დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა გოჩა თევდორაძეს და რა გამოარკვია კონსტანტინე გამსახურდიამ
2011/03/07 12:45:44

ბეჭდური მედია აქტიურად ეხმაურება დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მოთხოვნებს -  გაზეთ „რეზონანსის“ თქმით, მძღოლები ამბობენ, რომ მათ იძულებულს ხდიან, ახალი ტრანსპორტი შეისყიდონ, თანხა ხუთ წელიწადზე გადანაწილდება და დღეში 35 ლარის გადახდა მოუწევთო, და აქციას ასე აღწერს: მასში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, მივიდა თითქმის ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი და სოლიდარობის ნიშნად დევნილებმაც მიიღეს მონაწილეობაო. თუმცა „ალია“ წერს, „ორშაბათის აქციაზე მძღოლები და ხაზების მეპატრონეები კანტიკუნტად ჩანდნენ, აქციის მონაწილეთა შორის პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ჭარბობდნენო“. აქციაზე მძღოლების სიმცირეს გაზეთი ასე ხსნის: ამ დროისთვის აქციის მონაწილეების ნაწილი დაპატიმრებულია, ნაწილი კი ისეა დაშინებული, რომ აქციაზე გასვლა კი არა, ამ თემაზე საუბარზეც უარს აცხადებენო.  „ალიასთან“ საუბრისას „თავისუფალი საქართველოს“ მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ყრუაშვილი ამბობს: „ბრიგადირები გააჩერეს და ერთიანობაც გატყდა. ყველა რომ გაჩერებულიყო, არაფერიც არ მოხდებოდა.“ სტატიის სათაურია: „ყველა იმ მძღოლის საყურადღებოდ ვამბობ, ვინც გაფიცვას არ შეუერთდა, ეს გელოდებათ ყველას“. „ახალი თაობა“ კი პირველ გვერდზე ასეთ სათაურიან სტატიას აქვეყნებს: „მარშრუტკების ომი არ დამთავრდება!“ ქვესათაურია - „უკანონო ტენდერი ხელისუფლებას ცუდად შეუტრიალდება“.

ალიას“ მივუბრუნდეთ, სადაც იმის შესახებ წაიკითხავთ, რომ „უცნობი“ ახალი სატელევიზიო შოუს გაკეთებას გეგმავს. „გია თურმე ტყეში აპირებს დაბანაკებას, საკანს კარავი ჩაენაცვლება და „უცნობიც“ იქიდან გავა ეთერშიო“, - წერს გაზეთი, თუმცა ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არავინ ადასტურებს.

„12 მილიონ 667 ათასი ლარი - ბიზნესის წილი არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ასე ეხმაურება „ვერსია“ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დახარჯული თანხის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ავტორი ხაზგასმით შენიშნავს, რომ ყველა დანარჩენი პარტიის დაფინანსება მილიონ ლარს არ აღემატებოდა.  ის  ინტერესდება: „არის თუ არა ეს ფინანსური ანგარიში ქვეყანაში არსებული კორუფციის ნიმუში? განსაკუთრებით კი ისეთი დეტალი, როგორიცაა რამდენიმე კომპანიის მიერ ერთჯერადად კი არა, სამჯერ და ოთხჯერ გადახდილი თანხა?“. ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ჟურნალისტს უპასუხებს: „ეტყობა, ამ კომპანიებს შიში ჰქონდათ, რომ თუკი ასეთ გადარიცხვებსა და ქველმოქმედებაზე არ წავიდოდნენ, შემდგომში საგადასახადო სამსახურთან სირთულეები შეექმნებოდათ. ამას კორუფციას ვერ დავარქმევთ, მაგრამ სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას კი ნამდვილად ჰქონდა ადგილი.“

„სინგაპურის არადემოკრატიული ხიბლი“ - „რეზონანსში“ ამ სათაურით ქვეყნდება ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან, რომელიც ამბობს: „სინგაპური - ეს გახლავთ თბილისზე დიდი ერთი ქალაქი, მაგრამ ქალაქის მართვა სხვა ტიპის ფენომენია. გარდა ამისა, როდესაც ვაცხადებთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი თავისუფალი ვაჭრობაა ევროკავშირთან და ამ დროს ვსაუბრობთ სინგაპურიზაციაზე, ეს მთელი ერისთვის ცნობიერების გაორებას ნიშნავს. აქ შეიძლება ილაპარაკო მხოლოდ იმაზე, რომ სინგაპურის მიმართ მიმზიდველობა უფრო არადემოკრატიულ გარემოსთან შეგუებადობით არის წარმოქმნილი, ვიდრე სურვილით, რომ ქვეყანა უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იხილო.“

ახალ თაობას“ „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა, უთხრა: „ჩვენ ყველას გვინდა არჩევნები და გვინდა, რომ გვეღირსოს თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევნები. ეგვიპტეშიც ეს უნდოდა ხალხს. მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევნები და სწორედ ამიტომ ჯერ უნდა წავიდეს მუბარაქი. სწორედ ასე იდგა იქ საკითხი. ყველგან ასე იყო, ტუნისშიც და ყველგან. თუ ეგვიპტელებს აქვთ გაცნობიერებული, ტუნისელებს და ლიბიელებს, ჩვენ, ვერ გავიგე, ნაკლებ გონიერი ხალხი ვართ, ნაკლებად მოაზროვნე ადამიანები ვართ, თუ გვირჩევნია, საკუთარი თავი მოვიტყუოთ?!“ - კითხულობს ბათიაშვილი.

„ახალ თაობაშივე“ ქალთა პარტიის ლიდერ გუგული მაღრაძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ამბობს: „სწორედ საარჩევნო კანონზე მუშაობისას და სხვა საკითხების გადაწყვეტისას, ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას არ უნდა ერთი შემხვედრი ნაბიჯი მაინც გადადგას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მაინც კუნთების იმედი აქვს. არა მგონია, ქვეყანაში ასეთ დროს, ამ პირობებში და იმ ტენდენციის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოშია, ასეთმა ხელისუფლებამ საქართველოში ბოლომდე შეინარჩუნოს მმართველობა...“.

 

„კვირის ქრონიკა“

„კვირის ქრონიკა“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „დიდი დაპირისპირება“, სადაც, ექსკლუზიური წყაროს ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარ შიდა გარჩევებზე საუბრობენ. ნაციონალების ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გოგა ხაჩიძეს იცავდა, ამ საქმეში ბობოხიძის მარჯვენა ხელად წოდებული „ნაციონალი“ გოჩა თევდორაძეც ჩაბმულა. სტატიაში საუბარია, იმაზეც, რომ თევდორაძე ცდილობს ავტოსატრანსპორტო ბიზნესში და „მარშრუტკების“ წილში ჩაჯდომას, ამ სატრანსპორტო ბიზნესს კი ეკა ხერხეულიძის ძმა კურირებს. ამიტომაც არ არის ძნელი მისახვედრი, რატომ ებრძვის ის ეკა ხერხეულიძეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ თევდორაძემ თავისი გავლენის მანქანების ამოქმედება დაიწყო და მერიაში ტრანსპორტის რეგულირების სამსახური ჩამოაყალიბა, თუმცა აღნიშნულმა სამსახურმა მხოლოდ ერთი ავტოსადგური შეამოწმა, ხოლო იქვე არსებულ მეორე ავტოსადგურს, რომელსაც თევდორაძე „კრიშავს“, არც კი გაჰკარებია.

თევდორაძის წილებზე თავად „ნაციონალებშიც“ ბევრს საუბრობენ, მხოლოდ ეს დეტალები არ იკვეთება. იგი ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის ეზოში დიდ მონიტორს აკეთებდა, სადაც ტოტალიზატორიც უნდა ყოფილიყო და ლუდის ბარიც. ამ ამბებში კი, როგორც „ლეიბორისტები“ იხსენებენ, „ნაცმოძრაობის“ სიით გასული გოჩა თევდორაძე ყოფილა ჩარეული. მის სახელს ადგილობრივი ოპოზიცია სათამაშო ბიზნესს უკავშირებს, ეს გეგმები მას ქუთაისში ლაშა მაქაცარიას ჩამოსვლამ ჩაუშალაო. ამავე სტატიაში საუბარია გოჩა თევდორაძის სხვა საქმიანობებზეც ქუთაისში.

 

სხვადასხვა

interpressnews.ge -  ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე დასავლური ტელეკომპანიები ფილმს ამზადებენ

ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შვეიცარიის, საფრანგეთის და გერმანიის ტელეკომპანიების დაკვეთით დოკუმენტური ფილმი მზადდება.
ამის შესახებ 2 მარტს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ, ფილმის რეჟისორ ქრისტიან ზეგართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, ამ ფილმში მონაწილეობენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, დეპუტატები, ექსპერტები.
გადაღებები მიმდინარეობდა როგორც თბილისში, ასევე ხიბულაში, ზუგდიდში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დოკუმენტური ფილმის დასრულების შემდეგ, იგი გავა შვეიცარიის და ფრანგულ ტელეკომპანია TV-5-ზე, ხოლო ქართულ ტელეარხებზე ამ ფილმის გამოჩენა, თავად ტელეკომპანიების დაინტერესებაზეა დამოკიდებული.
როგორც რეჟისორმა ქრისტიან ზეგარმა აღნიშნა, აღნიშნული ფილმი მომზადდა პროექტ „პოლიტიკური მკვლელობების“ სერიის ფარგლებში. მისი თქმით, ამ პროექტის ფარგლებში მომზადებულია დოკუმენტური ფილმები კენედისა და სხვა გახმაურებულ მკვლელობებზე.
„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ზვიად გამსახურდიაზეც უნდა მომზადებულიყო ფილმი, რადგან მას ჰქონდა ძალიან საინტერესო ბედი, რომელიც თითქმის გაიზიარა თავად ქვეყანამ და ბევრმა სხვა ქვეყნებმაც. ეს იყო პირველი არჩეული პრეზიდენტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“. - განაცხადა ქრისტიან ზეგარმა და დასძინა, რომ ფილმი საბოლოოდ უკვე მაისში დასრულდება.

 

რადიო თავისუფლება - მშვიდობისდამცველის გასაიდუმლოებული დაკრძალვა ციხესულორში

1 მარტს ვანის რაიონის მშობლიურ სოფელ ციხესულორში მიწას მიაბარეს კაპრალი გიორგი ავალიანი, რომელიც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში  22  თებერვალს საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. ორი წლის განმავლობაში საქართველოს დანაკარგი ავღანეთში ექვს კაცს აღწევს. ქართველი კაპრალის დაკრძალვას ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში ესწრებოდა სამხედრო ჟურნალისტი ზვიად თხელიძე, რომლის თქმითაც, გიორგი ავალიანი მხედრული პატივით დაკრძალეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ არც ამჯერად დართო ნება სახელმწიფო ტელევიზიებს, ეჩვენებინათ ქართველი მშვიდობისდამცველის დაკრძალვის ცერემონია.

 

კრისტიან დიორმა სამსახურიდან დაითხოვა ჯონ გალიანო - „კრისტიან დიორმა“ სამსახურიდან დაითხოვა ცნობილი დიზაინერი ჯონ გალიანო. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ გალიანოს ანტისემიტური  განცხადებების გამო მიიღო. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც პარიზის ერთ-ერთ ბარში მყოფი გალიანო ანტისემიტური გამონათქვამებით შეურაცხყოფას აყენებს ბარში მყოფებს და ამბობს, რომ „უყვარს“ ნაცისტი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი. როგორც „დიორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სიდნი ტოლედანომ განაცხადა, გალიანოს ქცევა „ამაზრზენი“ იყო. 50 წლის დიზაინერის ადვოკატი უარყოფს ბრალდებას. გალიანო „დიორის“ წამყვანი დიზაინერი იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში. მას მიღებული აქვს ჯილდო, როგორც მოდის დიზაინის ყველაზე ნიჭიერ შემოქმედს.

 

მოამზადა ნათია ადეიშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია