დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამეურვეო საბჭო - განათლების რეფორმის მკვდრადშობილი ორგანო
2010/07/19 14:17:47

განათლების სამინისტროში კვლავ რეფორმების ახალი ტალღისთვის ემზადებიან. სამეურვეო საბჭოები და დირექტორების ლოტოტრონებით არჩევა აღარ მოსწონთ. თუმცა, უკვე კრახით დასრულებული რეფორმის პირველი ეტაპი, თავისი არსით ცუდი არ უნდა ყოფილიყო. კანონის მიხედვით, თეორიულად, სკოლის მმართველობაში ყველა რგოლი იქნებოდა ჩართული: დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და კიდევ თვითმმართველობისა და განათლების სამინისტროს დანიშნული ერთი წევრი, რომელსაც სათათბირო ხმის უფლებაც აქვს. ამ რეფორმის მთავარი აზრი სწორედ ის იყო, რომ სკოლებში მხოლოდ ერთი ადამიანი - დირექტორი არ იქნებოდა ყველაფრის განმკარგავი.

 

სამეურვეო საბჭოს უფლებები ზოგადი განათლების შესახებ კანონის 38-ე მუხლში ასეა განმარტებული:

ირჩევს დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას, ასევე სკოლის დირექტორის წარდგინების შემდეგ ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს გადაცდომების ნუსხას, გადაცდომისთვის დაკისრებულ სასჯელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს, ადგენს სასწავლო პროცესისათვის საჭირო სახელმძღვანელოების ნუსხას და ჩამონათვალს. აკონტროლებს სკოლის ფინანსებს, შეუძლიათ, ხელშეკრულებაც კი შეუწყვიტონ სკოლის დირექტორს, განიხილავს საჩივრებს და იღებს გადაწყვეტილებას ამ საჩივრების შესახებ.

თუმცა, რეალურად, სამეურვეო საბჭოები მნიშვნელოვანი მხოლოდ დირექტორების არჩევისას იყო. მაშინ ყველა დირექტორი ვალდებული იყო, სამეურვეო საბჭოების წინაშე თავთავიანთი პროგრამით წარმდგარიყო.

„მე ვერ ვიტყვი, რომ სამეურვეო საბჭოები არ უნდა იყოს სკოლაში, თუ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც კანონში წერია, მაშინ ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ იყო. მე ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი და ამავე სკოლის მასწავლებელი ვარ, რამდენჯერმე კითხვები გამიჩნდა სკოლის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოვჩნდი ისე, როგორც „თეთრი ყვავი“, სხვა სამეურვეო საბჭოს წევრებმაც კი ჩემს წინააღმდეგ გაილაშქრეს, ჩვენი სხდომები მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, ყველაფრით ცდილობენ, დირექტორს ასიამოვნონ,“ - გვითხრა ერთ-ერთი სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, რომელმაც გვთხოვა, მისი სახელი და გვარი არ გაგვემხილა, რადგან დირექტორთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას გაზეთისთვის მიცემული კომენტარი კიდევ უფრო გაურთულებდა. 

მან ყველაზე გულღიად აღწერა სკოლაში სამეურვეო საბჭოს მუშაობა.

„სამეურვეო საბჭოს სხდომები მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძელდებოდა, წინასწარ ვიცოდით, რაზე რა პასუხი უნდა გვეთქვა. მე პირადად, არ მახსენდება ერთი შეწინააღმდეგებაც კი. ძალიან შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. დირექტორი რასაც იტყვის, ძირითადად, იმაზე ვართ ორიენტირებული, არავინ ჩაკირკიტებს ფინანსურ ანგარიშებს, ერთი სიტყვით, რასაც მოგვყიდიან, იმას ვყიდულობთ.

თავის მხრივ, დირექტორები რესურს-ცენტრების ბრძანებებს და დირექტივებს ასრულებენ, რესურს-ცენტრები - განათლების სამინისტროსას. შიგა სასკოლო მმართველობა არ არსებობს, სკოლა ყოველთვის ცენტრალიზებულად იმართებოდა და ასე გაგრძელდება მომავალში, სტატუსი - საჯარო სკოლა - მხოლოდ ფარსია და მეტი არაფერი,“ - აცხადებს სამეურვეო საბჭოს წევრი ა. გ.

სხვა სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებიც ამბობენ, რომ ამ წლების განმავლობაში სკოლის დირექტორებთან შეხმატკბილებული ურთიერთობები ჰქონდათ და საგაზეთო ინტერვიუებში თითქმის ყველა აცხადებს, რომ სანიმუშოდ იმუშავეს. „სანიმუშო მუშაობაში“ კი, რა თქმა უნდა, იგულისმება: არა - პროტესტი, არა - განსხვავებული აზრი.

ნონა კიკნაძე (მე-9 სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე): „სხვა სკოლებში რა ხდებოდა, არ ვიცი, ჩვენთან კი სამეურვეო საბჭო ნამდვილად არ ყოფილა მკვდრად შობილი ორგანო, ჩვენ, არჩევის დღიდან, დირექტორის გვერდით ვიდექით და ვცდილობდით, მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე მიგვეღო გადაწყვეტილებები. დირექტორი არ ერეოდა ჩვენს მუშაობაში. ჩვეულებრივად ვმუშაობდით, რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა გვქონოდა და აზრთა სხვადასხვაობა - ახლა არ მახსენდება. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, მნიშვნელოვანი იყო.“

მე-9 სკოლის სამეურვეო საბჭოში მშობელთა ინტერესებსა და მათ ხმას მანანა გოჩელაშვილი წარმოადგენს.

„ვმუშაობდით ისე, როგორც საჭირო იყო, დირექტორის ყველა ინიციატივას მხარს ვუჭერდით. პირადად მე არანაირი ინიციატივა არ მქონია. არა, არც სხვა მშობლებს. სხდომებზე კი დავდიოდი. მასწავლებლის საათების მიღებასთან დაკავშირებით განვიხილეთ ერთი დავა და გადაწყდა სკოლის სასარგებლოდ. არავინ დაგვრჩენია გულდაწყვეტილი.“

44-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მერი კუპატაძეც მიიჩნევს, რომ უნაკლოდ მუშაობდნენ.

„ვმუშაობდით სკოლის დირექტორთან შეთანხმებულად. რაც საჭირო იყო, იმას ვაკეთებდით, რაც ჩვენი საქმე იყო და გვევალებოდა. იაპონიის საელჩოსთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ და აგვისტოში გრანტს ველოდებით, ეს ყველაზე კარგი მონაპოვარია ჩვენი სამეურვეო საბჭოსთვის. მე ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭოები არ უნდა გაუქმდეს.“

მარინა ქავზინაძე სამეურვეო საბჭოს წევრი, როგორც მშობელი, ჯერ 30-ე სკოლაში იყო, მაშინ იქ დირექტორი გოგმანა გიორგობიანი გახლდათ, ლოტოტრონის ბზრიალით ქალბატონი გოგმანა 44-ე სკოლის დირექტორი გახდა, რატომღაც მარინა ქავზინაძემ ბავშვი 44-ე სკოლაში გადმოიყვანა და სამეურვეო საბჭოში მისი ადგილი ამ სკოლაშიც აღმოჩნდა.

მარინა ქავზინაძე: სიმართლე რომ გითხრათ, 30-ე სკოლაში უფრო კარგად ვმუშაობდი, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი, აქ რატომღაც ისე კარგად ვერ ავეწყვე, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის ახალი სკოლაა, დირექტორს ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევთ, რამდენიმე სადავო საკითხიც გადავწყვიტეთ, გათავისუფლებული მუსიკის პედაგოგები დირექტორს ედავებოდნენ და დირექტორის სასარგებლოდ გადაწყდა, ასევე - იჯარით გაცემული ფართის სადავო საქმე გვქონდა, დირექტორს ამოვუდექით მხარში და პრობლემაც გადავწყვიტეთ. სიმართლე გითხრათ, ერთი ინიციატივაც კი არ მახსენდება, მშობლებისგან რომ წამოსულიყო. სამეურვეო საბჭოში მშობლის ყოფნა იმიტომაა საჭირო, რომ სკოლის მუშაობაში თვითონ მშობლები იყვნენ ჩართულები. მე მქონდა რაღაც ინიციატივები, მაგრამ სხვა მშობლებს, რომლებიც სამეურვეო საბჭოს წევრები არ არიან, ერთხელაც კი არ გასჩენიათ სურვილი, რომ სკოლის ცხოვრებაში ჩართულიყვნენ.“

სკოლების სამეურვეო საბჭოებში სიმბოლურად არიან მოსწავლეებიც, მართლაც რომ სიმბოლურად.

„სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ, რა ვიცი, ყველაფერი მომწონს, რა, რომ გავაპროტესტო რამე, მერე მაგათი თავი არა მაქვს, ჩამაჯინდებიან, ნიშანს არ მაღირსებენ, მე კიდე მედლის კანდიდატი ვარ და არ მინდა, საქმე გავიფუჭო. თვითონაც დირექტორს შესციცინებენ თვალებში,“ - ამბობს ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, რომელიც მოსწავლეთა თითმმართველობამ აირჩია და რადგან სკოლაში კიდევ ერთი წელი უნდა ისწავლოს, სახელისა და სკოლის გამხელა მასაც არ სურს (ინტერვიუსთვის მხოლოდ პირადი ნაცნობობის ხათრით დაგვთანხმდა). 

მე-9 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრმა თიკო იობიძემ სკოლა წელს დაამთავრა, ის ამბობს, რომ მუშაობის პერიოდში პრეტენზიები არასოდეს ყოფილა.

 

სამეურვეო საბჭოების წევრების საყოველთაო კომენტარი - „ყველაფერი კარგადაა“, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა, თან - საკმაოდ ცუდად!

 

ვინც უკმაყოფილოა, მას არ სურს, ამ საკითხებზე ხმამაღლა ისაუბროს. ხოლო, ვინც კმაყოფილია, ისინი რეალურად იმ ფუნქციებს არ ასრულებდნენ. სკოლებში დოკუმენტალურად სამეურვეო საბჭოებს ყველა საბუთი თითქმის წესრიგში აქვთ, სხდომის ოქმები, გადაწყვეტილებები, მაგრამ ყველაფერს აქვს მხოლოდ ფორმალური სახე, სკოლაში კვლავ ძველი სისტემით მიდის ყველაფერი: მთავარი დირექტორია, უფრო მთავარი - რესურს-ცენტრი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი - განათლების სამინისტრო.

სამეურვეო საბჭოები კი, უბრალოდ, რეფორმის მკვდრადშობილი ორგანოებია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია