დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სანამ კანონი მოგვისწრებს
2010/07/19 14:18:38

თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: რას ვჭამთ და ვსვამთ? არჩევანის გაკეთება ჩვენი ჯიბის სისქის შესაბამისად გვიწევს, ხარისხზე კი ნაკლებად ვართ ორიენტირებულები. ამიტომაც საავადმყოფოებში ყოველდღიურად იზრდება საკვებითა და სასმელით მოწამლულ პაციენტთა რიცხვი. ლიმონათების დამზადება კი უმეტესად ძალიან ცუდ პირობებში - სარდაფებში ხდება.

იმერეთის სამხარეო ინფექციის პათოლოგიურ ცენტრში ადასტურებენ, რომ მოწამლულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. იმისაც ამბობენ, რომ მშობლების უმეტესობა, რომელთაც მათთან მოწამლული ბავშვები მიჰყავთ, დარწმუნებულია, რომ ეს ლიმონათით ხდება, თუმცა ამის დადასტურება მათ არ ხელეწიფებათ.

„ხშირად მოდიან მოწამლულები, ძირითადად ბავშვები მოჰყავთ მშობლებს და ამბობენ, რომ ის ლიმონათით არის მოწამლული, თუმცა, რეალურად ჩვენ ვერანაირად ვერ დავამტკიცებთ, მართლა ლიმონათით იყო გამოწვეული მოწამვლა, თუ რაიმე სხვამ აწყინა“, - ამბობს იმერეთის სამხარეო ინფექციის პათოლოგიური ცენტრის დირექტორი შოთა ბეშკენაძე. იგივეს იმეორებენ სხვა ექიმებიც.

ლიმონათების დამზადება უმეტესად სარდაფებში ხდება ან „საწარმოები“ გარაჟებშია განთავსებული. გარედან თვალის ერთი შევლებითაც კარგად ჩანს, რომ სტანდარტების დაცვა აქ ყოვლად შეუძლებელია. რაც შეეხება საწარმოში არსებულ მდგომარეობას, იქ შეღწევის საშუალებას საწარმოთა უფროსები უბრალოდ არ იძლევიან.

პროდუქტების შემოწმების კანონი უვადოდაა შეჩერებული, მათი შემადგენლობის შემოწმებაც დღეს მხოლოდ თავად მეწარმეთა სინდისზე და მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. არადა, საქართველოს გარკვეული ვალდებულება ამ კუთხით ევროპის სამეზობლოს წინაშეც კი აქვს აღებული.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესრულების ჩრდილოვან ანგარიშში ნათქვამია, რომ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით 2005 წელს საქართველომ მიიღო კანონი სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ. 2006 წელს შეიქმნა სურსათის უსაფრთხოების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური. თუმცა, 2007 წელს გადაწყდა, რომ რეფორმის ისეთი საკვანძო სფეროები, როგორიცაა სურსათის უსაფრთხოების სრული კონტროლი, ჯერ 2009, შემდეგ კი 2010 წლამდე გადადებულიყო.

ამჟამად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონტროლის ეტაპობრივი აღდგენა. კერძოდ, 2010 წლიდან ძალაში შევა მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც საწარმოებს რეგისტრაციას ავალდებულებს, ხოლო მუხლები, რომლებიც სურსათის უვნებლობის სამსახურს ამ საწარმოთა კონტროლის საშუალებას მისცემს, 2016 წლამდე გადავადდა, რაც ევროკავშირის მოთხოვნის  -  უზრუნველყოფილი  იყოს  სურსათის კონტროლი - სრული უგულებელყოფაა.

ამ უგულებელყოფას კი შეიძლება „დადებითი“ მხარეც ჰქონდეს. ე.წ. კერძო მეწარმეებისთვის ეს ერთგვარი „ხელისშეწყობაა“, თუმცა, მომხმარებელზე, როგორც ჩანს, ნაკლებად ფიქრობენ.

მსგავსი საწარმოების არსებობას, კანონის გარდა, ხელს ისიც უწყობს, რომ საკვები პროდუქტების ხარისხზე ლაბორატორიულ დასკვნებს მეწარმეებს არც მაღაზიები და სუპერმარკეტები სთხოვენ. არადა, წესით, გამოკვლევის ოქმის გარეშე შემოთავაზებული პროდუქტი მათაც არ უნდა ჩაიბარონ. გამოკვლევების ოქმები მარკეტებში თითქმის ვერ აღმოვაჩინეთ.

„ხარისხის დამადასტურებელი ცნობა არა, მაგრამ ანგარიშფაქტურებს ტოვებენ“, - ამბობენ მაღაზიის მეპატრონეები. ანგარიშფაქტურებში კი მხოლოდ პროდუქტის რაოდენობა და ფასია აღნიშნული და არა - ხარისხი. უმოქმედო კანონი კი  ჩამბარებლის მიმართაც ისეთივე       „მკაცრია,“ როგორც მეწარმის. ლიმონათის ხარისხის შემოწმება ამჯერად მხოლოდ საფინანსო პოლიციას ხელეწიფება, ისიც მაშინ, როცა „ხაზინას ფული შემოაკლდება“. ნიმუშს ამა თუ იმ საჩივრის საფუძველზე იღებენ და უმეტესად, შესამოწმებლად თბილისში მიაქვთ. „ცუდი“ პასუხის შემთხვევაში კი მეწარმეებს საკმაოდ მკაცრ სანქციებსაც უწესებენ. თუმცა, საფინანსოში ამის შესახებ კომენტარს არ იძლევიან.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, პროდუქციის ხარისხი ფინანსურმა პოლიციამ თითქმის ყველა უალკოჰოლო სასმელების საწარმოში შეამოწმა. შესაბამისად, ბიუჯეტში ჯარიმების სახით სოლიდური თანხებიც შევიდა. სწორედ ასეთი    „სახელმწიფოებრივი პოლიტიკის“ შემდეგ ლიმონათების ჩამომსხმელმა საწარმოებმა ხარისხზე ზრუნვაც დაიწყეს.

შპს „მიკრობიოლოგის“ დირექტორის, ქალბატონ ქეთევან ებანოიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში - წელს თითქმის ყველამ გააფორმა ხელშეკრულება. თვეში ერთხელ თავიანთ პროდუქციას ამოწმებენ და ცდილობენ, მითითებული დარღვევები გამოასწორონ.

ქალბატონი ქეთევანი იმ რამდენიმე მეწარმესაც ასახელებს, ვისაც საკუთარი ინიციატივით პროდუქტი ბაზარზე გატანამდე თვეში ერთხელ, ზოგჯერ კი რამდენჯერმეც მიაქვს შესამოწმებლად. ესენია: „აია“,  „სამტრედია“, „ჩაკონა“, „ყინვარი“, „ბახმარო“ და „ბაგი“. დანარჩენმა მეწარმეებმა არ იციან, ან უბრალოდ თავს არ ივალდებულებენ საკუთარი ნაწარმის შემოწმებით. ასეთი კი დღეისათვის საკმაოდ ბევრია...

- ქალბატონო ქეთევან, ჩვენ ვიყავით შპს „ორცში“, ინდმეწარმე   „მზია კონჯარიასთან“ ამ საწარმოების კარი ჩვენთვის არ გაიღო, ესენი თუ ამოწმებენ ლიმონათს?

- „ორცი“ მახსოვს, კი მან შეამოწმა, სხვა დანარჩენები უკვე ჩამოგითვალეთ...

- შეიძლება, რომ სხვაგან, სხვა ლაბორატორიაში ამოწმებდნენ?

- არა, ასეთი რამ წარმოუდგენელია, ჩვენი ლაბორატორია ერთად-ერთია დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ლაბორატორიული შემოწმება შეუძლია, თუ იტყვიან, რომ სხვაგან ვამოწმებთ, ტყუილი იქნება...

მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის შემოწმებას კანონი არ ავალდებულებს. არიან მეწარმეები, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა, რომ იმის რეცეპტურა უნდა ჰქონდეს, რასაც აწარმოებს. რომ საჭიროა მეწარმის სტანდარტი, სადაც მითითებულია - თუ შაქრიანია პროდუქტი, როგორი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს, როგორი მჟავიანობაა საჭირო, მიკრობები რომ არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. ახლებისგან განსხვავებით, ძველად ნამუშევარი ვინცაა, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია და აკეთებს შემოწმებას. ადრე სანიტარული ინსპექცია ამოწმებდა და შიში და რიდი ჰქონდათ, ვალდებული იყვნენ, გამოესწორებინათ. ახლა უალკოჰოლო სასმელებისთვის არსებობს სასმელების ტექნიკური კომიტეტი, სადაც მეწარმემ უნდა აიღოს თავისი სტანდარტი (თბილისშია ეს კომიტეტი). ეტიკეტზე რა უნდა ეწეროს, ესეც განსაზღვრულია“.

იმ პროდუქტების რაოდენობა, რაც დღემდე შემოწმებულა - მინიმალურია. შედეგის მიხედვით კი აღმოჩნდა, რომ მათი 70-80% დარღვევებით მზადდება.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონტროლი საერთოდ არ ხდება! სურსათის უვნებლობამ გამოაცხადა, რომ  ივნისიდან  უნდა   დაწყ-ებულიყო  კონტროლი  საექსპორტო პროდუქტზე. ჯერ არაფერი არ შემოწმებულა, გარდა იმისა, რომ შემოწმდა ორი წყალი“.

თუ კანონი არ ავალდებულებთ და მხოლოდ მეწარმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი საკვები პროდუქტის ხარისხი, მაშინ რა უნდა ვქნათ? თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ ბაზარი ხარისხიანსა და უხარისხოს თვითონ დაარეგულირებს, ესეც არ იქნება მართლი, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი დიდი არჩევანის საშუალებას არ იძლევა.

„მოსახლეობა ვერაფრით ვერ დაიცავს თავს! მას შეუძლია, იკითხოს, არის თუ არა ესა თუ ის პროდუქტი შემოწმებული. სასურველია, პროდუქტს ჰქონდეს შემოწმების ლოგო - ეს იქნებოდა ყველაზე კარგი,“ - ამბობს ქეთევან ებანოიძე.   

 

***

1 ივნისიდან ამუშავდა კანონი ეტიკეტის შესაბამისობის შესახებ. იგეგმება, რომ დაიწყოს გასატანი, ანუ საექსპორტო პროდუქტების კონტროლიც... სანეპიდსადგურის და სანიტარული ინსპექციის ფუნქციას კი ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური ასრულებს. სწორედ მას უნდა  მიმართოს მოსახლეობამ მოწამვლის შემთხვევის შესახებ. საკვები პროდუქტების შემოწმების კანონის აღდგენამდე მას ეს ფუნქცია აქვს დაკისრებული.

სანამ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ევროპის წინაშე პირნათელი იყოს და საკვები პროდუქტების კონტროლი მასიურად დაიწყოს, მანამდე სურათი უცვლელია, ლიმონათი სარდაფებში ისხმება და ბაზარზე 10-15 თეთრი ღირს, ბავშვები მასიურად იწამლებიან და მხოლოდ მშობლები ეჭვობენ, რომ ეს ლიმონათის ბრალია. ჩვენ ვიწამლებით, და 2016 წლამდე ასეც გაგრძელდება, სანამ კანონი არ მოგვისწრებს.

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

ანი ონიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია