იქნება?“
2011/03/14 13:09:59

ქართული პრესისათვის განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში შესაძლო რევოლუციების საკითხი. მიმოხილვას კვირის პალიტრამ“ გამოაქვეყნა ლევან გაჩეჩილაძის წერილი, „რა იყო და რა იქნება“. უფრო სწორად, გაზეთი ამჟამად წერილის პირველ ნაწილს - „რა იყო“ - აქვეყნებს.

„მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ დღეს ვიცით, რა არის სააკაშვილის რეჟიმის თამაშის წესები და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო გამარჯვების ნაბიჯი გადავდგათ. მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, მითუმეტეს, მსოფლიო პოლიტიკის ახალ რეალობაშიო“, - წერს ლევან გაჩეჩილაძე. თუ რაზეა ლაპარაკი კონკრეტულად, ის გაგრძელებაში გვეტყვის.
„ქართული პარტიის“ და „სახალხო კრების“ განცხადებებს „მთელ კვირაში“ რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. ხალხი, რომელიც არჩევნებზეც კი არ მიდის, რევოლუციაში ვერ გამოგადგება, ამ ხალხს სარევოლუციოდ ვერ გამოიყვანო, - ამბობს ზაქარეიშვილი და ამატებს: „დღეს ლაპარაკი რევოლუციაზე არის არაკორექტული. ამით ხდება საზოგადოების დაბნევა, არჩევნების მიმართ ნიჰილიზმისა და აპათიის შემოტანა, რაც მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ხელისუფლების ფრთას. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს ერთ რამეზე, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა „მთელ კვირას“.
„ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ კი „ვერსიას“ უთხრა: თითქოს არსებობს რევოლუციის განწყობა საზოგადოებაში, მაგრამ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ამან შედეგი გამოიღოსო. და დასძინა, რომ, სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში ისედაც რევოლუციას ნიშნავსო.
„კვირის პალიტრას“ მივუბრუნდები, სადაც წაიკითხავთ ინტერვიუს ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან. „საზღვარგარეთული მოვლენის კოპირება ყოველთვის მარცხისთვის განწირული ექსპერიმენტია. არაბული ამბოხება მეტ-ნაკლებად სპონტანური მოვლენა იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმე რამეს ამზადებდა, არ გამოვრიცხავ, სწორედ „ალ ქაიდა“ აღმოჩნდეს სულისჩამდგმელი ამ ერთიანი ბუნტისა“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი და ამატებს: „საქართველოში ანონსირებული რევოლუცია უფრო პიარკამპანიას ჰგავს, ვიდრე რეალურ მზადებას არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლისთვისო.“
ახალი თაობა აქვეყნებს ინტერვიუს ეროსი კიწმარიშვილთან, რომელიც ამბობს: ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - ომი ან მშვიდობა, არჩევნები ან საპროტესტო აქციების გზით შედეგის მიღწევაო, და ცოტა ხანში დასძენს: „ილუზიები იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნებისათვის რამეს დათმობს, უნდა დამთავრდესო.“

აქტიურად ეხმიანება პენსიების საკითხს გაზეთი „რეზონანსი“: პენსიების გაზრდას, ეკონომიკის ზრდის გარეშე, შედეგი არ ექნება, მაგრამ ეს მაინც აუცილებელია, რათა საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს. ასეთ შეფასებას ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავა აკეთებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობას კარგად გააზრებული პოლიტიკა გააჩნდეს, რათა ქვეყანაში პენსიის საარსებო მინიმუმთან გატოლების პრობლემა მოიხსნას. მთავრობამ კი ჯერ ისიც არ იცის, პენსიები საიდან უნდა გაიზარდოს.
ის, რომ პენსიები თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდება და 100 ლარს მიაღწევს, ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გუშინწინ გააკეთა. თუმცა, მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, ეს როგორ უნდა მოხდეს, ბიუჯეტს დამატებით რა თანხა დასჭირდება, ამ თანხას მთავრობა საიდან მოიტანს და საერთოდ ეკონომიკურ პროცესებზე რა გავლენას იქონიებს.

ამ კვირის ინტერნეტ საიტების აქტუალურ თემას წარმოადგენს პრეზიდენტის გამოსვლა აგრარულ საკითხებსა და 30 ლარიან ვაუჩერზე საუბარი.

 

რადიო თავისუფლება“:

30 ლარიან ვაუჩერს მილიონამდე ოჯახი მიიღებს. მათ ვაუჩერის განაღდება „ლიბერთი ბანკში“ შეეძლებათ 1 ივლისამდე და ვაუჩერის სხვა პირზე გაჩუქებაც შესაძლებელია. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების გზით სოციალური ფონის გაუმჯობესებას, ამაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პრეზიდენტის სიტყვებით, გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საქართველომ საკუთარი აგრარული რესურსი უნდა გაზარდოს:
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მერაბ ჯანიაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ინფლაციის დაძლევას შორის კავშირს ვერ ხედავს, მით უმეტეს, როცა სამომხმარებლო კალათაში შემავალი მრავალი პროდუქტის მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან შეივსოს. ამას გარდა, მერაბ ჯანიაშვილის აზრით, სოფლის მეურნეობა უახლოეს პერსპექტივაში ეფექტის მომტანი ვერ იქნება.

„ეს ისეთი სფეროა, რომელიც ერთ და ორ წელიწადში არ იძლევა შედეგს, სჭირდება 5,7,10 და მეტი წელი, ინვესტიციები და სერიოზული ხელშეწყობა. ამიტომ სოფლის მეურნეობაზე აქცენტის გაკეთება, რომ ინფლაცია შემცირდება, ჩემი აზრით, ძალიან არასწორია, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს მის შესამცირებლად.“

ghn

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სასურსათო ვაუჩერების განაღდება ნებისმიერ კომერციულ ბანკში იყო შესაძლებელი, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ვაუჩერის განაღდების უფლება მხოლოდ „ლიბერთი ბანკს“ მიანიჭა, რადგანაც ბანკს სოციალური მომსახურების მხრივ დიდი გამოცდილება აქვს (პენსიების დარიგება ხდება „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით).

„სასურსათო ვაუჩერის მიმღები ოჯახების ნუსხა იდენტურია ელექტროვაუჩერების მიმღები ოჯახების ნუსხისა. ამ პერიოდში სიების დაზუსტებაც მოხდა და სასურსათო ვაუჩერების განაღდება 1-ელ ივლისამდე იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს ურუშაძე.
შეგახსენებთ, რომ სასურსათო ვაუჩერისთვის ბიუჯეტიდან 31 429 465.0 ლარი გამოიყო. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სასურსათო ვაუჩერით ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც თავის დროზე ელექტროენერგიის შეღავათის ვაუჩერით ისარგებლეს, მათ შორის - დევნილები.

 

rezonansi.ge-ს ინფორმაციით, საავადმყოფოების პრივატიზების მორიგი ტალღა დაიწყო. თბილისსა თუ რეგიონებში შენობები და მიმდებარე ტერიტორიები იყიდება, ხოლო მედპერსონალი სამსახურის გარეშე რჩება. მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის ცნობით, ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 20 საავადმყოფოა გაყიდული და ათასობით მედიკოსი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.
სწორედ ამასთან დაკავშირებით მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინიციატივით პარლამენტის წინ მედიკოსთა აქცია ჩატარდა.

 

ambebi.ge

მელ გიბსონმა დანაშაული აღიარა

მსახიობმა მელ გიბსონმა სასამართლოში ოქსანა გრიგორიევას ცემის ფაქტი აღიარა და საპროცესო გარიგებას დასთანხმდა. გიბსონს ოჯახურ ძალადობაში დასდეს ბრალი. 
მაგრამ მელ გიბსონის მიერ ბრალის აღიარება სასამართლო პროცესის დასრულებას არ ნიშნავს. გრიგორიევა და გიბსონი მათი საერთო შვილის - ლუსიას აღზრდაზე უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან. ჯერჯერობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელ გიბსონს ბავშვის ნახვის უფლება აქვს, გრიგორიევასთან მიახლოება კი ეკრძალება. ოქსანა შეეცდება, მსახიობს შვილის ნახვის უფლებაც წაართვას და ალიმენტის თანხა გაზარდოს.  გიბსონის ადვოკატები კი ეცდებიან სასამართლო დაარწმუნონ, რომ გრიგორიევა ცუდი დედაა.

 

დალაი ლამა თანამდებობას ტოვებს

ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რომ ტიბეტის დევნილი ხელისუფლების ხელმძღვანელი თანამდებობიდან მიდის. მისი თქმით, ეს პოსტი არჩევითი უნდა გახდეს.
დალაი ლამა ტიბეტის პარლამენტს სთხოვს, რომ მას მომავალი წლისთვის პოლიტიკური უფლებამოსილება მოუხსნან.
ამჟამად ტიბეტელი ბუდისტების ლიდერი ტიბეტის ცენტრალური ადმინისტრაციის თავმჯდომარეა.  ადმინისტრაცია 1950 წლიდან არსებობს. ის დალაი ლამამ ჩინეთის ტიბეტში შეჭრის შემდეგ დააარსა. ტიბეტის ცენტრალური ადმინისტრაცია ლეგიტიმურად მრავალმა ქვეყანამ აღიარა. მისი მთავარი მიზანი ტიბეტის გათავისუფლება და ლტოლვილების დახმარებაა.
75 წლის დალაი ლამა - ჩრდილოეთ ინდოეთში, ქალაქ დარმასალაში ცხოვრობს. იქ ის 1959 წლიდან დასახლდა, მას შემდეგ რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ ტიბეტის ამბოხება ჩაახშვეს.
დალაი ლამას ჩინეთის ხელისუფლება სეპარატიზმის წაქეზებაში ადანაშაულებდა, მაგრამ თავად დალაი ლამას თქმით, ის ტიბეტის ფართო ავტონომიას ითხოვს და ტიბეტური კულტურის გადარჩენას ცდილობს.

 

მოამზადა ნათია ადეიშვილმა 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია