დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თვითმმართველობამ უფასო მგზავრობის პროგრამის ხარჯზე 101 000 ლარი დაზოგა
2010/07/26 12:40:36

მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისათვის ხშირად შეუძლებელია საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა და ქალაქში გადაადგილება, რაც მათ ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. რამდენიმე წელია, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ხალხს უფასო გადაადგილების საშუალებას აძლევს. წელს კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უფასო მგზავრობის პროგრამის ხარჯზე 101 000 ლარი დაზოგა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროგრამას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „თეგეტა მოტორსი“ სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებს.

ამბობენ, რომ „თეგეტა მოტორსს“ ამ ვალდებულების საკუთარ თავზე აღება საავტომობილო ხაზებზე მისი მონოპოლიის სანაცვლოდ, ხელისუფლებამ მოსთხოვა. ცნობილია, რომ საავტომობილო ხაზებზე ჩატარებული ტენდერის შედეგებით, ხუთწლიანი მფლობელობა სწორედ „თეგეტა მოტორსის“ საკუთრებაში მყოფმა გადამზიდავებმა მოიპოვეს.

მერიაში აცხადებენ, რომ ეს ურთიერთშეთანხმება „თეგეტა მოტორსის“ კეთილი ნების გამოხატულება იყო. იგი თავად შევიდა ინიციატივით, დახმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ქალაქში გადაადგილება უჭირთ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უფასო მგზავრობა ეკუთვნით: უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარებს, მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს, ომის ინვალიდებს, მარჩენალდაკარგულებს, წითელი ჯვრის კლუბების მარტოხელა ხანდაზმულებს, პენსიონერებს, მრავალშვილიან დედებსა და მხედველობის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. რაც შეეხება დევნილებს, ისინი უფასო მგზავრობის პროგრამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ ჩამოთვლილი კატეგორიიდან, რომელიმეს დააკმაყოფილებენ. უფასო მგზავრობის 1000-ზე მეტი მოწმობა უკვე გაცემულია.

მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ კლდიაშვილი აცხადებს, რომ უფასო მგზავრობის პროგრამა, ისევე, როგორც წინა წლებში, ახლაც უპრობლემოდ ხორციელდება. მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ გაორებული მოწმობებია, თუმცა, მის მოვალეობაში მხოლოდ „უფასო მგზავრების“ მძღოლებთან ურთიერთობის დარეგულირება შედის.

„საქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის მოწმობები ამ დრომდე გაიცემა. პრეტენზიები ამ წუთამდე არ ყოფილა. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ზოგჯერ ეს მოწმობები არის გაორებული. ზოგს ქსეროქსი აქვს გადაღებული, ან კომპიუტერიდან ამობეჭდილი და მიმგვანებული საბუთით სარგებლობს, ამის აღმოფხვრა გვინდა“, - ამბობს ვლადიმერ კლდიაშვილი.

„სანამ ამ 1000 ადამიანიდან ერთ-ერთი მძღოლს უფასო მგზავრობის მოწმობას წარუდგენს, საბუთი ორმხრივ დამოწმებამდე შემდეგ პროცედურებს გადის, - გვიხსნის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსი არჩილ მუკბანიანი, - საბუთს ეწერება პირადი ნომერი, გვარი, სახელი, ისმება ბენეფიციარის ფოტოსურათი, ერტყმევა მერის ბეჭედი ისე, რომ გადადის სურათზე. გარდა ამისა, ერტყმევა მეორე - ფაქსიმილე - ქალაქის მერის. შემდეგ, მეორე მხრიდან ხდება დამოწმება „თეგეტა მოტორსის“ მიერ - მათი ბეჭდით და ხელმოწერით. ბოლოს უკეთდება ლამინირება“.

ბატონი არჩილი ამის საფუძველზე ამტკიცებს, რომ სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ კლდიაშვილის უკმაყოფილებას გაორებული მოწმობების შესახებ საფუძველი არა აქვს.

„სატრანსპორტო სამსახურს ევალება მხოლოდ ის, რომ ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს, არა მარტო ამ ხალხის, ქუთაისის ნებისმიერი  მცხოვრებისათვის. უშუალოდ ამ პროგრამის განხორციელებასთან მათ არანაირი შეხება არა აქვთ. ასე რომ, მათ ვერ უნდა ჰქონდეთ ვერც შენიშვნები და ვერც შექებები.

არც ჩვენ და არც სატრანსპორტო სამსახურს მძღოლებთან არანაირი ურთიერთობა არა გვაქვს. მძღოლი არ არის, ასე ვთქვათ, სუბიექტი ჩვენსა და ბენეფიციარს შორის. ჩვენს შორის სუბიექტი არის „თეგეტა მოტორსი“, რომელიც არის მფლობელი ამ საწარმოსი და შესაბამისად, მისი დაქირავებულია მძღოლი. თუკი რაიმე პრეტენზია ან სურვილი აქვს მძღოლს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ მიმართ შეიძლება ჰქონდეს და არა ჩვენს მიმართ“, - ამბობს არჩილ მუკბანიანი.

მისივე თქმით, მძღოლებთან ურთიერთობა წინა წლებში უფრო პრობლემური იყო, ახლა შედარებით დაიხვეწა.

უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით მძღოლებთან არსებულ პრობლემებზე ბენეფიციარებიც საუბრობენ. მარტოხელა მოხუცთა კლუბის კომიტეტის თავმჯდომარე ლილი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მძღოლებთან პრობლემები აქვთ, თუმცა, წინა წლებთან შედარებით „მძღოლები ისე ძლიერ აღარ ეჩხუბებიან“.

„მესამე წელია, გვაქვს უფასო მგზავრობის ბარათები. ეს არის არაჩვეულებრივი. გვქონდა ძალიან დიდი პრობლემები მძღოლებთან, მაგრამ ამ წუთში უკეთესი მდგომარეობაა. აღარ გვეჩხუბებიან ისე ძლიერად, როგორც ადრე. თუმცა, ხანდახან თუ ბევრი შევალთ ერთად - ბრაზდებიან. ისინიც მართლები არიან თავისებურად, ერთი ავტობუსი არის 20 კაციანი და 20 კაცი ერთად რომ შევა, მძღოლმა რა უნდა გააკეთოს? ამ მხრივ, გამართლება მათაც აქვთ, მაგრამ მოხუცს თავისებური მოპყრობა სჭირდება. ჩვენთან არიან პროფესორები, კონსერვატორიადამთავრებულები, ექიმები, ინჟინრები და ძალიან კარგი საზოგადოება. მძღოლი რომ შეურაცხყოფს, ცუდია. საერთოდ, საზოგადოებისგან ცოტა გარიყულები ვართ...“

„უფასო მგზავრობა რომ გვაქვს, ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ 22 ნომრის მძღოლები ძალიან გვიჯავრდებიან, ამბობენ: თქვენც გატყუებენ და ჩვენცო. ჩვენ არ გვირიცხავენ თქვენი უფასოდ მგზავრობის ფულსო“, - ამბობს უფასო მგზავრობის ერთ-ერთი ბენეფიციარი ციცი ლოსაბერიძე.

რაც შეეხება „თეგეტა მოტორსის“ მიერ გადასარიცხ თანხებს, როგორც თავად მძღოლები ამბობენ - „მგონი ირიცხება“, ან იმდენი, რამდენის საშუალებაცაა...

„ზუსტად არ ვიცი, მე მგონი, კი გადარიცხეს. ფული ბოლო ერთი-ორი თვეა, არ მიგვიღია, თორემ მანამდე რაღაც კი მივიღეთ. გვირიცხავენ, - რისი საშუალებაცაა, იმას კი გვაძლევენ. არაა და რა უნდა ქნა?“ - ამბობს ?22 ავტობუსის მძღოლი გოჩა ჩაფიჩაძე.

„ალბათ „თეგეტა მოტორსმა“ თანხა უკვე გადარიცხა, საბურავები მაქვს განვადებით გამოტანილი და იქ ჩაირიცხებოდა“, - აცხადებს ნიკოლოზ კალანდაძე.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები კი ამბობენ, რომ უფრო ხშირად ბენეფიციარები ქალაქში გადაადგილებისას ავტობუსებით სარგებლობენ. სამაგიეროდ, ავტობუსის მძღოლები უფასო მგზავრების მომატებას უჩივიან.

„ისედაც ხალხის ნაკლებობაა და უფასო მგზავრებმა ძალიან მოიმატეს ამ ბოლო დროს. ისეთ ხალხს აქვს უფასო მგზავრობის მოწმობა, რომ მართლა გაგიკვირდება“, - ამბობს „P.S.“-თან საუბრისას ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი თამაზ ჟორჟოლიანი.

როგორც ჩანს, მერიისა და „თეგეტა მოტორსის“ მიერ მოწმობის ორმხრივი დამოწმების მთელი რიგი პროცედურების გავლის შემდეგ, უფასო მგზავრობის პროგრამით გადაადგილებული მგზავრებისათვის  ყველაზე პრობლემური მაინც  მძღოლის  უსიტყვო „დამოწმებაა“ -  თავად  მძღოლებისთვის კი, უფასო მგზავრობის პროგრამის ფარგლებში მგზავრების მართლაც უფასოდ მომსახურება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია